[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / ინფოგრაფიკა

რეფორმების ხედვა მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით

ბოლო ათწლეულში გატარებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, სასამართლო სისტემა კვლავ ფუნდამენტური გამოწვევების წინაშეა და ლეგიტიმაციისა და ნდობის კრიზისს განიცდის. სასამართლო დღეის მდგომარეობით უკიდურესად ჩაკეტილი, არაანგარიშვალდებული ინსტიტუტია, რომელზეც ჭარბად ვრცელდება გარე პოლიტიკური თუ შიდა კორპორატიული გავლენები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეიმუშავა რეფორმების ხედვა მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით - https://cutt.ly/ZeOmcQUb
დოკუმენტში შემოთავაზებული რეფორმები შემუშავებულია იმ გააზრებით, რომ ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობისა და სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსის მოდელები არ იცვლება.
გთავაზობთ სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებების ზოგად მიმოხილვას. დეტალურ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტში.

სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა, რომელიც პოლიტიკური ხელისუფლების უმთავრესი დამაბალანსებელი და გამწონასწორებელი უნდა იყოს. სამწუხაროდ, დღეს სწორედ ის გამოიყენება პოლიტიკური შურისძიების იარაღად, ვერ ახერხებს საზოგადოების კონსოლიდირებას სამართლიანობის პრინციპების გარშემო და აძლიერებს არასტაბილურობის განცდას ცხოვრების ყველა სფეროში.

სასამართლო სისტემას ფუნდამენტური ინსტიტუციური რეფორმა სჭირდება, რომელიც უმთავრესად 3 მიმართულებით უნდა წარიმართოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის ადმინისტრირებასა და მოსამართლეთა კარიერაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანოა. თუმცა, მის ხელთ არსებული ჭარბი ძალაუფლების პირობებში, ის თავად არის ქცეული სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის უმთავრეს საფრთხედ. ამასთან, საბჭო გამორჩეულად დახურული და გაუმჭვირვალე ინსტიტუტია, რაც ზრდის თვითნებური გადაწყვეტილებების რისკებს და ამცირებს სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობას.

შესაბამისად, აუცილებელია იუსტიციის საბჭო დაკომპლექტდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალე პროცესით, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი გაიზარდოს არამოსამართლე წევრების ჩართულობა, რაც საბჭოს საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას გაზრდის. ამასთან, აუცილებელია საბჭოს ფუნქციები არსებითად გადაისინჯოს და გადანაწილდეს სასამართლო სისტემის სხვა ორგანოებზე.
სასამართლო სისტემა დღეს უკიდურესად ჩაკეტილია და მასში არა კეთილსინდისიერი და კვალიფიციური, არამედ მხოლოდ სისტემის მიმართ ლოიალური კადრები ხვდებიან. ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის საბჭოა, რომელიც მოსამართლის კარიერასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად იღებს, თუმცა საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებით და მისი ნდობით არ სარგებლობს. ამასთან, საბჭოს ხელთ თავმოყრილი ასეთი ჭარბი ძალაუფლება საფრთხეს უქმნის ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

აუცილებელია, რეფორმით შესაძლებელი გახდეს სასამართლო სისტემის გახსნა და მასში ახალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრების შედინება. სისტემაში შესვლის შემდეგ კი მოსამართლის კარიერასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება გამჭვირვალედ, დასაბუთებულად და სათანადო სამართლებრივი გარანტიების საფუძველზე უნდა მიიღებოდეს.
სასამართლო სისტემა დღეს ნდობისა და ლეგიტიმაციის ფუნდამენტურ ნაკლებობას განიცდის. ამ პრობლემის გადაჭრა, ინსტიტუციურ რეფორმასთან ერთად განსაკუთრებული სამართლებრივი ზომების მიღებას საჭიროებს, რომელიც სასამართლოს გრძელვადიანად გაჯანსაღების მიზნებს მოემსახურება.

აუცილებელია, პარლამენტმა აიღოს პოლიტიკური ვალდებულება და მოამზადოს სათანადო კონსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებს კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვისთვის აუცილებელ ყველა მნიშვნელოვან ელემენტს. ამასთან, პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ყველა რელევანტური საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი და პროცესი წარმართოს საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“