[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / განცხადება

პოლიციაში გაზრდილია მიზოგინიური და სექსისტური კულტურა და ენა


მშვიდობიან პროტექსტში ჩართული ქალების დევნამ და სექსიზმმა მძიმე ფორმები მიიღო და პოლიციაში რეპრესიული პრაქტიკების მიღმა, მიზოგინიური კულტურის გაძლიერებაზე მიანიშნებს.

საქართველოს არაერთ რეგიონსა თუ ქალაქში, სხვადასხვა ჯგუფისა და ასაკის ქალები აქტიურად არიან ჩართული რეპრესიულ რეჟიმთან მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობაში. ხანგრძლივ და უწყვეტ პროტესტში, რომელიც არ არის იერარქიული, არაერთი ქალი აქტივისტი გამოიკვეთა. პროტესტის ყველა შრეში, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებზე ხმამაღლა ისმის ქალების ხმა. თანამებრძოლებთან ერთად, ისინი თანაბარი პასუხისმგებლობით, სიმამაცითა და შემართებით პროტესტის წინა რიგებში დაუღალავად დგანან.

ბოლო კვირებში სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე ქალები უფრო მეტად გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი ძალოვნების სამიზნეები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. ბოლო კვირებში ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში 19-ზე მეტი აქტივისტი ქალი დააკავეს, დააპატიმრეს ან/და დააჯარიმეს. 1-ელ თებერვალს აქტივისტების სახლების ჩხრეკის დროს და 2 თებერვალს თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქალების მიმართ და აგრესიულად იყენებდა სექსისტურ და მიზოგინიურ ენას.

სექსუალური ძალადობის მუქარა და სექსისტური ენა, რომელსაც პოლიცია აქტიურად იყენებდა შეკრების მონაწილე ქალების მიმართ

მიმდინარე პროტესტების დროს ქალების მიმართ დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან გაუპატიურების და სხვა სახის, სექსუალური ძალადობის მუქარისა და სექსიტური ენის გამოყენების უმძიმესი შემთხვევები.

მშვიდობიანი შეკრებების დარბევის დროს ქალების გაუპატიურების მუქარაზე, პირველად, 26 წლის ქალმა ანონიმურად ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან 19 დეკემბერს. ის თვითონ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი: ,,მიმათრევდნენ პოლიციის მანქანისკენ და მირტყამდნენ, მუხლებზე დაგაყენებთ მანქანაში და ამას გიზამთ, შე ნაბო*არო, პირში ამას გიზამ, იმას გიზამ, დედის ტ…….. რა გეგონა რომ აქ მოდიოდი, გადარჩებოდი? შიშისგან ჩავიფსი, მერე გული წამივიდა.”

უკვე მოგვიანებით, 2 თებერვალს თბილისი მოლთან მიმდინარე აქციასთან კავშირში მედიებთან ინტერვიუებში ქალები ჰყვებიან, რომ ნიღბიანი ძალოვნები პროპაგანდისტული, სექსისტური, ძალადობის შემცველი მესიჯებითა და სალანძღავი სიტყვებით ელაპარაკებოდნენ მათ, ფიზიკურად ეხებოდნენ თმაზე, სხეულზე, და ძალის გადამეტებით ახდენდნენ მათ დაკავებას. ,,ასლარიანო ელენას მონა! რუბლი მოვიდა, ელენე! რამდენს გიხდიან, ალბათ, კარგად ჭამთ, ასე მსუქნები რომ ხართ! „დაგ…ნავთ ყველას” - ეს შეძახილები ესმოდა 2 თებერვალს მსვლელობის დროს აქტივისტ თათა ხუნდაძეს, რომელიც ელენე ხოშტარიასთან, პარტია ,,დროას” ლიდერთან ერთად იმყოფებოდა. თათა ასევე იხსენებს, თუ როგორ მიმართა პოლიციელმა აქციის მონაწილე ქალს: ,,ენა ჩაიგდე, შე ბებერო მუ…ლოო”. მიმართვები და სალანძღავი ფრაზები სხვა ქალი დემონსტრანტების მიმართ ასეთი იყო: „აბა, რამხელაზე გააღებ პირს?“, „ერთად რამდენს იდებ?”, „ბევრი გეტევათ?“ ამავე აქციაზე, სალომე კამლაძეს პოლიციამ მუშტი დაარტყა სახეში მათთან უბრალო გასაუბრების მცდელობის შედეგად. სალომეს სისხლი წამოუვიდა, პოლიციამ კი ასეთი სიტყვებით მიმართა: ,,მოგტ…ავ მუ…. იქიდანაც მასე წამოგივა სისხლიო”.

თეონა ბექიშვილი, სულაკაურის გამომცემლობის რედაქტორი, რომელიც ასევე იმყოფებოდა 2 თებერვლის აქციაზე, იხსენებს, რომ პატრულმა ძალიან შეამჭიდროვა დემონსტრანტების მასა და საბოლოოდ ჭყლეტაში მოაყოლა აქციის მონაწილეები. პოლიცია განსაკუთრებით აგრესიული გახდა მას შემდეგ, რაც ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) მივიდა ადგილზე. ნიღბიანებმა დაიწყეს გინება და ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ფიზიკური შეურაცხყოფა. ,,დამაგდეს ძირს.. ხელი მკრეს.. ვხედავთი ამათ ფეხებს და ხელებს, რომლებიც ჩემზე გადადიოდნენ.. დამარტყეს და ფეხით გადაიარეს ჩემზე… ხალხი გადამეფარა.. გამოსტაცეს ჩემი თავი პოლიციას და დაჭერას გადამარჩინეს’’. იმავე დღეს, პოლიციელთა ჯგუფმა ჯაჯგურითა და ფიზიკური ძალადობით დააკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წევრი, თამუნა თევზაძე, რომელიც ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს.

ღირსებისშემლახავი მოპყრობა ჩხრეკის, დაკავების და სხვა საპროცესო მოქმედებების დროს

პროტესტის ფარგლებში ქალების მიმართ ღირსებისშემლახავი მოპყრობის მძიმე მაგალითია მზია ამაღლობელის საქმეს. მზია ამაღლობელი “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორია და ის რეჟიმმა აბსურდული ბრალდებით დაახლოებით 1 თვის წინ დააპატიმრა. დაპატიმრების შემდეგ მზია ამაღლობელი უწყვეტად შიმშილობს. მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად ის, რამდენიმე აქტივისტთან ერთად სტიკერის გაკვრის მცდელობისთვის დააკავეს, მალევე კი მზია პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა. თუმცა მალევე მზია ამაღლობელი პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა. თვითმხილველების მიერ ჩვენთვის მიცემული განმარტებით, აღნიშნულ ეპიზოდს წინ უძღოდა პოლიციელების მხრიდან ადგილზე მყოფი მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების, მათ შორის მედია გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის ნათესავების, თვითნებური და აგრესიული დაკავება, რასაც ჭყლეტაც ახლდა თან. ეს ქმედებები მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ადგილზე გააპროტესტეს. ამ დროს პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და როგორც ქალს, უხამსი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ სიტუაციაში გაარტყმა მზია ამაღლობელმა სილა ირაკლი დგებუაძეს, რაც როგორც ჩანს, პოლიციელების მხრიდან უკანონო, თვითნებური და ღირსების შემლახავი ქმედებების შედეგად იყო პროვოცირებული. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის 16 დეკემბერს, ერთ-ერთი საპროტესტო შეკრების დროს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, დაკავებით დაემუქრნენ „ბათუმელებსა” და მისრედაქტორს, ეთერ თურაძეს.

სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელი ისევ გახდა ღირსებისშემლახავი მოპყრობის მსხვერპლი; “პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეს სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.”

მძიმე და შემაშფოთებელი იყო ჯგუფ ,,დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის (ქრისტინა ბოტკოველი) ისტორია. ის იხსენებს, რომ 1-ელ თებერვალს საკუთარი სახლის ჩხრეკის დროს პოლიციის ღირსებაშემლახავ მოქმედებებსა და დამოკიდებულებებს - ,,შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი, რომლებმაც მითხრეს, რომ უნდა გავშიშვლდე მთლიანად. როცა ვკითხე რატომ, წესია ასეთიო. მომთხოვეს, ისეთი მოძრაობები გამეკეთებინა, უკეთ ენახათ, სადმე რამე ხომ არ მაქვს დამალული… დედაჩემის თანდასწრებით, რომელიც მოწმე იყო იმ მომენტში.” ნენსი ამბობს, რომ მისი დაკავებული მეგობრები ყვებიან მსგავს გამოცდილებასა და პროცედურებზე იზოლატორში ყოფნის დროს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პირმა, ნენსი ვოლანდის დედას ხელით შეეხო და წააქცია, ტელეფონი წაართვა. აღნიშნული პირი ნენსის სთხოვდა განყოფილებაში წაყოლოდა და ასე მიმართავდა: ,,ჯობია გამომყვე, არ მინდა უშნო რაღაცეები ვაკეთო აქ!” ჩხრეკისას ნენსის პირადი ნივთები წაიღეს სახლიდან, მათ შორის კამერა, რომელიც შინ კატების სამეთვალყურეოდ ჰქონდა დაყენებული. კამერა შეიცვას ნენსის პირად კადრებს.

ქალების დაკავების დროს ძალის გამოყენების და ღირსებისშემლახავი მოპყრობა არა ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა. მაგალითად, 2025 წლის 11 და 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ე.წ. ,,სტიკერების გაკვრის საქმეზე”, პოლიციამ სულ 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის რვა ქალი იყო. დაკავებულებს პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მაგალითად, შუშანა მაცაბერიძე, პარტია ,,დროას” წევრი, რომელიც მზია ამაღლობელისა და სხვა პირების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად ჩავიდა ბათუმში, 12 იანვარს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. შუშანა მაცაბერიძე საუბრობს დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშწორებასა და მუქარაზე, ჟურნალისტებთან ის ყვება: ,,დაკავების დროს ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი, მათ შორის, თმებით თრევას და ეს იყო მათი სადამსჯელო რაღაც და ასევე იყო მუქარა, თუ არ გავჩერდები უფრო მეტად დამსჯიან. სახეზე ეკეთა ნიღაბი და ვერ ვიცანი ვინ იყო."

18 იანვარს, თემქის პოლიციასთან მარშის მიმდინარეობისას ნიღბის ტარების გამო ჯამში ექვსი ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. მათ შორის ოთხი ქალი: სონა კალანდაძე, მარიამ პაიჭაძე (თეატრის „ჰარაკის“ მენეჯერი), თამარ ჩუმაშვილი, და მარიამ გილაშვილი. აქტივიტი ქალები ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაკავებულებს ნიღბის ტარებას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ქალები საუბრობდნენ მათ მიმართ გახორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე: ადვოკატი, მარიამ პატარიძე ამბობს: „სონა კალანდაძის მიმართ ჰქონდა ადგილი თმის მოქაჩვას და შეგინებას პოლიციის განყოფილების შენობაში შეყვანის დროს, კარის გავლიდან რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ მსგავსი აღარ განმეორებულა… ხოლო მარიამს დაკავების დროს თმაში მოქაჩეს.” ოთხივე ქალი დაკავებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ქალების მრავალჯერადი დასჯის მაგალითები

ქალთა დაკავებების და დასჯის შემთხვევებში განსაკუთრებით საინტერესოა ზუგდიდის პროტესტებში ჩართული ქალების ისტორიები. 13 იანვრიდან დღემდე, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რამდენჯერმე დააკავა მარიამ სიჭინავა, პარტია ,,დროას” წარმომადგენელი. დაკავების მიზეზი აქციაზე ფეიერვერკის გამოყენება გახდა. დაკავებმადე, მარიამ სიჭინავა ექვსჯერ დააჯარიმეს პიროტექნიკის გასროლისა და თავსაბურავის (ბალაკლავის) ტარებისთვის. რონალდ შონია, მარიამ სიჭინავას ადვოკატი, განმარტავს, რომ დაკავების დროს ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევებს, მარიამს არ განემარტა დაკავების მიზეზი. 24 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მარიამი ხალათით და ჩუსტებით მივიდა. ამჯერად მარიამი აქციაზე შარფის სახეზე შემოხვევისთვის მიიჩნიეს სამართალდამრღვევად. 27 იანვარს, სხდომის დასაწყისში მარიამ სიჭინავამ პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი გაიკეთა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა შეძახილით: “არა ოლიგარქიას”. ჯამში აქტივისტი უკვე 20 000 ლარითაა დაჯარიმებული. მარიამ სიჭინავასთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავეს კიდევ სამი ქალი აქტივისტი: კერენ ესებუა, მიკო მიქავა და ცაბუნია ვართაგავა.

შეფასება

ამდენად აშკარაა, რომ პოლიციის რეპრესია და თვითნებობა ასევე გავლენას ახდენს ქალი აქტივისტების უსაფთხოებაზე, ღირსებასა და თავისუფლებას და ბოლო პერიოდში მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოყენებული ღონისძიებები მკაცრი და სასტიკი გახდა ქალების მიმართაც. უფრო მეტიც, ქალების მიმართ მუქარის, დევნის და მათ მიმართ სხვადასხვა პროცედურების გამოყენებას თან ახლავს სექსისტური და მიზოგინიური კონტექსტი და ამგვარი ენის გამოყენება პოლიციელების მხრიდან.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ავტორიტარული მმართველობის სტრუქტურები ხშირად ეფუძნება პატრიარქალურ პრინციპებს: ძალაუფლების ვერტიკალური კონცენტრაცია, მორჩილების მოთხოვნა, ძალადობაზე დაფუძნებული იერარქიები. ისტორიულად, ქალების საჯარო სივრცეში აქტიური ჩართულობა, ყოველთვის არყევდა პატრიარქალურ წესრიგსა და ნორმებს, ქალის როლისა და ადგილის შესახებ ტრადიციულ, დომინანტურ აღქმებს.შესაბამისად, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელია ქალების წინააღმდეგობის ჩახშობის ინსტინქტი. პოლიციის მხრიდან სექსუალური ძალადობის მუქარა, დამცირება და ღირსების შელახვა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია – ეს არის არა უბრალოდ ძალაუფლების დემონსტრირება, არამედ ქალის საჯარო სივრციდან განდევნის მცდელობა.

ზოგადად, საჯარო სივრცეში აქტიური ქალების შეურაცხყოფა, მათ მიმართ სექსიზმი და სიძულვილის ენის გამოყენება არ არის უცხო ქართული კონტექსტისთვის. ეს ყველაფერი ქალების დაშინებას, მათი ხმების ჩახშობას, გაჩუმებას ისახავს მიზნად. წინა წლებშიც, “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან პარლამენტში ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელი, სექსისტური ენის გამოყენების უმძიმეს შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, რაც მტრულ გარემოს ქმნიდა მათთვის. თბილისი მოლთან გამართული აქციის შემდეგაც, ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პროტესტში აქტიურად მონაწილე ქალებზე განაცხადა, "პროტესტში განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები აქტიურობენ. რა ფენომენია არ ვიცი. არცერთი მამაკაცი მსგავსს არ კადრულობს, რასაც რამდენიმე ახალგაზრდა ქალი.’’

ზოგადად, დემოკრატიის ეროზიის პასუხად აღმოცენებულ წინააღმდეგობის მოძრაობებში ქალები აქტიურად არიან ჩაბმული, ავტოკრატიულ რეჟიმებს კი ქალების მორჩილი სხეულები სჭირდებათ. მსგავსი რეჟიმები ცდილობენ პატრიარქალური რწმენებისა და გენდერულად მკაცრად სეგრეგირებული როლების განმტკიცებას (მაგ.ოჯახის სიწმინდის განმტკიცების ნარატივის წინწამოწევა). “ქართული ოცნების” მსგავსი ავტოკრატიები ქალების აქტივიზმს ემტერებიან, ვინაიდან ის არსებულ სტატუს-კვოს, რეჟიმის სიხარბეს, მმართველი ელიტების ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციას უპირისპირდება. მსგავსი რეჟიმები აქტივიზმისთვის გადამწყვეტ ინსტრუმენტებს - სიტყვის და შეკრების თავისუფლებებს ზღუდავენ, ხოლო აქტივისტი ქალები, რომლებიც სამართლიანობისთვის, გენდერული თანასწორობისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და ზოგადად, პოლიტიკური ცვლილებებისთვის იბრძვიან, ხშირად დაშინების, პატიმრობის, ცენზურის და ძალადობის სამიზნე ხდებიან. სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვთქვა, რომ ავტორიტარიზმის პირობებში ქალის სხეული არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ პოლიტიკური ბრძოლის ველად იქცევა. სექსუალური მუქარა, ფიზიკური ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული აქტივისტი ქალების დასჯას, არამედ მთელ საზოგადოებაში შიშის დათესვას. ეს მექანიზმი პატრიარქატის ძირეულ ლოგიკას მიჰყვება, რომ ქალის სხეული უნდა დარჩეს კონტროლქვეშ, მისი აგენტობა უნდა დასუსტდეს და, მისი ხმა დაიკარგოს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერია თანამედროვე პოპულისტური პარტიებისთვის, რომლებიც ანტიფემინიზმს ავტორიტარიზმის იდეოლოგიურ იარაღად იყენებენ. საქართველოს პატრიარქალურ სოციალურ სისტემაში, მამაკაცების ხელშია ძალაუფლება. პოლიტიკური ცხოვრება მასკულინური ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისადაა მოწყობილი. პოლიტიკურ არენაზე კაცები დომინირებენ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს კაცები იღებენ. ქართული ოცნების რეჟიმის კაცები განსაზღვრავენ პოლიტიკური თამაშის წესებს. მათი პოლიტიკა ,,მოგებულთა და წაგებულთა” იდეას, კონკურენციას, აგრესიას, დომინირებასა და დაპირისპირებას ეფუძნება, ხოლო თანამშრომლობის, კონსესუსის, მხარდაჭერისა და ზრუნვის ეთიკა გაუფასურებულია. ამ სივრციდან, ქალები/ქალურობა განდევნილია, ქალებს აქ მეტწილად დეკორაციის ფუნქცია აქვთ და მეორე ხარისხოვან როლს ასრულებენ. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა “ქართული ოცნების” პარტიაში, სადაც აშკარაა კაცების დომინირება და ქალები რაოდენობაც და წარმომადგენლობაც პარტიისა და შესაბამის ინსტიტუტების დონეზე მკვეთრად შემცირებულია.

მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობის სტრუქტურა და გამოცდილება კი გვიჩვენებს. პროტესტში მონაწილე ჯგუფებისა თუ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია თანასწორობა, როგორც ღირებულება. ‘ქართული ოცნების’ რეჟიმთან უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე ქალები, რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი სხეულებით, თანამებრძოლებთან ერთად, პრინციპულობის, არდანებების, და ამასთან ერთმანეთზე ზრუნვისა და მხარდაჭერის უნიკალურ გამოცდილებებს ქმნიან. როგორც ჩანს ქალების ეს წინააღმდეგობა რეჟიმისთვის სულ უფრო მწვავე ხდება, რის გამოც ის ცდილობს ქალების უკმაყოფილება ჩაახშოს არა მხოლოდ საპოლიციო რეპრესიით, არამე ქალების წინააღმდეგობის დელეგიტიმაცია მოახდინოს და მათზე, როგორც ქალებზე მიიტანოს სექსუალიზებული ძალადობის და სიძულვილის ენის იერიში და პროტესტი მათთვის ნაკლებად უსაფრთხო გახადონ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს პროტესტების დროს ქალთა უსაფრთხოებასა და უფლებრივ მდგომარეობაზე მონიტორინგს და მათ დაცვას, ისევე როგორც თვითორგანიზებისა და წინააღმდეგობის პროცესში ქალების წვლილის შესწავლას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“