ბოლო მონაცემებით, საქართველოში 50 000-მდე ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელი (ნიმ) ცხოვრობს. ამ მაჩვენებლით, საქართველო რამდენჯერმე უსწრებს როგორც ევროკავშირის, ისე რეგიონის და მოსაზღვრე ქვეყნებს. დღეისათვის ნარკოტიკულ დანაშაულებზე მოქმედებს გამორჩეულად მკაცრი სასჯელები, თუმცა ამას ქვეყანაში დამოკიდებულ პირთა რაოდენობის შემცირება არ მოჰყოლია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში არაინექციური ნარკოტიკული საშუალებებიც, განსაკუთრებით კი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შეიმუშავა რეფორმების ხედვა მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი მიმართულებით. იხილეთ დოკუმენტი -
https://cutt.ly/mePjDpAb
ამჯერად გთავაზობთ ნარკოპოლიტიკის სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების ზოგად მიმოხილვას. დეტალურ რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ დოკუმენტში.
ნარკოტიკულ საშუალებების მოხმარებიდან მომდინარე ჯანდაცვისა და სოციალური გამოწვევების ეფექტიანი დაძლევის მიზნით, საჭიროა გატარდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა. რეფორმა მიზნად უნდა ისახავდეს ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული მიდგომის ფუნდამენტურ შეცვლას და დასჯაზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩანაცვლებას ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული მეთოდებით.
ნარკოპოლიტიკის რეფორმა მიზნად უნდა ისახავდეს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული მიდგომის ფუნდამენტურ შეცვლას და დასჯაზე დაფუძნებული პოლიტიკის ჩანაცვლებას ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული მეთოდებით. ამისათვის აუცილებელია, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდეს რეპრესიული კანონმდებლობის გადახედვა, გაფართოვდეს ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების სერვისები და ნივთიერებების მოხმარების პრევენციას რეალური პრიორიტეტი მიენიჭოს.
უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში, ასევე ნარკოპოლიტიკის მარეგულირებელ სხვა სამართლებრივ აქტებში.
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის უნდა გაუქმდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის როგორც კრიტერიუმები, ისე სანქციები არსებითად გადაიხედოს. ამასთანავე, საჭიროა, რომ კანონმდებლობაში გაჩნდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული მექანიზმები.
გადაისინჯოს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელები და მიესადაგოს ევროპულ კანონმდებლობას. განსაკუთრებიული პრიორიტეტი მიენიჭოს სასჯელთა ქვედა ზღვრის დაწევას და ამ გზით, მოსამართლის დისკრეციის გაძლიერებას. საჭიროა, რომ ცვლილებები შევიდეს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში და სამართლიანად განისაზღვროს ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები.
გარდა ამისა, უნდა გაუქმდეს უფლებათა ჩამორთმევის მექანიზმი, რომელიც, ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდებულ პირებს მრავალი წლით უზღუდავს დასაქმებასთან დაკავშირებულ უფლებებს, რითაც, კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას და აბრკოლებს მომხმარებელთა რესოციალიზაციის პროცესს.
ნარკოპოლიტიკის რეფორმის მთავარ პრიორიტეტს ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების სერვისების დახვეწა და გაფართოება უნდა წარმოადგენდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები შეეხოს ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას, კერძოდ, გაიზარდოს მისი ტერიტორიული დაფარვა, ხოლო სამკურნალო პრეპარატის გაცემა განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ბენეფიციართა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე.
გარდა ამისა, სახელმწიფომ არსებითი ნაბიჯები უნდა გადადგას ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით. ამ ეტაპზე, დამოკიდებულ პირთა ხანგრძლივი რეაბილიტაცია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება, რაც, ეტაპობრივად უნდა აღმოიფხვრას.
რეფორმის ფარგლებში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ზიანის შემცირების სერვისებს. ამასთან, უნდა ამოქმედდეს ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემა, რომელიც დააკვირდება ნარკოსცენას და დროულად შეძლებს ჯანდაცვისა და სოციალური საფრთხეების შეფასებას.