[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / შეფასება

სახელმწიფოს სისტემური ძალადობის მსხვერპლები და მათი სათანადო დაცვისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო მოთხოვნები

 

ფოტო: გურამ მურადოვი

შესავალი: პროტესტანტების მიმართქართული ოცნებისსისტემური ძალადობის მიმოხილვა

2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებულ მასობრივ საპროტესტო ტალღას ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური და საკანონმდებლო რეპრესიები მოყვა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმე ფორმებს იღებს. ძალადობის მასშტაბმა და მისმა მრავალმხრივმა ბუნებამ სისტემური სახე მალევე მიიღო, სადაც ახალი მჩაგვრელი კანონები, მათი საპოლიციო და უსაფრთხოების სტრუქტურების მიერ სასტიკი მეთოდებით აღსრულება და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების ინტერესის ღია იგნორირება და უპრეცედენტო სასჯელების პოლიტიკის გამოყენება ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის არეალებსა და მექანიზმებს თითქმის სრულად ახშობს. ამ პროცესში რეპრესირებული ადამიანები და შეკრების მონაწილეები ახალი პოლიტიკური რეალობისა და მეთოდების პირდაპირი მსხვერპლები არიან, რომელთაც, ხშირად, ამგვარი სტატუსიც კი არ აქვთ მინიჭებული.

მიმდინარე მშვიდობიანი აქციების დაშლის პროცესში დაფიქსირდა ძალაუფლების სისტემური გადამეტების, წამების, არაადამიანურ მოპყრობისა და მოძალადეების დაუსჯელობის პრაქტიკები. განსაკუთრებით ნოემბრისა და დეკემბრის თვეების განმავლობაში აქციების თვითნებური და გაუმართლებელი დაშლა რეგულარულ მოვლენად იქცა, რომელიც საპოლიციო ძალების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებით ხორციელდება. 2024 წლის დეკემბრის პირველი ნახევრის მდგომარეობით, 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე დაკავებული იყო 460-ზე მეტი ადამიანი, აქედან, ადმინისტრაციული წესით 430 ადამიანი, სისხლის სამართლის ბრალდებით კი - 31. 300-ზე მეტი ადამიანი უთითებდა არასათანადო მოპყრობის სხვადასხვა ფორმაზე, მათ შორის, წამებაზე. 80-ზე მეტ დაკავებულს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა.[1]   

სახალხო დამცველის მიერ 2025 წლის 27 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა პროტესტების განმავლობაში დაკავებული 401 ადამიანი მოინახულეს (მათგან 37 სისხლის სამართლის წესით), რომელთაგან 241 პირი მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე, ხილული დაზიანებები კი 163 მათგანს აღენიშნებოდა.[2] მანამდე, Human Rights Watch-ის 2024 წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 300-ზე მეტი დაკავებული დაკავების ან მის შემდეგ არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ იტყობინებოდა, მინიმუმ 80-ს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.[3] ამ ფონზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საპროტესტო აქციების მხოლოდ 52 მონაწილეს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო პასუხისმგებლობა არ დაკისრებია არც ერთ პირს.[4]

არსებობს არაერთი დოკუმენტირებული შემთხვევა, როცა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები აშკარად ამჟღავნებენ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივად დაშლის თვითმიზანს, პოლიციელები ადამიანების წინააღმდეგ აშკარად უკანონო და არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ არა მხოლოდ შეკრების დაშლის დროს, არამედ დაკავების პროცესში და დაკავების შემდეგ. დაფიქსირდა საპოლიციო ფურგონებში შეკრების მონაწილეების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი შემთხვევები. ამ პერიოდში დაფიქსირდა ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათთვის საქმიანობის ხელშეშლის უმძიმესი შემთხვევები. საერთაშორისო გამჭირვალობის ცნობით, მიმდინარე წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დეკემბრამდე. 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 5-ჯერ მეტია.[5] სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორება,[6] მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა[7] და პოლიტიკოსების მიმართ,[8] დემონსტრაციების დაშლის ორგანულ ნაწილად იქცა.

შეკრების მონაწილეების მიმართ ძალადობა გაგრძელდა შემდეგ პერიოდშიც. მაგალითად, სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ 2-3 თებერვალს მონახულებული ადმინისტრაციული წესით დაკავებული 25 პირიდან, 22-მა მიუთითა მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.[9] 11 მათგანს ხილულად აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში, 9 მათგანმა კი აღნიშნა, რომ „მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა როგორც უშუალოდ დაკავების დროს, ასევე, მას შემდეგ, რაც ისინი აიყვანეს მიკროავტობუსში, სადაც მათ მიზანმიმართულად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.“[10] გარდა ამისა, რეგულარული სახე აქვს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ქუჩიდან გატაცებასა და ძალადობას, რაც, როგორც წესი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული არაიდენტიფიცირებადი პირების მიერ ხორციელდება. აშკარაა, რომ პოლიცია ამ დაჯგუფებების ძალადობრივ მოქმედებებს იწყნარებს და არ რეაგირებს. [11]

დამატებით აღსანიშნავია პროტესტის მონაწილე ქალების მიმართ განხორციელებული სხვადასხვაგვარი ძალადობის პრაქტიკები. საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით, „ნოემბერ-დეკემბერში დაკავებულ ქალთა მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროების, არაადამიანური მოპყრობის, ცემის და გაუპატიურების მუქარის[12] ფაქტები კვლავ არაა გამოძიებული და არავინაა პასუხისგებაში მიცემული.“[13] შეკრების მონაწილე ქალები საუბრობენ მიზოგინიური ენისა და გენდერული შეურაცხყოფის უმძიმეს შემთხვევებზე.[14] ქალ დემონსტრანტებს შორის სისტემური ძალადობის ნათელი მაგალითია მზია ამაღლობელის შემთხვევა, რომლის მიმართაც ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული უპრეცედენტო სისხლის სამართლებრივი დევნა. მზია ამაღლობელის განცხადებით, პოლიციის უფროსმა მას სახეში შეაფურთხა, არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება.[15]

სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა ამ შემთხვევებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების გატარების რესურსი და ძალიან აშკარად გამოჩნდა  პოლიტიკური მართლმსაჯულების პრაქტიკა. სასამართლო პროცესები ფაქტობრივად ფორმალობადაა ქცეული, - სასამართლოებმა პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში დაადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ან გამოიყენეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებები. მოსამართლეები პროკურატურის ნოტარიულ ფუნქციას ითავსებენ, სადაც აღარ ჩანს მათი დამოუკიდებლობის და ნეიტრალობის ნიშნებიც კი. მოსამართლეები რჩებოდნენ უმოქმედოები დაკავებული პირების ძალადობრივი გამოცდილებების მიმართ და ამაზე პრაქტიკულად არ გააჩნდათ რეაგირება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადებით,  სასამართლო თვალს ხუჭავს ადამიანთა წამებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და, მთლიანობაში, საპროცესო მექანიზმების ბოროტი გამოყენებით ახშობს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება სასტიკი ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლების მიმართ, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებების საფუძველზე პირთა სამართალდამრღვევად ცნობა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის რეაგირების მიღმა დატოვება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება სათანადო წინაპირობების გარეშე  - სისტემური დარღვევების არასრული ჩამონათვალია. კოალიცია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება de facto გაუქმებულია.[16]

ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის მიუხედავად არც ერთ პოლიციელი და მაღალჩინოსანი ამ დრომდე არ არის დასჯილი. მათ არ შეუჩერდათ საქმიანობაც კი.

ქართული ოცნების მიერ გატარებული რეპრესიები არ გამოვლინდა მხოლოდ სისტემური ადმინისტრაციული პრაქტიკის ფორმით. ამის პარალელურად საკანონმდებლო დონეზე მოხდა უკიდურესად გამკაცრებული სასჯელებისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების ანტიდემოკრატიული რეგულირება. ერთი მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად გაზარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმები, რომ მათი გადახდა ადამიანებს უკიდურესად მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება. დამატებით, ადამიანების დაშინებისა და მათი დასჯის მიზნით გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები;[17] მეორე მხრივ, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შევიდა რიგი ცვლილებები, როგორიცაა დახურულ სივრცეში შეკრების აკრძალვა მესაკუთრის წინასწარი ნებართვის გარეშე, პროტესტის და პიკეტირების სივრცეების დამატებით შეზღუდვა, კარვებისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების, სახის დაფარვის, პიროტექნიკის გამოყენების, გზების გადაკეტვისა და სხვა აკრძალვები.[18]

გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსშიც: გამკაცრდა სასჯელები, გაჩნდა ახალი დამამძიმებელი გარემოებები, ან სულაც ახალი დანაშაულის სახეები პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვის უფრო მარტივი კრიმინალიზებისთვის.[19] დამატებით, უკვე გაცხადებულია ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, როგორიცაა, მაგალითად, გაურკვეველი შინაარსის „სამშობლოს ღალატის“ მუხლი,[20] ასევე მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისა და შევიწროების პროექტები.[21] საბოლოოდ, ყველა განხორციელებული, თუ დაგეგმილი ცვლილების მიზანი საჯარო სივრციდან კრიტიკული ხმების მაქსიმალური განდევნა და საზოგადოების მორჩილებაში მოქცევაა, რაც ავტორიტარულ მიზნებსა და ძალაუფლების კონსოლიდაციას ემსახურება.

ამდენად, უკვე დაგროვდა მრავალი  მტკიცებულება, დაკავებულთა ისტორიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებები, რომლებიც ცალსახად აჩვენებენ, რომ მთელი ამ პროცესის ფუნდამენტური შრე ეკუთვნის მსხვერპლებსა და დაზარალებულებს. შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს ის ფაქტი, რომ პროტესტის მონაწილეები არიან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების მასობრივი ჩხრეკისა და შევიწროების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების პირდაპირი სამიზნეები.[22] ასეთ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სივრცეში არ ჩაიკარგოს მსხვერპლის პერსპექტივა და დემონსტრანტები არ დაინახებოდნენ ერთგვარ დეპერსონალიზებულ მასად. პირიქით, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ადამიანების ფიზიკურ და მენტალურ სხეულზე სახელმწიფო აპარატის ინტენსიურ ზემოქმედებას, რაც ამგვარი პრაქტიკების, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტების შუქზე დანახვას საჭიროებს. სწორედ ამ სტანდარტებს მიმოიხილავს წინამდებარე დოკუმენტი.

მსხვერპლზე მორგებული მიდგომის (victim-based approach) არსი

სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში „მსხვერპლზე მორგებული მიდგომა“ მრავალშრიანი კონცეფციაა, რომელიც 1970-იან წლებში აღდგენითი მართლმსაჯულების იდეებთან ერთად ძლიერდება.[23] XX საუკუნის ბოლომდე არსებობდა ფუნდამენტური კრიტიკა, რომ მართლმსაჯულების სისტემებში მსხვერპლს მეორეხარისხოვანი როლი ჰქონდა მინიჭებული და ძირითადი აქცენტი ბრალდებულისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტირებასა და სასჯელების პოლიტიკაზე კეთდებოდა.[24] თუმცა, დროთა განმავლობაში, აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მსხვერპლთა დაცვის პერსპექტივები გლობალური ფენომენი გახდა.

„მსხვერპლზე მორგებული მიდგომა“ განიმარტება, როგორც „მსხვერპლის საჭიროებებსა და ინტერესებზე სისტემური ფოკუსირება, სერვისების მგრძნობიარე და მზრუნველი მეთოდით მიწოდების უზრუნველსაყოფად.“[25] ამ მიდგომის მიზანია მსხვერპლთა რეტრავმატიზირების თავიდან აცილება, მხარდაჭერა, გაძლიერება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგრადობის დაცვა.[26] მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლთან ნებისმიერი კონტაქტი ხორციელდებოდეს ე.წ. ‘ემპათიური გზით.’[27] ეს უკანასკნელი გულისხმობს „პიროვნების გრძნობებისა და ემოციების გაგებისა და მათზე სათანადო რეაგირების უნარს.“[28] ეს მათ შორის მოიცავს იმის გააზრებას, თუ რა მოტივაციები უდევს საფუძვლად მათ ამა თუ იმ ქმედებას.[29] ამ კონტექსტში, დამოუკიდებლობა, ნეიტრალურობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა სახელმწიფოს წარმომადგენლების ცენტრალური ვალდებულებებია.[30]

მსხვერპლთა რიგი პროცესუალური უფლებები საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორიცაა გამოძიების პროცესში შესაბამისი ფორმით ჩართვისა და საქმის მასალებსა თუ სამართალწარმოების დეტალებზე ინფორმაციული ხელმისაწვდომობის უფლებები.[31] დაზარალებულები უნდა სარგებლობდნენ დევნის არდაწყების ან მისი შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო ბრალდების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით,[32] ფლობდნენ ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესში მათი როლისა და უფლებამოსილების ფარგლების, ასევე სამართალწარმოების დროისა და პროგრესის თაობაზე.[33]

თუმცა, პროცესუალური უფლებების გარდა, ხშირად მხედველების არედან იკარგება მსხვერპლთა დაცვის ფსიქო-ემოციური და სოციალური გარანტიების საკითხი, რომელიც საერთაშორისო დონეზე ასევე მყარად დადგენილი და არანაკლები მნიშვნელობის მქონეა. ამ მხრივ გამოსარჩევია ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, რეპარაციებისა და დისკურსულ დონეზე მსხვერპლთა დაცვის საკითხები. საქართველოში მიმდინარე პროტესტების ფარგლებში ამ საკითხებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

მომდევნო ქვეთავში საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად შეუსაბამოა „ქართული ოცნების“ მიერ დადგენილი რეპრესიული პრაქტიკები მსხვერპლთა დაცვის და მათ მიმართ ღირსეული მოპყრობის იდეებთან. იმის გათვალისწინებით, რომ განხილულ საერთაშორისო სტანდარტებს სავალდებულო ბუნება გააჩნია, მნიშვნელოვანია მათი გაცნობა ძალადობის ბუნებისა და მსხვერპლთა უგულებელყოფის სურათის ნათლად დასანახად.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, კომპენსაცია და პატივისცემა

გაეროს „დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ძირითადი პრინციპების დეკლარაცია“ (1985) ერთმანეთისგან გამოყოფს მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და თანასწორი მოპყრობის, რესტიტუციის, კომპენსაციისა და დაზარალებულთა მიმართ დახმარების ვალდებულებებს. პრინციპი, რომელიც ამ დეკლარაციის ღერძია და ყველა სხვა უფლების არსს განსაზღვრავს, ფორმულირებულია მე-4 მუხლში. კერძოდ, დეკლარაცია ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ გარანტირებული იყოს „ მსხვერპლთა მიმართ თანაგრძნობით მოპყრობისა და ღირსების პატივისცემის უფლება.“[34] ამავე დოკუმენტშია ჩამოყალიბებული მსხვერპლის/დაზარალებულის დეფინიცია. კერძოდ, „მსხვერპლებად მიიჩნევიან პირები, რომელთაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიადგათ ფიზიკური ან მენტალური ზიანი, ემოციური ტანჯვა, ეკონომიკური დანაკარგი, ან არსებითად დაირღვა მათი ფუნდამენტური უფლებები.“[35]

დეკლარაცია მიუთითებს, რომ მსხვერპლებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო მატერიალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი საშუალებებით.[36] ისინი ინფორმირებულები უნდა იყვნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა რელევანტური სოციალური სერვისების შესახებ, და იმწუთიერად მიუწვდებოდეთ ხელი მათზე.[37] დეკლარაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პოლიციის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ჯანდაცვის, სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების პერსონალი გადამზადებული უნდა იყოს მსხვერპლთა საჭიროებებისადმი სენსიტიური მიდგომების დანერგვისა და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად.[38] ამ მიზნით საჭიროა შესაბამისი სახელმძღვანელო მოდელებისა და გაიდლაინების დანერგვაც.[39] დამატებით, მსხვერპლებისადმი სერვისების მიწოდებისა და დახმარების აღმოჩენის დროს, ყურადღება უნდა გამახვილდეს მათზე, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები გააჩნიათ.[40] მკვლევრები მიუთითებენ, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მოთხოვნა არა მორალური პირობა, არამედ საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული მავალდებულებელი კატეგორიაა. ამგვარი უფლებები „ჩაშენებულია აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებში, რომელიც ცდილობს გამოასწოროს დანაშაულით დამდგარი ზიანი და აღადგინოს მსხვერპლის კეთილდღეობა და ღირსების გრძნობა.“[41]

მსხვერპლთათვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გაწევის მნიშვნელობა ასევე იკითხება „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ (1950) რამდენიმე ნორმიდან, უმთავრესად კი მე-3 („წამების აკრძალვა“) და მე-13 („სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება“) მუხლებიდან. წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა მათ შორის მოიცავს მძიმე ტრავმის პირობებში მსხვერპლისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენის ვალდებულებას. მე-3 მუხლის შინაარსის გაფართოება მისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პოზიტიურ ვალდებულებებში თარგმნით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას ეფუძნება.[42] მნიშვნელოვანია, რომ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ეფუძნებოდეს ჰოლისტურ მიდგომებს, სადაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს როგორც ფსიქოლოგიური ტრავმის, ასევე საზოგადოებრივი რეინტეგრაციის საკითხებს.

ევროპულ კონტექსტში დიდი ღირებულება გააჩნია 2012 წელს ევროკავშირის მიერ მიღებულ დირექტივას „მსხვერპლთა უფლებების შესახებ,“ რომელსაც მართალია საქართველოსთვის მავალდებულებელი ძალა არ აქვს, თუმცა ევროკავშირთან დაახლოებისა და ზოგადად კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა. დირექტივა მსხვერპლების საჭიროებებისა და მათზე რეაგირების 5 მთავარ კომპონენტს ეფუძნება: 1. პატივისცემაზე დაფუძნებული მოპყრობა და მსხვერპლად აღიარება (respect and recognition); 2. დაშინების, შურისძიების და შემდგომი ზიანისგან დაცვა, როგორც გამოძიების მიმდინარეობისას, ისე სასამართლო პროცესების პერიოდში (protection); 3. მხარდაჭერა, რაც მოიცავს იმწუთიერ, ე.ი. დანაშაულის შემდგომ დახმარების აღმოჩენას, გრძელვადიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას (support); 4. მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა, რათა მსხვერპლებს ესმოდეთ მათი უფლებები და გარანტირებული ჰქონდეთ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მონაწილეობა (access to justice); და 5. კომპენსაცია და უფლებებში აღდგენა, რაც მოიცავს სახელმწიფოს ან დამნაშავის მიერ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას, მედიაციას ან აღდგენითი მართლმსაჯულების სხვა ფორმების გამოყენებას (compensation and restoration).[43] ამდენად, დირექტივის მიზანია, უზრუნველყოს მსხვერპლთა მიმართ ღირსეული, ეფექტიანი, პროფესიონალური და ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მოპყრობა.[44] დაზარალებულებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო დახმარება ემოციური, პრაქტიკული, ადმინისტრაციული და სამართლებრივი სირთულეების გადასალახად.[45]

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კონტექსტში რელევანტურია დირექტივის მე-8, 22-ე და 25-ე მუხლები. მე-8 მუხლი განამტკიცებს „მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლებას,“ და მიუთითებს, რომ ის უნდა იყოს უფასო, საჭიროების შემთხვევაში კონფიდენციალური, და ინდივიდუალურ სპეციფიკებზე მორგებული.[46] 22-ე მუხლი უშუალოდ ადგენს ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების მეთოდს და მიუთითებს, რომ ის უნდა დაეფუძნოს მსხვერპლის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, დანაშაულის ტიპსა და ბუნებას, და დანაშაულის გარემოებებს.[47] 25-ე მუხლის კი ადგენს მოთხოვნებს, რომელიც მიეყენება სახელმწიფოს, რათა უზრუნველყოს პოლიციელების, პროკურორების, მოსამართლეებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ჩართული ნებისმიერი სხვა პირის ცნობიერების და სენსიტიურობის ამაღლება, მსხვერპლთა საჭიროებების ამოცნობისა და გაგების უნარ-ჩვევების გამომუშავება, სპეციალიზებული ტრენინგების ჩატარება და ა.შ.[48] დირექტივა ზემოთ აღნიშნული ნორმების მოთხოვნებთან კავშირში მიუთითებს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

გარდა ამისა, ევროკავშირში პირველად მიიღეს მსხვერპლთა უფლებების სტრატეგია (2020-2025), რომელიც 5 პრიორიტეტისგან შედგება: 1. მსხვერპლებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და მათ მიერ დანაშაულის რეპორტინგისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; 2. ყველა მოწყვლადი მსხვერპლებისთვის მხარდაჭერისა და დაცვის გაძლიერება; 3. მსხვერპლებისთვის კომპენსაციის უფლებაზე ხელმისაწვდომობის ფასილიტაცია; 4. პროცესში ჩართულ ყველა აქტორს შორის კოოპერაციისა და კოორდინაციის გაძლიერება; და 5. მსხვერპლთა უფლებების საერთაშორისო განზომილების გაძლიერება.[49]

საერთაშორისო სტანდარტები ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს კომპენსაციისა და რესტიტუციის საკითხებს. აღნიშნულს ეხება გაეროს „დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ძირითადი პრინციპების დეკლარაციის“ რამდენიმე მუხლი. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ რესტიტუციაზე პასუხისმგებელია დამნაშავე ან სახელმწიფო; ამ უკანასკნელს მოეთხოვება შესაბამისი სახსრების ალოკაცია, გაძლიერება და გაფართოება დაზარალებულთა კომპენსირებისთვის; ხოლო კომპენსაციამ უნდა დაფაროს მატერიალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი.[50]

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ასევე ადგენს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებისა (მე-13 მუხლი) და სამართლიანი დაკმაყოფილების (41-ე მუხლი) უფლებებს. ამასთან, ევროკავშირის დირექტივის სამი მუხლი ავსებს მსხვერპლებისთვის კომპენსაციის მიღების საკითხს. კერძოდ, მე-8 და მე-16 მუხლი ადგენს მსხვერპლების მიერ კომპენსაციის თაობაზე ინფორმაციის მიღების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლი კომპენსაციის უფლებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღჭურავს. დამატებით, ევროკავშირს მიღებული აქვს სპეციალური დირექტივა დანაშაულის მსხვერპლთა კომპენსაციის უფლებაზე, რომლის მიზანია დაზარალებულთა სამართლიანი და ადეკვატური კომპენსირების სქემის უზრუნველყოფა.[51]

გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, საერთაშორისო სტანდარტები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მსხვერპლების მიმართ პატივისცემით, თანაგრძნობითა და ღირსეულად მოპყრობის მნიშვნელობაზე. ეს პრინციპები ერთი მხრივ ადგენს მართლმსაჯულებაში ჩართული პირებისა და ორგანოების შესაბამისი გადამზადების ვალდებულებას, მეორე მხრივ კი ავალდებულებს სახელმწიფოს, მის ოფიციალურ წარმომადგენლებს, პოლიტიკურ დისკურსში არ დაუშვან მსხვერპლების დადანაშაულების, რეტრავმატიზაციისა და სტიგმატიზაციის პრაქტიკა.

სპეციალური საშუალებების გამოყენებით დამდგარი ზიანი

დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული მასობრივი ძალადობის ფონზე, კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა მათი ჯანმრთელობის გრძელვადიანი დაცვის ინტერესმა, რომელიც, სახელმწიფოს მხრიდან, დიდწილად, იგნორირებულია. მართალია, დაზარალებულები სარგებლობდნენ ჰოსპიტალური სერვისებით, თუმცა, მათ მიმართ გამოყენებული საშუალებები და მეთოდები აჩენს ლეგიტიმურ შეშფოთებას გამოუსწორებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების რისკებთან დაკავშირებით.[52] მაგალითად, აქციების პირველ დღეებში დაზარალებული ალექსი თირქიას დაზიანებები, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, ინგოროყვას კლინიკის ექიმის ცნობით ასეთი იყო: „სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება, ტრავმული სისხლჩაქცევა თავის ტვინის გარსებში.“[53]

აქციების დაშლის პროცესში სახელმწიფო მასობრივად იყენებდა სპეციალურ საშუალებებს. დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევა ხდებოდა წიწაკის სპრეის, ცრემლმდენი გაზისა და ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული წყლის ჭავლების გამოყენებით.[54] დაზარალებულები მიუთითებდნენ, რომ ცრემლსადენი გაზი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტენსივობით, რაც ღია სივრცეშიც კი გაუსაძლისს ხდიდა მისგან მომდინარე ეფექტებთან გამკლავებას, დაბალი ტემპერატურა, აქციის დაშლის თანმდევი ჭყლეტა და წყლის ჭავლში გარეული ქიმიური ნივთიერებები კი დამატებით ამძიმებდა დემონსტრანტების მდგომარეობას.[55] აქციის მონაწილეები დემონსტრაციების დაშლის გახსნებისას აღწერენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს, რომელმაც მათზე მძიმე ფიზიკური და მენტალური ჭრილობები დატოვა.[56]

აქციების დაშლისას გამოყენებული სპეციალური საშუალებების ფორმა და მეთოდები სრულად ეწინააღმდეგება ადამიანებზე ზრუნვისა და მსხვერპლის მინიმიზების საერთაშორისო მოთხოვნებს. ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება იმ პირობებში, როცა ადამიანები ვერ ახერხებდნენ გაქცევას და უსაფრთხო ადგილას გადანაცვლებას, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს სრულად ეწინააღმდეგება.[57] მეტიც, როგორც აქციის მონაწილეები ჰყვებიან, რიგ შემთხვევებში ძალოვანი უწყებები მიზანმიმართულად ქმნიდნენ ისეთ წინაღობებსა და მდგომარეობას, რომელიც შეუძლებელს გახდიდა აქციიდან მშვიდობიანად გარიდებას. კერძოდ, საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის 2024 წლის 28 ნოემბერი-20 დეკემბრის ანალიზი აჩვენებს, რომ „პოლიციამ არ უზრუნველყო არც ერთი ღია და უსაფრთხო გასასვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად ესხმოდნენ თავს დემონსტრანტებს, რომლებიც ცდილობდნენ გამოყოფილი დერეფნების გავლით ტერიტორიის დატოვებას, ან მათ ალყაში აქცევდნენ და ამ გზით აბრკოლებდნენ.“[58]

მსგავსი პრაქტიკა ასევე ეწინააღმდეგება გაეროს მიერ მიღებული „სამართალდამცავების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითად პრინციპებს“. სხვებს შორის, ის სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ: 1. მოახდინონ ზიანისა და ტრავმის მიყენების მინიმიზება, პატივი სცენ და დაიცვან ადამიანის სიცოცხლე; 2. შესაძლებლობისთანავე უზრუნველყონ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ტრავმირებული ან სხვაგვარად დაზიანებული (injured or affected) ადამიანებისთვის; და 3. უმალ მოახდინონ დაზარალებულების ნათესავების ან ახლო მეგობრების ინფორმირება.[59] აქციების დაშლის დროს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალადობის მასშტაბი და მეთოდები ნათელს ხდის, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ მოქმედებდნენ ადამიანებისადმი ზიანი მიყენების მაქსიმალურად თავიდან აცილებისა და პოტენციურ მსხვერპლთა დაცვის ინტერესით. პირიქით, მათი მოქმედების ფორმა დემონსტრანტების დასჯის სურვილითაა ნაკარნახევი.

შეჯამება

როგორც წინამდებარე მიმოხილვა აჩვენებს, „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო თვეების განმავლობაში ჩამოყალიბებული რეპრესიული და ძალადობრივი პოლიტიკა მათდამი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს შიშველი ძალადობის პირდაპირ სამიზნეებად აქცევს. კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები აწყდებიან არა მხოლოდ გამკაცრებულ კანონებსა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, არამედ შეურაცხყოფას, დამცირებას, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფას, ცემას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას საპოლიციო ძალებისა და ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან. ამ პროცესში სრულად გამორიცხულია მსხვერპლთა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომები. სახელმწიფო ფიზიკურად და მენტალურად დაზარალებულ ადამიანებს არა ზრუნვის, არამედ კრიმინალიზების ობიექტებად სახავს. ამ ძალადობისა და სიძულვილის პოლიტიკითქართული ოცნებადა მისი პროპაგანდისტული მედიები საჯარო სივრცესაც კვებავენ.

ამის საპირისპიროდ, საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოებს მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას ავალდებულებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში პროცესუალური გარანტიების გარდა, საერთაშორისოდ აღიარებულია მსხვერპლთათვის ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდების, სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაციის მიღებისა და პატივისცემითა და ღირსეულად მოპყრობის უფლებები. მსხვერპლთა საჭიროებები არაერთგვაროვანია, სჭირდება მუდმივი ანალიზი და ინდივიდუალური სპეციფიკების (მათ შორის, ასაკის, გენდერის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წარსულში განცდილი ტრავმის ფაქტორების) გამოკვეთა, და მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ჩართული უწყებებისა და პირების გადამზადება შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სენსიტიურობის ამაღლებისთვის. სახელმწიფოს ვალდებულება მოიცავს უფასო და ხელმისაწვდომი სერვისების ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა მატერიალურ, სამედიცინო, სოციალურ და ფსიქოლოგიურ (მენტალურ) მხარდაჭერას. ამასთან, სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეკისრებათ პოზიტიური როლი, საჯარო პოლიტიკურ ველში არ დაუშვან მსხვერპლთა სტიგმატიზება და რეტრავმატიზება.

ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ გაცხადებული ანტი-დემოკრატიული მისწრაფებების პირობებში საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინების მოლოდინი არ არსებობს. თუმცა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და უფლებადამცველებისთვის მსხვერპლზე მორგებულ მიდგომებზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია როგორც დისკურსული, ისე პრაქტიკული, კონკრეტული ადამიანების უფლებების, უსაფრთხოებისა და ინტერესების სათანადო დაცვის მიზნებისთვის. პირველ შემთხვევაში, არსებითია, რომ კრიტიკული აზრის წარმოებისა და „ქართული ოცნების“ ანტი-დემოკრატიული მართვის ანალიზისას მხედველობის არედან არ გაუჩინარდნენ რიგითი ადამიანები და მათ მიერ განცდილი ტანჯვისა და განსაცდელის პერსპექტივები. მასობრივი პროტესტები და დემონსტრაციები ზოგჯერ ატარებს იმგვარი ცდუნების რისკს, რომ პროცესები დანახებოდეს უფრო ფართოდ, პოლიტიკური მოთხოვნების, პოტენციური შედეგებისა და გამოწვევების, მასობრივი მობილიზაციების შუქზე. დამატებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა საჯარო ველს მუდმივად ავსებს ანტიდემოკრატიული ნარატივებით და შინაარსებით. ამგვარ ინფორმაციულ ჭიდილში მსხვერპლთა და დაზარალებულთა ხმა მუდმივად უნდა ისმოდეს. გარდა ამისა, მსხვერპლთა დაცვის სტანდარტებზე აპელირება სამართლებრივი დავების პირობებში სახელმწიფოს ძალაუფლებრივი მეთოდებისა და მანკიერი პოლიტიკების სისტემური მხილების ერთ-ერთ ღირებულ ღერძს შეიძლება წარმოადგენდეს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] 2024 წელს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკით ვხვდებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/2024-tsels-adamianis-uflebebis-saertashoriso-dghes-uflebebis-masobrivi-darghvevis-praktikit-vkhvdebi, წვდომის თარიღი: 19.02.2025. ასევე იხილეთ საერთაშორისო გამჭირვალობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/photo/?fbid=979932660843168&set=a.622651449904626, წვდომის თარიღი, 21.02.2025

[2] საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური განცხადება, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/photo/?fbid=1158771405617431&set=a.251767382984509, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[3] ცრემლსადენი გაზი, წამება და მედლები: HRW საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების პასუხს აკრიტიკებს, Civil.ge, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/647832, წვდომის თარიღი: 19.02.2025. 

[4] სპეციალური საგამოძიებო სამსახური: 52 მომიტინგეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, Civil.ge, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/653295, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[5] მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება, საერთაშორისო გამჭირვალება - საქართველოში, ხელმისაწვდომია: https://transparency.ge/ge/post/mediis-mimart-zaladobis-shemtxvevebi-da-matze-saxelmcipos-reagireba?fbclid=IwY2xjawIk7cdleHRuA2FlbQIxMAABHeeExzRNnaUSRJXcxSt5ujXpGYs5hb3qQ6gtIoV5vzPuvNTdKCKZOCbmEA_aem_3bDRocAqSaae_rebSV7iCA, წვდომის თარიღი: 21.02.2025.

[6] ვგმობთ თვითნებურ დაკავებებს და საპოლიციო რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/vgmobt-tvitnebur-dakavebebs-da-sapolitsio-represiebs-mshvidobiani-demonstrantebis-tsinaaghmdeg, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[7] პოლიცია აგრძელებს ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმისა და დევნის პრაქტიკას, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/politsia-agrdzelebs-zhurnalistebze-mizanmimartuli-tavdaskhmisa-da-devnis-praktikas, წვდომის თარიღი: 19.02.2025. 

[8] საპოლიციო რეპრესია იზრდება: ვითხოვთ შსს-ს მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/sapolitsio-represia-izrdeba-vitkhovt-shss-s-maghalchinosnebis-mimart-gamodziebis-datsqebas, წვდომის თარიღი: 19.02.2025. 

[9] სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/250203042524sakhalkho-damtsvelis-rtsmunebulebma-dakavebulebi-moinakhules, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[10] იქვე.

[11] არასამთავრობოები - პოლიციელებს გააჩნიათ ნეგატიური წინასწარგანწყობები მომიტინგეების მიმართ, რაც არღვევს ნეიტრალობის პრინციპს - გრძელდება დაკავებულების მიმართ ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობაც, ინტერპრესნიუსი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/4i6SVJE, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[12] გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება, რადიო თავისუფლება, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33246073.html, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[13] არასამთავრობოები - პოლიციელებს გააჩნიათ ნეგატიური წინასწარგანწყობები მომიტინგეების მიმართ, რაც არღვევს ნეიტრალობის პრინციპს - გრძელდება დაკავებულების მიმართ ძალადობა და ღირსების შემლახავი მოპყრობაც, ინტერპრესნიუსი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/4i6SVJE, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[14]  პოლიციაში გაზრდილია მიზოგინიური და სექსისტური კულტურა და ენა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/politsiashi-gazrdilia-mizoginiuri-da-seksisturi-kultura-da-ena, წვდომის თარიღი: 22.02.2025

[15] იქვე.

[16] კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს, ხელმისაწვდომია: https://transparency.ge/ge/post/koalicia-exmianeba-sistemuri-represiebis-parglebshi-dakavebuli-da-dapatimrebuli-adamianebis?fbclid=IwY2xjawIk7lpleHRuA2FlbQIxMAABHfTTOhJhl5IVN5T_qRmYrTcRYX9ggusWlCNWTvAOYGPCxyv5_2W3MIfRUg_aem_lfgGyu8KgbtrIlggW8NFgQ, წვდომის თარიღი: 22.02.2025.

[17] სსო-ები საქართველოში მომიტინგეების მიმართ ჯარიმების რეპრესიულ გამოყენებას გმობენ, Civil.ge, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/655486, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[18] „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკული ანალიზი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/kartuli-otsnebis-mier-dachkarebuli-tsesit-mighebuli-sakanonmdeblo-tsvlilebebis-kritikuli-analizi-1, წვდომის თარიღი: 19.02.2025.  

[19] იქვე.

[20] „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება, ინტერპრესნიუსი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/830697-kartuli-ocnebis-gadacqvetilebit-sisxlis-samartlis-kodekss-samshoblos-galatis-muxli-daemateba, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[21] მამუკა მდინარაძე - მიმდინარე კვირაში დაინიცირდება „ფარას” ამერიკული კანონი, „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად „ფეიკ ნიუსებს“ შეეხება - ასევე კანონების პირველადი ვერსიები, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას შეეხება, ინტერპრესნიუსი, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/830698-mamuka-mdinaraze-mimdinare-kvirashi-dainicirdeba-paras-amerikuli-kanoni-mediis-kanoni-romelic-ziritadad-peik-niusebs-sheexeba-aseve-kanonebis-pirveladi-versiebi-romelic-sajaro-samsaxurshi-ucxouri-cqarodan-sargeblis-migebis-shezgudvas-sheexeba, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[22] სსო-ები საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში არასათანადო მოპყრობას გმობენ და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ, Civil.ge, ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/647757, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[23] The idea of restorative justice and how it developed in Europe, ხელმისაწვდომია: https://www.euforumrj.org/idea-restorative-justice-and-how-it-developed-europe, წვდომის თარიღი: 12.02.2025.

[24] Ibid.

[25] BEST PRACTICES IN VICTIMS’ SUPPORT: REFERRALS, INFORMATION, INDIVIDUAL ASSESSMENT (VICToRIIA), Research and Collection of Best European Practices, 2019, p. 13. ხელმისაწვდომია: https://victim-support.eu/wp-content/files_mf/1626336823bestpracticesreportfinal.pdf, წვდომის თარიღი: 12.02.2025.

[26] Ibid.

[27] Ibid

[28] Ibid.

[29] Ibid.

[30] Ibid.

[31] The case of Kelly and Others v. the United Kingdom, Application no. 30054/96, Strasbourg 4 May 2001, §§ 117-139. ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22itemid%22:[%22001-59453%22]}, წვდომის თარიღი: 12.02.2025.

[32] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში (საქართველოს არსებული კანონმდებლობა, პრაქტიკა და საერთაშორისო მიდგომები), 2016, გვ. 24.

[33] იქვე, გვ. 25-26.

[34] Declaration of Basic Principles of Justice for Victims of Crime and Abuse of Power, General Assembly resolution 40/34, 1985, art. 4. ხელმისაწვდომია: https://www.unodc.org/pdf/rddb/CCPCJ/1985/A-RES-40-34.pdf, წვდომის თარიღი: 12.02.2025.

[35] Ibid, art. 1.

[36] Ibid, art. 14.

[37] Ibid, art. 15.

[38] Ibid, art. 16.

[39] Ibid.

[40] Ibid, art. 17.

[41] Jo-Anne Wemmers, Victims in the Criminal Justice System, Amsterdam: Kugler Publications, 1996, p. 45.

[42] Sevinc I., “The Right to Rehabilitation with Regards to the International Human Rights Law,” Journal of Case Reports and Studies 7(2), p. 2. ხელმისაწვდომია: https://www.annexpublishers.com/articles/JCRS/7202-The-Right-to-Rehabilitation-with-Regards-to-the-International-Human-Rights-Law.pdf, წვდომის თარიღი: 12.02.2025.

[43] BEST PRACTICES IN VICTIMS’ SUPPORT: REFERRALS, INFORMATION, INDIVIDUAL ASSESSMENT (VICToRIIA), Research and Collection of Best European Practices, 2019, p. 5.

[44] Ioannis N. Androulakis, European Perspectives on Rights for Victims of Crime, Eucrim – the European Criminal Law Associations’ Forum, 2014, p. 111. ხელმისაწვდომია: https://eucrim.eu/media/issue/pdf/eucrim_issue_2014-04.pdf, წვდომის თარიღი: 13.02.2025.

[45] Ibid.

[46] DIRECTIVE 2012/29/EU OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 25 October 2012 establishing minimum standards on the rights, support and protection of victims of crime, and replacing Council Framework Decision 2001/220/JHA, art. 8.

[47] Ibid, art. 22.

[48] Ibid, art. 25.

[49] COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS EU Strategy on victims' rights (2020-2025), Brussels, 2020, p. 3. ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:52020DC0258, წვდომის თარიღი: 13.02.2025.

[50] Declaration of Basic Principles of Justice for Victims of Crime and Abuse of Power, General Assembly resolution 40/34, 1985, art. 8, 12 and 13.

[51] COUNCIL DIRECTIVE 2004/80/EC of 29 April 2004 relating to compensation to crime victims. ხელმისაწვდომია: https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2004:261:0015:0018:en:PDF, წვდომის თარიღი: 13.02.2025.

[52] „ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩით“ - როცა პოლიცია გაზის კაფსულებს გესვრის და ჭყლეტაში ხვდები, რადიო თავისუფლება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3X78o4c, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[53] იქვე.

[54] ერთად წამების წინააღმდეგ კონსორციუმის კვლევის წინასწარი მიგნებები, GCRT, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/418H2f8, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[55] იქვე.

[56] „ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩით“ - როცა პოლიცია გაზის კაფსულებს გესვრის და ჭყლეტაში ხვდები, რადიო თავისუფლება, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3X78o4c, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[57] იქვე.

[58] ერთად წამების წინააღმდეგ კონსორციუმის კვლევის წინასწარი მიგნებები, GCRT, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/418H2f8, წვდომის თარიღი: 19.02.2025.

[59] Basic Principles on the Use of Force and Firearms by Law Enforcement Officials, Adopted by the Eighth United Nations Congress on the Prevention of Crime and the Treatment of Offenders, Havana, Cuba, 27 August to 7 September 1990, art. 5. ხელმისაწვდომია: https://www.ohchr.org/sites/default/files/firearms.pdf, წვდომის თარიღი: 13.02.2025.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“