საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
ცივი ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ტრადიციული ხედვა, რომლის მთავარი სუბიექტი ერი-სახელმწიფო, ხოლო ძირითადი მიზანი - ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა იყო, მრავალმხრივი კრიტიკის საგანი გახდა კონსტრუქტივიზმის, ნეოინსტიტუციონალიზმისა და ადამიანური უსაფრთხოების პარადიგმის თვალთახედვებიდან.[1] საბჭოთა კავშირის დაშლისა და დაპირისპირებულ ბლოკებს შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკის გაქრობის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და თავად სახელმწიფოებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა სხვადასხვა, აქამდე მოუსინჯავი, პერსპექტივიდან დაენახათ.[2] გლობალიზაციის, მიგრაციის, ტერორიზმის, ეთნიკური კონფლიქტების, სიღარიბის, კლიმატის ცვლილების, ეპიდემიების შედეგებთან გამკლავების საჭიროებამ წარმოაჩინა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის რელევანტური საკითხი შეიძლებოდა გამხდარიყო არა მხოლოდ სხვა სახელმწიფოებისგან მომდინარე, არამედ შიდატერიტორიული და გლობალური საფრთხეებიც.[3] ამ რეალობისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების გაბატონებული რეალისტური ხედვა, რომელიც ძირითადად სახელმწიფო საზღვრების სხვა სახელმწიფოებისგან მომდინარე საფრთხეების დაცვაზე იყო კონცენტრირებული, ზედმეტად შეზღუდული აღმოჩნდა, მისგან შექმნილი ვაკუუმის ამოვსება კი ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის ფორმით უსაფრთხოების ახალმა, უფრო ფართო და კრიტიკულმა, პერსპექტივამ სცადა.[4]
წინამდებარე ბლოგის მიზანია, მოკლედ მიმოიხილოს ადამიანური უსაფრთხოების პარადიგმის განვითარების ისტორია და მისი შემადგენელი ელემენტები, წარმოაჩინოს ცნების მიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების ტრადიციულ ხედვასთან და იმსჯელოს დემოკრატიული სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის გამოსადეგობის შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ ცნების დეტალურ განხილვამდე, მკითხველს მოკლედ ავუხსნათ ტერმინის ეტიმოლოგიური წარმომავლობა და მისი ქართულად თარგმნისთვის დამახასიათებელი ნიუანსები. ტერმინი „ადამიანური უსაფრთხოება“ მომდინარეობს მისი თავდაპირველი ინგლისური ვერსიიდან - “Human Security” და ქართულად ის შეიძლება ორგვარად ითარგმნოს: „ადამიანის უსაფრთხოება“, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო ლექსიკონში,[5] და „ადამიანური უსაფრთხოება“, რომელსაც ამ ტექსტში ჩვენ მივანიჭეთ უპირატესობა. ამ არჩევანს საფუძვლად რამდენიმე გარემოება დაედო. პირველ რიგში, ცნების ინგლისურ სახელწოდებაში სიტყვა „human” გამოყენებულია, როგორც ზედსართავი სახელი და ფართო გაგებით აღნიშნავს „ადამიანთან დაკავშირებულს“.[6] ანალოგიურად, ტერმინის გერმანულ შესატყვისში (Menschliche Sicherheit[7]), “menschliche” ასევე არის ზედსართავი სახელი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობაც არის „ადამიანთან დაკავშირებული“.[8] ამის გათვალისწინებით, ჩავთვალეთ, რომ ქართულ თარგმანშიც იმავე გრამატიკული ფორმის (ზედსართავი სახელი - არსებითი სახელი) გამოყენება მას უფრო დააახლოვებდა ცნების ორიგინალურ შინაარსთან. ასეთი გადაწყვეტა შეესაბამება ქართულ ენაში დამკვიდრებულ პრაქტიკასაც, სადაც „უსაფრთხოების“ მსაზღვრელები უმეტესად სწორედ ზედსართავი სახელის ფორმით არის დამკვიდრებული (მაგ. საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება). და ბოლოს, მივიჩნიეთ, რომ „ადამიანური უსაფრთხოება“ სემანტიკურად უფრო ეფექტურად გამოხატავდა კონცეფციის სისტემურ და ნოვატორულ ბუნებას, ვიდრე „ადამიანის უსაფრთხოება“, რომელიც ყოველდღიურ სასაუბრო ენაშიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით. აქვე ვაცნობიერებთ, რომ ქართულ ენაში ზედსართავი სახელი - „ადამიანური“ - გარდა „ადამიანთან დაკავშირებულისა“, „კეთილისა“ და „გულმოწყალეს“[9] მნიშვნელობასაც ატარებს, ამიტომ, ბუნდოვანების თავიდან ასაცილებლად, მკითხველისთვის ხაზს ვუსვამთ, რომ თარგმანში ამ სიტყვას მხოლოდ მისი პირველი („ადამიანთან დაკავშირებული“) მნიშვნელობით ვიყენებთ.
ადამიანური უსაფრთხოების ცნების მნიშვნელობა და ისტორია
ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის ისტორია გაეროს განვითარების პროგრამის 1994 წლის „ადამიანური განვითარების ანგარიშით“ იწყება. ანგარიშის მიხედვით, გაეროს დაფუძნებიდან 50 წლის შემდეგ, მსოფლიოში ინდივიდის უსაფრთხოება მხოლოდ პერსონალური, ადგილობრივი თუ ეროვნული საზღვრებით აღარ შემოიფარგლება და მას უკვე გლობალური განზომილება აქვს.[10] ანგარიში ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოების პოლიტიკის აქამდე ნაკლებად განხილულ პრიორიტეტებზე, როგორებიცაა სოციო-ეკონომიკური პრობლემები და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში დემოკრატიული მონაწილეობის დეფიციტი.[11] ამ წინაპირობების გათვალისწინებით, ანგარიში ხაზს უსვამს უსაფრთხოების ახალი ხედვის განვითარების საჭიროებას, რომელიც უსაფრთხოების ტრადიციული და ახალი საფრთხეების გეოპოლიტიკური და სოციო-ეკონომიკური საფუძვლების სისტემურად აღქმის შესაძლებლობას შექმნის. "ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში, უსაფრთხოების კონცეფცია განსაზღვრული იყო სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკით. ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში, უსაფრთხოება უთანაბრდებოდა სახელმწიფოს საზღვრების მიმართ საფრთხეებს“, - ვკითხულობთ გაეროს ანგარიშში.[12] უსაფრთხოების ამგვარი გაგება სახელმწიფოებს უბიძგებდა, რომ მუდმივად შეიარაღების გაძლიერებაზე ეზრუნათ და სამხედრო საშუალებებით ეცადათ საკუთარი საზღვრების დაცვა. ამის საპირისპიროდ, გაეროს მტკიცებით, „დღეისათვის ადამიანების უმეტესობისთვის დაუცველობის წყარო უფრო მეტად არის მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული წუხილები, ვიდრე მსოფლიო კატაკლიზმების მოხდენის შიში.“[13] სამუშაო ადგილის, შემოსავლის, ჯანდაცვის, გარემოს, კრიმინალისგან დაცვის საჭიროებები არის უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, რომლებიც სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღონ.[14] შესაბამისად, უსაფრთხოების პოლიტიკის ფოკუსი უნდა გაფართოვდეს და უფრო მგრძნობიარე გახდეს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მიმართ.
ამდენად, გაეროს მიერ შემოთავაზებული ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია უსაფრთხოების მთავარ სუბიექტად სახელმწიფოს ნაცვლად ადამიანს წარმოაჩენს, რომლის დაცულობა და კეთილდღეობა დაფუძნებულია ორ ძირითად ფუნდამენტზე - „შიშისგან თავისუფლებასა“ (“freedom from fear”) და „გასაჭირისგან თავისუფლებაზე“ (“freedom from want”).[15] უსაფრთხოების ახალი ხედვის ამ ორი მთავარი საფუძვლის გათვალისწინებით, გაერო გამოყოფს შვიდ კატეგორიას, რომლებიც ქმნიან ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციას. ესენია: ეკონომიკური, საკვების, ჯანდაცვის, გარემოს, პერსონალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური უსაფრთხოება.[16] 2000 წელს ტოკიოში გამართულ „ადამიანური უსაფრთხოების საერთაშორისო სიმპოზიუმზე“ წარმოთქმულ სიტყვაში ნობელიანტმა ეკონომისტმა და ფილოსოფოსმა ამარტია სენმაც მხარი დაუჭირა ადამიანური უსაფრთხოების გაეროსეულ ხედვას და ადამიანური უსაფრთხოების მიზნების მიღწევაში დემოკრატიული მონაწილეობის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომისა და გლობალურ დონეზე სოციო-ეკონომიკური უსაფრთხოების საბაზისო გარანტიების შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.[17]
2003 წელს გაეროს ადამიანური უსაფრთხოების დამოუკიდებელი კომისიის ავტორობით მომზადდა ახალი ანგარიში „ადამიანური უსაფრთხოება დღეს“, რომელიც კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის მნიშვნელობას 21-ე საუკუნის მულტილატერალური საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგისთვის.[18] ანგარიში აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში აღმოცენებულმა ახალი ტიპის კონფლიქტებმა და პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისებმა კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა უსაფრთხოების ტრადიციული მიდგომების გადასინჯვისა და მათი ადამიანური უსაფრთხოების პარადიგმით ჩანაცვლების საჭიროება, რადგან ისინი ადეკვატურად ვეღარ უმკლავდებიან ახლად აღმოცენებულ უსაფრთხოების რისკებსა და საზოგადოებების რეალურ საჭიროებებს.[19] ანგარიში ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკა ადამიანის უფლებებისა და ადამიანური განვითარების პარადიგმებთან მჭიდრო კავშირში უნდა განვითარდეს. უსაფრთხოების პოლიტიკამ არა მარტო უნდა დაიცვას ადამიანები კონფლიქტებისგან, არამედ უნდა გააძლიეროს მათი მედეგობა და საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად განკარგვის შესაძლებლობა.[20]
ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის გამოყენება საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს, რომ სისტემური ყურადღება დაუთმონ გლობალური მშვიდობის მშენებლობასა და ძალადობრივი კონფლიქტების მსხვერპლების სისტემურ დაცვას, შიდა უსაფრთხოების კონტექსტში კი ყურადღება გაამახვილონ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე და უსაფრთხოების ინსტიტუტები მიმართონ არა საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, არამედ მათი გაძლიერებისკენ.[21] უსაფრთხოების პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანების შესაძლებლობების განვითარებას, მათთვის დაცულობისა და უსაფრთხოების ფსიქოლოგიური შეგრძნების შექმნას მაშინაც კი, როდესაც ისინი კრიზისულ ვითარებებში აღმოჩნდებიან.[22] ამასთან, ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია სახელმწიფოებს ბიძგს აძლევს, აღიარონ, რომ ტრადიციული გაგებით დაცულ სახელმწიფოებშიც კი მოქალაქეების ნაწილი შესაძლებელია თავს დაუცველად გრძნობდეს და მხედველობაში მიიღონ მრავალფეროვანი და კომპლექსური საფრთხეები მაშინაც კი, როდესაც მკაფიოდ იდენტიფიცირებადი არ არის, ვინ არის უშუალო „მტერი“.[23]
დისკუსია ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ
ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის გამოჩენას მრავალფეროვანი დისკუსია მოჰყვა როგორც აკადემიურ, ასევე პოლიტიკურ წრეებში. კრიტიკული თეორიის მხარდამჭერი წრეები მას ენთუზიაზმით შეხვდნენ, რადგან ის სახელმწიფოზე კონცენტრირებული უსაფრთხოების ხედვის გადააზრების შესაძლებლობასა და მოქალაქეებისთვის საკუთარი მთავრობების უსაფრთხოების პოლიტიკისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების ბერკეტებს ქმნიდა.[24] ამის საპირისპიროდ, რეალიზმის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების ახალი რისკებისა და აქტორების გაჩენის მიუხედავად, საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი კვლავ ანარქიულია და გარე საფრთხეები პირველ რიგში კვლავ სხვა სახელმწიფოებისგან მოდის, შესაბამისად უსაფრთხოების პოლიტიკა კვლავ საზღვრებისა და გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვის მიზნებით უნდა იყოს ნაკარნახევი.[25] შესაბამისად, რეალისტების აზრით, სახელმწიფო ისევ რჩება უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვის მთავარ სუბიექტად, მოქალაქეებისა და საზოგადოების უსაფრთხოება კი ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი კომპონენტებია.[26]
ადამიანური უსაფრთხოების ცნება სხვა პერსპექტივებიდანაც გახდა მრავალმხრივი კრიტიკის საგანი. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ კონცეფცია არასწორად ინტერპრეტირებს სახელმწიფო უსაფრთხოების ტრადიციულ მიდგომას, როგორც მხოლოდ სახელმწიფოს გარე საფრთხეების დაცვაზე ორიენტირებულს. მათი აზრით, სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო სამიზნე საკუთარი მოქალაქეების დაცვაა, შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად მას შეუძლია ადაპტირდეს ახალი ტიპის იმგვარ საფრთხეებთანაც, რომლებიც აუცილებლად სხვა სახელმწიფოებსა თუ ტერიტორიულ საზღვრებთან არ არის დაკავშირებული.[27] სხვა ავტორების აზრით, ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციას მხოლოდ ნორმატიული ღირებულება აქვს, რადგან ის სახელმწიფოებს მოუწოდებს, ყურადღება გადაიტანონ ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვიდან ინდივიდუალური მოქალაქეების უფლებებისა დაცვასა და ღირსეული ცხოვრების გარანტიების შექმნაზე, მაგრამ ბუნდოვანია ამ ცნების კონცეპტუალური სიცხადე, რადგან მასში ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და განვითარების პარადიგმებს შორის მიჯნის გავლება შეუძლებელია.[28] ამასთან, ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია იმდენად ფართო, ყოვლისმომცველი და შინაარსობრივად მოქნილია, რომ რთულია მისი პრაქტიკაში განხორციელება და უსაფრთხოების რეალური პოლიტიკის სტრატეგიად გადაქცევა. შესაბამისად, მისი ყოვლისმომცველობა ცნებას „ცარიელ აღმნიშვნელად“ გადაქცევას უქადის.[29] ზოგიერთი კრიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ გაეროს მიერ განსაზღვრული ადამიანური უსაფრთხოების შვიდი ინდიკატორის იმპლემენტაცია პოტენციურად ურთიერთგადამფარავია, კონცეფცია კი არ გვთავაზობს მათი ერთმანეთისგან განცალკევებისთვის მკაფიო მეთოდოლოგიას.[30] სხვები ასევე საუბრობენ ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის თანმდევ საფრთხეზეც, რომ ხელი შეუწყოს სენსიტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების გარშემო დისკუსიის „მიტაცებას“ უსაფრთხოების ინსტიტუტების მიერ.[31] ზოგიერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ კონცეფციის სახელდებაში სიტყვა „ადამიანური“ ყალბი ჰოლიზმის განცდას ქმნის, რამაც შეიძლება შეზღუდოს სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფის მიმართ დიფერენცირებული მიდგომის განხორციელების შესაძლებლობები.[32]
ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია განსხვავებულად ესმით მისი ძირითადი სულისკვეთების აქტიურ მხარდამჭერებსაც. მაგალითად, გაეროსგან განსხვავებით, რომელიც ადამიანური უსაფრთხოების ფართო გაგებას უჭერს მხარს, სხვა ჯგუფები, მაგალითად, 1999 წელს ჩამოყალიბებული სახელმწიფოთაშორისი ინიციატივა - ადამიანური უსაფრთხოების ქსელი (Human Security Network) - კონცეფციის უფრო ვიწრო გაგებას ეფუძნება.[33] ქსელი აერთიანებს ავსტრიას, კანადას, ჩილეს, კოსტა-რიკას, საბერძნეთს, ირლანდიას, იორდანიას, მალის, ნიდერლანდებს, ნორვეგიას, შვეიცარიას, სლოვენიას, ტაილანდს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას როგორც დამკვირვებელ წევრს და კონცენტრირებულია „შიშისგან თავისუფლებისა“ და „გასაჭირისგან თავისუფლების“ მიზნების მიღწევაზე.[34] ის ცდილობს, დაეხმაროს უსაფრთხოებაზე მომუშავე ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, კონფლიქტების თავიდან არიდებას, მშვიდობის მშენებლობასა და განვითარების ხელშეწყობას. უფრო კონკრეტულად, ქსელი ხელს უწყობს „პერსონალის საწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ“ ოტავას კონვენციის უნივერსალიზაციას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაძლიერებას, შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა უფლებების დაცვას, ტრანსნაციონალურ შეიარაღებულ დანაშაულთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების შესახებ განათლების გავრცელებას, აივ ინფექციის/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა.[35]
ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის ვიწროდ გაგების კიდევ ერთი გამოხატულებაა მკვლევართა ერთი ნაწილის მოსაზრება, რომელიც ადამიანური უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად კანონის უზენაესობის პრობლემებსა და ორგანიზებულ ძალადობას მიიჩნევს.[36] ზოგიერთი ასევე მხარს უჭერს პარადიგმის მხოლოდ „ჰუმანიტარულ“ განზომილებას, რომელიც გადაუდებელი საჭიროებისა და კრიზისის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის საჭიროებას გულისხმობს.[37]
ადამიანური უსაფრთხოების პარადიგმის განსხვავებულ ხედვებს დაეფუძნა კანადის და იაპონიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. კანადა ცნებას გაეროსთან შედარებით უფრო ვიწროდ - „ძალადობრივი და არაძალადობრივი რისკებისგან ხალხის უსაფრთხოებად“ - განმარტავს და მას ეროვნული უსაფრთხოების ტრადიციული ხედვის შემავსებელ მიდგომად მიიჩნევს.[38] იაპონიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ადამიანური უსაფრთხოების ცნება უფრო ფართოა, თუმცა ის მაინც განსხვავდება გაეროს დეფინიციისგან. იაპონიის უსაფრთხოების პოლიტიკის თანახმად, „ადამიანური უსაფრთხოება სრულფასოვნად მოიცავს ყველა საფრთხეს, რომელიც ემუქრება ადამიანის გადარჩენას, ყოველდღიურ ცხოვრებას და ღირსებას.“[39]
ამდენად, ადამიანური უსაფრთხოების პარადიგმის კრიტიკა სხვადასხვა პერსპექტივიდან ხდება. უშუალოდ პარადიგმის სულისკვეთების მხარდამჭერებში კი მისი მნიშვნელობა თუ პრაქტიკული იმპლემენტაციის შესაძლებლობა მრავალფეროვნად არის გაგებული, თუმცა ეს მიდგომები უმეტეს შემთხვევაში არ გამორიცხავენ ერთმანეთს და პირდაპირ თუ ირიბად იზიარებენ ცენტრალურ ხედვას, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვის მთავარი სუბიექტი ადამიანი უნდა იყოს.
ადამიანური უსაფრთხოების ცნების მიმართება უსაფრთხოების ტრადიციულ ხედვასთან
როგორც ამარტია სენი აღნიშნავს, „ადამიანური უსაფრთხოება ავსებს სახელმწიფო უსაფრთხოებას“ და „ერთმანეთთან აკავშირებს უსაფრთხოების, უფლებებისა და განვითარების ადამიანურ ელემენტებს.“[40] ცივი ომის დროს უსაფრთხოების პოლიტიკა სრულად სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, შეიარაღებასა და სამხედრო გზებით თავდაცვასთან იყო დაკავშირებული და ორი ძირითადი ღირებულების - ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვას ემსახურებოდა.[41] ბიპოლარული სამყაროს დაშლამ უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ პერსპექტივაში აღქმისა და ფართოდ გაგების უნიკალური შესაძლებლობა წარმოშვა.[42] ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციამ სახელმწიფო უსაფრთხოების ცნება რამდენიმე მიმართულებით გაამდიდრა: მან ყურადღება გაამახვილა მოქალაქეებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის რელევანტურ ახალ საკითხებზე; გააფართოვა უსაფრთხოების პოტენციური რისკებისა და რელევანტური აქტორების წრე და წარმოაჩინა, რომ უსაფრთხოების მიღწევა გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანების საფრთხეებისგან დაცვას, არამედ მათი მედეგობისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.[43]
გაეროს 2003 წლის ანგარიში თავადაც განიხილავს ადამიანური და სახელმწიფო უსაფრთხოების ცნებების ურთიერთმიმართებას. ანგარიშის მიხედვით, ადამიანური უსაფრთხოების ცნება ეწინააღმდეგება არა სახელმწიფო უსაფრთხოების ტრადიციულ მიდგომას, არამედ მიუთითებს, რომ გლობალიზაციისა და ცივი ომის დასრულების შედეგად თავად სახელმწიფოების ტრადიციული როლი საერთაშორისო პოლიტიკურ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოების განსაზღვრაში შეიცვალა.[44] კონცეფციის მიხედვით, ახალ საფრთხეებზე რეაგირების საჭიროების პასუხად, უსაფრთხოების ცნების გაგებაც უნდა გაფართოვდეს და მისი განსაზღვრა უფრო დემოკრატიული და ინკლუზიური უნდა გახდეს.[45] ამდენად, ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია მიზნად ისახავს არა სახელმწიფოს მიერ ტრადიციული ეროვნული უსაფრთხოების მიზნების უგულებელყოფას, არამედ ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ, სამხედრო, ადამიანის უფლებებისა და განვითარების სტრატეგიებს შორის ბალანსის დამყარებას.[46]
დასკვნა
ადამიანური უსაფრთხოების კონცეფციის სიძლიერე, მიუხედავად მისი ოპერაციონალიზაციის სირთულისა, სწორედ მის, ერთი შეხედვით, ბუნდოვანებასა და ყოვლისმომცველობაშია. კონცეპტუალური მოქნილობა და სიფართოვე მას შესაძლებლობას აძლევს, რომ უსაფრთხოების პოლიტიკის სადამფუძნებლო ჩარჩოს ფუნქცია შეასრულოს. კონცეფციის განსხვავებული ინტერპრეტაციები ერთმანეთს არ გამორიცხავს და პრაქტიკაში მაინც მთავარ საერთო მიზანს - ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრისას ადამიანებისა და საზოგადოებების რეალურ საჭიროებებზე ყურადღების გამახვილებას - ემსახურება.[47] ამასთან, ის ქმნის კონცეპტუალურ და ნორმატიულ საფუძველს გლობალური პრობლემების - სიღარიბის, ეკონომიკური უთანასწორობის, ტერორიზმის, ჰუმანიტარული კრიზისების, პანდემიებისა და ეპიდემიების - საპასუხოდ გლობალური კოლექტიური ძალისხმევის მობილიზებისთვის.[48]
უკანასკნელ წლებში განვითარებული მოვლენები, როგორიცაა Covid-19 პანდემია, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური კატაკლიზმები თუ ულტრა-მემარჯვენე და რადიკალური ძალების გლობალური გაძლიერება, წარმოაჩენს, რომ სახელმწიფოების წინაშე არსებული პრობლემების დიდი ნაწილი ერთმანეთის მსგავსია და მათი ეფექტური მოგვარება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ტრადიციული სამხედრო დაპირისპირებების კონტექსტშიც კი, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის თანმდევმა პროცესებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ლანდშაფტი იმ შემთხვევაშიც შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, როცა სახელმწიფო პირდაპირი სამხედრო თავდასხმის ობიექტი თვითონ არც გამხდარა. ჰიბრიდული საფრთხეების, საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების, მიგრაციული ნაკადების, საკვების მიწოდების გლობალური ჯაჭვის დარღვევის,[49] დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შედეგები თავისუფლად ვრცელდება იმ ქვეყნებზეც, რომლებიც არ წარმოადგენენ კონფლიქტის მონაწილე თუ მისი შედეგით დაინტერესებულ მხარეს.
ამდენად, ადამიანური უსაფრთხოების კონცეფცია მძლავრ ალტერნატივას წარმოადგენს მილიტარიზებული, სახელმწიფოთაშორის კონფლიქტზე ორიენტირებული უსაფრთხოების სისტემის საპირისპიროდ და ქმნის უსაფრთხოების პოლიტიკის დასახვაში მრავალფეროვანი აქტორებისა და პერსპექტივების გათვალისწინების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანური უსაფრთხოების ცნებას მხოლოდ ნორმატიულ იდეალად და არა პოლიტიკის შემუშავების პრაქტიკულ ხედვად დავსახავთ, მას შეუძლია უსაფრთხოების პოლიტიკის დემოკრატიულობის, ინკლუზიურობისა და მოქალაქეების საჭიროებების მიმართ უფრო სენსიტიური პოლიტიკის შექმნაში რეალური ცვლილებების გამოწვევა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში წვლილის შეტანა.
ბლოგი მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის, „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“, ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ბიბლიოგრაფია
Acharya, Amitav. “Human Security: East versus West.” International Journal 56, no. 3 (2001): 442–60. https://doi.org/10.2307/40203577.
Baldwin, David A. “The Concept of Security.” Review of International Studies 23, no. 1 (1997): 5–26.
Bindenagel Šehović, Annamarie. “Introduction: Origins of Human Security.” Reimagining State and Human Security beyond Borders, 2018, 1–12. https://doi.org/10.1007/978-3-319-72068-5_1.
Chandler, David. “Resilience and Human Security: The Post-Interventionist Paradigm.” Security Dialogue 43, no. 3 (June 2012): 213–29. https://doi.org/10.1177/0967010612444151.
Commission on Human Security. Human Security Now. New York, USA: Commission on Human Security, 2003.
Gasper, Des. “Human Security: From Definitions to Investigating a Discourse.” In Routledge Handbook of Human Security, 28–43. New York, USA: Routledge, 2013.
Government of Canada, Public Services and Procurement Canada. “Roundtable on Canada-Norway Relations (9 October 1998): The Lysoen Declaration : E2-319/1998E-in - Government of Canada Publications”, 2002. https://publications.gc.ca/site/eng/9.686082/publication.html.
Hama, Hawre Hasan. “State Security, Societal Security, and Human Security.” Jadavpur Journal of International Relations 21, no. 1 (June 2017): 1–19. https://doi.org/10.1177/0973598417706591.
Hudson, Natalie Florea, Alex Kreidenweis, and Charli Karpenter. “Human Security.” In Critical Approaches to Security: An Introduction to Theories and Methods, 24–37. London, UK: Routledge, 2013.
Human Security Network. “Human Security Network - Action Guide.” https://actionguide.info/ (17.10.2023).
King, Gary, and Christopher Murray. “Rethinking Human Security.” Political Science Quarterly 116, no. 4 (December 2001): 585–610. https://doi.org/10.2307/798222.
MacFarlane, S. Neil, and Yuen Foong Khong. Human Security and the UN: A Critical History. Indiana University Press, 2006.
McDonald, Matt. “Human Security and the Construction of Security.” Global Society 16, no. 3 (July 2002): 277–95. https://doi.org/10.1080/09537320220148076.
Ministry of Foreign Affairs of Japan. “MOFA: Diplomatic Bluebook 1999, Chapter II. Section 3. A. Overview-Human Security.” 1999. https://www.mofa.go.jp/policy/other/bluebook/1999/II-3-a.html (17.10.2023).
Schutte, Robert, and Talita Yamashiro Fordelone. “Human Security: A Paradigm Contradicting the National Interest?” Carta Internacional 1, no. 2 (December 12, 2006): 35–40. https://www.cartainternacional.abri.org.br/Carta/article/view/390.
Sen, Amartya. “Birth of a Discourse.” In Routledge Handbook of Human Security, 17-28. New York, USA: Routledge, 2014.
“Why Human Security.” Presented at the “International Symposium on Human Security,” 2000. https://www.ucipfg.com/Repositorio/
The New York Times. “Grain Deal’s End Could Have a Potential ‘Catastrophic Impact’ in Africa.” 21.07.2023. https://www.nytimes.com/2023/07/21/world/europe/grain-deal-africa-russia-ukraine.html (17.10.2023).
Trobbiani, Riccardo. “How Should National Security and Human Security Relate to Each Other?” E-International Relations, 2013.
United Nations Development Programme (UNDP). “Human Development Report 1994.” New York, USA: Oxford University Press, 1994.
[1] Robert Schutte and Talita Yamashiro Fordelone, “Human Security: A Paradigm Contradicting the National Interest?,” Carta Internacional 1, no. 2 (December 12, 2006): 35–40, https://www.cartainternacional.abri.org.br/Carta/article/view/390, 39.
[2] Gary King and Christopher Murray, “Rethinking Human Security,” Political Science Quarterly 116, no. 4 (December 2001): 585–610, https://doi.org/10.2307/798222, 589.
[3] Des Gasper, “Human Security: From Definitions to Investigating a Discourse,” in Routledge Handbook of Human Security (New York, USA: Routledge, 2013), 28–43, 29.
[4] Hawre Hasan Hama, “State Security, Societal Security, and Human Security,” Jadavpur Journal of International Relations 21, no. 1 (June 2017): 1–19, https://doi.org/10.1177/0973598417706591, 3.
[5] „ადამიანის უსაფრთხოება“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=13487 (11.01.2024).
[6] „human”, Cambridge Dictionary, https://dictionary.cambridge.org/dictionary/english/human, ბოლო წვდომა: 11.01.2024.
[7] “Netzwerk Menschlicher Sicherheit”, Bundesministerium Europäische und internationale Angelegenheiten, https://www.bmeia.gv.at/themen/menschenrechte (11.01.2024).
[8] „menschlich”, Digitales Wörterbuch der deutschen Sprache, https://www.dwds.de/wb/menschlich (11.01.2024).
[9] „ადამიანური“, განმარტებითი ლექსიკონი ena.ge, https://ena.ge/explanatory-online (11.01.2024).
[10] United Nations Development Programme (UNDP), “Human Development Report 1994” (New York, USA: Oxford University Press, 1994), 14.
[11] United Nations Development Programme (UNDP), “Human Development Report 1994” (New York, USA: Oxford University Press, 1994), 14.
[12] იქვე.
[13] იქვე, 15.
[14] იქვე, 15.
[15] იქვე, 36.
[16] იქვე.
[17] Amartya Sen, “Why Human Security” (“International Symposium on Human Security,” 2000), https://www.ucipfg.com/Repositorio/, 5.
[18] Commission on Human Security, Human Security Now (New York, USA: Commission on Human Security, 2003), 6.
[19] იქვე, 8.
[20] Commission on Human Security, Human Security Now (New York, USA: Commission on Human Security, 2003), 4.
[21] David Chandler, “Resilience and Human Security: The Post-Interventionist Paradigm,” Security Dialogue 43, no. 3 (June 2012): 213–29, https://doi.org/10.1177/0967010612444151, 216.
[22] Des Gasper, “Human Security: From Definitions to Investigating a Discourse,” in Routledge Handbook of Human Security (New York, USA: Routledge, 2013), 28–43, 30.
[23] Natalie Florea Hudson, Alex Kreidenweis, and Charli Karpenter, “Human Security,” in Critical Approaches to Security: An Introduction to Theories and Methods (London, UK: Routledge, 2013), 25.
[24] Riccardo Trobbiani, “How Should National Security and Human Security Relate to Each Other?” E-International Relations, 2013, 2.
[25] Robert Schutte and Talita Yamashiro Fordelone, “Human Security: A Paradigm Contradicting the National Interest?” Carta Internacional 1, no. 2 (December 12, 2006): 35–40, https://www.cartainternacional.abri.org.br/Carta/article/view/390, 35.
[26] Hawre Hasan Hama, “State Security, Societal Security, and Human Security,” Jadavpur Journal of International Relations 21, no. 1 (June 2017): 1–19, https://doi.org/10.1177/0973598417706591, 3.
[27] Annamarie Bindenagel Šehović, “Introduction: Origins of Human Security,” Reimagining State and Human Security beyond Borders, 2018, 1–12, https://doi.org/10.1007/978-3-319-72068-5_1, 4.
[28] Natalie Florea Hudson, Alex Kreidenweis, and Charli Karpenter, “Human Security,” in Critical Approaches to Security: An Introduction to Theories and Methods (London, UK: Routledge, 2013), 28.
[29] იქვე.
[30] Gary King and Christopher Murray, “Rethinking Human Security,” Political Science Quarterly 116, no. 4 (December 2001): 585–610, https://doi.org/10.2307/798222, 591.
[31] Natalie Florea Hudson, Alex Kreidenweis, and Charli Karpenter, “Human Security,” in Critical Approaches to Security: An Introduction to Theories and Methods (London, UK: Routledge, 2013), 31.
[32] იქვე.
[33] Human Security Network, “Human Security Network - Action Guide,” https://actionguide.info (17.10.2023).
[34] იქვე.
[35] Human Security Network, “Human Security Network - Action Guide,” https://actionguide.info (17.10.2023).
[36] S. Neil MacFarlane and Yuen Foong Khong, Human Security and the UN: A Critical History (Indiana University Press, 2006), 155.
[37] Gary King and Christopher Murray, “Rethinking Human Security,” Political Science Quarterly 116, no. 4 (December 2001): 585–610, https://doi.org/10.2307/798222, 590.
[38] Public Services and Procurement Canada, “Roundtable on Canada-Norway Relations (9 October 1998): The Lysoen Declaration: E2-319/1998E-in - Government of Canada Publications,” 2002, https://publications.gc.ca/site/eng/9.686082/publication.html (17.10.2023).
[39] Ministry of Foreign Affairs of Japan. “MOFA: Diplomatic Bluebook 1999, Chapter II. Section 3. A. Overview-Human Security.” 1999. https://www.mofa.go.jp/policy/other/bluebook/1999/II-3-a.html (17.10.2023).
[40] Amartya Sen, “Birth of a Discourse,” in Routledge Handbook of Human Security (New York, USA: Routledge, 2014), 17-28, 27.
[41] Baldwin, David A. “The Concept of Security.” Review of International Studies 23, no. 1 (1997): 5–26, 9.
[42] Gary King and Christopher Murray, “Rethinking Human Security,” Political Science Quarterly 116, no. 4 (December 2001): 585–610, https://doi.org/10.2307/798222, 588.
[43] Natalie Florea Hudson, Alex Kreidenweis, and Charli Karpenter, “Human Security,” in Critical Approaches to Security: An Introduction to Theories and Methods (London, UK: Routledge, 2013), 28.
[44] Commission on Human Security, Human Security Now (New York, USA: Commission on Human Security, 2003), 5.
[45] იქვე, 6.
[46] იქვე, 28.
[47] Amitav Acharya, “Human Security: East versus West,” International Journal 56, no. 3 (2001): 442–60, https://doi.org/10.2307/40203577, 449.
[48] Matt McDonald, “Human Security and the Construction of Security,” Global Society 16, no. 3 (July 2002): 277–95, https://doi.org/10.1080/09537320220148076, 278.
[49] The New York Times, “Grain Deal’s End Could Have a Potential ‘Catastrophic Impact’ in Africa,” 21.07.2023, https://www.nytimes.com/2023/07/21/world/europe/grain-deal-africa-russia-ukraine.html (17.10.2023).
ინსტრუქცია