საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის პოლიტიკა დისპროპორციულად მკაცრი და უსამართლოა. მკაცრი კანონმდებლობისა და პოლიტიკის პარალელურად, ხშირ შემთხვევაში იგნორირებულია დანაშაულის პრევენციის სისტემური და მრავალსექტორული მიდგომის აუცილებლობა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეიმუშავა რეფორმების ხედვა მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით. იხ. დოკუმენტი -
https://cutt.ly/mePjDpAb
დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები შემუშავებულია იმ გააზრებით, რომ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის მოდელები არ იცვლება.
ამჯერად გთავაზობთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების ზოგად მიმოხილვას. დეტალურ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტში.
საქართველოში სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და პრაქტიკის სიმკაცრეს ადასტურებს საპატიმრო დაწესებულებების სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ბოლო წლების ანგარიშები. როგორც პატიმრების რაოდენობის, ისე თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობის ასპექტში საქართველოს მაჩვენებელი საშუალო ევროპულ სტანდარტს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
აშკარაა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება არის საჭირო. ეს ცვლილებები, პირველ რიგში, კანონმდებლობის გადახედვაში, პრევენციული პროგრამების გაძლიერებასა და სტრატეგიული დოკუმენტების გასაჯაროებაში უნდა გამოიხატოს.
მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობა სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის, არაძალადობრივ დანაშაულებზე, ზედმეტად მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს. ეს ტენდენცია შეინიშნება ზოგიერთ ნარკოტიკულ და ქონებრივ დანაშაულზეც, აგრეთვე კოდექსის იმ მუხლებზე, რომლებიც ხშირად პოლიტიკური მიზნებით ან/და საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოიყენება.
ჩვენი შეხედულებით, აუცილებლად უნდა გადაიხედოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელები და შემცირდეს თავისუფლების აღკვეთის ვადები.
დანაშაულის პრევენციის არსებული პოლიტიკა და ცალკეული პრევენციული ღონისძიებები, სათანადოდ ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.
შესაბამისად, აუცილებელია პრევენციისკენ მიმართული პროგრამების გაძლიერება და პერმანენტული კრიმინოლოგიური კვლევის პრაქტიკის წახალისება, რათა მის საფუძველზე დაგეგმილი პრევენციული პოლიტიკა მუდმივად იყოს შესაბამისი არსებულ ვითარებასთან. გარდა ამისა, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკის დოკუმენტებით განისაზღვროს სოციალური პოლიტიკის როლი დანაშაულის პრევენციის საკითხებში.
დღესდღეობით პროკურატურა არ ასაჯაროებს სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკის არაერთ მნიშვნელოვან მექანიზმს (საპროცესო შეთანხმება, აღკვეთის ღონისძიება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება) ეხება.
გარდა სახელმძღვანელო პრინციპებისა, მნიშვნელოვანია განახლდეს და საჯაროდ გამოქვეყნდეს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (ბოლოს ეს დოკუმენტები 2019 წელს განახლდა, მანამდე კი ყოველწლიურად ქვეყნდებოდა).