საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ტიგრან თარზიანის ბლოგი სომხურ ენაზე შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში.
„ნუ შემიყვარებ ყვავილივით, მინდა ვიცხოვრო ღირსეულად“
ეს სომეხი პოეტის, შუშანიკ კურღინიანის, სიტყვებია. ამ ბლოგის ეპიგრაფად ზედგამოჭრილია...
დიდი ხანია ვაკვირდები ქალთა პრობლემებს ჯავახეთში. ყოველთვის მინდოდა სოფლად მცხოვრები ქალების შრომაზე დაწერა. წერას ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას ნანახის გაზიარებით დავიწყებ...
უწყლობა და პრიორიტეტები...
სოფელში მცხოვრები ქალების ყოველდღიური საქმეები ასეთია: დილით პირუტყვის მოვლა-პატრონობა (ზამთარში ძირითადად მამაკაცები ასრულებენ), გათბობისთვის დღის სამყოფი შეშის ან წივის მომარაგება, სახლის დალაგება, სამზარეულო, ბავშვებზე ზრუნვა და სხვა. სოფელში, სადაც ვიყავი, არ არის სასმელი წყალი. მოსახლეობა, მეტწილად ბავშვები და ქალები, სასმელ წყალს წყაროდან ეზიდებიან. მათი მთავარი სათხოვარი ზუსტად წყლის პრობლემის მოგვარებაა. არადა ჩვენი მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარებისა და ტბების რესურსებით.
საქართველოს დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგაც, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემებზე საუბარი ნათლად გამოხატავს ადგილობრივი ჩინოვნიკების გულგრილობას და გვიჩვენებს, რომ პრიორიტეტები არასწორადაა დასახული.
მძიმე, დაუფასებელი ოჯახური შრომა და ავადმყოფობები...
საბავშვო ბაღების წვდომის პრობლემა სოფლად მცხოვრები ოჯახების უმრავლესობას ეხება. ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვის საჭიროება ქალებს საზოგადოებრივი ცხოვრების გარეშე ტოვებს.
ქალების საქმიანობა/მუშაობა ამით არ მთავრდება. ხშირ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებს ემატება ნარჩენების გადაყრა, ძროხის მოწველა, ყველის ამოყვანა, ბაღზე ზრუნვა და სხვა წვრილმანი საქმე.
მძიმე შრომა და არასახარბიელო პირობები ადამიანის ჯანმრთელობას ანგრევს. რაც უფრო დაბალია შემოსავალი და ცუდი საყოფაცხოვრებო პირობებია აქვს ოჯახს, მით უფრო შერყეულია ადამიანის ჯანმრთელობა. ჩვენში საკმაოდ გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ადგილობრივები ამას ხსნიან სასმელ წყალში იოდის ნაკლებობით.
ფორმალური აქტიურობა სამოქალაქო საქმიანობაში
სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ქალების ჩართულობის დონე მინიმალურია. პროგრამის განხილვისას ვერ დაინახავთ აქტიურ ქალებს. ხშირად ამ პროცესში ფორმალურად ერთვებიან სკოლის მასწავლებლები. მათ უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა იგულისხმება სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში. მათ არ იციან, რომ შეუძლიათ ინიციატივის შეთავაზება და განხილვა.
ახალგაზრდებთან საუბრისას იკვეთება, რომ დადებითად არიან განწყობილი ქალთა ჩართულობის მიმართ.
ერთ-ერთის თქმით, ბევრი პრობლემა სოფელში ადვილად, მშვიდად მოგვარებადია ქალების სათანადო ჩართულების შემთხვევაში. ქალების მონაწილეობის დროს უფრო ჩაღრმავებულად ხდება პრობლემების განხილვა. მამაკაცები ხშირად კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად არ საუბრობენ პრობლემურ საკითხებზე და ამით აზარალებენ საქმეს.
დარწმუნებული ვარ ქალებს სოფლის განვითარებისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ. მათი აქტიურობა სამოქალაქო სფეროში მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს მოგვიტანს.
ქალები და სოფლის მეურნეობა
ქალების წვლილი სოფლის მეურნეობაში შეუფასებელი და დაუფასებელია. ისინი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ, თუმცა მათი შრომა არაა დაფასებული. ასეთი საქმიანობით დაკავებული ქალები თვითდასაქმებულებად ან არააქტიურებად ითვლებიან. ბაღში, საქონელთან და სოფელში ქალების შრომის რესურსი უამრავ სირთულესთან გამკლავებაში იხარჯება. შრომის ნაყოფი კი იმდენად დაბალშემოსავლიანია, რომ მშრომელებს იმედგაცრუებულს და ჯანმრთელობა მორღვეულს ტოვებს. ისინი ამ უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ ყოველგვარი პირობების გარეშე.
ქალი და ტრადიცია
ქალების პასიურობის მიზეზად ხშირად ასახელებენ ტრადიციულ კულტურას. რას გულისხმობენ ტრადიციულ კულტურაში, ჩემთვის გაუგებარია.
აქ ჩვენ საქმე გვაქვს არა ტრადიციული კულტურასთან, არამედ სხვა პრობლემასთან. ესაა კონსერვატიული აზროვნება. კონსერვატიული პოზიციის თანახმად, ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ ერთვებიან, გატაწყვეტილებებს თემსა და ოჯახში იღებენ მამაკაცები.
მეორე მხრივ, კულტურისა და ტრადიციების მნიშვნელობის არსწავლებასა და არცოდნაშია პრობლემა. არცოდნა ხელს უწყობს კულტურის, ტრადიციების და გენდერის შესახებ არარსებული ტერმინების და მოსაზრების ჩამოყალიბებას თემის შიგნით. ასეთი კონტექსტი თემის შიგნით აყალიბებს სხვადასხვა პიროვნების თვითაღქმებს, რაც რეალობიდან შორსაა და დაფუძნებულია სუბიექტური მოსაზრებაზე.
ხშირად ქალებთან საუბრისას, მხოლოდ თემისთვის საერთო პრობლემებს ასახელებენ და არ ახსენებენ სპეციფიკურ საკითხებს. ეს პრობლემებია შემოსავლის ნაკლებობა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ.
მიზანს აცდენილი პროექტები
ასეთ რეალობაში, ადგილობრივ ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ან საინიციატივო ჯგუფები, ხშირად არასწორად ასახელებენ პრობლემებს. უფრო ხშირად პროექტები მიმართულია ქალთა ლიდერობასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
როდესაც ვსაუბრობთ ქალთა ლიდერობაზე, მახსენდება ნინოწმინდის მაგალითი. ნინოწმინდაში 5 წელია მერი ქალია. ბოლო ადგილობრივი არჩევნების შედეგად საკრებულოშიც კვოტირების მექანიზმის დანერგვით გაიზარდა ქალების რაოდენობა. დღემდე არც ერთი ქალი პოლიტიკოსის მიერ არაა ინიცირებული ქალებისთვის სპეციფიკური საკითხები. მაგალითად, თვითდასაქმებული ქალების მოტივაციის გასაზრდელად საგრანტო კონკურსების/პირობების გამოცხადება, სამედიცინო დაზღვევის შემუშავება, სოფლებში სარეალიზაციო ბაზრების მოწყობა, ბიბლიოთეკების მოწყობა და სხვა. ამ გზით მათი საქმიანობის წახალისების და ჩართულობის განვითარება.
სხვადასხვა ორგანიზაცია იმის მაგივრად, რომ კარგად შეისწავლონ საკითხი და გამოვიდნენ საკითხის მოგვარების ინიციატივებით, ხშირად, იმავე პროექტის ფარგლებში ასწავლიან საბანკო ურთიერთობებს და სესხის აღების პროცედურას, რაც უფრო ართულებს თვითდასაქმებული ქალების ეკონომიკურ მდგომარეობას. ქალების წარუმატებლობის მაგალითები რეგიონში აძლიერებს გავრცელებულ მიდგომებს. გრანტებით მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციის ლიდერი ქალები აქ ჩამოდიან და აქაურ რეალობას სრულიად აცდენილ პროექტებსა და ინიციატივებს სთავაზობენ ქალებს. მიზანს აცდენილი პროექტები მხოლოდ ართულებს მდგომარეობას.
გადაჭრის გზები - განათლება და ისევ განათლება!
აღნიშნული პრობლემების და კონსერვატიული მიდგომის შესაცვლელად ყველაზე ქმედითი გზა საგანმანათლებლო ღონისძიებებია. მათ შორის ადგილობრივ დონეზე პროფესიული სასწავლებლების გახსნა, სადაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული სპეციალისტების გადამზადება. ახალგაზრდები ხშირად უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ განათლების მიღებას. ამიტომ, ვფიქრობ, პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება მათთვის დამოუკიდებელი შემოსავლის მიღების შესაძლებლობასაც შექმნის.
მეორე - ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გაძლიერება კომპეტენტური კადრებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით. რაც გაზრდის სასწავლებელში სტუდენტების რაოდენობას. ხარისხიანი განთლება კონსერვატიული მიდგომების და მენტალიტეტის ცვლილებაზე ახდენს გავლენას. ამ მიმართულებით საჭიროა ნაბიჯების გადადგმა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების მხრიდან.
ჯავახეთში არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა ქალთა სათემო ჩართულობის პასიურობა, მძიმე შრომა და კონსერვატიული აზროვნება, ასევე დაემატება ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეგიონში მამაკაცების აქტიური შრომითი მიგრაციების ფონზე ოჯახებში ხდება როლების რღვევა. ჯავახეთში ქალები 7-8 თვის განმავლობაში მძიმე შრომის და პირობების წინაშე მარტო რჩებიან. მამაკაცები, რომლებიც მიგრაციაში ყოფნისას ძირითადად მუშის სამუშაოს ასრულებენ და ქალები ადგილზე ეჭიდებიან ზემო აღნიშნულ რეალობას, დროის სიმცირის გამო უარს ამბობენ ნებისმიერ სიახლეზე. აქ ვგულისხმობ დროის არ ქონის გამო ქალსაც და მამაკაცსაც არ აქვთ განვითარების, ან თუნდაც წიგნის წაკითხვის საშუალებაც.
ასე თუ ისე, შრომისგან ვერავინ თავისუფლდება. ღირსეულად ცხოვრება შესაძლებელია განათლების ხელმისაწვდომობით და დაბალანსებული სამუშაო დღით.
ახლა ქალს შვილის აღზრდისა და ოჯახის სიწმინდის შენარჩუნების როლი აქვს დაკისრებული. ქალის კარიერა ქორწინებით იწყება და შვილიშვილების აღზრდით მთავრდება.
ეპილოგისთვის
ბლოგს ისევ კურღინიანის მიერ დაწერილი ლექსის სტროფით დავამთავრებ:
“და შენი ცხოვრების ერთადერთი პირობაა:
ჭამე, დაიძინე და იმშობიარე!
როგორც მონობის ბეჭედი,
გოგოდ რომ დაიბადე…”
ყოველწლიურად ტარდება ათობით სემინარი ქალთა თავისუფლებისა და გენდერის თემატიკაზე. მომხსენებლები წარადგენენ ქალთა მოძრაობების საერთაშორისო გამოცდილებას. სადაა ჩვენი გამოცდილება? როგორც ჩანს, ის ჩვენ არც გვქონია. მაინც დავიტოვებ იმედს, რომ ჩემი თემიდან ქალები ერთ დღეს მაინც შეცვლიან ამ რეალობას. ისინი უკვე იწყებენ.
ინსტრუქცია