საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დღიდან, ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არნახული დონის და მასშტაბის პროპაგანდა წამოიწყო. ცოდნის გაუფასურება, ფაქტების დაუსაბუთებელი მოსაზრებებით ჩანაცვლება, ემოციებით მანიპულირება და ამ ყოველივეს სიმართლედ შემოსაღება; შიშის, უნდობლობის და ნიჰილიზმის დანერგვა ქართული ოცნების ხელისუფლების წინასწარ დაგეგმილი სტრატეგიაა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზანს ემსახურება. თუმცა, ასევე ჩნდება ეჭვები, რომ ხელისუფლებას სურს მოამზადოს საფუძველი და შეაგუოს საზოგადოებრივი აზრი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან და რუსეთთან ღია თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით. ამ პროპაგანდას და თანმდევ პოლიტიკას უკვე მოჰყვა საქართველოს სამშვიდობო და უსაფრთხოების სტრატეგიული ინტერესების და კონფქლიტების მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივების დაზიანება.
მრავალწახნაგოვანი პროპაგანდა
მშვიდობისა და ომის თემაზე ქართული ოცნების პროპაგანდა გარკვეეულ დინამიკას განიცდიდა და თანდათან უფრო მძიმე და უპასუხისმგებლო ფორმებს იღებდა.
თავდაპირველად, ქართულმა ოცნებამ საზოგადოების „მეორე ფრონტით“ დაშინების ტაქტიკას მიმართა და „გარკვეული ძალები“ ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. ამ „ძალებში“ კი ხელისფულება საქართველოს დასავლელ პარტნიორებსაც მოიაზრებდა. ქართული ოცნების პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ თუ საქართველო ომში ჩაერთვებოდა, მაშინ ის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.[1] ამ ფონზე კი ქართული ოცნების ხელისუფლებამ საკუთარი თავი მშვიდობის და სტაბილურობის გარანტორად წარმოაჩინა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად,“ - განაცხადა პრემიერმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე.[2]
მეორე ეტაპზე, „მეორე ფრონტის“ გახსნის შიშს დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობა და ნიჰულიზმი დააშენა და შემოგვთავაზა ნარატივი, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არავის დაუწესებია, რომ ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან მაშინ როდესაც საქართველოს ვაჭრობის შეწყვეტას სთხოვს.[3] „ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?“ ეკითხება საქართველოს პრემიერ მინისტრი არაბ შეიხებს და დასავლელ სტუმრებს კატარის ეკონომიკურ სამიტზე.[4]
ბოლო, თუმცა არა საბოლოო, ეტაპზე, შიშის, უნდობლობის და ნიჰილიზმის საპირწონედ, თითქოს „გამოსავალი“ გაჩნდა: ქართული ოცნების რუპორებმა დაიწყეს საზოგადოების აზრის მომზადება , რომ რუსეთი და მასთან თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსებს ზრდის.[5]
წინამდებარე სტატიაში გავაანალიზებთ საქართველოს ხელისუფლების ამ დაუსაბუთებელ მტკიცებებს და მანიპულაციებს და იმ ზიანს, რომელიც ამ პოსტ-სიმართლის პოლიტიკამ[6] მოუტანა ქვეყანას.
Georgia About
ევროკავშირის როლი კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და მშვიდობიან მოგვარებაში
ქვეყნის ევროპეიზაცია და ევროინტეგრაცია ყოველთვის იყო საქართველოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის და მშვიდობიანი მოგვარების ქვაკუთხედი. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას წლებია მთავარ მიზნად გაცხადებული აქვს შემდეგი: „საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ქვეყნის დეოკუპაციას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებას. ამავე დროს ის უკავშირდება ერთიანი მომავლის ხედვას ერთიან ევროპულ საქართველოში, სადაც დაცულია ყველა მოქალაქის, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა და უფლებები“.[7]
საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს მთავრობა ცდილობს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის მისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რომელიც მოაქვს სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში...საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ ინსტიტუციებთან ინტეგრაცია მის მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებას კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო მყარ გარანტიებს შეუქმნის“.[8]
ასეთი პოლიტიკის ხედვის შემუშავება გამოწვეული იყო მშვიდობის მშენებლობის ევროპული გამოცდილებით, რომელმაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების და საუკუნოვანი მტრობის შემდეგ ევროპაში 70 წლიანი მშვიდობა დაამყარა.
ევროპული მშვიდობის ფორმულა რამდენიმე დაშვებას ეფუძნება. პირველი, რომ დემოკრატიები ერთმანეთში არ ომობენ და არც ქვეყნის შიგნით აწარმოებენ შეიარაღებულ მოქმედებებს, რადგან დემოკრატიულ ქვეყნებში კონფლიქტების მოგვარების არაძალადობრივი და სამართლიანი საშუალებები და ინსტიტუტები არსებობს.
მეორე, ეკონომიკურ თანამშრომლობა არის მშვიდობიანი თანაცხოვრების წინაპირობა, ხოლო ეკონომიკური ინტერესების გადაჯაჭვა, არა მხოლოდ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, არამედ ცვლის პოლიტიკურ გათვლებს ომებისგან მიღებული სარგებელთან დაკავშირებით. ევროპული ინტეგრაცია, 1951 წელს, სწორედ ეკონომიკური პროექტით - ქვანახშირის და ფოლადის ევროპული გაერთიანებით - დაიწყო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერ შუმანის ვნობილი 1950 წლის დეკლარაცია სწორედ ამას უსვამს ხაზს: „ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანება დაუყოვნებლივ შექმნის ეკონომიკური განვითარების საერთო საფუძველს,...წარმოების დარგში ამგვარი ურთიერთკავშირი და სოლიდარობა, საფრანგეთსა და გერმანიას შორის ომს არათუ წარმოუდგენელს, არამედ პრაქტიკურად შეუძლებელს გახდის... ინტერესების ურთიერთგადაჯაჭვა....სათავეს დაუდებს კიდევ უფრო ფართო და ღრმა თანამეგობრობას ისტორიულად სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის“.[9]
ამ მშვიდობის შენარჩუნება და შენება შესაძლებელი გახდა ეკონომიკური კეთილდღეობის, კომპრომისების, დიალოგის, თანასწორობის, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მმართველობით.
თუ რუსეთი თავის სიძლიერეს მეზობელი ქვეყნების არასტაბილურობასა და ჩამორჩენილობაზე აშენებს, ევროპული ფორმულით ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და დემოკრატიზაციის წინაპირობა სწორედ მეზობლების სიძლიერე, დემოკრატიზაცია და უსაფრთხოებაა. ეს პირდაპირ არის ასახული ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გლობალურ სტრატეგიაში, რომელიც ამბობს: „შინ ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია მშვიდობაზე ჩვენს საზღვრებს მიღმა“.[10]
ევროკავშირი თავის სიძლიერეს არა სამხედრო ძალაში, არამედ ნორმატიულ ძალაში ხედავს - შესაძლებლობაში საერთაშორისო მასშტაბით გაავრცელოს წესები, ღირებულებები და ქცევის ნორმები. ეს არა ძალადობრივი, არამედ მხარეთა ნებაყოფლობითი და თანამშრომლობითი პროცესია საერთო და ურთიერთ-სასარგებლო ინტერესების მიღწევის მიზნით. ამიტომაც, ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მასთან პოლიტიკურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ დაახლოებას, იმისათვის, რომ ჰყავდეს სანდო და ძლიერი თანამოაზრეები.
ამ ყოველივეს საფუძველზე, ევრო-ავშირისთვის მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში არის მისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ათწლეულობის განმავლობაში ევროკავშირი, წევრი და არაწევრი ქვეყნები აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში კონფლიქტების პრევენციის, ტრანსფორმაციის და მოგვარების პროცესში. ისინი მხარს უჭერდნენ ფორმალურ მოლაპარაკებების პროცესს, კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოების ნდობის აღდგენის სამოქალაქო ინიციატივებს, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის პროექტებს, ადამიანის უფლებების და თანასწორობის დაცვის მექანიზმებს, და აშ.
მიუხედავად იმისა, რომ დაანგარიშებული არ არის სამშვიდობო პოლიტიკაში ევროკავშირის ფინანსური ინვესტიციის მთლიანი მოცულობა, რამდენიმე მაგალითაც საკმარისია მათი როლის გასააზრებლად. 1992-2004 წლებში ევროკავშირმა საქართველო 450 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია, მათ შორის ჰუმანიტარული, სასურსათო უზრუნველყოფის, ტექნიკური დახმარების და ომით მიყენებული ზარალის რეაბილიტაციის კუთხით.[11] მაგალითად, 1997-2006 წლებში, სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის 8 მილიონი ევროს დახმარებით კონფლიქტის ზონაში მოწესრიგდა სასმელი წყლის და ელექტროგადამცემი სისტემები, აღდგა სკოლები, დახმარება გაეწია სოფლის მეურნეობის სექტორს. დამატებით 10 მილიონი ევრო გამოიყო 2006-2007 წლებში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციისთვის .[12] 1997-2006 წლებში ევროკავშირმა 25 მილიო ევრო გამოყო აფხაზეთში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად.[13] ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმისთ განადგურდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
2008 წლის ომის შემდეგ ერთი-ორად გაიზარდა ევროკავშირის როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური და ფინანსური ჩართულობა საქართველოში, მათ შორის კოფნლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით. ის იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს - მოლაპარაკებებს, მედიაციას, სადამკვირვებლო მისიას, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამებს, და აშ.
ევროკავშირის უშუალო შუამავლობით შეწყდა საქართველოსა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებები 2008 წელს და მისი მედიაციით გაფორმდა ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მან საქართველოში მოავლინა თავისი სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც დღემდე აკვირდება ცეცხლისშეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. სწორედ ევროკავშირის ლიდერობით შექმნა ოფიციალური მოლაპარაკებების - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, რომელსაც ევროკავშირი, ეუთო და გაერო თანათამჯდომარეობს.
აგვისტოს შეიარაღებული დაპირისპირები ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა, დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოსთვის ომით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და რეაბილიტაციისათვის 2008-2012 წლებში 4.5 მილიარდი დოლარი გამოყვეს, საიდანც ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დახმარება 1 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.[14] ეს თანხა მოხმარდა ომით დაზარალებული რეგიონების აღდგენას, დევნილთა განსახლებას, საფინანსო ინსტიტუტების მდგრადობას, ინფრასტრუქტურის აღდგენას და აშ. 2008 წლის შემდეგ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნები ყველაზე დიდი დონორები არიან აფხაზეთშიც და ეხმარება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების, სოციალური, ჯანდაცვის და განათლების სფეროს გაუმჯობესებას. ევროკავშირი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული განსახლების და მათი სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის და ინტეგრაციის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი.
კონფლიქტებით გახლეჩილი საზოგადოებებს შორის ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის მიზნით ევროკავშირმა შექმნა ნდობის აღდგენისა და ადრეული გაფრთხილების მექანიზმის პროგრამა და 2010-2023 წლებში, ჯამში 24 მილიონამდე ევროს მოცულობით დაეხმარა ქართულ, აფხაზურ და ოსურ სამოქალაქო ორგანიზაციებს განვითარებაში, უფლებების დაცვაში, ნდობის აღდგენასა და მოსახლეობისთვის სოციალური საკითხების გადაჭრაში.[15] ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე არა მხოლოდ ქართული, არამედ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებობას ვერ შეძლებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთში, რუსული მოდელის ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ რეგულაციების მიღების შემდეგ, ფუნქციონირება შეწყვიტა ყველა არასამთავრობო და დამოუკიდებელმა მედია ორგანიზაციამ.
საქართველოს სამშვიდობო ინიციატივები (ნაბიჭი უკეთესი მომავლისთვის, მშვიდობის ფონდი), რომლებიც გაყოფი ხაზების ორივე მხარეს ადამიანების კეთილდღეობას, ნდობის მშენებლობას და მშვიდობის ამოცანებს ემსახურება, პოლიტიკური და ფინანსური მხარდამჭერი სწორედ ევროკავშირი და ევროპული ქვეყნები არიან. საქართველოს მშვიდობის ფონდის დონორებიც სწორედ ევროპელი პარტნიორები არიან.
Reuters
როგორ რეაგირებენ აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკაზე
ბოლო რამდენიმე წელია, აფხაზეთში გაიზარდა შიშები და წუხილები მომავლის შესახებ. მათ ცხადად დაინახეს, რომ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების მიუხედვად, სუვერენიტეტის ნაცვლად მათი პოლიტკური, ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო დამოკიდებულება რუსეთზე დღითიდღე იზრდება.
„უსაფრთხოების გარანტორი“ რუსეთის მიმართ მათი რწმენა ყირიმის ანექსიის შემდგომ შეირყა. ამას თან დაერთო სომხეთის „გაწირვა“ ყარაბაღის მეორე ომის დროს და ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინის მიმართ. მიუხედავად უკრაინაში წარმოებული ომისა, რუსეთი არ წყვეტს ზეწოლას აფხაზეთზე და სთხოვს ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მისთვის გადაცემას. ის ასევე წლებია ითხოვს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების და ე.წ. აპარტამენტების ყიდვის უფლების მიცემას და ენერგეტიკის სფეროს ლიბერალიზაციას, რაც გზას გაუხსნის აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კაპიტალის დომინაციას.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, განსაკუთრებით კი კრემლის ხელდასმული დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძიმბა აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვას, აძლიერებს ზეწოლას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებზე. ზეწოლის ინსტრუმენტად აქაც “უცხო ქვეყნის აგენტის” შესახებ კანონპროექტია, რომლის მიღებასაც აფხაზური სამოქალაქო საზოგადოება წლებია ეწინააღმდეგება.
რუსეთის მიერ მძიმე პოლიტიკური და უსაფრთხოების წნეხის მიუხედავად, აფხაზეთის საზოგადოება უკვე დაუფარავად გამოხატავს რუსეთისადმი უკმაყოფილებას და შფოთავს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის ცვლილების საფრთხეებზე.[16] ამ პირობებმა, ასევე, რუსეთისადმი დაწესებულმა სანქციებმა აფხაზებისთვის ნათელი გახადა, რომ მათ საგარეო ალტერნატივები უნდა ეძებონ.
თუმცა, უკრაინაში ომის დასრულების ნებისმიერი შედეგი აფხაზების თვალთახედვით არასახარბიელოა. რუსეთის გამარჯვების ან რაიმე ტიპის სიძლიერით აფხაზეთის ანექსიის საფრთხე რეალური ხდება. ასევე, შეშფოთებას იწვევს ასევე ქართულ-რუსული დაახლოებაც, რამაც აფხაზური მოსაზრებით, შესაძლოა რუსეთისთვის აფხაზეთის მნიშვნელობის დაკარგვა გამოიწვიოს. ხოლო რუსეთის დასუსტების და დამარცხების შემთხვევაში კი შესაძლოა დადგეს რუსეთის ჯარის გაყვანის, თბილისთან მოლაპარაკებების და აფხაზეთის სტატუსის გადახედვის საკითხი. ეს შიშები და საფრთხეების აღქმა კიდევ უფრო ჩაკეტილს ხდის აფხაზურ საზოგადოებას, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში.
ნაცლად იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას შიშებისთვის ადეკვატურად ეპასუხა და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა მეტად განჭვრეტადი გაეხადა აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისათვის, ის გამუდმებით ამტკიცებს, რომ მის ომში ჩათრევას ცდილობენ, რამაც აფხაზებში და ოსებში შეარაღებული დაპირისპირების განახლების შიში, საქართველოსადმი და დასავლელი პარტნიორებისადმი მეტი უნდობლობა გააჩინა.
დაზიანებული ევროპეიზაცია და დარტყმა საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაზე
სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში და განსაკუთრებით აფხაზეთში რუსეთის მიმართ მზარდი შიში და უკმაყოფილება, ასევე, სანქციების გამო გართულებულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ გააჩინა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თანამშრომლობის და საერთო ინტერესების გამოკვეთის მეტი შესაძლებლობები. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეპასუხა ახალი სამშვიდობო ხედვებით, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაცია გამოეყენებინა, როგორც ახალი შესაძლებლობა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, ის მიმართავს მოსახლეობის დაშინების, ტრავმებით მანიპულირების, სტრატეგიულ პარტნიორებთან კინკლაობის და ურთიერთობების დაზიანების სტრატეგიებს.[17] სუსტია ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღები 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი.[18] რუსეთთან ფრენების აღდგენით, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობას.[19] ევროკავშირმა ბოლო 5 თვეში ორჯერ გამოუცხადა დემარში საქართველოს მთავრობას. მმართველმა გუნდმა ქვეყნის უსაფრთხოება, კონფლიქტების ტრანსფორმაცია, ევროინტეგრაცია და მშვიდობის იდეაც კი, საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, შიდა პოლიტიკური ბრძოლის და ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად აქცია.
რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ?
უპირველეს ყოვლისა, პრიორიტეტი გაეხადა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვის, პოლიტიკური განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობის და სოციალური სამართლიანობის საწინდარი. საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის წინაშე განაცხადა, საქართველოს ევროპული მომავალი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლების მომავალიცაა, „რომელიც მათ თავისუფლებას, დაცვასა და იდენტობას უზრუნველყოფს“.[20] ამის მისაღწევად, კი ხელისუფლებას თავდაუზოგავად, კეთილსინდისიერად და თანმიმდევრულად უნდა ემუშავა ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ქვეყნის შიგნით და გარეთ. მან ეს არ გააკეთა.
მეორე, მას უნდა განეცხადებინა სამშვიდობო პოლიტიკის ახალი ტალღის შესახებ და ესაუბრა, ევროინტეგრაციის კონტექსტში, აფხაზებთან და ოსებთან საერთო ინტერესებსა და ახალ შესაძლებლობებზე. რუსეთის აგრესიისა და მის მიმართ საერთაშორისო სანქციების ფონზე, ქართულ-აფხაზური საერთო ინტერესების სფეროში მოექცა აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) ანექსიის საფრთხის შესუსტება, ამ რეგიონებში რუსული კაპიტალის დომინაციის შემცირება, მათ შორის ენერგეტიკის და ვაჭრობის სფეროში, და უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვა. თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობები გაჩნდა ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, განათლება, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, სამგზავრო დოკუმენტები, და აშ.
აფხაზი და ოსი მოსახლეობის ინტერესების, უფლებების და უსაფრთხოების გარანტიებით არტიკულირებითა და თანმდევი ნაბიჯებით საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პოლიტიკის გამოცოცხლება. მას უნდა წარმოეჩინა საქართველო როგორც რუსული მოდელის ევროპული ალტერნატივა, რომლის პოლიტიკის ამოცანაც არის კონფლიქტებით დაზარალებული ადამიანების კეთილდღეობა, ადამიანური უსაფრთხოება, თანასწორუფლებიანობა და განვითარება. ამ სფეროებში ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა და ეკონომიკური ჩართულობა, სწორედაც რომ იქნებოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის განჭვრეტადობის და მდგრადობის საწინდარი. ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ითხოვდეს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას, რომელიც მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას 2008 წლის აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ის ამას არ აკეთებს.
საქართველოს ხელისუფლება ახალგაჩენილ გეო-პოლიტიკურ შესაძლებლობას უნდა იყენებდეს, რათა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემა დააყენოს ევროკავშირის დღის წესრიგში და ემზადებოდეს, რომ უკრაინაში ომის დამთავრებისთანავე ეს საკითხი პოლიტიკურად მომზადებული და მხარდაჭერილი იყოს დასავლელი პარტნიორების მიერ. ხელისუფლებას ამას არ აკეთებს და ამის საპირისპიროდ, ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში როგორ აზიანებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე სამივე ქვეყანას (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო), გაჭიანურებული კონფლიქტების აქვს. გაფართოების ფარგლებში ევროკავშირს მოუწევს შეიმუშაოს ახალი პოლიტიკა და გამოძებნოს დამატებითი რესურსები ამ სიტუაციაზე საპასუხოდ, აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ევროპის მომავალ უსაფრთხოებასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე. ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებით კი საქართველო ამ შესაძლებლობების გამოყენებას ვერ შეძლებს.
დასკვნის მაგიერ
სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადადგული ნაბიჯები და რიტორიკა აფეხებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციას და დარტყმას აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს. ზიანდება მშვიდობის, განვითარების და ქვეყნის მთლიანობის იდეა და იცვლება რეგიონში საქართველოსთან, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოსთან დაკავშირებული წარმოდგენები. მშვიდობას საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობის წინააღმდეგ ნარატივების და ემოციების ომში იარაღად იყენებს. საქართველო გადაიქცა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანად, რადგან როდესაც ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგა მისი ხელისუფლება და პოლიტიკური ელიტები ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ პოლიტიკას ირჩევენ.
წინამდებარე სტატია შეიქმნა "მშვიდობის მხარდაჭერა ტურბულენტურ დროში: კრიტიკული რეფლექსია მთიანი ყარაბაღისა და უკრაინის მოვლენებზე და მათი გავლენა საქართველოს მყიფე მშვიდობაზე" პროექტის ფარგლებში, საქართველოში გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
სტატიის შინაარსი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია.
[1] 2022 წლის ივლისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ საქართველოს 2022 წლის დეკემბრამდე [როდესაც საქართველოსთვის კანდიდატობის მიღების კიდევ ერთი შესაძლებლობა შეიძლება გაჩენილიყო] რუსეთთან ომში ჩაერთვება, მაშინ ქვეყანას „გარანტირებული“ ექნება ევროკავშირის კნდიდატის სტატუსი. „ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს“, https://1tv.ge/video/qartuli-ocnebis-tavmjdomare-irakli-kobakhidze-tavisufalikhedva-live/
[2] „ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს, რომელიც ყველას გვეხება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, კაცობრიობის მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაა.“ საზოგადოებრივი მაუწყებელი. 04.05.2023. https://1tv.ge/news/irakli-gharibashvili-rusetis-ukrainashi-shechram-satave-daudo-khangrdzliv-oms-romlis-dasasrulic-ar-chans-romelic-yvelas-gvekheba-rogorc-meore-msoflio-omis-dros-kacobriobis-mizani-mshvidobis/
[3] „ეს არის დადებითი და მისასალმებელი“, – პრემიერი რუსეთთან უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენაზე. 11.05.2023. https://civil.ge/ka/archives/541983
[4] „პრემიერი - გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია? - ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, სანქციები რატომ არ გქონდათ დაწესებული?“, 24.05.2023. https://www.interpressnews.ge/ka/article/757076-premieri-gaxsovt-vinme-vinc-chveni-omis-dros-sankciebi-daacesa-aravin-chveni-omi-ar-aris-omi-da-ukrainashi-arsebuli-omi-omia-evropelo-da-amerikelo-megobrebo-sankciebi-ratom-ar-gkondat-dacesebuli/
[5] კახა კალაძე: „ჩვენ ხშირად გვახსენებენ იმას, რომ კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალიო. რა თქმა უნდა, ეს გვიწერია და სწორედ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გაკეთდა ეს ჩანაწერი; მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვიწერია. ეს არის მნიშვნელოვანი და მერე უკვე სხვა დანარჩენი“, https://tinyurl.com/mt774p56. დიმიტრი ხუნდაძე “ჩნდება კითხვა, ამით ხომ არ სურთ მავანთ, რომ საზოგადოებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრი შენელდეს? ... იმიტომ ხომ არა, რომ ქართველ ხალხს გუშინდელი დღის [რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის] შემდეგ იმედი გაუჩნდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე? კითხვა ლეგიტიმურია და ვფიქრობ, ამ კითხვაზე თავად ხალხი გასცემს პასუხს. ფაქტია, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ოპოზიციას და დასავლეთს უკრაინის ომის შემდეგ გაახსენდათ, თუმცა, ამისთვის არაფერი გაუკეთებიათ.“ https://www.interpressnews.ge/ka/article/755440-dimitri-xundaze-dakarguli-teritoriebis-dabruneba-opoziciasa-da-dasavlets-ukrainis-omis-shemdeg-gaaxsenda-tumca-amistvis-araperi-gaketebula ;
[6] ოქსფორდის ლექსიკონის განმარტების მიხედვით „პოსტ-სიმართლე დაკავშირებულია ან აღნიშნავს გარემოებებს, რომლებშიც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში ობიექტური ფაქტები ნაკლებად გავლენიანია, ვიდრე ემოციასა და პირად რწმენაზე აპელირება“. „პოსტ-სიმართლე“, ან პოსტ-სიმართლის მდგომარეობა აღნიშნავს ისეთ მდგომარეობას, სადაც ადამიანი ორ ინტერპრეტაციას შორის უპირატესობას ანიჭებს არა იმას, რომელიც უფრო მეტად სანდოა, არამედ იმას, რომელიც უფრო მეტად სასურველია მისთვის. https://languages.oup.com/word-of-the-year/2016. პოსტ სიმართლის პოლიტიკა კი არის პოლიტიკის ფორმა, სადაც არის სწრაფვა გაფრთხილებისაკენ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ნამდვილი საფრთხის შეგრძნება, ან ისეთი დაპირებების გაცემა, რომლის შესრულების რეალური მონდომება არ არსებობს, ან ისეთი განაცხადების გაკეთება, რომლის უტყუარობის არანაირი საბუთი არ არსებობს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ემსახურება საარჩევნო უპირატესობის მოპოვებას.“ Fish, W. (2016). “Post-Truth” Politics and Illusory Democracy. psychotherapy and politics international.
[7] მინისტრის ხედვა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. https://smr.gov.ge/ge/page/35/ministris-xedva
[8] სახელმწიფო სტრატეგიის ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით დამტკიცების შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/2251491?publication=0
[9] ევროპის დღე: “შუმანის დეკლარაცია”, https://civil.ge/ka/archives/350201;
[10] A Global Strategy for the European Union's Foreign and Security Policy, 2016 https://www.iss.europa.eu/sites/default/files/EUISSFiles/EUGS_0.pdf
[11] Crisis Group, Conflict Resolution in the South Caucasus: The EU's Role, 2006. https://www.crisisgroup.org/europe-central-asia/caucasus/conflict-resolution-south-caucasus-eu-s-role
[12] დონორი ქვეყნები სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონ ევროს გამოყოფენ. 15.06.2006 https://civil.ge/ka/archives/138288
[13] Nicu Popescu, 2009, “ Europe's Unrecognised Neighbours: The EU in Abkhazia and South Ossetia”, CEPS Working Documents No. 260. https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=1338024
[14]Donors pledge $4.5 billion for Georgia recovery, Reuters, 22.10.2008. https://www.reuters.com/article/us-georgia-donors-idUSTRE49L2IB20081022
[15] პროექტის დეტალები ხელმისაწვდომი https://open.undp.org/projects
[16] ომის ვეტერნის განცხადება https://www.facebook.com/watch/?v=193039877013586; მსგავსი დისკუსიები მიმდინარეობს აფხაზურ ტელეგრამ არხებში. «Статус Абхазии – это не вопрос обсуждения и размышления», ეხო კავკაზა, 20 თებერვალი 2023, https://www.ekhokavkaza.com/a/32280001.html.
[17] იხილეთ ქართული ოცნების წარმომადგენლის განცხადებების ანალიზი „ Irakli Kobakhidze: The face of Georgia’s turn from the West“. OC Media, 2022. https://oc-media.org/features/irakli-kobakhidze-the-face-of-georgias-turn-from-the-west/
[18] 12 პრიორიტეტის შესრულების მონიტორინგის დოკუმენტი, https://osgf.ge/wp-json/wi/validate/v1/file?wifile=wp-content/uploads/2023/05/webgeeo.pdf
[19] საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან 44%-დან 2022-ში 31%-მდე დაეცა. საჰაერო მიმოსვლის აღდგენა რუსეთთან სწორედ ამ შესაბამისობის ნაწილია და 31% კიდევ უფრო შემცირდებოდა. ევროკავშირი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საქართველოს გადაწყვეტილების გამო სინანულს გამოთქვამს. https://civil.ge/ka/archives/542544
[20] პრეზიდენტი - ჩვენი ევროპული არჩევანი არამხოლოდ ლეგიტიმური, არამედ უალტერნატივოცაა, რადგან ის ჩვენს ღირებულებებს, ისტორიას, ბრძოლას, მიზანდასახულობასა და მომავლის ჩვენეულ ხედვას ეფუძნება და ის უბრალოდ საგარეო ორიენტაცია არ არის, ეს ეგზისტენციალური საკითხი და ჩვენი იდენტობის ნაწილია, 31 მაისი 2023, https://president.ge/index.php?m=206&appeals_id=339
ინსტრუქცია