საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ქართული დემოკრატიისთვის ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ცალკეული პირების თუ პარტიების ხელში და შემდეგ, მისით მანიპულირება როგორც ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ დღის წესრიგზე, ისე დემოკრატიულ ინსტიტუციებსა და მათ საქმიანობაზე. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საქართველომ ვერ შეძლო პოლიტიკური თუ სხვა ტიპის კერძო ინტერესების გავლენისგან თავისუფალი, მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა. დღეს ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რადგან ძალაუფლების კონსოლიდაცია ხდება არა კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, არამედ მის მიღმა, არაფორმალურად. შესაბამისად, სრულად არის მოშლილი ანგარიშვალდებულების და პოლიტიკური პასუხისმგებლობის სისტემები. არსებული კონსტიტუციური ინსტიტუტები მხოლოდ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებების ფორმალიზებას ემსახურება, რეალურად კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ინსტიტუციებს მიღმა მიიღება.
ჭარბი ძალაუფლების პრობლემას აძლიერებს სუსტი, პარტიულ გავლენებს დაქვემდებარებული ინსტიტუტები. ამის მკაფიო მაგალითია მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ვერ ასრულებს სხვა სახელისუფლებო შტოების დამაბალანსებლის და გამწონასწორებლის ფუნქციას და პირიქით, ხშირად სწორედ სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური შურისძიების იარაღად. პარტიული თუ ვიწრო-კორპორატიული ინტერესებით მართული სასამართლო იმ თვალსაზრისითაც არის პრობლემური, რომ ის საზოგადოებას არ უნერგავს კანონის მიმართ პატივისცემას, ვერ ახერხებს საზოგადოების კონსოლიდირებას საერთო ნორმებისა და სამართლიანობის პრინციპების მიმართ და აძლიერებს უნდობლობისა და არასტაბილურობის განცდას ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.
მორჩილი სასამართლოს მიღმა, ქართული დემოკრატიისთვის ასევე უკიდურეს პრობლემას წარმოადგენს ჭარბი ძალაუფლებით აღჭურვილი, არაანგარიშვალდებული სამართალდამცავი სისტემა, რომელიც, თავის მხრივ, ასევე ვერ არის მედეგი პოლიტიკური გავლენების მიმართ. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში პოლიციისა და პროკურატურის პარტიული ინტერესებით ინსტრუმენტალიზებაც დამკვიდრებული პრაქტიკაა და ხშირია შემთხვევები, როცა სამართალდამცავისთვის კანონის მოთხოვნაზე მნიშვნელოვანი პარტიული თუ კერძო ინტერესების მორჩილებაა. პოლიტიზირების მიღმა, პრობლემურია ამ უწყებების სადამსჯელო, რეპრესიასა და ჭარბ კონტროლზე მიმართული პოლიტიკაც. 2012 წლის შემდეგ, დანაშაულთან ბრძოლის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაზე ოფიციალურად უარის თქმის მიუხედავად, ქართული კანონმდებლობა და დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა არსებითად არ გადასინჯულა და ჩვენი მოქალაქეები კვლავაც არიან უსამართლო სასჯელების რისკის წინაშე. ამის თვალსაჩინო მაგალითია ნარკოპოლიტიკა, რომელიც ამ დრომდე ვერ გადაეწყო პრევენციაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებულ მიდგომებზე და რომელიც კვლავაც მკაცრ სასჯელებს ეყრდნობა..
ბოლო წლებში ასევე მზარდია უსაფრთხოების უწყებების და ზოგადად, უსაფრთხოების საკითხების პარტიული მიზნებით ინსტრუმენტალიზება. ამ პრობლემის მთავარი წერტილი ასევე არის უკიდურესად დახურული, იმავდროულად კი ჭარბი ძალაუფლებით აღჭურვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დღეს ეს უწყება არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური იარაღი, თუმცა მისი საქმიანობის დიდი ნაწილი დახურულია და ქვეყანაში არ არსებობს გარე კონტროლის ძლიერი მექანიზმები უწყების ეფექტიანი ანგარიშვალდებულებისთვის.
წარმოდგენილ დოკუმენტში შემოთავაზებულია რეფორმების ხედვები მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი მიმართულებით. დოკუმენტი აერთიანებს რეფორმის ძირითად საკითხებს საერთო სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციურ მოწყობაში. აგრეთვე შემოთავაზებულია ხედვები არსებული სისხლის სამართლისა და ნარკოპოლიტიკის გადახედვაზე. დოკუმენტში ასევე შეხვდებით რეკომენდაციებს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრობლემებსა და მათ პრევენციაზე.
ინსტრუქცია