[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / თვალსაზრისი

საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა: ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი თემის გამოწვევები

ტიგრან თარზიანი 

სიღარიბე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის მუდმივი თანამგზავრია. საქართველოში არც ერთ მთავრობას ეს პრობლემა არ გადაუჭრია.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სიღარიბე ადამიანს უთანასწორობისა და შეზღუდვების წრეში აქცევს. იგი ადამიანზე თავის გავლენას დაბადებიდანვე ტოვებს და აისახება მთელ მის შემდგომ ცხოვრებაზე. მაგალითად, სიღარიბე უარყოფითად აისახება ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე, ასევე ზღუდავს მისი დასვენებისა და გართობის შესაძლებლობებს და ხელს უშლის თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სიღარიბემ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა შრომა და შრომითი ექსპლუატაცია, რაც შეუქცევად ზიანს აყენებს მათ განათლებასა და ჯანმრთელობას და ართმევს სამომავლოდ სიღარიბის დაძლევის ძირითად რესურსებს.

საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად შემუშავებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება სარეიტინგო ქულის მიხედვით გაიცემა ბენეფიციარებზე, თუმცა, ხშირად არაა გათვალისწინებული მათი განათლების, ჯანდაცვისა ან სხვა სერვისის მიღების საჭიროებები. ფულადი დახმარება კი მარტო მათ დღიურ მინიმალურ საკვებ პროდუქტებზე იხარჯება.

სახელმწიფოს მხრიდან სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები ყოველთვის განიხილებოდნენ „დახმარების მიმღებების“ როლში. სიღარიბისა და მისი დაძლევის შესახებ ოფიციალური რიტორიკა თავიდანვე აგებული იყო „თანაგრძნობისა“ და „ქველმოქმედების“ კონცეფციის ირგვლივ, რაც ჩრდილავდა მოქალაქეთა რეალურ მოთხოვნებს და არ აყენებდა მათ დღის წესრიგში.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საზოგადოებაში, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის თანაბრად ვერ სარგებლობენ ეკონომიკური და სოციალური სიკეთეებით. სოციალური გარიყულობა მრავალშრიანია, მას შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური განზომილებები.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრები, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა მცირეა. 2023 წლის მაისის მდგომარეობით, ახალქალაქში საერთო მოსახლეობის მხოლოდ 8.1% იღებდა სოციალურ შემწეობას, ხოლო ნინოწმინდაში ეს მაჩვენებელი 16,9% იყო.

წარმოდგენილ ბლოგში სწორედ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სიმცირესა და აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრებ.

სოციალური შემწეობის მიმღებთა დაბალი მაჩვენებელი ნიშნავს ამ რეგიონში მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალ დონეს? არა - სტატისტიკური მონაცემები საერთოდ არ შესაბამება ჯავახეთში არსებულ რეალობას. უკვე 2 წელზე მეტია, აქტიურად ვმუშაობ ამ რეგიონში, ნამყოფი ვარ თითქმის ყველა სოფელში. საველე მუშაობის დროს ყველაზე მეტად სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები შემხვედრია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ისინი, თუმცა არ ფლობენ სოციალური დაუცველი ოჯახის სტატუსს. ჩემი დაკვირვებით, რამდენიმე მიზეზია, რის გამოც სახელმწიფო მათ ამ სტატუსს არ ანიჭებს. ვფიქრობ, სწორედ ეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ბენეფიციარების სიმცირეს.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ინფორმაციის ნაკლებობასა და მასზე წვდომის პრობლემებზე. ზოგადად, რაც უფრო მეტი ადამიანია ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მით უფრო ეფექტიანად შეუძლიათ თავისი ინტერესების დაცვა. უნდა აღინიშნოს, რომ მაცხოვრებლები ძირითადად ინფორმირებული არიან სოციალური შემწეობის სისტემის შესახებ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მის შინაარსსა თუ სოციალურად დაუცველის ქულით ხელმისაწვდომ სერვისებზე, ინფორმირებულობის დონე მცირდება.

სისტემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია ქართულ ენაზეა, შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი ლინგვისტური უმცირესობებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ თავისი ვებ-გვერდი ეთნიკური უმცირესობების ენებზე (მათ შორის, სომხურ ენაზე) მისაწვდომი გახადა, უნდა გვახსოვდეს, რომ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანებისთვის ნაკლებადაა ხელმისაწვდომი სმარტფონი ან სხვა ტექნიკური მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ამ ინფორმაციის მიღებას შეძლებდნენ.

საარსებო შემწეობაზე შეზღუდული წვდომის ნაწილში მეორე პრობლემას ჯავახეთის მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხი წარმოადგენს. სიღარიბის და უმუშევრობის გამო ქვეყნიდან შრომით მიგრაციაში წასულ ჯავახელებს, რომლებმაც სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ დაკარგეს, დღეს სახელმწიფო მოქალაქეობის აღდგენაზე/მინიჭებაზე უარს ეუბნება. უარის ძირითადი მიზეზი სახელმწიფო ენის არცოდნაა. ამ ადამიანების დიდ ნაწილს განათლება საბჭოთა პერიოდში აქვს მიღებული და ცხადია, რომ მათი ქართული ენის ცოდნის დონე დაბალია. ეს მაშინ, როდესაც ისინი დაიბადნენ, გაიზარდნენ, განათლება მიიღეს საქართველოში და საქართველოს ჯარში იმსახურეს. და მაინც, სახელმწიფო უარი ამბობს მათთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე.

მოქალაქეობის არქონა ამ ადამიანებს საბაზისო სამოქალაქო, პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს ართმევს. მათი დიდი ნაწილი ოჯახებით ადგილზე ცხოვრობს, საცხოვრებელი საქართველოში აქვს და საკუთარ სამშობლოსთან მჭიდრო ემოციური, სოციალური და კულტურული კავშირები გააჩნია.

მოქალაქეობის არარსებობის გამო ღატაკი ოჯახების დიდი ნაწილი არ/ვერ მიმართავს სახელმწიფოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად. დარწმუნებული ვარ, ჯავახეთის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს, შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს სოციალური დახმარების მიღების მიზნით.

საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები ვერ სარგებლობენ იმ შეღავათებით, რაც სოციალურად დაუცველ ოჯახს საარსებო შემწეობის მიღმა ეკუთვნის. მაგალითად, საავადმყოფოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ამგვარი ოჯახი ორმაგად მეტს გადაიხდის.

მუშაობის პერიოდში მსგავს არაერთ შემთხვევას გადავაწყდი. ბლოგში მოვყვები ერთ ადამიანზე, რომელსაც პირადად შეხვდი. 46 წლის მარტოხელა ქალმა, რომელმაც მოქალაქეობა 5 წლის წინ დაკარგა და საქართველოს ბინადრობის ნებართვას ფლობს, სამკურნალოდ თბილისში ერთ-ერთ კლინიკას მიმართა, რადგან ონკოლოგიური პაციენტია და გრძელვადიანი მკურნალობა ესაჭიროება. ოპერაცია 5000 ლარამდე დაჯდა, თუმცა დღეს იგი ვერ აგრძელებს მკურნალობას, რადგან არც ცენტრალური ხელისუფლება და არც მუნიციპალიტეტი არ დახმარებია აღნიშნული ხარჯის დაფარვაში, თუნდაც ნაწილობრივ. მუშაობისას არანაკლები პრობლემებისა და საჭიროებების მქონე ადამიანს არაერთხელ გადავყრივარ.

ბენეფიციარების სიმცირის მესამე მიზეზი უფრო მასშტაბურია და უფრო მეტ შრეს მოიცავს. ამ პრობლემის შესახებ პირველად 2019 წელს გავიგე, როდესაც ნინოწმინდის სოციალური მომსახურების სააგენტოში სტაჟიორად ვმუშაობდი. პრობლემა ისაა, რომ 90-იანი წლების მიწის რეფორმის შედეგად, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მაცხოვრებელ ყველა ოჯახზე გაანაწილეს 0,70 - 1,25 ჰექტრამდე მიწა. ეს, რა თქმა უნდა არათანაბარი განაწილებაა, რადგან ნინოწმინდაში მიწის უფრო მეტი რესურსია. მიწის არათანაბარი განაწილებით რეგიონში უფრო გაიზარდა მოსახლეობის შორის ეკონომიკური უთანასწორობა. ათასობით ჰექტარი იმდროინდელი ნომენკლატურის და დღევანდელი მათი მემკვიდრე ჩინოვნიკების ხელშია.

გარდა ამისა, რომ ეს ყველაფერი რეგიონში ქმნის არათანასწორ ეკონომიკურ ფონს, ამავდროულად 1.25 ჰექტარი მიწა ბარიერია სოციალური დაუცველი ოჯახის სტატუსის მისაღებად. არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სოციალური სააგენტო რა სისტემით და როგორ თვლის 1.25 ჰექტრიდან მიღებულ შემოსავალს, მაგრამ ჯავახეთში ამ რაოდენობის მიწის ნაკვეთით შემოსავლის მიღება რთული წარმოსადგენია, თან იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მიწა განაწილებულია მცირე ნაკვეთებად და თუ არ გაქვს ფინანსური რესურსი, მაშინ ამ პატარა მიწის დამუშავებაც ვერ შეძლებ. 1 ჰექტარი მიწის დამუშავებისა და მარცვლეულის დათესვისთვის დღევანდელი ფასებით 1000-1500 ლარი დაგჭირდება, ხოლო თუ კარტოფილს დათესავ, ორმაგად მეტი ფინანსებია საჭირო. ამ ყველაფერს ასევე ემატება მოსავლის აღების ხარჯები. სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეს ფინანსები არ გააჩნიათ და მიწას დაუმუშავებლად ტოვებენ ან ქირით უფრო მსხვილ ფერმერებზე ძალიან იაფად აქირავებენ. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ სახელმწიფო ვერ ხედავს, რომ ჯავახეთი მაღალმთიანი რეგიონია - აქ კლიმატი მკაცრია, 6 თვე ზამთარია, ერთი ჰექტარი მიწით ოჯახის შენარჩუნება კი რთული წარმოსადგენია, თან როდესაც ადგილობრივებს სახელმწიფოსგან არ აქვთ არანაირი მხარდაჭერა. ამ პირობებში ერთადერთი გზა რეგიონის დატოვება და მიგრაციაში წასვლაა.

ამგვარი სისტემისა და მიდგომების გამო უფრო უარესიც ხდება. სოციალური შემწეობის მიღების მიზნით ოჯახები თავიანთ ქონებას ასხვისებენ. ასეთი ისტორიები უამრავია. თუმცა, არასწორი სოციალური პოლიტიკის გამო ისინი მაინც სიღარიბეში აგრძელებენ ცხოვრებას.

აქ ყველაზე უარესი ისაა, რომ ვიღაცები სარგებლობენ ამით და ამ ხალხს იყენებენ, როგორც იაფ მუშახელს თავიანთი ბიზნესისთვის. ბოლო პერიოდში ნინოწმინდის ერთ-ერთ მაღაზიაში შემხვდა არასრულწლოვანი. საუბრის დროს ვკითხე, თუ რა ღირს ერთი კილო ლობიო და იქვე მიხვდი, რომ ციფრებს ვერ ცნობდა. ასეთ სამსახურის არჩევის მიზეზი ის იყო, რომ მანამდე მწყემსის სამუშაო ჰქონდა და როგორც თვითონ ამბობდა, აქ კარგი ისაა, რომ წვიმის, სეტყვის და ელვის დროს გარეთ არ იყო. საბოლოო ჯამში, სიღარიბის ყოველი ისტორია ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევის ამსახველია.

სიღარიბის პრობლემა ქვეყანაში ახლიდან უნდა იქნას შესწავლილი და ამ შესწავლისა და პრობლემის გაგების საფუძველი უნდა იყოს ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა. ამჟამინდელი სახით მოქმედი სოციალური შემწეობის სისტემა მთლიანად უნდა გარდაიქმნას. სიღარიბის დაძლევისკენ მიმართულმა ძალისხმევამ უნდა უპასუხოს მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს. თუ სახელმწიფო პოლიტიკა სიღარიბის დასაძლევად არ არის ადამიანზე ორიენტირებული და უფლებებზე დაფუძნებული, პრობლემის სისტემურ გადაწყვეტაზე საუბარი ზედმეტია.

სამწუხაროდ, სიღარიბის დაძლევის შესახებ საუბარი ყოველთვის გვერდს უვლიდა სისტემაში ჩართულ პირებსა და მათი პრობლემის მოწმე ადამიანებს. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზი საარსებო შემწეობის საკითხზე არსებულ დისკურსში.

თუ სისტემა უფრო აქტიური და მოქნილი გახდება, შესაძლებელი იქნება მასში ჩართული ადამიანების საჭიროებების, რესურსების, უნარებისა და ცოდნის შეფასებაც. საჭიროებების შეფასების შემდეგ, ბენეფიციარებს უნდა მიეცეთ საჭირო რესურსები და მონიტორინგი უნდა მოხდეს, სანამ მათი მდგომარეობა არ დასტაბილურდება და არ გახდებიან უფრო დამოუკიდებლები. შეფასების შემთხვევაში შეიძლება ცხადი გახდეს, რომ ბენეფიციარს არ სჭირდება ფულადი დახმარება, არამედ, მაგალითად, აქვს საჭიროება, ჩაერთოს დასაქმების პროგრამაში, ისარგებლოს სამედიცინო მომსახურებით, მიიღოს უფასო განათლება, შეიძინოს რაიმე აღჭურვილობა/ტექნიკა და ა.შ. ამ კონტექსტში ფულადი სარგებელი უნდა ჩაითვალოს სოციალური შემწეობის არა ძირითად, არამედ ერთ-ერთ რიგით რეგულარულ ფორმად. ამ შემთხვევაში ხალხის დამოკიდებულებაც შეიცვლება და სოციალურ სამსახურებს არა მარტო ფულადი დახმარებისათვის, არამედ მათთვის საჭირო სხვა ტიპის მხარდაჭერისთვისაც მიმართავენ.

სამწუხაროდ, ამ დრომდე სახელმწიფო არ ცვლის საკუთარ სოციალურ პოლიტიკას, რაც სხვადასხვა ჯგუფების კეთილდღეობაზე მძიმედ აისახება. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების წინაშე არსებული დამატებითი გამოწვევები კი საარსებო შემწეობის მიღებას კიდევ უფრო ართულებს. შედეგად, ჯავახეთში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობა ფაქტობრივად არ უმჯობესდება - არსებული პრობლემები კვლავ დღის წესრიგშია და, ამავდროულად, ახალ სირთულეებსაც იწვევს.

ბლოგი მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“