[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

პოლიციაზე ზედამხედველობის მექანიზმები - მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვა

ქვეყნის მოსახლეობის ეფექტიანი და ლეგიტიმური უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთავრობის ძირითადი ფუნქციაა, ამ ფუნქციის მატარებელი ცენტრალური ინსტიტუტი კი პოლიციაა. პოლიციის ორგანოები წარმოადგენს სისხლის სამართლის სისტემის ყველაზე თვალსაჩინო ინსტიტუტებს და უფლებამოსილნი არიან აღასრულონ ის, რასაც კანონი განსაზღვრავს სწორ და არასწორ ქცევად (Hough და სხვები, 2010). ამ მიზნების განსახორციელებლად პოლიციას ეძლევა უფლება, გამოიყენოს ძალა მშვიდობიანობის დროს. ძალაუფლებისა და კანონის აღსრულება არსებითად და გარდაუვალად მოიცავს დისკრეციას და გადაწყვეტილების მიღებას. ნებისმიერ დემოკრატიულ მთავრობას აქვს მოვალეობა, უზრუნველყოს უსაფრთხოება და იყოს ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული თავისი მოქალაქეების წინაშე. როგორც ასეთი, უპირველეს ყოვლისა, პოლიციის ინსტიტუტებს უნდა შეეძლოთ დაუცველობის შემცირება და პირადი ანგარიშვალდებულების გაძლიერება (Millen & Stephens, 2011).

ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, რომლებიც ეხება ტექნოლოგიურ მიღწევებსა და სწრაფი ურბანიზაციის პროცესებს, საპოლიციო პრაქტიკა შეიცვალა. ზოგიერთი ეს ცვლილება მოიცავს საპოლიციო იძულებითი უფლებამოსილებების ზრდას, საპოლიციო ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, მაღალკვალიფიციური და მძიმედ შეიარაღებული საბრძოლო ნაწილების განვითარებას და სამოქალაქო პოლიციასა და უსაფრთხოებას შორის ტრადიციული განსხვავების ბუნდოვანებას (Walsh & Conway, 2011), თუმცა ყოველივე ეს პოლიციას ასევე აძლევს საკმარის შესაძლებლობას, დაარღვიოს ადამიანის უფლებები და ბოროტად ისარგებლოს თავისი უფლებამოსილებითა და სამთავრობო რესურსებით. დემოკრატიულ საზოგადოებაში საპოლიციო უფლებამოსილების გამოყენება (რომელიც ხშირად შეიძლება ინვაზიური იყოს), თუკი არ იქნება კონტროლირებადი, არა მხოლოდ დაძაბულობას წარმოშობს პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, არამედ საფრთხეს შეუქმნის მათ უფლებებსა და თავისუფლებებს. ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს პოლიციის სისასტიკე, დაკავების დროს ფატალური შემთხვევები, წამება და სხვაგვარი სასტიკი მოპყრობა, სიკვდილით დასჯა სამართლიანი სასამართლოს გარეშე, იძულებითი გაუჩინარება და ძალის გადაჭარბებული გამოყენება, განსაკუთრებით საპროტესტო აქციების დროს. ამიტომ, აუცილებელია, პოლიცია ანგარიშვალდებული იყოს სამთავრობო უწყებებისა და საზოგადოების წინაშე. პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი (2001) ადგენს, რომ „პოლიცია ანგარიშვალდებულია სახელმწიფოს, მოქალაქეებისა და მათი წარმომადგენლების წინაშე.“ ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს პოლიციის თანამშრომლების გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაზე (Cronin & Reicher, 2009). უფრო მეტიც, პოლიციის საქმიანობის გააზრება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელია მოქალაქეების დაცვაზე, არამედ იმიტომაც, რომ წარმოადგენს მთავრობის ცენტრალურ ნაწილს. როგორც ასეთი, დასკვნები იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანი და კანონმორჩილია პოლიცია, შეიძლება განზოგადდეს სხვა სამთავრობო უწყებებზე (Beetham, 1991), რაც მას ცენტრალურ საკითხად აქცევს საჯარო მმართველობის სწავლებისთვის.

პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“, ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

01_პოლიციის_ზედამხედველობის_მექანიზმი_1709216294.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“