[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / თვალსაზრისი

ჯავახური ზამთრის სირთულეები და თავისებურებები 

ტიგრან თარზიანი 

ტიგრან თარზიანის ბლოგი სომხურ ენაზე შეგიძლია იხ. მიმაგრებულ ფაილში.

გაზაფხულამდე ჯერ ადრეა. აქ ხშირად გაიგონებთ: „რამდენიმე დღით დათბება, მერე კიდევ აცივდება, წინ გვაქვს „გიჟი მარტი“ და სიცივე მაისის დასაწყისამდე გაგრძელდება“.

ზამთარში, რამდენადაც ლამაზია ჯავახეთი, იმდენად მკაცრი და შეუვალია ყინვით, თოვლით და ქარბუქით. ექვსი თვის განმავლობაში ამ მხარეში საშინელი ყინვები იცის. იანვარ-თებერვლის თვეებში ზოგჯერ ტემპერატურა - 25-28 გრადუსამდე ეცემა.

რეგიონის მკაცრი კლიმატის გამო, ადგილობრივები გათბობის საშუალებაზე ფიქრს ზაფხულის პირველივე თვიდან იწყებენ. გათბობის ძირითად საშუალებაა ღუმელი, ე.წ. „ფეჩი“. ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც არაა გაზიფიცირებული საჯარო სკოლები და ბაღები, გასათბობად იყენებენ შეშის ღუმელს.

თებერვალი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა ადგილობრივებისთვის. თვის ნახევრიდან თვითდასაქმებული ფერმერები იწყებენ საქონლის საკვები მარაგის გამოთვლას – ანგარიშობენ დარჩენილი თივა აპრილის ბოლომდე ყოფნით თუ არა ამ დროს ყველაზე ხშირად საქონლის შენახვასა და თივის ფასზე საუბრები მოგხვდება ყურში. ერთი თივის ფასი ამჟამად მერყეობს 12-14 ლარის ფარგლებში, რაც საკმაოდ ძვირია. შარშან მისი ფასი 7-8 ლარი იყო. თივას საქონლის გამოსაკვებად იყენებენ ზოგჯერ ადგილობრივები არასაკმარისი საკვების გამო პირუტყვს ყიდიან. ასეთ პირობებში საოჯახო ფერმები მესაქონლეობას არასარგებლიან დარგად მიიჩნევენ. გარდა საკვების სიძვირისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა მცირემიწიანობა, რძის დაბალი ფასი თვითდასაქმებულების მიმართ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერის არ არსებობა. ამ ყველაფერს ემატება გრძელი და მკაცრი ზამთარი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვის აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ მესაქონლეობის დარგის გადასარჩენად პირველი პრობლემა მიწების დეფიციტია. მაგრამ სახელმწიფო ვერ ხედავს საოჯახო მეურნეობებში თვითდასაქმებულების პრობლემებს. სოფლის მეურნეობის მიერ გამოცხადებულ პროექტებში მსხვილი ფერმერები მიიღებენ მონაწილეობას. თვითდასაქმებული ფერმერი შეზღუდული დროისა და ფინანსების გამო ვერ მონაწილეობენ. იგივე პრობლემაა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, მსხვილი ფერმერი ფლობს 10,20 ან 100 ჰექტარს, საოჯახო მეურნე – 1ჰა მიწას. ასეთ ვითარებაში განვითარება შეუძლებელია.

ნინოწმინდაში სოფლის მოსახლეობას ძირითადად კარტოფილი მოჰყავს და ყიდიან. პატარა საოჯახო მეურნეობებში ყველსა და რძის სხვა ნაწარმს ამზადებენ და საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩამოსულ ვაჭრებს აბარებენ. თებერვლის ბოლოს მეკარტოფილეობით დაკავებულნი დაიწყებენ შემოდგომაზე შენახული კარტოფილის გაყიდვას. სათესლეს კი ტომრებში ანაწილებენ, მოემზადებიან გაზაფხულისთვის. აქ ყველა მიწაზე მუშაობს, სხვა საშუალება არაა.

ყინვისგან ნინოწმინდაში ტბები იყინება. მზიანი ამინდები თებერვალში იშვიათადაა. ამ სეზონზე ჯავახეთში განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავთ, გარდა გათეთრებული მინდვრებისა და გაყინული ტბებისა. თეთრი და მუქი ლურჯი ფერები იმდენადაა ერთმანეთთან შერეული, რომ ვერ გაარჩევთ სად მთავრდება მინდორი და სად იწყება ცა.

მიუხედავად იმისა, რომ ნინოწმინდის სოფლების უმრავლესობა გაზიფიცირებულია (8 სოფლის გარდა), ხალხი სახლებს მაინც ჯავახური „ბიო საწვავით“ – წივით ათბობს. წივა უფრო ეკონომიურია ბუნებრივ აირთან შედარებით და ამით თვიურად ოჯახები ზოგავენ 300-500ლარს.

ნინოწმინდაში სახლები დიდი აგურივით ქვებითაა აშენებული. ადგილობრივები ამ მასალას სომხურ ტუფს უწოდებენ. ტუფის ქვა ძირითადად ორი ფერისაა - შავი და ვარდისფერი. ასეთი ქვით აშენებული სახლები ყინვისგან კარგად იცავს.

სოფლების უმრავლესობა მოწყვეტილია ადმინისტრაციული ცენტრისგან. ძირითადად ორი მიზეზის გამო - ტრანსპორტის არარსებობა და დანგრეული გზები. ბოლო წლებში ნინოწმინდაში შეინიშნება სოფლის გზების მოწყობა, მაგრამ სამუშაოები იმდენად უხარისხოა, რომ ყოველი ორი წლის შემდეგ თავიდან გასამართია. ბევრგან კი ძნელად მისასვლელია. ეს კარგი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა ვაჭრებისთვის. ჩამოაქვთ მოშორებულ სოფლებში ყველანაირი პროდუქტი, უფრო ხშირად ხილ-ბოსტნეული. ადგილობრივი მოსახლეობა მყიდველების მიერ მოტანილ საკვებ პროდუქციას კარტოფილსა და ყველში ცვლის. ყველი და კარტოფილი ჩვენი მეორე საგანძურია. ჩვენთან ყველი ფულის როლს ასრულებს და ყოველდღიურ მიმოქცევაშია. ეს უფრო ხშირად ხდება იმ სოფელში, სადაც არაა რძის გადასამუშავებელი ქარხანა.

წელს კარტოფილის რეალიზაცია კარგად მიდის, მოსახლეობა კმაყოფილია. პრობლემას უფრო იმაში ხედავენ, რომ ჯავახეთი ცენტრიდან მოწყვეტილი რეგიონია.

ადგილობრივებთან საუბრისას ერთ-ერთი ასაკოვანი კაცი მეკითხება რატომ არ აჩვენებენ ნინოწმინდის ან ახალქალაქის ამინდის პროგნოზსო? კითხვაზე არ მქონდა დამაჯერებელი პასუხი. ასაკოვანი მოსახლეობა ამინდის პროგნოზის გასაგებად ყოველთვის ახალგაზრდებს მიმართავს, რადგან ინტერნეტის გამოყენება ყველამ არ იცის. ხშირ შემთხვევაში სომხეთის საზღვრისპირას მდებარე ქალაქ აშოცქის ამინდის პროგნოზთან ადარებენ, რადგან ენობრივი ბარიერის გამო მარტო სომხურ არხებს უყურებენ.

ნინოწმინდელებისთვის ამინდს დიდ მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს ზამთარში. ადგილობრივები უკვე მიჩვეულნი არიან და ქარის მიმართულებითაც შეძლებენ პროგნოზის გაკეთებას.. მათი დაკვირვებით, ძირითად ორი მიმართულების ქარი არსებობს - ახალქალაქის და ქოროღლის (აქაურები პატრა აბულს ქოროღლის მთას უწოდებენ აბულის ციხეს კი ქოროღლის ციხეს). ასევე თუ გარეთ ზამთრისთვის შედარებით თბილა, ჰაერი გამჭვირვალეა და ცა ღრუბლიანი, ესე იგი თოვლია მოსალოდნელი.

მაღალმთიან რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობები, საჭიროა სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება, რათა ადამიანებში არ დარჩეს გარიყულობის შეგრძნება.

კლიმატი ჯავახეთში მკაცრია, საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო რთული.

Ջավախքյան_ձմռան_դժվարություններն_ու_առանձնահատկությունները_1654509601.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“