საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების სავარაუდო დისკრიმინაციული დაფინანსების საქმეზე არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო და მან საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან ოფიციალური კომუნიკაცია დაიწყო.
აღნიშნულ საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წარმოადგენს და ამტკიცებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მხოლოდ ერთი რელიგიური ორგანიზაციის განგრძობადი დაფინანსების პრაქტიკა არღვევს ევროპული კონვენციის მე-12 დამატებით ოქმის პირველ მუხლს, რომელიც ადგენს კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით სარგებლობის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფას. აღნიშნულ საქმეზე განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოში 2023 წლის 30 ნოემბერს წარადგინა.
ევროპულმა სასამართლომ მთავრობას კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა. მთავრობისთვის გაგზავნილი კითხვების ფარგლებში ევროპული სასამართლო დაინტერესდა იყო თუ არა განმცხადებელი რელიგიური ორგანიზაცია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ანალოგიურ სიტუაციაში დაფინანსების თვალსაზრისით, დაექვემდებარა თუ არა ის განსხვავებულ მოპყრობას და რა იყო ამგვარი მოპყრობის ლეგიტიმური მიზანი და გონივრული დასაბუთება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებდა დავას ეროვნულ სასამართლოებში და მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების დისკრიმინაციული პრაქტიკის აღიარებას და მის აღმოფხვრას ითხოვდა.
აღნიშნულ საქმეზე 2022 წელს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გადაეცემოდა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ აღიარა დაფინანსების დისკრიმინაციული წესი და გაიზიარა მოსარჩელეების არგუმენტი, რომ ეს წესი წინააღმდეგობაში მოდიოდა სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპთან.
მიღებული გადაწყვეტილება მარნეულის მერიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ერთ სხდომაში შეაჯამა 3 წლის მანძილზე მიმდინარე მოცულობითი და კომპლექსური ადმინისტრაციული დავა, რომელიც ნორმატიული აქტის ბათილობას, რელიგიის ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას და დისკრიმინაციული შედეგების აღმოფხვრას შეეხებოდა. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გააუქმა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ აშკარა იყო საქმის მომხსენებელი მოსამართლის, ლეილა მამულაშვილის მიკერძოებულობა და ნეგატიური დამოკიდებულება მოსარჩელეებისადმი, რაც სრულად ემყარებოდა მათ ეთნიკურ წარმომავლობას. მოსამართლე პროცესის ფარგლებში სვამდა უადგილო კითხვებს და მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელე ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე იყო, არაერთხელ ჩაეკითხა სამირა ბაირამოვას იცოდა თუ არა მან ის, თუ როგორ არის რეგულირებული რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი აზერბაიჯანში და ეძლევათ თუ არა ქრისტიანებს რაიმე სახის დაფინანსება აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე არსებითად არ განიხილა და სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის რაიონის მოსამართლის, ნინო გიორგაძის 2022 წლის გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა. მოგვიანებით, როცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნა, ეს გადაწყვეტილება მათ შორის, ამ საქმეზე მოსამართლის მიერ დაკავებული კრიტიკული პოზიციების ჩახშობის ინტერესით აიხსნა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს მეგობრული მორიგების შესაძლო პირობებზე შესათანხმებლად 12 კვირის ვადა ეძლევათ. ხოლო თუ ამგვარი შეთანხმება ვერ შედგა, მთავრობა ვალდებულია დამატებით 12 კვირიან ვადაში განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები წარადგინოს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სიახლეებს საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის.
ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნულ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია არსებითად შეცვალოს ადგილობრივ თვითმმართველობების ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დისკრიმინაციული დაფინანსების პრაქტიკა. ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ კონსტიტუციურ უფლებებთან და პრინციპებთან მოდის წინააღმდეგობაში, მას ნეგატიური გავლენა აქვს სხვადასხვა ჯგუფის თანასწორი და სამართლიანი თანაცხოვრების პრინციპზე და ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესზე.
ინსტრუქცია