საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ინტერნეტის უპირატესობებს, როგორებიცაა: მისი ხელმისაწვდომობა, შეზღუდვების ნაკლებობა, დიდი პოტენციური აუდიტორია და სწრაფი ინფორმაციის ნაკადი, ბოროტად იყენებენ ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ინდივიდების რადიკალიზაციაზე თავიანთი გეგმებისა თუ მიზნების მისაღწევად.
რადიკალიზმი გულისხმობს დამოკიდებულებების ან ქცევების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს აჯანყების სურვილს პოლიტიკური, სოციალური და კულტურული სისტემების, ასევე, უფრო ფართოდ, საზოგადოებაში მიღებული ნორმებისა და პრაქტიკის წინააღმდეგ (Galland, & Muxel, 2020). გზები, რომლითაც ხდება ინდივიდების იდეოლოგიური რადიკალიზაცია, ვითარდება და სულ უფრო მეტად გვხვდება სოციალური მედიის პლატფორმებსა და ონლაინ ჯგუფებში. რადიკალური ჯგუფები თავს იჩენენ, როგორც სოციალური მედიის ტექნოლოგიების კომპეტენტური მომხმარებლები ინტერნეტის არსებობის პირველივე დღეებიდან, იყენებენ ინტერნეტს კონტენტის წარმოების მიზნით, ასევე გასავრცელებლად, მიმდევრების მოსაზიდად და რადიკალიზაციისთვის, ონლაინ და ოფლაინ ოპერაციების დაგეგმვისა თუ შემოსავლის წყაროების შესაქმნელად. ინტერნეტი გახდა ერთ-ერთი ძირითადი ოპერატიული გარემო, რომელშიც რეალიზდება რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიები, იგეგმება თავდასხმები და იქმნება სოციალური მოძრაობები (Winter, Neumann, Meleagrou-Hitchens, Ranstorp, Vidino, & Fürst, 2020).
დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამთავრობო ორგანიზაციები, სამართალდამცავი უწყებები, მედიები და სხვები, ხაზგასმით უთითებენ ონლაინ რადიკალიზაციის საფრთხეზე, როგორც პოლიტიკის მთავარ საკითხზე (Correa & Sureka, 2013). დღესდღეობით, ეროვნული უსაფრთხოების გამოძიების, სადაზვერვო და სამართალდამცავი ორგანიზაციების უმეტესობა ითვალისწინებს ინტერნეტს. ძალადობრივი და არაძალადობრივი რადიკალური ორგანიზაციები სარგებლობენ ცვალებადი საინფორმაციო გარემოთი, სოციალური მედიის პლატფორმების და ადვილად ხელმისაწვდომი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა მიაღწიონ უფრო ფართო აუდიტორიას და შეძლონ მოწყვლადი პირების გადაბირება (Bastug, Douai, & Akca, 2020). ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობა ვერ ახერხებს განასხვაოს ნამდვილი, თაღლითური და შეცდომაში შემყვანი ონლაინ კონტენტი, რაც მათ დაუცველს ხდის წამქეზებელი, პროპაგანდისტული მასალების შემთხვევითი გავრცელების მიმართ (Williams, Evans, Ryan, Mueller, & Downing, 2021).
ლიტერატურის მიხედვით, არსებობს ორი ველი, რომელსაც შეუძლია გამოკვებოს რადიკალიზაცია ონლაინ და ოფლაინ დომენებზე. ამ ორის განცალკევების შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მას შემდეგ, რაც რადიკალიზებული ინდივიდები იყენებენ ორივე დომენს თავიანთი საქმიანობისთვის და შეუფერხებლად მოძრაობენ ორივეს შორის (Pauwels & Schils, 2016; Gill et al., 2017; Whittaker, 2022). გარდა ამისა, დღეს მკვლევართა უმეტესობა თანხმდება, რომ რადიკალიზაცია არ არის წრფივი ან ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარე პროცესი, არამედ მულტიფაქტორული ფენომენია (ფრისენი, 2021), სადაც მრავალი მექანიზმი, სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა ადამიანზე, არაერთი გზით მოქმედებს (Borum, 2011).
წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია რადიკალური ჯგუფების ზემოქმედებისა და ინდივიდების ონლაინ მოზიდვის ძირითადი თეორიები თუ გზები და ამ გავლენის დასაძლევად, მთავრობების მიერ გამოყენებული ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტები და სტრატეგიები.
პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“, ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ინსტრუქცია