საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოში 2014 წელს ჩატარებული ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის 13.2%-ს (489,240 ადამიანი) შეადგენს. განსაკუთრებით გამოირჩევა ორი მრავალრიცხოვანი ჯგუფი: 6.3%-ით აზერბაიჯანელი თემი (მთლიანი მოსახლეობის 6.3%, 233,024 ადამიანი) და სომეხი თემი (მთლიანი მოსახლეობის 4.5%, 168,102 ადამიანი).
მიმდინარე წლის 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრინციპულია. წელს ჩვენ მოგიწევს დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავალი. ასეთ კრიტიკულ მომენტში ეთნიკური უმცირესობების ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სავსებით შესაძლოა მათი ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდეს საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, თუნდაც მხოლოდ პრაგმატული ელექტორალური გათვლებიდან გამომდინარე, ამ ორი ეთნიკური ჯგუფის ხმების მოზიდვა ყველა პარტიისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული უნდა იყოს.
თუმცა, ამ გადამწყვეტ მომენტშიც კი, წინასაარჩევნო პერიოდი ჯავახეთში ისევე „მშვიდად“ მიმდინარეობს, როგორც ეს ბოლო წლებში ხდებოდა. „მშვიდი“ პოლიტიკური სიტუაციის მთავარი მიზეზი რეგიონში არსებული არაკონკურენტული პოლიტიკური გარემოა. ჯავახეთის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები რეგიონს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ – მათ არ აქვთ პარტიული ინფრასტრუქტურა, დამოუკიდებელი და ძლიერი წარმომადგენლები და არც ჩვენს საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამები და გზავნილები. ოპოზიციური პარტიები ჯავახეთში ხშირად პასიურ კანდიდატებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც იმთავითვე არ აქვთ დიდი გავლენის მოხდენისა და ცვლილებების შესაძლებლობა. ცხადია, ამ რეალობას მმართველი პოლიტიკური ძალა თავის სასარგებლოდ იყენებს და ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარ თავს ერთადერთ რეალურ არჩევანად უსახავს. თუმცა, მმართველი ძალის სიებით არჩეული ადგილობრივი კანდიდატებიც კი, უმეტეს შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს „მდუმარე დეპუტატების“ რიგებს მიეკუთვნებიან. ისინი პარლამენტში არც სიტყვით გამოდიან და არც საკანონმდებლო ინიციატივებით გამოირჩევიან. შესაბამისად, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ იცავენ ჯავახეთის მოსახლეობის ინტერესებს და ფაქტობრივად არაფერს აკეთებენ მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
დღეს ჯავახეთში მცხოვრები ადამიანების წინაშე უამრავი გამოწვევა დგას – დაწყებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობით (ათასობით ეთნიკურმა სომეხმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც ამდენი წელია არ აღუდგათ; მკაცრი საპოლიციო კონტროლი ადგილებზე), სოციალური საკითხებითა (სუსტი სოციალური ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, მაღალი მიგრაცია) და სოფლის მეურნეობითა (გასაღების ბაზრების არარსებობა, ბაზრის მონოპოლიზება, ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამების არარსებობა), გაგრძელებული სოციალური უთანასწორობით (განათლებაზე, ჯანდაცვაზე, სხვა სოციალურ სერვისებზე დაბალი წვდომა). ამ პრობლემების გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ფართო ჩართულობის ხელშეწყობა და შესაბამისად, მათი წუხილების, ინტერესებისა და მოსაზრებების გათვალისწინება. თუმცა, პოლიტიკური პარტიების რიტორიკაში ჩვენი პრობლემები პრაქტიკულად არ ექცევა.
ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ამომრჩეველი, კანდიდატის მიუხედავად, ხმას ძირითადად მმართველ პარტიას აძლევს. ეს მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნას:
მოქმედმა ხელისუფლებამ „წარმატებით“ შეძლო საზღვრის წაშლა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. ამავდროულად, ჯავახეთში მმართველი პარტიის მთავარი მოწოდებაა, რომ „ჩვენ, ეროვნული უმცირესობები, უნდა ვიყოთ სახელმწიფოს გვერდზე“, სადაც, ზემოხსენებული საზღვრის წაშლის გამო, სახელმწიფოში მმართველი პარტია იგულისხმება. ეს მოწოდება ჯავახეთში ერთგვარ ტრადიციადაა დამკვიდრებული და წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ხელისუფლების მიერ გამოიყენებოდა. ხშირად პოლიტიკურად აქტიურ მომენტებში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, ეს მოწოდება მოსახლეობაში არსებული პროტესტის ჩასახშობადაც იხმარება, რადგან დომინანტური დისკურსი მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აქტთან ათანაბრებს.
ჯავახეთში, ოპოზიციურ პარტიებს მუშაობის სტრატეგიის სიღრმისეული ცვლილება ესაჭიროება. საერთო ჯამში, ჯერჯერობით მათი უმრავლესობა საჭიროდ არ თვლის ეთნიკური უმცირესობების ხმებისათვის ბრძოლას და მათ პარტიულ სიაში გამსვლელ ადგილებზე წარდგენას.
როგორც წესი, პოლიტიკური პარტიების მიერ, ჯავახეთში ადგილობრივი წარმომადგენლების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი არა კონკრეტული პირების სამოქალაქო და პოლიტიკურ მოღვაწეობა და თემის პრობლემების გადაჭრისთვის მუშაობის გამოცდილებაა, არამედ კონკრეტული პირების ეკონომიკური და სოციალური რესურსები და გავლენა. შესაბამისად, პარტიების ადგილობრივი ლიდერები უმეტესწილად, არ არიან ადგილობრივი მოსახლეობის რეალური წარმომადგენლები.
მოსახლეობაში არსებობს უნდობლობა და ეჭვები თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების გულწრფელობასთან დაკავშირებითაც. ხშირად ჩნდება განცდა, რომ ადგილობრივი ოპოზიცია, მათ შორის დიდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, შეკრულები არიან სახელისუფლებო გუნდის წევრებთან და სინამდვილეში ადგილობრივ მოსახლეობას ალტერნატიული პოლიტიკის პერსპექტივას არ სთავაზობენ. ამის მიზეზად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ხშირად მათი წარმომადგენლების დაშინებასა და მათ მიმართ განხორციელებულ მუქარას ასახელებენ. თუმცა, ბევრი ოპოზიციური ლიდერის არაგულწრფელობას, არჩევნების შემდეგ საჯარო სექტორში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მათი მოულოდნელი დასაქმება ადასტურებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილზე ძალიან პასიურები არიან. მათი მთავარი მიზანი თითქოს წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო თვენახევრის განმავლობაში, რამდენიმე სოფელში სტუმრობა და პარტიის ცენტრალური ოფისისთვის იქ გადაღებული ფოტოების გაგზავნაა, საიდანაც მათთვის განკუთვნილი მცირე ფინანსური რესურსის მიღებას ელიან.
ასეთ მდგომარეობაში იკვეთება მესამე ფაქტორი, რომელიც ყოველთვის მუშაობს უმოქმედო მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მმართველი პარტია საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას მკვეთრად უფრო ადრე იწყებს, ვიდრე ამას ოპოზიციური პარტიები აკეთებენ. ჯავახეთში ბოლო წლებში გააქტიურდა ე.წ. „სოფლის დღის“ აღნიშვნა. ეს დღე მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთადერთი დღეა ყოველდღიური მძიმე სამუშაო პროცესისგან გათავისუფლებისა და გართობისთვის. „სოფლის დღეებს“ მმართველი პარტია იყენებს თავის სასარგებლოდ და სახელდახელოდ ორგანიზებულ სუფრაზე ყოველთვის სვამენ მმართველი ძალის სადღეგრძელოს. წელს გამართულ სოფლის დღეების ფარგლებში, რომლებიც ძირითადად ადგილობრივი წარმოშობის რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენების მიერ ფინანსდება, ორგანიზატორები და დამსწრეები, მათ შორის ადგილობრივი საკრებულოს წევრები და რწმუნებულები, მთავრობას მადლობას უხდიდნენ სწორი პოლიტიკური კურსისთვის და მოსახლეობას ახსენებენ, რომ მიმდინარე წელი საარჩევნო წელია და რომ ოქტომბერში, როგორც ყოველთვის, „სახელმწიფოს გვერდზე უნდა ვიყოთ“. სახელმწიფოში კი, როგორც ზემოთ უკვე ვახსენე, მმართველი ძალა იგულისხმება.
ძლიერი ოპოზიციის არარსებობის გამო, მმართველი პარტია უმოქმედობით და უბრალოდ, სადღეგრძელოების თქმით იგებს არჩევნებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ეთნიკური უმცირესობების არაინფორმირებულობა პოლიტიკური პარტიების შესახებ. ამის მიზეზი ოპოზიციური პარტიების სისუსტე და არაგულწრფელი მუშაობაა, ისევე, როგორც პოლიტიკური და პარტიებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობა სომხურ ენაზე.
ბოლო პერიოდში აქტიურად მიწევს პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი ადგილობრივ მოსახლეობასთან. დიდი ხანია შევამჩნიე, რომ უმცირესობებს ძირითადად ორი ან სამი პარტიის შესახებ აქვთ ინფორმაცია. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას „სააკაშვილის პარტიის“ სახელით იცნობენ, ქართულ ოცნებას – ივანიშვილის პარტიად, ხოლო ბოლო, მესამე პარტია, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, ცნობილია, როგორც „ის პარტია ბანკს რომ ფლობს, ხაზარაძის პარტია“ (ამ შემთხვევაში ლელოზეა საუბარი). „ბანკის მფლობელ პარტიაზე“ ყოველთვის ვხუმრობ – „საქართველოში თითქმის ყველა პარტია ფლობს ბანკს, ზუსტად რომელ პარტიაზე საუბრობთ?“.
კოალიციურ მთავრობაზე და მრავალპარტიულ პარლამენტზე საუბარიც კი ზედმეტია. ამ საკითხებს არც სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ასწავლიან მოსწავლეებს და არც ადგილობრივი მედია საუბრობს.
პოლიტიკური პარტიების და დღევანდელი პოლიტიკურ მოვლენების შესახებ ასეთი დაბალი ინფორმირებულობის ფონზე, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების სტრატეგიაზე ლაპარაკი ძალიან რთულია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშესაწყობად საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს კვოტირების სისტემა, პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისების ან ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდის სხვა პოზიტიური მექანიზმი. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პარტიებში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
პოლიტიკური მონაწილეობის შემაფერხებელი კიდევ ერთი ფაქტორი, ჯავახეთის მოსახლეობასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კავშირების სისუსტეა, რაც პარტიებისადმი ნდობას ამცირებს. ამას ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული შესაბამისი ნარატივებიც ადასტურებს: „ჩვენი ხმა არაფერს შეცვლის“, „ ვინც არ უნდა მოვიდეს, მაინც ჩვეულებრივ ხალხზე არავინ იდარდებს“, „ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს“ და ა.შ. ეს მოსაზრებები ჯავახეთში არსებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობების და ამ უთანასწორობების მიმართ პოლიტიკური პარტიებს გულგრილობის შედეგად ჩამოყალიბდა. პოლიტიკური თანამდებობა ჯავახეთში, არა ადგილობრივი მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე ვალდებულების, ანგარიშგების და კეთილსინდისიერების მოვალეობად, არამედ ფუფუნების და პრივილეგიის მდგომარეობად აღიქმება.
ისიც აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პარტიების პროპორციულ სიებში ხშირად გამსვლელ ადგილებს არ იკავებენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების პროპორციული სიების პირველ თხუთმეტეულში არ იყო არც ერთი ეთნიკურად სომეხი კანდიდატი. გარდა ამისა, საკმაოდ მცირეა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა პარტიების პოლიტიკური საბჭოების შემადგენლობაში, რაც შიდაპარტიულ გადაწყვეტილებებში მათ ჩართულობას და გავლენას ამცირებს.
შესაბამისად, 90-იანი წლებიდან დღემდე, პარლამენტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობა, არასდროს ყოფილა ეთნიკური უმცირესობების წილის პროპორციული მთლიან მოსახლეობაში. 1992 წლის მოწვევის პარლამენტში 4 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო, 1995 და და 1999 წლების მოწვევის პარლამენტებში – 16-16, 2004 წლის მოწვევის პარლამენტში – 12, 2008 და 2012 წლის მოწვევის პარლამენტებში– 6-6, 2016 წლისაში – 11, ხოლო 2020 წლის მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 6.
გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, კიდევ არაერთი პრობლემა შეიძლება აღინიშნოს არჩევნებთან, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ მონაწილეობასა და ელექტორალურ ქცევასთან დაკავშირებით, როგორებიცაა არასაკმარისი პოლიტიკური და სამოქალაქო განათლება, არსებული სახელმწიფო მექანიზმების არაეფექტიანობა და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის პოზიტიური მექანიზმების არარსებობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს საკითხები საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარებას მოითხოვს, ხოლო ამჟამად, წინასაარჩევნო პერიოდის მოკლე ვადაში, პრიორიტეტული ოპოზიციური პარტიების მიერ ზემოაღნიშნული შეცდომების გამოსწორება უნდა იყოს, ხოლო დანარჩენი პრობლემების გამოსასწორებლად უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე მორგებული და გამიზნული სამოქმედო გეგმა.
ინსტრუქცია