ბოლო წლებში პროკურატურის სისტემაში განხორციელებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, უწყება კვლავაც არ არის თავისუფალი პოლიტიკური და პარტიული გავლენებისგან. მთავარ პრობლემას ქმნის ის, რომ საპროკურორო საბჭოსა და გენერალურ პროკურორს შორის კომპეტენციები არაჯეროვნად არის გადანაწილებული და ეს უკანასკნელი კვლავაც ჭარბი ძალაუფლებითაა აღჭურვილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეიმუშავა რეფორმების ხედვა მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით. იხილეთ დოკუმენტი -
https://cutt.ly/ZeOmcQUb
დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები შემუშავებულია იმ გააზრებით, რომ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობისა და სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის მოდელები არ იცვლება.
გთავაზობთ პროკურატურის სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებების ზოგად მიმოხილვას. დეტალურ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტში.
პროკურატურის მოწყობისა და ფუნქციონირების წესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დემოკრატიის ხარისხზე ქვეყანაში. დღესდღეობით პროკურატურის სისტემა არ არის თავისუფალი პოლიტიკური და პარტიული გავლენებისგან და ის არ აღიქმება მყარი ინსტიტუციური და ფუნქციური დამოუკიდებლობის მქონე ორგანოდ.
პროკურატურის სისტემას ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმა სჭირდება, რომელიც უმთავრესად 3 მიმართულებით უნდა წარიმართოს.
მოქმედი კანონმდებლობით, გენერალური პროკურორი ჭარბი, დაუბალანსებელი უფლებამოსილებებით არის აღჭურვილი. მისი კომპეტენციები ვრცელდება არა მხოლოდ ინსტიტუციურ, ან მართლმსაჯულების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არამედ მას პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერ ინდივიდუალურ საქმეზე. პრობლემას აღრმავებს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესი (პარლამენტის უბრალო უმრავლესობით არჩევა), რომელიც ვერ უზრუნველყოფს პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე, ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსით პირის განმწესებას ამ პოსტზე.
აუცილებელია გენერალური პროკურორის დანიშვნის თაობაზე პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებდეს კვალიფიციური უმრავლესობით. გარდა ამისა, გენერალური პროკურორის უფლებამოსილებები უნდა შემოიფარგლებოდეს ინსტიტუციურ და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებით.
2015 წლიდან პროკურატურის სისტემაში არსებობს საპროკურორო საბჭო, რომელიც ფორმალურად უნდა ყოფილიყო პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტი, თუმცა ქმედით ინსტიტუტად ვერ ჩამოყალიბდა და მას ძირითადად სარეკომენდაციო უფლებამოსილებები აქვს.
ჩვენი შეხედულებით, აუცილებელია საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების დემოკრატიული წესების შემუშავება, რაც მოიაზრებს პარლამენტის მიერ საბჭოს წევრების არჩევას კვალიფიციური უმრავლესობით და საბჭოში პროკურორ და არაპროკურორ წევრებს შორის დღეს არსებული ბალანსის შეცვლას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, საპროკურორო საბჭოს როლი გაიზარდოს საკადრო და ადმინისტრირების საკითხებზე (პროკურორების დანიშვნა, დაწინაურება, დისციპლინირება) გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროკურატურის სისტემას გამოწვევები აქვს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც. აუცილებელია გასაჯაროვდეს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რადგან მას არსებითი მნიშვნელობა აქვს პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ცალკეული დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვრისთვის. აგრეთვე, ინდივიდუალურ სისხლის სამართლის საქმეებზე ზემდგომი პროკურორის მიერ გაცემული სავალდებულო მითითება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და დაერთოს შესაბამის საქმის მასალებს.