საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, რომლის პრობლემები ხშირად პოლიტიკური ელიტისთვის, მედიისთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უხილავი და იგნორირებულია. აქ ულამაზეს ბუნებასთან, მრავალფეროვან კულტურასთან, მშრომელი ხალხის უნიკალურ ყოფასთან ერთად შეგვხდებათ მრავალი წლის განმავლობაში მოუგვარებელი და ხელისუფლების მხრიდან დავიწყებული პრობლემა, რომელიც ჩვენს რეგიონს ერთგვარ მოჯადოებულ წრეში აქცევს.
ამ გამორჩეულ კუთხეში ცხოვრობს დაახლოებით 156 000 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი ეროვნებით სომეხია. თუ ნინოწმინდისა და ახალქალაქის სოფლებში იმოგზაურებთ, აღმოაჩენთ, რომ ადგილობრივი კაცების დიდი ნაწილი თავიანთ ოჯახებთან, თავისივე სახლებში მხოლოდ და მხოლოდ ზამთარში რჩებიან, რადგან მათი უმეტესი ნაწილი შრომით მიგრაციაშია წასული რუსეთსა და სხვა ქვეყნებში და ეს უკვე მრავალი წელია მათი ცხოვრების და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ასეთი მასშტაბური შრომითი მიგრაციის მიზეზი ჯავახეთში არსებული მძიმე სოციალური პირობები, უმუშევრობა და უპერსპექტივობაა. უმუშევრობის გამო მამაკაცები და ხშირ შემთხვევაში მათი ვაჟიშვილებიც მიდიან შრომით მიგრაციაში და თვეობით ტოვებენ ოჯახებს.
ამ სოციალურ პრობლემას, 2008 წლიდან დაემატა მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხე, რომელიც დღეს მათთვის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევაა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში საქართველოს მოქალაქეების შესვლა, იქ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარჩენა და დასაქმება გართულდა. შრომით მიგრაციაში წასულ ხალხს რუსეთში ყოფნა და მუშაობა საქართველოს მოქალაქეობის პასპორტით მხოლოდ სამი თვის განმავლობაში შეეძლოთ. ამ პოლიტიკურმა რეალობამ გამოიწვია ის, რომ ადამიანების უმეტესობამ ჯავახეთში საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად, სომხეთის მოქალაქეობაც მიიღო, რაც მათ რუსეთში მუშაობის და საბაზისო შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევდა. თუმცა, მალევე, ვისაც საზღვარზე დაუფიქსირდა ორმაგი მოქალაქეობა, ჩამოერთვათ საქართველოს პასპორტები და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობაც. კანონის აღსრულება კიდევ უფრო გამკაცრდა 2013 წლიდან და ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ.
იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის აღდენა, უწევთ გამოცდების ჩაბარება ქართულ ენაზე, რაც მათთვის რთული, და ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია, რადგან ისინი არ ფლობენ სახელმწიფო ენას, რაც, პირველ რიგში, ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკაში არსებული სისტემური ხარვეზების და გამოწვევების ბრალია.
51 წლის ა.ს. 30 წელზე მეტია ყოველ გაზაფხულს ტოვებს ოჯახს და მიემგზავრება რუსეთში სამუშაოდ. მისი თქმით, მიუხედავად ამდენწლიანი სამუშაო გამოცდილებისა, რუსეთში მუშაობა კვლავ ძალიან სტრესულია. ის ყოველ ჯერზე ნანობს სხვა ქვეყანაში, ოჯახისგან შორს გატარებულ და დაკარგულ დროს. კითხვაზე, თუ როდის და რატომ დაიწყო საზღვარგარეთ მუშაობა, რესპონდენტმა მიპასუხა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის ყოველწლიურად მამასთან ერთად რუსეთში მიდიოდა და იქ ფიზიკურად მუშაობდა.
"სახლში სამი ბავშვი ვიყავით, დედა, მამა და ჩვენი ბებია და ბაბუა. თავიდან მამასთან ერთად ბაბუა მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ძალიან გაუარესდა მისი ჯანმრთელობა, მუშობისას ხელის თითებიც დაკარგა, და უკვე მე მომიწია მამასთან რუსეთში ჩასვლა და მუშაობის დაწყება. ოჯახის შექმნის შემდეგაც ძალიან გვიჭირდა. სამი არასრულწლოვანი ქალიშვილი მყავდა და უამრავი რამ სჭირდებოდათ მათაც. საქართველოშიც ვცადე სამსახურის პოვნა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა უკვე ზრდასრული შვილები მყავს, ყველას თავისი ოჯახი ჰყავს, და ჩემი სიძეებიც შრომით მიგრაციაში არიან. ჩემი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის გამო, გადავწყვიტე აღარ წავიდე რუსეთში და დავრჩე ჩემს ოჯახთან ერთად".
ჩემმა რესპონდენტმა რამდენიმე წლის წინ გაიგო, რომ მას დაკარგული აქვს საქართველოს მოქალაქეობა. მიზეზი კი რამდენიმე წლის წინ აღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა იყო.
"საავადმყოფოში მითხრეს, რომ რადგან არ ვარ საქართველოს მოქალაქე, ჩვეულებრივ კონსულტაციაზეც კი ორმაგი თანხის გადახდა მომიწევს. ახლა მე ვერ ვსარგებლობ საქართველოში არსებული სამედიცინო სერვისებით, ვერ დავდივარ არჩევნებზე. იმისათვის, რომ ისევ მქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, უნდა ჩავაბარო გამოცდა, რომელიც ქართულ ენაზეა. სამწუხაროდ, მე 30 წელია სხვა ქვეყანაში ვარ და ქართულად გამოცდის ჩაბარება ჩემთვის შეუძლებელია. ამასთანავე, გამოცდაზე რეგისტრაციაც საკმაოდ ძვირი ღირს და ყველას არ გვაქვს საშუალება, რომ დავრეგისტრირდეთ".
დღესდღეობით ჯავახეთში ჩემი რესპონდენტის მსგავსად, უამრავი ადამიანია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო ვერ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებით, ვერ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და იზოლირებულნი არიან პოლიტიკური ცხოვრებისაგან. ეს რეალობა არა მხოლოდ მათ პოლტიკურ გაუცხოებას აღრმავებს, არამედ მძიმე სოციალურ ტვირთადად აწვებათ.
გამოცდა, რომლის ჩაბარებაც უწევთ ეროვნებით სომეხ ადამიანებს არის ქართულ ენაზე, რომლის საფასური წლების წინ 250 ლარი, ხოლო ახლა 500 ლარია. ქართული ენის გამოცდის ჩაბარების სირთულე გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: ქართული ენის სპეციალისტების არარსებობა, სკოლებში ქართული ენის მინიმალური საგაკვეთილო საათები, იზოლირებული ცხოვრება ქართველ მოსახლეობასთან, ქართულენოვანი სატელევიზო არხების ხელმიუწვდომლობა და ა.შ.
ამ ადამინებს არც ახლა აქვთ იმის საშუალება, რომ ისწავლონ და შეძლონ ისეთი გამოცდების ჩაბარება, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს ისტორია, ან სამართლის საფუძვლები.
სახელმწიფო თავს იმართლებს იმით, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდას აქვთ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლები, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ქართული ენის სწავლა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ცენტრები ახალქალქში და ნინოწმინდაშია განთავსებული, ქალაქსა და სოფლებს შორის კი ტრანსპორტი არ მოძრაობს. სოფლის მოსახლეობისთვის რთულია იქ სიარული და ამ შესაძლებლობით სარგებლობა. ამასთან, ყოველდღიურად მძიმე შრომაში ჩართული ადამიანებისთვის ზრდასრულ ასაკში ენის შესწავლა დიდ ტვირთად იქცევა.
სამწუხაროდ, თითქმის 10 წელი გავიდა ამ საკითხის საჯარო დღის წესრიგში დაყენებიდან, თუმცა, ამ დრომდე მისი მოგვარების კონტურებიც კი არ იკვეთება. არჩევნების დროს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, პრეზიდენტობის კანდიდატები და სხვა პოლიტიკური ფიგურები ყოველ ჯერზე მოსახლეობას პირდებიან, რომ ისინი მიიღებდნენ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ დღემდე ეს დაპირებები მხოლოდ დაპირებებად რჩება. რთულია, გავიგო რა არის სახელმწიფოს მხრიდან ათასობით ადამიანის სასიცოცხლო ინტერესის უგულებელყოფის მიზეზი. პერიფერიების, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მიმართ სახელმწიფოს გულგრილობა?! ჯავახეთის რეგიონის მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და შიშები?! დაპირებებით ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ხმებით ვაჭრობის და მოთვინიერების ბერკეტების შენარჩუნების ინტერესი?! ამ კითხვებზე და გაკვირვებაზე პასუხი არ მაქვს. თუმცა, 10 წელია ჯავახეთის თითქმის ყველა ქუჩაზე და სოფელში ადგილობრივებისგან მოქალაქეობის აღდგენისა და საქართველოსთან დაკავშირებული მათი მიჯაჭვულობისა და კავშირების აღიარებისა და პატივისვცემის თხოვნა ისმის.
ინსტრუქცია