საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: სოფო აფციაური
ჯავახეთში წელიწადის მხოლოდ ორი დროა - გაზაფხული და სასტიკი ზამთარი. ჩვენი ოჯახებიც ორ დროში ცხოვრობენ - მამაკაცებთან ერთად და მათ გარეშე. მამაკაცებთან თანაცხოვრება შესაძლებელი ხდება ზამთარში, ზამთრის ლამაზ დღესასწაულზე, ახალ წელს, როდესაც მამაკაცები თავიანთ სოფლებში, თავიანთ ოჯახებში ბრუნდებიან. დარჩენილი 9 თვე კი ისინი შრომით მძიმე მიგრაციაში მიდიან.
კაცების გარეშე ცხოვრება, ქალების შრომით, ეკონომიკურ და საოჯახო ტვირთებს აორმაგებს.
ჯავახეთის სკოლების მამრობითი სქესის მოსწავლეების ნახევარი მაინც, სკოლის დამთავრების შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ სწავლა განაგრძოს, მიიღოს განათლება, ამზადებს საბუთებს და მიდის საზღვარგარეთ (ძირითადად რუსეთში) სამუშაოდ. იქ არსებული პირობები კი 17-18 წლის ბიჭების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის საფრთხეა.
და რატომ მიდიან ეს ბიჭები? უნდათ მათ ეს თუ აძალებენ?
არა, ძალით თითქმის არავინ აძალებს, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა თვალსაჩინოა. ძალიან ბევრი მშობელი ხშირად ეუბნება თავის შვილს, რომ მათ არ აქვთ იმდენი თანხა, რომ მისი სწავლის საფასური გადაიხადონ. ძალიან ბევრი მასწავლებელი თვითონ ამბობს, რომ კარგად სწავლა კარგია, მაგრამ გონებით და განათლებით ფულს მაინც ვერ იშოვითო, და ამის ყველაზე ნათელ მაგალითად საკუთარი თავები მოჰყავთ. ასევე, ძალიან ბევრი მათზე უფროსი ბიჭი, როდესაც მშობლიურ სოფლებში ბრუნდება ახალი მანქანებით და ტანსაცმლით, ირწმუნება, რომ იქ ფულს ჰაერიდან იღებენ, როცა დიპლომით საჭმლის ფულსაც ვერ იშოვიდნენ.
და ნეტა რის ფასად არის ნაშოვნი ეს თანხა?
სანამ ამ კითხვაზეც ვიმსჯელებთ, განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი - რატომ მიდიან ეს პატარა ბიჭები და მამაკაცები? ნეტავ, აქ არავინ ენატრებათ? ნეტავ მარტივია, წელიწადის 10 თვე გაატარო უცხო მიწაზე, უცხო ადამიანებთან? ნეტავ აქ არ შეუძლიათ ის ფიზიკური შრომა, ფულის შოვნა, აქ არ არის სამუშაო/სამსახური?
არა! მათაც ენატრებათ თავიანთი დედები, ცოლები, შვილები, შეყვარებულები, მეგობრები, მაგრამ აქ მათთვის სამუშაო ან სამსახური აღარ არის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს დიდად არ აინტერესებს ულამაზესი ჯავახეთის მოსახლეობა, რომელსაც უბრალო, ქვეყანაში არსებულ ყოველდღიურ ინფორმაციაზეც კი არ აქვს ხელმისაწვდომობა. აქ ჯერ კიდევ სახელმწიფო ენასაც სრულყოფილად ვერ ფლობენ და სამსახურს პოვნა ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ ამ ყველაფრის პასუხისმგებლობა მარტო ამ ადამიანებზე არ მოდის, ეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ასწავლოს ენა, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს საკუთარი მიწის შვილები, რომ დარჩნენ აქ და ამ ქვეყნისთვის გააკეთონ იმის ნახევარი მაინც, რასაც წლები ყოველდღიურად აკეთებენ უცხო ქვეყნებში.
მათ მიერ ნაშოვნი თანხა კი ძალიან დიდი დანაკარგის ფასად არის მოპოვებული, მაგრამ მათ უკვე წინააღმდეგობის გაწევის, ან პრეტენზიის გამოთქმის სურვილი არც აქვთ, რადგან ამის საფუძველი აღარც ჩანს.
მათ კი ეკარგებათ ჯანმრთელობა, განათლების მიღების, ახლობლების, მშობლების ნახვის საშუალება. იცით, კიდევ რა ეკარგებათ? - შვილების პირველი ნაბიჯების ნახვის, პირველი სიტყვის მოსმენის, პირველი შეხების საშუალება, ეკარგებათ ცოლების მიმართ სიყვარული და ინტერესიც კი, რადგან იქ, რუსეთში, მათ უკვე ახალი ცოლები ჰყავთ.
თქვენი აზრით, ამ ყველაფრით არ ირღვევა ქალების ყველაზე ბაზისური უფლებები?
დაქორწინების მერე, როდესაც იგებენ, რომ ცოლი უკვე ორსულადაა, ქმარი ემზადება წასვლისთვის. ამის მერე გოგო რჩება დედამთილ-მამამთილთან, მისი მეუღლე კი მიდის საზღვარგარეთ. იქიდან ბრუნდებიან ახალი წლიდან რამდენიმე კვირით ადრე და მაქსიმუმ 2 თვეში კიდევ უკან მიდიან. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში გოგოსაც ჰგონია, რომ მისი ვალდებულებაა და ნორმალურია, ქმარს ხედავდე წელიწადში ერთი თვე. ამასობაში, მეუღლეც თუ ქვეყანაში არ არის, რძალს არ აქვს უფლება, იმუშაოს ან სახლიდან დიდი ხნით გავიდეს.
ამ ძალიან სამწუხარო და უხეში მაგალითების მერე, რომელიც რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი არ არის, რას ფიქრობთ, ამ ოჯახებს რამდენად უღირთ ის თანხა, რომელსაც შოულობენ საზღვარგარეთ, ან რამდენადაა სამართლიანი სახელმწიფო თავისი მოქალაქეების მიმართ?
ულამაზესი და უნიკალური ბუნების მქონე ჯავახეთს, რომლის ყველა კუთხეში დიდი ისტორიაა, სამწუხაროდ, არ გააჩნია იმდენი ძალა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს, ჰქონდეს ის ყველანაირი პირობა, რაც საჭიროა უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრებისთვის. ეს ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს და შემდგომში უკვე, ჩვენი მოქალაქეების ვალდებულებაა. ძალიან ბევრი სახლი დგას ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში ამ ულამაზეს ჯავახეთის სოფლებში, ზოგი სოფელი კი ბოლო 10-20 წლის მანძილზე საერთოდ უპატრონოდ დარჩა.
საბოლოო ჯამში კი, ამ მდგომარეობის გამოსწორება თუ არ ვცადეთ და არ შევქმენით ის ყველა საჭირო პირობა, რომ აქაურმა ხალხმაც იმუშაოს, ისწავლოს, განვითარდეს, მალე არათუ ჯავახეთი დარჩება მამაკაცების გარეშე, არამედ საქართველოში გვექნება მთლიანად ცარიელი და დანგრეული ჯავახეთი, რომელსაც სინამდვილეში შეუძლია, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მრავალფეროვანი ტურისტული და ეკონომიკური ადგილი ქვეყანაში.
ინსტრუქცია