[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანალიტიკური დოკუმენტები

რუსეთ-ჩეჩნეთის ომიდან ანტიტერორისტულ კამპანიამდე

 

ამონარიდი კვლევიდან:

"უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, პოლიტიკა და რელიგია პანკისის ხეობაში"

 

1999 წლის სექტემბერში რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. იჩქერიის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა, რომელიც 1997 წელს აირჩიეს,  დაქსაქსულ ჩეჩენ საველე მეთაურებს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა. რუსი სამხედროები ადგილობრივ უხუცესებს გარიგებას სთავაზობდნენ: თუკი ისინი განდევნიდნენ მეამბოხეებს, მათი სოფელი დაბომბვას გადაურჩებოდა.[1] 1999 წლის დეკემბრის დასაწყისში რუსულმა ძალებმა გროზნოში გამაფრთხილებელი პამფლეტები გაავრცელეს და მოსახლეობას 11 დეკემბრამდე ქალაქის დატოვება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ტერორისტებად და ბანდიტებად ჩათვლიდნენ და ძალადობრივად გაუსწორდებოდნენ.[2] 

ერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად კონფლიქტის მხარეებმა ერთმანეთისგან უნდა განასხვავონ სამოქალაქო მოსახლეობა და მებრძოლები, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები და საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ მებრძოლების და  სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ წარმართონ. რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტში დაირღვა შეარაღებული კონფლიქტის ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა „განსხვავება“, „სამხედრო საჭიროება“ და „პროპორციულობა.“ ომის დანაშაულებებიდან ჩეჩნეთში გვხვდება ადგილობრივი მოსახლეობის  მასობრივი ხოცვის შემთხვევები სოფლებში სამაშკი, ალხან-იურტა და ნოვიე-ალდი. ადამიანის უფლებების რუსული ორგანიზაციის თანახმად, 1999-2005 წლებში 3000-დან 5000-მდე ადამიანი გაუჩინარდა,[3] ხოლო ადგილობრივი თანამდებობის პირები ჩეჩნეთში  49 მასობრივი საფლავის არსებობას ადასტურებენ.[4] 

რუსი ძალოვანების სამიზნე არამხოლოდ ჩეჩენი მებრძოლები, არამედ მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობაც იყო. რუსეთის 1999 წლის განცხადებით 10-დან 60 წლამდე ასაკის ყველა ჩეჩენი კაცი ექვემდებარებოდა დაკავებას და შემოწმებას.[5] რუს სამხედროებს დაკავებულები მიჰყავდათ „ფილტრაციის პუნქტებში“, სადაც  დაკავებულებს ჰკითხავდნენ, აწამებდნენ (მათ შორის ელექტრული შოკის გამოყენებითაც) და ამცირებდნენ მეამბოხეების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.[6] რუსი ძალოვანების და პრორუსული ჩეჩნური ძალების მიერ ზემოთხსენებული მეთოდების გამოყენებაზე წერს Human Rights Watch-იც.[7] „ფილტრაციის პუნქტებში“ დაკავებულთა შორის იყვნენ როგორც კაცები,ისე ქალები. „ფილტრაციის პუნქტებს“ ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოძრავ საკონცენტრაციო ბანაკებად მოიხსენიებს.[8] დაკავებული მშვიდობიანი სამოქალაქო და  ზოგჯერ სამხედრო პირების  ცოცხლად გათავისუფლების ან მათი ნეშტის დაბრუნების სანაცვლოდ  ძალოვანები გამოსასყიდს ითხოვდნენ.[9] რუსი სამხედროების „მარადიორობა“, მოსახლეობის გაქურდვა, ქრთამის აღება, ადამიანების გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით  და ბუნებრივი რესურსების ექპსლუატაცია ჩეჩნეთში ყოველდღიურობა გახდა.[10] პოლიტკოვსკაიას სიტყვებით ჩეჩნეთში ადგილობრივების „წამება ნორმაა, სასამართლო პროცესის გარეშე სიკვდილით დასჯა კი - რუტინა.“[11] ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიაც“ ადასტურებს რუსეთის მიერ ჩეჩნეთში ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.[12] 

რუსეთის ოფიციალურმა ნარატივმა ჩეჩენი მებრძოლების წინააღმდეგობა ტერორიზმამდე დაიყვანა, ხოლო რუსეთის არაპროპორციული პასუხი და ომის დანაშაულები კონტრტერორისტულ ოპერაციად წარმოაჩინა.[13] იგორ ივანოვი, რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ ჩეჩნეთის ომი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარეობს და არა ჩეჩენი ხალხის.[14] თუმცა, 2000 წლის 1 იანვარს ჩეჩნეთში ჩასულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო არა მხოლოდ ტერორისტების ლიკვიდაცია, არამედ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც.[15] ომის შესახებ რუსეთის ამ ოფიციალური ვერსიის ჰეგემონურად ქცევაში გადამწვეტი აღმოჩნდა  2001 წლის 11 სექტემბერი, რომელმაც რუსეთს შესაძლებლობა მისცა ჩეჩნეთში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი „ალ-ყაიდას ემისრებად“ გამოეცხადებინა, ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ინტერვენცია კი „კონტრტერორისტული ოპერაციით“ გაემართლებინა.[16]

ცივი ომის დროს განვითარებულმა გლობალურმა დაპირისპირებამ ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში, ისევე, როგორც ინტერვენციული პოლიტიკის შედეგებმა, რა თქმა უნდა, უკვალოდ არც ჩრდილოეთ კავკასიაში ჩაიარა და რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტშიც ერთგვარი როლი შეასრულა მუჯაჰიდებისა და ჩეჩენთა წინააღმდეგობის რელიგიური არტიკულაციის სახით.  თუმცა, ჩეჩენთა წინააღმდეგობის საერთაშორისო ტერორისტული ქსელის გეგმის ნაწილად წარმოჩენით რუსული მხარე, უპირველეს ყოვლისა, უგულებელყოფს ადგილობრივ პოლიტიკურ გარემოებებს, ანტი-კოლონიური ბრძოლების ისტორიას და ჩეჩენთა ტრავმატულ კოლექტიურ მეხსიერებას.[17] ამგვარად, მეოცე საუკუნის მიწურულს ჩეჩენთა ბრძოლა წარსული წინააღმდეგობის კვალს ატარებს. ისევე, როგორც 1990-იან წლებში, მეცხრამეტე საუკუნეშიც რუსეთი მეამბოხეობაში ეჭვმიტანილებს აპატიმრებდა, მებრძოლების ძებნისას დასახლებულ პუნქტებს „ასუფთავებდა“ და ადგილობრივებს კოლექტიურად სჯიდა.[18] მეცხრამეტე საუკუნეში, ჩრდილოეთ კავკასიაში ბარის მოსახლეობის დაპყრობის შემდეგ, რუსეთმა გადაწყვიტა ადგილობრივების დაბეგვრა და  მათ მოსავალი ჩამოართვა. რუსეთის მცდელობა, განეიარაღებინა მაღალი მთების მკვიდრი კავკასიელები  გადამწყვეტი აღმოჩნდა და მას პასუხად მოჰყვა საღვთო ომი იმამ შამილის მეთაურობით. მოგვიანებით, 1944 წლის 23 თებერვალს,საბჭოთა მთავრობამ ვაინახები საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით შუა აზიაში გადაასახლა. ამიტომაც, მეოცე საუკუნის მიწურულს ჩეჩნების წინააღმდეგობის საფუძველმდებარე მიზეზები უმთავრესად ტრაგიკულ ისტორიულ წარსულში, პოლიტიკურ კონტექსტსა და კოლექტიურ მეხსიერებაში უნდა ვეძიოთ.[19] თუმცა, საგულისხმოა, რომ  ის მკვლევრები, რომლებსაც ანტიტერორისტულ კამპანიამდე დაჰყავთ რუსეთ-ჩეჩნეთის ომი, მაგალითად, ელენა პოკალოვა, ამასთანავე, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიის ინტერვენციულ პოლიტიკასაც და ადგილობრივების 40 წლიან წინააღმდეგობას დისკურსულად ფუთავენ,როგორც რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის „ინტეგრაციას.“[20] 

რუსეთი ჩეჩნეთში მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას ომის საჭიროებით ხსნიდა,[21] ხოლო ჩეჩნების ძალადობას - ირაციონალური „ტერორიზმით.“ თუმცა, ჩეჩნეთის პირველი ომის დროს მებრძოლთა ჰეტეროგენული ჯგუფის მხოლოდ ერთმა ნაწილმა მიმართა რამდენჯერმე რადიკალურ ქმედებას. პირველი ე.წ. ტერორისტული აქტი, რომელიც პასუხი იყო ელცინის გადაწყვეტილებაზე  შეეყვანა ჯარი ჩეჩნეთში, 1991 წლის 9 ნოემბერს მოხდა.  მეორე  ტერორისტული აქტი  1995 წლის 14 ივნისს მოხდა, რაც ასევე იყო პასუხი ელცინის გადაწყვეტილებაზე სამხედრო გზით გადაეწყვიტა ჩეჩნების მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნის საკითხი. ჩეჩენ მებრძოლთა ტაქტიკა  მოსახლეობის მძევლად აყვანა იყო  და ყველა ამ შემთხვევისას ისინი  ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვდნენ. ბოლო, 1996 წლის ტერორისტული აქტი, ელენა პოკალოვას აზრით, ჩეჩენ მებრძოლებს რუსეთთან ხასავიურტის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა.[22] ჩეჩენ მებრძოლთა ჯგუფი ფაქტობრივად დაბალი ინტენსივობის კონფლიქტით (LIC) ითხოვდა მაღალი ინტენსივობის კონფლიქტიდან (ე.ი. ომიდან) გამოსვლას და ამ კონფლიქტის შეწყვეტას. რუსეთის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების და ჩეჩენი ხალხის თვითგამორკვევის უფლების უარყოფის ფონზე, ჩეჩენ მეამბოხეებს წინააღმდეგობის გამოხატვის ფართო არჩევანი არ ჰქონდათ. სამხედრო ქმედებების კანონიერება ინტერპრეტაციის საგანია. ძალადობის კანონიერების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა სახის ქმედებასთან გვაქვს საქმე, არამედ ის, თუ რა საჭიროებას აფუძნებს სუბიექტი თავის გადაწყვეტილებას. თუმცა, ძალაუფლება განსაზღვრავს იმას, თუ ვინ წყვეტს და განსჯის საჭიროებას და ვისი გადაწყვეტილება კვალიფიცირდება კანონიერად.[23] როგორც ანთროპოლოგი ტალალ ასადი განმარტავს, ის, რაც ტერორისტებისა და სამხედროების განსხვავებისას მნიშვნელობს, არის არა სისასტიკე ან სამხედრო საჭიროება, არამედ მათი ცივილიზაციური სტატუსი.[24] სწორედ ამგვარადვე, რუსეთის ე.წ. „ანტი-ტერორისტული“ ოპერაცია, რომლის მიზანიც მძევლად აყვანის პრაქტიკებთან ბრძოლა იყო, თავად იყენებდა იმავე ტერორისტულ ტაქტიკას სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. პოლიტიკურ-ისტორიული კონტექსტის უგულებელყოფის ფონზე,  ჩეჩნების წინააღმდეგობის მიზეზის რელიგიურ მნიშვნელობამდე დაყვანამ და მებრძოლების რელიგიურ ფანატიკოსებად წარმოჩენამ ხელი შეუწყო წინააღმდეგობის  დელეგიტიმაციას. რელიგიური ელფერი მებრძოლთა  წინააღმდეგობას „პრემოდერნულ“ მოვლენად აქცევს, მაშინ როდესაც სეკულარული პოლიტიკით მოტივირებული ძალადობა რაციონალურად და სამართლიანად[25] წარმოჩინდება და ამიტომაცაა, რომ მთავარი პრობლემა აქ არა სისასტიკე, არამედ მოტივაციის „ცივილურობის“  საკითხია.

ისტორიულად, რელიგიას ჩრდილოეთ კავკასიელებში შემაკავშირებელი და მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა. საბჭოთა ავიაციის ყოფილმა გენერალმა და სეკულარული სახელმწიფოსთვის მებრძოლმა ჯოხარ დუდაევმაც კი რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადი გამოაცხადა, რაც სამართლიანობისთვის ომს გულისხმობდა. პოლიტკოვსკაია აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში „ჯიჰადი“  „რუსეთის წინააღმდეგ სასიკვდილო ბრძოლას“ ნიშნავდა.[26] მაგრამ, არც რუსეთისადმი უკმაყოფილების ისლამით არტიკულირება და მის გარშემო გაერთიანება ყოფილა ახალი  ჩრდილოეთ კავკასიელებისთვის. ასე მაგალითად, რელიგიური ლიდერი იმამი შამილი, რომელმაც კავკასიის იმამატი დააფუძნა, მეცხრამეტე საუკუნეში  სათავეში ედგა ანტიიმპერიალისტურ ბრძოლას, რომელიც რამდენიმე ათწლეული გაგრძელდა.

ჩეჩნური წინააღმდეგობის რელიგიურ მოტივამდე დაყვანა ასევე უგულებელყოფს ჩეჩენ მებრძოლთა და პოლიტიკოსთა არაერთგვაროვან შემადგენლობას, რომელშიც სამი ჯგუფი შეგვიძლია გამოვყოთ:[27] 1. სეკულარული ფრთა, რომელიც საკუთარი წინააღმდეგობის ასახსნელად და გამოსახატად იყენებს ადამიანის უფლებების არგუმენტებს და სურს საერთაშორისო ტრიბუნალის გამართვა. 2. რელიგიური ფრთა, რომელიც მიმართავს რელიგიას წინააღმდეგობის გასაძლიერებლად. 3.  წარმოადგენენ შურისმაძიებლები, რომლებიც თავიანთი ნათესავების და ახლობლების მოკვლის, გატაცების, წამების ან/და გაქრობის შემდეგ შეუერთდნენ ბრძოლას. ეს არის ჯგუფი, რომელმაც ბრძოლაზე ფიქრი მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შემდეგ დაიწყო.  ახმედ ზაკაევი, პრეზიდენტ მასხადოვის ელჩი ევროპაში 2001 წელს აცხადებს: „როგორ შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რომ ჩვენი ახალგაზრდები - ძმა, რომლის დაც გააუპატიურეს, შვილი, რომლის მამაც სიკვდილამდე აწამეს - სასოწარკვეთილ შურისმაძიებელთა რიგებს უერთდებიან?“[28]


რუსეთი ჩეჩნეთის ამბოხის მიზეზებს გარე ძალებში ეძებს, კერძოდ ე.წ. რადიკალურ ისლამსა და უცხოელ ზილოტებში.  მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში ჩეჩნეთში გარე ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფები არსებობდნენ და არც კრიმინალური ელემენტები იყო უცხო,  ეს პოლიტიკური პრობლემა იყო, რომლისთვისაც რუსეთს მხოლოდ სამხედრო პასუხი აღმოაჩნდა. ჩეჩნების ამბოხის გამიჯვნა ანტიიმპერიალისტური ბრძოლისგან და მათი არარაციონალურ ჯიჰადისტებად წარმოჩენა, მებრძოლებს არაისტორიულ სუბიექტებად მოიაზრებს, რომელთა ბრძოლის მოტივაცია თითქოს ადრეული შუა საუკუნეების აბსტრაქტულ იდეებთან უფროა კავშირში, ვიდრე კონკრეტულ დანაშაულებთან და ჩაგვრასთან, რომელსაც ისინი მეცხრამეტე და მეოცე საკუნეში განიცდიდნენ იმპერიული ძალებისგან, თანაც მაშინ, როდესაც ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები არასოდეს მოიაზრება ალოგიკურ პოლიტიკად.

1990-იანებში რუსეთი ჩეჩნების დეჰუმანიზებას ახდენდა  და მათ „შავებად“, „ბანდიტებად“ და „ტერორისტებად“ წარმოაჩენდა.[29] ჩეჩნების ორიენტალიზაცია და ტერორისტად წარმოჩენა ემსახურება ადამიანთა სიცოცხლის იერარქიზებას, რაც, თავის მხრივ,  იძლევა ნაკლებად ღირებული სიცოცხლის მქონე სუბიექტზე „ლეგიტიმური“ ძალადობის  შესაძლებლობას, წესრიგის დამყარებისა და ძალაუფლების გამყარებისათვის. ადამიანის სიცოცხლეს განსხვავებული საცვლელი ღირებულება აქვს სიკვდილის ბაზარზე.[30] ზოგიერთი ადამიანის („ბარბაროსების“) სიცოცხლე ნაკლებ ღირებულია ვიდრე სხვების („ცივილიზებული“ მოსახლეობის) და შესაბამისად, მათი უფლებების შელახვა და მათ წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე ნაკლებად აღმაშფოთებელია. [31],[32]

ამგვარად, ჰეგემონური ნარატივი ჩეჩენ მებრძოლთა ჰეტეროგენულ ჯგუფს და მთელ ჩეჩენ ერს ტერორისტულ საფრთხედ წარმოაჩენს. ძალაუფლებისგან გარიყული მოსახლეობის პერსპექტივა კი წაშლილია გამარჯვებული ძალის მიერ შექმნილ დისკურსში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ოფიციალური ვერსიის ჰეგემონურად ქცევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა 2001 წლის 11 სექტემბერი, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთი პირველი იყო პრეზიდენტთა შორის, რომელიც ბუშს დაუკავშირდა  და განაცხადა, რომ რუსეთი დიდი ხანია მარტო ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს და შეეცადა ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესების საერთაშორისო ტერორიზმთან გაიგივებას.[33]

2001 წლის 11 სექტემბრამდე რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომს საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოების დიდი ნაწილი კრიტიკულად გამოეხმაურა. მაგალითად: 1. 2000 წლის იანვარში გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა რუსეთი არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთმა ტერორისტებთან ბრძოლის სახელით ჩეჩნეთის მთელი მოსახლეობა ძალადობის სამიზნედ აქცია.[34]  2001 წელს კოფი ანანი მოსკოვს ეწვია. სწორედ ამ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე Human Rights Watch-ის ანგარიშში გამოაშკარავდა მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი საფლავები ჩეჩნეთში, თუმცა კოფი ანანს ვიზიტისას ამ საკითხზე  სიტყვაც არ დაუძრავს. ანა პოლიტკოვსკაია ამტკიცებდა, რომ რუსეთი საერთაშორისო გაერთიანებებთან და ორგანიზაციებთან გარიგებაში შევიდა, რათა ჩეჩნეთის საკითხი მიეჩქმალა.[35]  2. 1999 წლის 17 დეკემბერს ევროკავშირის და აშშ-ს ერთობლივი განაცხადიც აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ტაქტიკა საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მოსახლეობას და ქმნის ჰუმანიტარულ კრიზისს. 3. რუსეთმა დაბლოკა გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე ჩეჩნეთის საკითხის განხილვა. 4. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 1999 წლის 7 დეკემბერს  განაცხადა, რომ მათ ესმით რუსეთის „ლეგიტიმური წუხილი ტერორიზმთან დაკავშირებით,“ მაგრამ გაუგებარია ტერორიზმთან ბრძოლა ჩეჩნეთის მთელ მოსახლეობაზე თავდასხმით.[36] 5. ჩინეთმა მხარი დაუჭირა რუსეთის მოქმედებებს ჩეჩნეთში.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შექმნილი ვითარება სახარბიელო აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომელმაც „ანტიტერორისტული“ დროშის საფარქვეშ იმუნიტეტი მოიპოვა, რათა ყოველგვარი კანონის დარღვევით გასწორებოდა ჩეჩენ მებრძოლებს, მათი ოჯახის წევრებს და მათ თანამგრძნობებს.  ჩეჩენ მებრძოლთა კრიმინალებად გამოცხადება მათ ლტოლვილად კვალიფიცირების უფლებასაც ართმევდა.[37] ეს კი გულისხმობდა, რომ „კრიმინალები“ ვერ ისარგებლებდნენ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით და რუსეთს შეეძლო მათი უკან დაბრუნების მოთხოვნა. თუმცა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტშიც კი პირის ფიზიკური ხელშეუხებლობა სრულად ვერ შეიზღუდებოდა.[38] 2002 წლის ივლისში ვ. პუტინის „კონტრტერორისტულ“  არსენალს დაემატა კანონი ექტრემიზმზე, რომელიც ოფიციალური რიტორიკის საწინააღმდეგო აზრის ჩასახშობად გამოიყენებოდა.[39] ჩეჩენთა წინააღმდეგობის მხარდაჭერა შეიძლება ტერორისტული აქტივობების მხარდაჭერად ან გამართლებად კვალიფიცირებულიყო. ეს კანონი კრემლს დაეხმარა ჩრდილოეთ კავკასიის კონფლიქტზე თავისი ნარატივის ჰეგემონურად ქცევაში. გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთის ამ ეტაპზე მოექცა პანკისის ხეობაც ყურადღების ცენტრში.

 

კვლევა, სრულად: https://bit.ly/2zZ4vmG 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1]   Youngs, Tim. The Conflict in Chechnya. House of Commons Library Research Paper. February 7, 2000. გვ. 16

[2]   იქვე, გვ. 17

[3] Gilligan, Emma. Terror in Chechnya: Russia and the Tragedy of Civilians in War. Princeton: Princeton University Press,  2010. გვ. 17.

[4]  იქვე.

[5]  Youngs, Tim. The Conflict in Chechnya. House of Commons Library Research Paper. February 7, 2000. გვ. 19.

[6] Politkovskaya, Anna. A Small Corner of Hell: Dispatches from Chechnya. Chicago: The University of Chicago Press, 2003. გვ. 58. 

[7] Human Rights Watch. Worse Than a War: „Disappearances“ in Chechnya – A Crime Against Humanity. 2005. წვდომა 15 მაისი, 2018.

 https://www.hrw.org/legacy/backgrounder/eca/chechnya0305/chechnya0305.pdf .

[8] Politkovskaya, Anna. A Small Corner of Hell: Dispatches from Chechnya. Chicago: The University of Chicago Press, 2003. გვ. 58.   

[9] იქვე, გვ. 59.

[10] Gilligan, Emma. Terror in Chechnya: Russia and the Tragedy of Civilians in War. Princeton: Princeton University Press,  2010. გვ. 21

[11] Politkovskaya, Anna. A Small Corner of Hell: Dispatches from Chechnya. Chicago: The University of Chicago Press, 2003. გვ. 37.

[12] Amnesty International. Amnesty International Statement on the Situation of Chechen Asylum-Seekers. 2004. წვდომა 15 მაისი, 2018. https://www.amnesty.org/download/Documents/96000/eur460102004en.pdf .

[13] Pokalova, Elena. Chechnya’s Terrorist Network: The Evolution of Terrorism in Russia’s North Caucasus. Santa Barbara: PRAEGER, 2015. გვ.122.

[14] Gilligan, Emma. Terror in Chechnya: Russia and the Tragedy of Civilians in War. Princeton: Princeton University Press,  2010. გვ. 20.

[15]  Youngs, Tim. The Conflict in Chechnya. House of Commons Library Research Paper. February 7, 2000. გვ. 18.

[16] Pokalova, Elena. Chechnya’s Terrorist Network: The Evolution of Terrorism in Russia’s North Caucasus. Santa Barbara: PRAEGER, 2015. გვ. xi.

[17] Williams, Brian G. Inferno in Chechnya: The Russian-Chechen Wars, the Al-Qaeda Myth, and the Boston Marathon Bombings. University Press of New England, 2015.

[18] იქვე.

[19] Williams, Brian G. Inferno in Chechnya: The Russian-Chechen Wars, the Al-Qaeda Myth, and the Boston Marathon Bombings. University Press of New England, 2015.

[20] Pokalova, Elena. Chechnya’s Terrorist Network: The Evolution of Terrorism in Russia’s North Caucasus. Santa Barbara: PRAEGER, 2015. გვ. 1.

[21] Gilligan, Emma. Terror in Chechnya: Russia and the Tragedy of Civilians in War. Princeton: Princeton University Press,  2010. გვ. 19.

[22] Pokalova, Elena. Chechnya’s Terrorist Network: The Evolution of Terrorism in Russia’s North Caucasus. Santa Barbara: PRAEGER, 2015. გვ. x.

[23] Asad, Talal. On Suicide Bombing. New York: Columbia University Press, 2007. გვ. 21-22.

[24] იქვე, გვ. 38.  

[25] Asad, Talal. On Suicide Bombing. New York: Columbia University Press, 2007.გვ. 45.

[26] Politkovskaya, Anna. A Small Corner of Hell: Dispatches from Chechnya. Chicago: The University of Chicago Press, 2003.  გვ. 38. 

[27] იქვე,  190

[28] Gilligan, Emma. Terror in Chechnya: Russia and the Tragedy of Civilians in War. Princeton: Princeton University Press,  2010. გვ. 28. 

[29] Gilligan, Emma. Terror in Chechnya: Russia and the Tragedy of Civilians in War. Princeton: Princeton University Press,  2010. გვ. 20.

[30] Asad, Talal. On Suicide Bombing. New York: Columbia University Press, 2007. გვ. 94.

[31] იქვე, გვ. 33.

[32] იქვე, გვ. 94.

[33] Pokalova, Elena. Chechnya’s Terrorist Network: The Evolution of Terrorism in Russia’s North Caucasus. Santa Barbara: PRAEGER, 2015. გვ. 122.

[34] Youngs, Tim. The Conflict in Chechnya. House of Commons Library Research Paper. February 7, 2000. გვ. 21.

[35] Politkovskaya, Anna. A Small Corner of Hell: Dispatches from Chechnya. Chicago: The University of Chicago Press, 2003. გვ. 194.

[36]  Youngs, Tim. The Conflict in Chechnya. House of Commons Library Research Paper. February 7, 2000. გვ. 22.

[37] ადამიანის უფლებათა ცენტრი. დუმილი კლავს: ჩეჩენ ლტოლვილთა უფლებების შელახვა საქართველოში. 2006. http://www.humanrights.ge/files/chechen_report_Geo.pdf.  გვ. 11. 

[38] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. საქმე „ბაისუევი და ანზოროვი საქართველოს წინააღმდეგ.“ საჩივარი 39804/04. სტრასბურგი, 2013. http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/baiusebidaanzorovi.pdf .  გვ. 256. 

[39] Pokalova, Elena. Chechnya’s Terrorist Network: The Evolution of Terrorism in Russia’s North Caucasus. Santa Barbara: PRAEGER, 2015. გვ. 121.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“