საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
ევროპაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების ერთ-ერთი უმთავრესი დამდგენი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა. ვფიქრობ, მსგავსი ავტორიტეტი სასამართლომ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ევოლუციური განმარტების მეთოდის გამოყენებითაც მოიპოვა. ამ დოქტრინის გამოყენების ერთ-ერთი უახლესი მაგალითი სასამართლოს დიდი პალატის მიერ 2023 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილებაა საქმეზე „ფედოტოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ.“[1]
ამ ბლოგში შეფასდება, რამდენად შესაძლებელია სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ რუსული საინფორმაციო ოპერაციების ინსტრუმენტად იქცეს.
საქმის ძირითადი გარემოებები
რუსეთში ქორწინების მარეგულირებელი სამართლებრივი რეჟიმი ამ უფლებას ერთნაირსქესიან პირებს არ ანიჭებს.[2] ამგვარად, განმცხადებლებმა ევროსასამართლოს მიმართეს და მიუთითეს, რომ მათი ოჯახური ურთიერთობის აღიარებისთვის სპეციფიკური სამართლებრივი რეჟიმის შექმნის ვალდებულება სახელმწიფოს ევროპული კონვენციის მერვე მუხლის პირველი პუნქტით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებიდან გამომდინარე ჰქონდა, ხოლო რუსეთში არსებული მოწესრიგება ამ უფლებას ხელყოფდა.[3] ევროსასამართლოს პალატამ განმცხადებელთა პოზიცია გაიზიარა და განაცხადი დააკმაყოფილა.[4]
2023 წლის 17 იანვარს სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა ეს დასკვნა და დაადგინა, რომ კონვენციის მერვე მუხლით განმტკიცებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ეფექტიანი უზრუნველყოფისთვის სახელმწიფოს ეკისრება ზემოხსენებული სპეციფიკური სამართლებრივი რეჟიმის შექმნის ვალდებულება.[5]
რუსეთის მთავრობა წარუმატებლად შეეცადა სასამართლოსთვის მიეთითებინა, რომ მერვე მუხლის მსგავსი განმარტება ძალიან ფართო იყო და იგი კონვენციის მე-12 მუხლით განმტკიცებულ ქორწინების უფლებას „გადაფარავდა“.[6] მთავრობის პოზიციით, სახელმწიფოები კონვენციას დასაბამიდანვე იმ გაგებით მიუერთდნენ, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და კაცს შორის კავშირად იყო აღიარებული და სწორედ ეს იყო ურთიერთობის ის ერთადერთი ფორმა, რომლითაც ოჯახი იქმნებოდა.[7] მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ კონვენცია და მისი მნიშვნელობა დროსთან ერთად არ ფართოვდება.[8]
დიდმა პალატამ თავისი დასკვნა პოზიტიური ვალდებულების არსებობის შესახებ სამ ძირითად არგუმენტს დააფუძნა: სასამართლოს მიერ იდენტურ საკითხზე პრაქტიკის განვითარების ტრაექტორიას, ევროპის საბჭოს შიგნით ადამიანის უფლებათა სხვადასხვა ექსპერტული ორგანოს მიდგომას და ევროპულ სახელმწიფოთა პრაქტიკას ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთობის აღიარების მიმართულებით.[9] ამავდროულად, სასამართლომ მიუთითა, რომ კონვენცია ცოცხალი ინსტრუმენტია, რომელიც დღევანდელი, თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით უნდა განიმარტოს“.[10] ეს ემსახურება კონვენციის ფუძემდებლურ იდეალებსა და ღირებულებებს, საპირისპირო განმარტება ამ დოკუმენტს ადამიანის უფლებათა განვითარების დამაბრკოლებლად გადააქცევდა.[11]
საგულისხმოა, რომ ფედოტოვას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, სასამართლომ საქმეზე „მამიმულახინი და მარკივი უკრაინის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ უკრაინამ დისკრიმინაციულად შელახა განმცხადებელთა პირადი და ოჯახური ცხოვრება, რადგან ეროვნული კანონმდებლობა ერთნაირსქესიანი წყვილების ურთიერთობის აღიარების არცერთ ფორმას არ ითვალისწინებდა.[12] ამგვარად, უკრაინას დაეკისრა ამგვარი ურთიერთობის სამართლებრივი აღიარების ვალდებულება.[13]
ამ გადაწყვეტილებების ფონზე აუცილებელია ითქვას, რომ სამართლებრივი ტექსტის განმარტების ორიგინალისტური მეთოდი ცოცხალ ინსტრუმენტად ინტერპრეტირების დოქტრინის ერთ-ერთი ძირითადი მეტოქეა.[14] საერთაშორისო ხელშეკრულებასთან მიმართებით ეს მეთოდი ნიშნავს, რომ „...1953 წელს ძალაში შესული ევროპული კონვენციის მერვე მუხლის სიტყვები – „პირადი და ოჯახური ცხოვრება“ - ადამიანს იცავს მხოლოდ იმ ქმედებებისგან, რომლებიც ძალაში შესვლის მომენტში ხელშემკვრელი სახელმწიფოების გაგებით იყო აკრძალული. ეს ბუნებრივად ნიშნავს, რომ ტექნოლოგიური განვითარების პროცესის მიღმა, ტექსტი ინარჩუნებს ფიქსირებულ მნიშვნელობას, არ იწყებს საკუთარ ცხოვრებას და შეუძლებელია სასამართლოს მიერ ფუნდამენტური სოციალური ცვლილებებისთვის იქნეს გამოყენებული.“[15] ამგვარად, ფედოტოვასა და მამილუხინის საქმეებში სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გადაწერა საერთაშორისო ხელშეკრულება, გადაუხვია საკუთარი მანდატიდან და სახელმწიფოებს დააკისრა ვალდებულება, რომელიც კონვენციაში მათი თანხმობით არ ყოფილა ჩადებული.[16] ამ ჭრილშია ხაზგასასმელი ისიც, რომ კონვენციის თანახმად, სასამართლო დაფუძნებულია „...მაღალი ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.“[17]
მნიშვნელოვანია, სასამართლოს ამგვარი დასკვნები გაანალიზდეს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული საინფორმაციო ომის ჭრილში.
რუსული საინფორმაციო ომი - უკრაინა, საქართველო და დასავლეთი
სამიზნე ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში რუსეთი უმნიშვნელოვანეს ყურადღებას სწორედ ინფორმაციის დამუშავების ელემენტზე ამახვილებს.[18] საინფორმაციო შეტევებისთვის განკუთვნილი თემატიკა კონკრეტული სამიზნე ქვეყნის კონტექსტისა და საზოგადოების მიხედვით შეირჩევა.[19] ამ ჭრილში საინტერესოა, რომ 2023 წლის მარტში უკრაინის რადაში ინიცირებულ იქნა რეგისტრირებული პარტნიორობის შესახებ კანონპროექტი, რომლითაც ერთნაირი სქესის წყვილების ურთიერთობა სამართლებრივად აღიარებული ხდებოდა.[20]
მართალია, მამილუხინისა და მარკივის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას აღნიშნული კანონპროექტი უშუალოდ არ უკავშირდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მას მხარი 2023 წლის ოქტომბერში, მამილუხინის საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუჭირეს.[21]
ხაზგასასმელია, რომ ამავე პერიოდში საქართველოში მომუშავე რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ერთ-ერთი გვერდი ანტიდასავლურ კონტექსტში აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს.[22] ამასთან მიმართებით საგულისხმოა, რომ დასავლეთის, როგორც ზოგადად ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანობის მტრის სახით წარმოჩენა საქართველოში რუსული საინფორმაციო ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.[23] მსგავსი საინფორმაციო ოპერაციები ევროკომისიის მიერ საქართველოსა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხზე მსჯელობის თანადროულადაც მიმდინარეობდა.
მართალია, ამ შემთხვევაში, ევროსაბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ან მიმოხილული გადაწყვეტილებები პროპაგანდისტული პლატფორმების მიერ ხსენებული არ ყოფილა, თუმცა, ნათელია, რომ კონვენციის ევოლუციურმა განმარტებამ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, შესაძლოა, უსაფრთხოების გამოწვევად აქციოს. ამ დასკვნას ევროპის მასშტაბით სასამართლოს მნიშვნელოვანი ავტორიტეტი და სამართლის განვითარებაზე მისი გავლენა ამყარებს.
დასკვნა: სამართალი და საინფორმაციო ოპერაციები
ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტში სახელმწიფოთა სუვერენული ნებაა ჩადებული. ადამიანის უფლებათა დამდგენი აქტი გამონაკლისი არ არის. ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტექსტის განმარტება ისე, რომ მასში ამოკითხულ იქნეს ახალი, სახელმწიფოთა მიერ განუსაზღვრელი ვალდებულებები, წარმოქმნის მნიშვნელოვან უსაფრთხოების რისკსაც. მითუმეტეს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე რუსული საინფორმაციო ოპერაციების ზეწოლა განსაკუთრებით ინტენსიურია, რადგან რუსეთის გეოპოლიტიკის განმსაზღვრელები ამ ქვეყნებს რუსულ მიწებად მიიჩნევენ.[24]
ხსენებულ რისკებს შორის ერთ-ერთია მყარი შესაძლო პროპაგანდისტული ნარატივი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქვეყნებს თავს ახვევს ფართო თავისუფლებებს. ამგვარი მიდგომა პროპაგანდისტული მიზნებით ეფექტური შეიძლება იყოს საქართველოშიც, რადგან რუსულ საინფორმაციო ომში ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობის უფლება, დასავლეთის იდეოლოგიური ზეწოლის პროდუქტად არის ინტერპრეტირებული[25].
ბუნებრივია, კონვენციის განმარტების მეთოდის ცვლილება საინფორმაციო ოპერაციებს არ შეწყვეტს და პროპაგანდა ყველა სოციალურ-სამართლებრივ დისკურსს მოერგება. ამავდროულად, სასამართლო პოლიტიკურ აქტორად ვერ ჩამოყალიბდება და ყველა შესაძლო უსაფრთხოების რისკს ვერ გაითვალისწინებს. ამდენად, აუცილებელია, რომ ევროპულმა სასამართლო საკუთარი მანდატის ფარგლებში დარჩეს. ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით სამართლის დადგენის პროცესი ბევრად უფრო პროგნოზირებადი გახდება, ხოლო ამგვარი განმარტებისას წარმოშობილი შესაძლო უსაფრთხოების რისკების მინიმიზაცია მთლიანად სახელმწიფოთა სუვერენულ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
ბლოგი მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის, „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“, ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
[1] Fedotova and Others v. Russia [ECtHR], App. No. 40792/10, 30538/14 and 43439/14, 17 January 2023, par. 167.
[2] იქვე, par. 41-45.
[3] იქვე, par. 108.
[4] Fedotova and Others v. Russia [ECtHR], App. Nos. 40792/10, 30538/14 and 43439/14, 13.
July 2021, paras. 55-56.
[5] Fedotova and Others v. Russia [ECtHR], App. Nos. 40792/10, 30538/14 and 43439/14, 17.
January 2023, par. 178.
[6] იქვე, par. 109.
[7] იქვე, par. 109.
[8] იქვე, par. 110.
[9] Orlandi and Others v. Italy [ECtHR], App. Nos. 26431/12, 26742/12, 44057/12 and 60088/12, 14 December, paras. 192, 210 - Orlandi and Others v. Italy [ECtHR], App. Nos. 26431/12, 26742/12, 44057/12 and 60088/12, 14 December 2017, paras. 192, 210.
[10] Fedotova and Others v. Russia [ECtHR], App. Nos. 40792/10, 30538/14 and 43439/14, 17 January 2023, par. 167.
[11] იქვე.
[12] Maymulakhin and Markiv v. Ukraine [ECtHR[, App. No. 75135/14, 01 March 2023 par. 64, 74.
[13] იქვე, par. 74.
[14] Scalia A., Garner B., Reading Law: The Interpretation of Legal Texts, St. Paul, 2012, 36;
Scalia Speaks Reflections on Law, Faith, and Life Well Lived, Edited by Chr. J. Scalia and E. Whelan, New York, 2017, 183.
[15] კვირიკაშვილი გ., „ფედოტოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცოცხალ ინსტრუმენტად განმარტების ფარგლები“, იხ. კრებულში „ლადო ჭანტურია 60“, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2023 გვ. 232 [https://shorturl.at/mHWXZ 12/12/2023].
[16] იქვე, გვ. 234.
[17] ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-19 მუხლი.
[18] პანფილოვი ო., „რუსულ-ქართული საინფორმაციო ომი 2008 წელი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, გვ. 21-44.
[19] იქვე, გვ. 44-69.
[20] ფაქტ-მეტრი, „დეზინფორმაცია: უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს“, https://shorturl.at/gwzLM [12/12/2023].
[21] იქვე; ასევე Maymulakhin and Markiv v. Ukraine, https://shorturl.at/rZ256 [12/12/2023].
[22] ფაქტ-მეტრი, „დეზინფორმაცია: უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს“, https://shorturl.at/gwzLM [12/12/2023].
[23] მედიის განვითარების ფონდი, „ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართვველოში“, 2023, გვ. 11. https://shorturl.at/avwQ1 [12/12/2023].
[24] იხ. Dugin A., The Fourth Political Theory, Eurasian Institute 2012; Dugin., A Last War of the World-Island, Arktos Media Ltd 2018.
[25] მედიის განვითარების ფონდი, „ანტიგენდერული და ანტი-ლგბტქი მობილიზება საქართვველოში“, 2023, გვ. 11. https://shorturl.at/avwQ1 [12/12/2023].
ინსტრუქცია