[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

ტოლერანტობის დღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მდგომარეობას ეხმიანება

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას ეხმიანება და ამ მიმართულებით უფრო სამართლიანი და თანასწორი პოლიტიკის გატარებისთვის საქართველოს ხელისუფლებას დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ბოლო წლებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა კვლავ არ გამხდარა ძირეული პოლიტიკური ცვლილებების და რეფორმების საგანი.

უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა 2020 წლის არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ამ მოცემულობით პარლამენტში უმცირესობების წარმომადგენელი მხოლოდ 6 დეპუტატია, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით ყველაზე დაბალი ნიშნულია. ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა დაბალია იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც ეს ჯგუფები კომპაქტურად და ტრადიციულად ცხოვრობენ.[1] სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების ქვეშ არ მოქმედებს რეგულარული, დემოკრატიული და ინკლუზიური საკონსულტაციო მექანიზმები, რომელიც არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობას მისცემდა. ამ დრომდე პრობლემურია ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში სერვისის მიწოდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადმინისტრაციულ წარმოებაში უმცირესობების ენების გათვალისწინება. უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კლანური და არაფორმალური მმართველობის პრაქტიკები ყველაზე მძიმედ ჩანს (განსაკუთრებით ჯავახეთში) და აშკარაა, რომ ინსტიტუციური პოლიტიკა არ უშვებს ამ რეგიონების რეალურ დემოკრატიზაციას. საქართველოს სახლემწიფოს ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ევალება მიიღოს პოზიტიური ზომები უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად და ეს რეკომენდაცია ევროპის საბჭოს სამივე ციკლის შეფასებაში მოხვდა.[2] თუმცა, ამ მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებას ამ დრომდე არც ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად არ გადაუდგამს.  

ეთნიკური უმცირესობების დასაქმება საჯარო სამსახურში ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოში. ეთნიკური უმცირესობების დასაქმება განსაკუთრებით ასიმეტრიულია ცენტრალურ უწყებებში და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებში.  მაშინ როცა კანონის დონეზე საჯარო სამსახურში დასაქმების თვალსაზრისით ფორმალურად თანასწორობის პრინციპი დაცულია, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ მოკლებულები არიან შესაძლებლობას ჰქონდეთ დაშვება სათანადო განათლებაზე და ქართული ენის პროგრამებზე, საჭიროებენ სახელმწიფოს დამატებით პოზიტიურ მხარდაჭერას, დასაქმების პროცესში რეალური თანასწორობის მისაღწევად. სხვა შემთხვევაში, ისინი განწირულები არიან მუდმივად ნაკლებკონკურენტულ კადრებად ჩაითვალონ და განვითარების ნაკლები პერსპექტივები მიეცეთ.   

კვლავ პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი თემებისთვის ხარისხიან განათლებაზე წვდომა, რაც ამ თემებს სოციალური გარიყულობისა და სიღარიბისთვის წირავს. ეთნიკურ უმცირესობების თემებში თითქმის 3-ჯერ ნაკლებია ხელმისაწვდომობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე; კვლავ პრობელმურია ზოგადი განათლების ხარისხი და მასწავლებლების კვალიფიკაციისა და სახელმძღვანელობის სტანდარტის საკითხი. უმაღლესი განათლების დონეზე სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდებისთვის საშეღავათო პროგრამის დანერგვიდან 10 წელზე მეტი ხნის შემდეგაც, საშუალო სკოლებში ხარისხიანი ბილიგვური განათლება არ არის უზრუნველყოფილი და მოსწავლეების დიდი ნაწილი პირველად ქართულ ენას სათანადოდ მხოლოდ უნივერსიტეტის მოსამზადებელ საფეხურზე სწავლობს. სახელმწიფოს მიერ ენის სწავლების და ხარისხიანი განათლების მიწოდების ვალდებულებების არასათანადო შესრულება კი ხშირად ისევ ეთნიკურ უმცირესობებს ბრალდებათ.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად და ტრადიციულად დასახლებულ რეგიონებში თვალშისაცემია საბაზისო სოციალური ინფრატრუქტურის ჩამორჩენილობა. თემებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგების განვითარებაში, სასიცოცხლო როლს ასრულებენ, ხშირად მიწის, წყლის, ირიგაციის სისტემებზე და არსებულ ეკონომიკურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გამოწვევები აქვთ. სოფლის მეურნეობის განვითარება ამ თემებში შრომის შიდა ეთიკისა და თვითდისციპლინირების შედეგი უფროა.  

რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა ასევე უცვლელად მძიმე რჩება და ამ მხრივ ვითარების გამოსასწორებლად ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები უთანასწორობების აღმოსაფხვრელად. მათ შორის, საერთო სასამართლოს მხრიდან უკანონობისა და დისკრიმინაციის აღიარების მიუხედავად, კვლავ მოუგვარებელია ბათუმის მეჩეთის მშენებლობის საკითხი, რაც ქართველი მუსლიმი თემისთვის აჭარაში კრიტიკული მნიშვნელობის საკითხია; სახელმწიფოს არ გადაუდგამს პოზიტიური ნაბიჯები წინა წლებში მომხდარი რელიგიური კონფლიქტების გამოცდილების მქონე რეგიონებში ნდობის მშენებლობის და შემდგომი კონფლქტების პრევენციის მიზნით; საქართველოს პარლამენტს ასევე არ შეუტანია ცვლილებები იმ საკანონმდებლო აქტებში რომლებიც ჯერ კიდევ 2018 წელს გამოაცხადა საკონსტიტუციურ სასამართლომ როგორც უთანასწორო და დისკრიმინაციული ჩანაწერები საქართველოს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში და საგადასახადო კოდექსში, რომლებიც დაუსაბუთებელ პრივილეგიებს აძლევს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას.  

სამოქალაქო თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა ინსტიტუციურ დონეზეც არაეფექტიანად წარიმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მხოლოდ საკოორდინაციო ძალაუფლება აქვს და მას არც უფლებამოსილებები და არც რესურსები გააჩნია სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის რეალურად გასატარებლად. უპორტფელო მინისტრის როლი ამ პოლიტიკაში ნომინალური რჩება და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფოს სტრატეგიის დოკუმენტის განხორციელებაზე ფორმალური კოორდინაციით შემოიფარგლება.  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კი, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვმდებარების ქვეშ არსებობს, უკვე მრავალი წელია რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების მუდმივი კრიტიკის, ეჭვებისა და უნდობლობის საგანია. ყოველდღიურ პოლიტიკაში აშკარად ჩანს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ პოლიტიკაში უსაფრთხოების პერსპექტივისა და პოლიტიკის დომინირება.

ახლა როცა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გამოწვევებზე ვმსჯელობთ, სოფელ მუშევანში ადგილობრივი მოსახლეობა მათ სოფელთან 800 მეტრში გავლენიანი კორპორციის მიერ ოქროსა და სპილენძის მოპოვების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს; ათასობით ეთნიკურად სომეხი იბრძვის შრომითი მიგრაციის გამო დაკარგული საქართველოს მოქალაქეობისა და მასთან დაკავშირებული საბაზისო უფლებების აღდგენისთვის; პანკისის ხეობაში მაჩალიკაშვილების ოჯახმა ისევ ვერ მოახერხა უფლებების აღდგენა და სახელმწიფოსგან პატივისცემის მოპოვება; დმანისში უმძიმესი კონფლიქტის შემდეგ ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა პარალელურ და იზოლირებულ ცხოვრებას აგრძელებს; ბათუმში თავისუფლების მეჩეთის ადგილას ქართველი მუსლიმები ისევ ღია ცის ქვეშ ლოცულობენ; კათოლიკური და სომხური ეკლესიები მათი ისტორიული ძეგლების კონფესიური და ისტორიული მიკუთვნებულობის აღიარებას და საკუთრების უფლების აღდგენას ითხოვენ; მაღალმთიან აჭარაში და სამცხეში ნადგურდება უნიკალური ქართული ხის მეჩეთები; საქართველოს აზერბაიჯანელი და სომეხი ბავშვები ბაღების, კეთილმოწყობილი სკოლებისა და სათემო ცენტრების გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას; ჯავახეთში, კახეთში და ქვემო ქართლის რეგიონში გლეხები მდიდარი არენდატორების მიწებზე უმძიმეს პირობებში მუშაობენ და ამ პროცესში სახელმწიფოსგან საბაზისო მხარდაჭერაც არ აქვთ - ესენი რეალური ისტორიებია ჩვენი ყოველდღიურობიდან, რომელიც  ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინსტიტუციურ სისტემურ დისკრიმინაციასა და ჩაგვრას აჩვენებს. თუმცა ეს საკითხები პოლიტიკური ელიტისთვის ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხად რჩება ამდენი წლის შემდეგაც, რაც ცხადია, რომ უნდობლობის და გაუცხოების პოლიტიკურ კლიმატს ქმნის.   

ჩვენი აზრით, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების თანაცხოვრება, აღიარების, სოლიდარობისა და ძალაუფლების, რესურსებისა და უფლებების გადანაწილების უფრო სამართლიან გაგებას  უნდა ეფუძნებოდეს, ვიდრე ტოლერანტობის კონცეფციაა. თუმცა ამ  დღესთან დაკავშირებით, როცა საჯარო სივრცე თანასწორობის პოლიტიკის განხილვას ეთმობა,  სოციალური სამართლიანობის ცენტრს კვლავ სურს შეახსენოს სახელმწიფოს ის მწვავე გამოწვევები, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინაშე დგას და მოვუწოდებთ,

საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და რელევანტურ უწყებებს გადადგას ქმედითი და დროული ნაბიჯები არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისთვის სამართლიანი და თანასწორი პოლიტიკური, სოციალური და უფლებრივი გარემოს შესაქმნელად.

პოლიტიკურ პარტიებს, მედია ორგანიზაციებს გააძლიერონ მათი მუშაობა და პასუხისმგებლობა სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით და უფრო მეტი ინტერესი და ძალისხმევა გაწიონ არადომინანტურ ჯგუფებთან დიალოგისთვის და მათი საჭიროებების გახილვადებისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ეთნიკური უმცირესობებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 13 სექტემბერი, 2021.  https://socialjustice.org.ge/ka/products/etnikuri-umtsiresobebistvis-politikur-tskhovrebashi-monatsileoba-kvlav-mnishvnelovan-gamotsvevad-rcheba

[2] ევროპის საბჭოს კომიტეტის მესამე ციკლის შეფასება, 2019, პარა 136. https://rm.coe.int/3rd-op-georgia-en/1680969b56

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“