[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ინფოგრაფიკა

რეფორმების ხედვა მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით VI

სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისა და მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს გარე უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. ეს სამსახური დღეს ვერ სარგებლობს საკმარისი ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიებით. გამოძიების პროცესში ის მთლიანად პროკურატურაზეა დამოკიდებული, რაც საფრთხეს უქმნის სამსახურის ქვემდებარეობაში მოქცეული საქმეების მიუკერძოებელ და ეფექტიანად გამოძიებას.

დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები შემუშავებულია იმ გააზრებით, რომ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის მოდელები არ იცვლება.

ამჯერად გთავაზობთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიმართებით განსახორციელებელი ცვლილებების ზოგად მიმოხილვას. დეტალურ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტში.

დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური არაერთი ინსტიტუციური და ფუნქციური გამოწვევის წინაშე დგას, რომლებიც სისტემურ რეფორმას საჭიროებს. სამსა­ხურის რეა­­ლუ­რი დამო­­უ­კი­დებლობის უზ­რუნ­­ველსა­­ყო­ფად და სამარ­­თალ­დამცა­­ვების მი­­ერ ჩადენი­­ლი დანა­შა­უ­­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გამო­­ძი­ე­ბისთ­­ვის, აუცილებელია უწყე­ბის რე­ფორ­­მა მოი­­ცავდეს როგორც ქვემდებარეობის, ისე სამსახურის უფროსის დანიშვნის წესის ცვლილებას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შერჩევა-დანიშვნის ყველა ეტაპზე ჭარბად არის წარმოდგენილი პოლიტიკური მდგენელი. კერძოდ, სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი კომისია 7 წევრისგან შედგება, საიდანაც 3-ს აქვს პირდაპირი პოლიტიკური აფილაცია. ამავდროულად, კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები პირველადად წარედგინება პრემიერ-მინისტრს და სწორედ ეს უკანასკნელი წარადგენს მისთვის სასურველ კანდიდატებს პარლამენტში. საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი უბრალო უმრავლესობით იღებს, რაც ასევე ზრდის პოლიტიკური/პარტიული ინტერესებით გადაწყვეტილების მიღების რისკებს.

ჩვენი შეხედულებით, უნდა შეიცვალოს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევის წესი. კანდიდატების შესარჩევ კომისიაში არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები და პროკურატურის წარმომადგენლები. გარდა ამისა, პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე კვალიფიციური უმრავლესობით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე უნდა იღებდეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი ფაქტობრივად ვერცერთ მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებას დამოუკიდებლად ვერ ატარებს და ამისთვის მას ჭირდება პროკურორის თანხმობა (სასამართლოსადმი შუამდგომლობით მიმართვა). ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგება კი მთლიანად უწყებას ხდის პროკურატურაზე დამოკიდებულს გამოძიების პროცესში.

ჩვენი შეხედულებით, ფუნქციური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, უნდა გაძლიერდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო კომპეტენციები და გაიზარდოს გარანტიები, რომ უწყების მიერ წარმოებულ გამოძიებაზე ვერ მოახდენს გავლენას პროკურატურა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა სამართალდამცავის, მოხელისა და მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება, თუმცა კანონმდებლობა ადგენს რამდენიმე გამონაკლისს (გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი), რომლებზეც არ ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი.

2021 წლის დაჩქარებული „რეფორმის“ შედეგად, სამსახურის ქვემდებარეობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მისი კომპეტენცია არსებითად განსხვავებულ დანაშაულებზე (მაგალითად ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულები და სხვა) გავრცელდა.

ჩვენი შეხედულებით, საჭიროა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობაში მოქცეული დანაშაულების გადასინჯვა და სუბიექტთა წრის დაზუსტება. სამსახურის მანდატი უნდა გავრცელდეს გენერალური პროკურორის, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც. რაც შეეხება ქვემდებარე დანაშაულებს, მიგვაჩნია, რომ სამსახურის საქმიანობა უნდა შემოიფარგლოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის/მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებით, რა მიზნითაც შეიქმნა სამსახური თავდაპირველად.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“