[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / სტატია

არჩევნები და ეთნიკური უმცირესობები: მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია მქონდა, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მკითხა, რატომ აქვს ხელისუფლებას ასეთი მაღალი მხარდაჭერა ეთნიკურ უმცირესობებს შორის, იმ პირობებშიც კი, როცა ქართული ოცნება ღიად ეწინააღმდეგება ისეთ ევროპულ იდეას, როგორიც მრავალფეროვნებაა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ეთნიკური უმცირესობები მხოლოდ ხელისუფლებას არ უჭერენ მხარს. ეს „ქალაქური ლეგენდა“ თავად პოლიტიკური ელიტის მიერაა შექმნილი და თავადვე დაიჯერეს. მაგალითისათვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში (სადაც მოსახლეობის, შესაბამისად, 92% და 69%-ს ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ) ოპოზიციამ ყველაზე მაღალი შედეგები, ხოლო ხელისუფლებამ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა. უფრო ზუსტად, 2020 წლის არჩევნების დროს მარნეულში არჩევნებზე მისული 44666 ამომრჩევლიდან (47%-იანი აქტივობა), 45%-მა მხარი - ქართულ ოცნებას, 55%-მა კი, ოპოზიციას დაუჭირა. ბოლნისში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 17585 ადამიანმა (45%-იანი აქტივობა), საიდანაც 61%-მა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, 39%-მა კი - ოპოზიციას. მთლიანობაში 2020 წლის არჩევნებში ხელისუფლების მიერ მიღებული საერთო ხმების 7.88% მოდიოდა ეთნიკურ უმცირესობებზე, ხოლო ოპოზიციის შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 3.63% იყო. ამასთანავე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ, კერძოდ კი ნაციონალურმა მოძრაობამ, პარტიის არასწორი საკადრო გადაწყვეტილებების გამო, ქვემო ქართლის ამომრჩევლებში მკვეთრად დაკარგა მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლები ფხიზლები და სენსიტიურები არიან და ისინი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერებად არ უნდა მოვიაზროთ.

უნდა ითქვას, რომ საქართველოში არჩევნები ყოველთვის დიდ ბრძოლებთან და დაპირისპირებებთან იყო დაკავშირებული, თუმცა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად გადამწყვეტი იქნება ქვეყნისთვის. 26 ოქტომბერს გადაწყდება ქვეყნის მომავალი და ის, თუ შემდეგი 3 ათწლეულის განმავლობაში რა ადგილს დაიკავებს საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა ქვეყნის სწორ რელსებზე დაბრუნება შეძლონ. ვწერ დაბრუნებას, რადგანაც გულწრფელად მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ აშენებული და შექმნილი ყველა მიღწევა საფრთხის ქვეშ დააყენა, ქვეყნის ყველაზე პროგრესული, პროფესიონალი და პატრიოტი ნაწილისთვის „აგენტის“ იარლიყის მიკერება სცადა და ღიად, მოურიდებლად დაუპირისპირდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს.

თუმცა, იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია ბოლო წლების განმავლობაში შიდა არადემოკრატიული დაპირისპირებებით, ზედაპირულობითა და გახლეჩილობით გამოირჩეოდა, მხოლოდ ამომრჩევლებისთვის ამ პასუხისმგებლობის დაკისრება უსამართლო იქნებოდა. არჩევნებამდე რჩება მხოლოდ 3 თვე და პოლიტიკური პარტიების გამსხვილებისა და ახალი კონფიგურაციების კონტურები უკვე ნათელია. მეორე მხრივ, არსებობს კოორდინაცია პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტიის“ ფორმატში. მაგრამ მაინც რჩება განცდა, რომ პოლიტიკურ ელიტაში ჯერ კიდევ ძლიერია ზედაპირული შეხედულებები ეთნიკური უმცირესობების თემებზე. და იმ პირობებში, როცა ვიცით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების ბედს მცირე განსხვავებები გადაწყვეტს, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ სწორად დაგეგმოს საკუთარი პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ.

ეს წერილი არის მცდელობა, დავაფიქროთ პოლიტიკური ელიტები და პოლიტიკოსები, რომ არ დაინახონ ეთნიკური უმცირესობები მონოლითურ ჯგუფად და არ იფიქრონ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთან მუშაობა ფუჭი შრომა და დანახარჯია.

გთავაზობთ 3 ყველაზე გავრცელებულ ცრურწმენას, ცდუნებას და შეცდომას, რომელიც ახასიათებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, როცა საქმე ეხება არჩევნებსა და ეთნიკურ უმცირესობებს. ამის ალტერნატივად კი, წარმოგიდგენთ იმ 3 საკითხს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების თემისთვის დღეს ყველაზე პრიორიტეტულია.

„ქართულ ენას თუ ისწავლით, ყველა პრობლემა მოგვარდება“

სახელმწიფო ენის სწავლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნაა, რაც ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდა ეთნიკური უმცირესობების წინაშე. წლების განმავლობაში ყველა ხელისუფლება აპელირებდა სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხზე. ეს საკითხი პოპულარული და საკრალიზებული იყო ეთნიკური უმრავლესობების თემებშიც. პოპულისტი და დემაგოგი პოლიტიკოსის აზრით, იმაზე ძვირფასი და ღირებული რა უნდა შესთავაზო უმცირესობებს, თუ არა ქართული ენის სწავლება?! თუმცა აქაც გვქონდა ჩავარდნები. თითქმის არასდროს ყოფილან სახელმწიფო ენის საკმარისი მასწავლებლები უმცირესობების რეგიონებში, თითქმის არასდროს შექმნილა ხარისხიანი სახელმძღვანელოები ჩვენთვის და თითქმის არასდროს დახარჯულა საკმარისი ფინანსები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის რეალური სწავლების მიზნით. გამონაკლისია 1+4 პროგრამა, რომელმაც ახალგაზრდებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საშეღავათო საგამოცდო პირობებით სწავლების შესაძლებლობა მისცა, თუმცა პირველ რიგში სწორედ ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების მონდომების შედეგად, გაიზარდა ათასობით ახალგაზრდა, ვინც კარგად ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სათანადო განათლება. მაგრამ ის, რომ ენის ცოდნით ყველა პრობლემა ვერ გვარდება, ეს ყველაზე მეტად ამ ახალგაზრდებმა იციან. სათანადო დასაქმება მათთვის მიუღწეველი მიზანია, მათთვის საჯარო სამსახურებიც კი დახურულია. რთულია ამ ყველაფრის პოლიტიკური ელიტებისთვის ახსნა, რომლებიც ჯიუტად აცხადებენ, რომ ენის სწავლებით ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება და არ უსმენენ თავად უმცირესობებს, რომლებიც საუბრობენ დასაქმების სირთულეებზე, სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე, შრომით ურთიერთობებში განცდილ დისკრიმინაციაზე, უცხოდ დანახვის პრაქტიკებზე და ა.შ.

სანამ ენის ცოდნას საკრალიზებულად, კულტურული იერარქიზაციისა და დომინაციის ჩარჩოდან დავინახავთ, და არა სოციალური განვითარებისა და მობილობის ინსტრუმენტად, მანამდე ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სიტყვები აქტუალურობას არ დაკარგავს: „ქართულის ცოდნა, ქართულად დუმილს არ ნიშნავს“. ქართული ენის სწავლა მოგვცემს ერთ ენაზე საუბრის შესაძლებლობას, ამ პროცესში კი, პოლიტიკურმა ელიტებმა უმცირესობების სათქმელის მოსმენა უნდა ისწავლონ.

სინამდვილეში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ეთნიკურ უმცირესობებს, ეს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობაა.

დღეს ეთნიკური უმცირესობების თემისთვის სკოლამდელი განათლება 3-ჯერ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია. სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ემატება მწირი ადამიანური რესურსები და სახელმძღვანელოების არარსებობა. შედეგად, ყველა ხელისუფლების პირობებში პოლიტიზებული სკოლების მიზანი განათლებული, პროფესიონალი და წარმატებული მოქალაქის აღზრდის ნაცვლად, არჩევნებზე მმართველი პარტიის გამარჯვება ხდება. ამ ყველაფრის ფონზე, 1+4 პროგრამით ახალგაზრდები ცდილობენ უმაღლეს განათლებაში აღნიშნული ჩავარდნების ამოვსებას, თუმცა უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების მხარდაჭერის მექანიზმების შეზღუდულობა ქმნის მოჯადოებულ წრეს, საიდანაც გამოსვლა თითქმის შეუძლებელია. უმცირესობების განათლების საკითხის სათანადოდ გააზრება და არა მხოლოდ ენის სწავლების საკითხზე აპელირება ყველა პოლიტიკური პარტიის საშინაო დავალება უნდა იყოს წინასაარჩევნო პერიოდში.

„ხელისუფლება ებრძვის ევროპას - ჩვენ ევროპის და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერები ვართ“

ბოლო პერიოდში უამრავი პოლიტიკოსისგან გვესმის მსგავსი განცხადებები. რუსული კანონის, ოფშორების კანონისა და ქართული ოცნების მიერ ინიცირებული სხვა ინიციატივების შუქზე, აშკარაა, რომ ხელისუფლება ნამდვილად ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ გზას დაადგა. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ოპოზიციის მიერ მხოლოდ ქართული ოცნების არასწორ სვლებზე აქცენტის გაკეთება და კონკრეტული ევროპული ინიციატივების წარმოუჩენლობა, უშედეგოა, როგორც ამომრჩევლებისთვის ზოგადად, ისე ეთნიკური უმცირესობების თემებისთვის.

ქართული ოცნების ხელისუფლება ჯერჯერობით ღიად და აგრესიულად არ ებრძვის ყველა უმცირესობას. უფრო მეტიც, ეთნიკური უმცირესობების ხმების მობილიზებას სისტემა კონსერვატიული იდეებითა და ლოზუნგებით ცდილობს. წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსახლეობას სამი ძირითადი დევიზით ესაუბრება:

  1. გთავაზობთ სტაბილურობას ქვეყანაში (არ იქნება ომი საქართველოში);
  2. გთავაზობთ ზომიერ სტაბილურობას ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებში (ჯერჯერობით წარმომავლობის გამო ღიად არავინ დაიჩაგრება);
  3. გთავაზობთ სტაბილურობას ტრადიციებში (ვებრძვით „გარყვნილებას“).

ამ სლოგანების საპირწონედ, ნამდვილი ევროპული და პროგრესული იდეების შემოუთავაზებლად, ეთნიკური უმცირესობების თემების საარჩევნო ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელისუფლება ნამდვილად „დაეუფლება“. გამოსავალი კონკრეტული ხედვების, პოლიტიკების და პროგრამების შექმნაა. ხოლო ეს ყველაფერი წლობით არსებული გამოწვევების გამოძახილი უნდა იყოს. ეთნიკური უმცირესობები, წლებია, ითხოვენ თარგმანის სერვისების შექმნას, მიწის რეფორმას, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობაში ფერმერებისა და გლეხების სათანადო პროგრამებით მხარდაჭერას, უმცირესობების კულტურის პატივისცემასა და დაცვას, რელიგიური ნაგებობების მშენებლობაზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას და ა.შ. მსგავსი პროგრესული პროგრამებისა და ინიციატივების გარეშე, რომლებიც ადგილზე მცხოვრები ადამიანის მძიმე შრომას მცირედით მაინც შეამსუბუქებდა და მასში უკეთესი მომავლის იმედს გააჩენდა, პოლიტიკური პარტიების ზედაპირული საუბრები, მათ ევროპულობასა და ხელისუფლებისგან განსხვავებულობაზე, ეთნიკური უმცირესობებისთვის არაფრის მთქმელი ღაღადია. ამ ევროპულობით ყველანი დავიღალეთ, ახლა კონკრეტიკის დროა.

„რა მნიშვნელობა აქვს კუთვნილებას - ჩვენ ყველანი ერთნი ვართ“

პოლიტიკური ელიტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული აკადემიის ლიბერალურმა დღის წესრიგმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები დაგვაჯერა, რომ საბოლოო მიზანი იდენტობების არდანახვა უნდა ყოფილიყო. უნდა ითქვას, რომ მიდგომა (being color blind) რაღაც ეტაპზე დასავლური აკადემიის წამყვანი იდეაც იყო, თუმცა დღეს უკვე ასეთი რამის თქმა პრობლემური და მიუღებელია.

რა თქმა უნდა, ყველანი ერთნი ვართ, ამავე დროს, განსხვავებულებიც ვართ და გვჭირდება განსხვავებული ხმები და განსხვავებული ფერები, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება უფრო საინტერესო და სამართლიანი იყოს. უფრო მეტიც, მნიშვნელობა ნამდვილად აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსხვავებულთა ჩართვას, თორემ შედეგად ვიღებთ ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებს, სადაც საბავშვო ბაღებს აშენებენ მხოლოდ ქართულ სოფლებში და არა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში.

დღეს უკვე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები, და არა მხოლოდ, საუბრობენ სამართლიან წარმომადგენლობაზე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებაში, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მთავრობაში, პარლამენტსა და ბიუროკრატიაში. ევროპულობა იქნებოდა სწორედ ამ ახალგაზრდებისთვის გზის გახსნა და შესაძლებლობების მიცემა.

ევროპულობის სახელით და „ჩვენ ყველა ერთნი ვართ“ დევიზით, პოლიტიკური პარტიები ამ არჩევნებზე შორს ვერ წავლენ. უმცირესობების წინაშე პარტიების ევროპულობისა და პროგრესულობის ტესტი საარჩევნო სიის პირველ ათეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლის ყოფნა ან არყოფნა იქნება. და ეს არ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის სიაში შევიდა. სიების შედგენის პროცესს უნდა მოჰყვეს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების პოზიციები. პარტიებმა ახალგაზრდებს უნდა წარუდგინონ გეგმა, თუ როგორ აპირებენ ეთნიკური უმცირესობების დასაქმებას საჯარო სამსახურებში ისე, რომ მათი როლი ქვეყნის მშენებლობაში დაკავშირებული იყოს ეროვნულ და ლოკალურ დონეებთან.

თუკი პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ციებ-ცხელებამდე ვერ დაალაგებენ ამ საკითხებს, მაშინ ისევ დაადგებიან უკვე ბევრჯერ გავლილ გზას: მდიდარ/გავლენების მქონე ბიზნესმენებთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიასთან (სოკართან), „აღსაკალებთან“, თუ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობების დალაგებით ხმების მოზიდვის მცდელობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ მეთოდებში ქართულ ოცნებას ვერავინ აჯობებს.

თუ პოლიტიკურ ელიტებსა და პარტიულ ლიდერებს, უამრავი მოქალაქის მსგავსად, ნამდვილად სჯერათ, რომ 26 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღია და ქვეყნის საგარეო კურსისთვის არსებითი არჩევნები, ისინი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთან იმავე შეცდომებს აღარ დაუშვებენ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“