საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია მძიმე წნეხი აღმოჩნდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის, შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის, ეკონომიკისა და სოციალური გარემოსთვის. ამ გამოწვევების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების ურთიერთგამომრიცხავი დიპლომატიური თუ პოლიტიკური ნაბიჯები ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას და ევროატლანტიკურ პერსპექტივებს.
სტრატეგიულ პარტნიორებთან გაუმართლებელი უთანხმოებების, არაერთგვაროვანი საგარეო პოლიტიკური ორიენტირების და მზარდი პოპულიზმისა და ავტორიტარიზმის ფონზე, საქართველოს უსაფრთხოება სულ უფრო კარგავს ადგილს ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში და სცილდება ევროკავშირში გაწევრიანების ახლად გაჩენილ შესაძლებლობას.
ხელისუფლება, ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ უკრაინის მხარდამჭერ ათობით საერთაშორისო რეზოლუციასა თუ განცხადებას უერთდება, მეორე მხრივ კი, საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან, არსებული ისედაც დაბალი 44%-დან 2022 წელს 31%-მდე ეცემა.[1] 2022 წელს, საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის 26-დან მხოლოდ 3 დეკლარაციას, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციებს ეხებოდა.[2] რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენამ ამ შესაბამისობის დონე კიდევ უფრო შეამცირა, რაც პირდაპირი დარტყმაა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის.[3] აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების ევროკავშირთან ინტეგრაციის „გაცხადებული“ პოლიტიკა მხოლოდ ფურცელზე რჩება, ისიც ვადაგასულ სტრატეგიულ დოკუმენტებში.
ასევე, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა თავის ვიწრო პარტიულ მიზნებს დაუქვემდებარა. „უკრაინიზაციის“ თემით მანიპულირებით, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებს იგი ომებით ტრავმირებული საზოგადოების დასაშინებლად და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით იყენებს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას და ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს თუ ორგანიზაციას „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს ეძახის და მათ რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს.
ეს დინამიკა განსაკუთრებით საგანგაშო გახდა მას შემდეგ, რაც სათუო გახდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი. „ქართულმა ოცნებამ“ დასავლელი პარტნიორები ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. მეტიც, 2022 წლის ივლისში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს.“[4] სწორედ ამ პერიოდიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა აქტიურად დაიწყეს შეტევა ევროკავშირის ელჩზე, ევროპარლამენტარებსა და ინსტიტუტებზე. ასეთმა აგრესიულმა რიტორიკამ თავისი წვლილი შეიტანა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსების ხელიდან გაშვებაში.
იმის გასარკვევად, თუ რა მოტივები და ლოგიკა შეიძლება ამოძრავებდეს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას და რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ასეთმა პოლიტიკამ, შეკითხვები დავუსვით უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებზე მომუშავე შემდეგ ექსპერტებს:
ნატალი საბანაძე - ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, მოწვეული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში Mount Holyoke College-ში;
კახა გოგოლაშვილი - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი;
შორენა ლორთქიფანიძე - თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი;
პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტების ანალიტიკოსი/პოლიტოლოგი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2012-2016 წლებში.
წინამდებარე სტატია მათ მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს და ხედვებს აერთიანებს.
ნატალი საბანაძე
საქართველომ, წლების განმავლობაში, მართლაც ძალიან ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან დაახლოების მიზნით. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, ჯერ კიდევ ბრიუსელში ჩემი ელჩობის პერიოდში, გვიწევდა თითოეულ წერტილ-მძიმეზე საუბარი, იმისათვის, რათა დეკლარაციებში მცირედი იმედის მომცემი ჩანაწერი გაკეთებულიყო და პერსპექტივაზე შეგვძლებოდა საუბარი.
მოულოდნელად კი, საქართველოსთვის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობა ჩნდება. ევროკავშირის მხრიდან სტატუსზე საუბრის დაწყება, საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭება, ხოლო უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მიცემა გეოპოლიტიკური ნაბიჯი იყო ევროკავშირის მხრიდან. აშკარაა, რომ სწორედ ახლა მიმდინარეობს ევროკავშირის გეოპოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბება და მისი მხრიდან გეოპოლიტიკური ინტერესების არტიკულირება. გაჩნდა ინტერესი ჩვენს რეგიონში გაფართოების კუთხითაც, და ეს, ცხადია, უშუალო გეოპოლიტიკურ გავლენას იქონიებს საქართველოზეც, რუსეთზეც, სომხეთზეც და სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზეც.
სწორედ ამ დროს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ. ეს შესაძლებლობა ორი-სამი წლის წინ რომ გაჩენილიყო, საქართველოს აუცილებლად ექნებოდა კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ მაშინ აღმოსავლეთ პარტნიორობის წამყვან ქვეყნად ვითვლებოდით და ჩვენი ქმედებებიც განსხვავებული იქნებოდა.
ჩემი დაკვირვებით, დაახლოებით ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნების პერიოდიდან იწყება დამოკიდებულების, დისკურსის და ურთიერთობების შეცვლა ევროკავშირის მიმართ.
რთულია, ზუსტად ავხსნა, რით არის განპირობებული ეს ცვლილება, მაგრამ მაქვს შეგრძნება, რომ ინსტრუქციები შეიცვალა და სახელისუფლებო იერარქიაში გადაწყდა, რომ ევროპელ პარტნიორებს უნდა ეკამათონ, არ უნდა მიიღონ კრიტიკა, აგრესიულად უნდა ისაუბრონ და დაძაბონ ურთიერთობები.
შარლ მიშელის ჩართულობა ამის ძალიან საინტერესო და ნათელი მაგალითია. იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირთან დაახლოება, შარლ მიშელის უპრეცედენტო ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში და შიდა პარტიული მედიაცია იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, ეს შესაძლებლობა რომ არ გამოგვეყენებინა. ამ დროს, სახელისუფლებო იერარქიაში იზრდება გაღიზიანება ევროკავშირის ზედმეტი ჩართულობის მიმართ. მსგავსი რამ ადრე არ ყოფილა, პირიქით, ყველა ღონეს მივმართავდით ევროკავშირის მაქსიმალური ჩართულობისა და მხარდაჭერის მისაღებად.
ყოველთვის გვინდოდა შეგვექმნა და ვეჭიდებოდით ტრიოს იდეას - მოლდოვა-უკრაინა-საქართველო, რათა საქართველო გამოგვეყვანა სამხრეთ კავკასიის კონტექსტიდან და პოლიტიკურად ევროკავშირთან უფრო ახლო რეგიონის ნაწილად წარმოგვეჩინა. დღეს ეს ტრიო იშლება. დაიშალა უკრაინა-საქართველოს პოლიტიკური ტანდემიც.
უაღრესად შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველომ არათუ შეიძინა ახალი მეგობრები, არამედ ისინიც დაკარგა, რომლებიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გულანთებული მხარდამჭერები იყვნენ. კონკრეტულად, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, სკანდინავიის ქვეყნებთან ურთიერთობები გაციებულია და თითქოს მიზანმიმართულად არ ხდება ახალი მხარდამჭერების და პარტნიორების მოძიება.
კახა გოგოლაშვილი
ქართული ოცნების მმართველობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ხასიათდება ძალაუფლების უკიდურესი კონცენტრაციით „ქართული ოცნების“ გუნდის ე.წ. ლიდერების ხელში. ამის შედეგია მმართველ გუნდში და მთლიანად პარლამენტში პლურალიზმის ნებისმიერი ფორმის გაქრობა (ამის მაგალითია „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის მიღებისა და გაწვევის შემთხვევა). საგარეო ასპარეზზე მმართველმა გუნდმა დამსახურებულად დაკარგა ნდობა და მხოლოდ ინერციით და საერთაშორისო სიტუაციის ხარჯზე ინარჩუნებს კონტაქტებსა და ურთიერთობების ფორმატებს. უკრაინასთან მიმართებით მმართველმა ძალამ გამომწვევი რიტორიკითა და არასწორი დიპლომატიით მერყევი და არასანდო პარტნიორის იმიჯი დაიმკვიდრა.
ამის ფონზე, გაიზარდა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, გახშირდა პოლიტიკური კონსულტაციები (მათ შორის, უვიზო მიმოსვლის ან ფრენების აღდგენის საკითხებზე), რაც აზიანებს ქვეყნის პროდასავლურ კურსს.
ევროკავშირთან მიმართებით დაშვებული შეცდომების გამო, ვერ მოხერხდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ახლაც გრძელდება ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი რეფორმების ტორპედირება. მმართველი ძალის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები ქვეყანაში ევროკავშირის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებენ და სამოქალაქო საზოგადოებაზე უხეში თავდასხმებით და მისი დემონიზების მცდელობით, საზოგადოებაში აღრმავებენ პოლარიზაციას. ყველა ეს მოქმედება ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
შორენა ლორთქიფანიძე
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო კარგავს საგარეო პოლიტიკას: არ ჩანს ორიენტირი, საგარეო პოლიტიკის პოლიტიკური მდგენელი; ქართული ოცნების წარმომადგენელი პოლიტიკოსებისა და მთავრობის პოზიციონირება საგარეო ასპარეზზე ხდება ბუნდოვანი; არ ჩანს საქართველო არც ორმხრივ და არც მრავალმხრივ ფორმატებში. არ ჩანს საქართველოს აქტიური პოზიცია უკრაინის მიმართ, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასთან ფაქტობრივად გაუქმებულია, არც ჩანს ნიშანი, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია, არსებული სიტუაციის ანალიზზე დაფუძნებით, ფიქრობს უკრაინასთან ურთიერთობების კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანას.
უკრაინაში რუსეთის ომამდეც კი, შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც გვაჩვენებს, რომ საქართველო თუნდაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის გაღრმავებას არცთუ ისე ენთუზიაზმით ეკიდებოდა. ბათუმის აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ტრიოს კონფერენციაზე, 2021 წლის ზაფხულში, საერთოდ არ ჩანდა ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალ ეტაპზე გადაყვანის სურვილი საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ რიგ დოკუმენტებს მოეწერა ხელი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გარკვეული პროცესები დააჩქარა და „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას ე.წ. „ომის შიშით“ და „უკრაინიზაციის საფრთხით“ უფრო სწრაფად ჩამოეხადა ფარდა. თუმცა ეს პროცესი გარკვეულწილად დაწყებულიც იყო, უბრალოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა, კოვიდის პერიოდის „ჩაკეტვამ“ ტემპი შეანელა.
„ქართული ოცნება“ პრაგმატულ პოლიტიკად ასაღებს ბუნდოვან და არაეთიკურ საგარეო პოლიტიკას. ამ პოზიციონირების შედეგად საქართველო კარგავს მხარდამჭერებს, პარტნიორებს და მეგობრებს დასავლეთში.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონი ამ დამაბნეველი საგარეო პოლიტიკის გაგრძელებად შეიძლება განვიხილოთ. კანონის ავტორებმა და კანონის მხარდამჭერმა „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცოდა, რომ საგარეო პოლიტიკურ იმიჯს მნიშვნელოვნად შელახავდა ამ ინიციატივის არათუ გატანა, არამედ მისი განსახილველად წამოჭრაც კი.
საქართველოს მოწყვეტა დასავლეთის ორბიტიდან რუსეთთან დაახლოებას ნიშნავს, ისევე როგორც ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების მუდმივი კრიტიკა და მათზე თავდასხმა შეიძლება ისახავდეს მიზნად დასავლეთთან დისტანცირებისთვის ფონის შექმნას.
საგარეო პოლიტიკის ბუნდოვანება და ამავე დროს „აგრესიული და ასერტიული“ ეროვნული თვითგამოხატვა დასავლეთის მიზანში ამოღებით, ართულებს საქართველოს შანსებს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გარდა ამისა, ფონს ქმნის საიმისოდ, რომ დასავლეთის კრიტიკა და დემონიზაცია თუ აქამდე მარგინალური ჯგუფების ხელით კეთდებოდა, მეინსტრიმულ ქმედებად გადაიქცეს.
პაატა ზაქარეიშვილი
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა არსებითად შეიცვალა. მანამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად კრიტიკული იყო რუსეთის პოლიტიკის მიმართ საქართველოსთან დაკავშირებით და ეს კრიტიკა გამოიხატებოდა სხვადასხვა განცხადებაში. სანიმუშო მაგალითია საპარლამენტო რეზოლუცია: 2021 წლის 3 აგვისტოს მიღებულ რეზოლუციაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, რომ რუსეთი არის აგრესორი საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და საჭიროა შეასრულოს აღებული ვალდებულებები და ჯარი გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. თუმცა, იმავე პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სადაც პრაქტიკულად გამოირიცხა ყველა ის ფრაზა, რაც ნახსენები იყო ერთი წლის წინანდელ რეზოლუციაში. ომის შემდგომი რეზოლუციით, შეუძლებელია იმის გაგება, ვინ განახორციელა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რომელი სახელმწიფოს პარლამენტი იღებდა ამ რეზოლუციას. ამ ფონზე აშკარად ჩანს, რომ უკრაინის ფაქტორის გათვალისწინებით, ვითარება ცალსახად შეიცვალა.
თითქოს არსებობს რაღაც ინსტრუქცია, რომ საქართველომ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს რუსეთის მიმართ განცხადებები. დღეს, საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ არანაირად არ გამოთქვას რუსეთის წინააღმდეგ განცხადებები, მათ შორის, არ თქვას ის, რომ საქართველო ისეთივე მსხვერპლია რუსეთის იმპერიალისტური აგრესიისა, როგორიც დღეს არის უკრაინა. საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა თქვას, რომ რუსეთის პოლიტიკა იმპერიალისტურია და ეს მოდის 2008 წლიდან.
რატომ აკეთებს ამას? ჩემი აზრით, საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ახდენს საშინაო კონტექსტი. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოს ძალაუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც.
ნატალი საბანაძე
უნდა დავიწყოთ შეკითხვით: ვინ აკეთებს საგარეო პოლიტიკას საქართველოში? ვინ განსაზღვრავს იმ ინტერესებს, რომელთა დაცვასაც ეს საგარეო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს? რა ღირებულებებს ეფუძნება საგარეო პოლიტიკა?
საქართველოში კონსტიტუციით არის განსაზღვრული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ განსაზღვრა ქვეყნის მტერი და მოყვარე. ფასადურად თუ გულწრფელად, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და შესაბამისი გზავნილების გავრცელებას საერთაშორისო დონეზე. მაგრამ, მეორე მხრივ, დანარჩენი სახელისუფლებო იერარქია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ეს არ განხორციელდეს. შედეგად, ვიღებთ წინააღმდეგობრივ გზავნილებს და ნაბიჯებს. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებსაც ბუნდოვანი აღქმა აქვთ საქართველოს ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკის მიმართ.
ცალსახაა, რომ დასავლური დემოკრატიული ფასადის აშკარა მოშლა საკმაოდ ძვირი დაუჯდება ხელისუფლებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს ევროპული ინტეგრაცია. განსაკუთრებული ენერგია იხარჯება რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, იმის ფონზე, რომ დასავლეთში ვკარგავთ მეგობრებს.
საქართველოში არის ულტრამაჟორიტარული მოდელი. ამ მოდელის თანახმად, ერთი პარტია იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და სხვა პარტიებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. მსგავსი რამ თითქმის არცერთ კონტინენტურ ევროპის ქვეყანაში აღარ გვხვდება. ძალაუფლების შენარჩუნებას საქართველოში ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პარტიებისთვის, რადგან მისი დაკარგვის შემთხვევაში, მათაც გააძევებენ პოლიტიკური სცენიდან. ნაციონალური მოძრაობის გარდა არცერთი პარტია არ გადარჩენილა ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ. ნაციონალური მოძრაობაც დაიშალა. საქართველოში არ გვაქვს რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების გამოცდილება. რეალურად განუვითარებელი დემოკრატიული სისტემა გვაქვს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ულტრამაჟორიტარული მოდელიც არის.
ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა თავისი იდეოლოგიური და საგარეო პოლიტიკური სახე, რომელიც ძალიან ჰგავს რუსულ პოპულისტურ კონსერვატიზმს. ამ იდეოლოგიას თავისი დასაყრდენი აქვს არა მხოლოდ რუსეთში და სამეზობლოში, არამედ, მაგალითად, უნგრეთში, სერბეთში, სხვა ევროპულ დასავლურ ქვეყანაში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი კრემლში დაწერილი ერთი სასაუბროდან საუბრობს, საოცარი მსგავსებაა იმ გზავნილებში, რომლებსაც იყენებენ უკრაინასთან მიმართებით, პარტნიორების კრიტიკაში და ა.შ.
ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ელიტაშიც მოიკიდა ფეხი, სუვერენული დემოკრატიის იდეაა. „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონები იმეორებენ კიდეც, რომ ასეთი სუვერენული საქართველო არასდროს ყოფილა. მათი ახალი ნარატივის მიხედვით, შიდა საქმეებში გარედან არ უნდა ჩაერიონ, „ჩვენ უკეთესები ვართ“, „არავის არ აქვს იმის ლეგიტიმური უფლება, ჭკუა გვასწავლოს“ და ა.შ. ეს ძალიან ტიპური რუსული ნარატივია და დასავლურ ქვეყნებში უფრო ულტრამემარჯვენეობასთან არის დაკავშირებული. აქვე საუბარია ტრადიციულ ღირებულებებზე, ეკლესიაზე, ხდება შეპირისპირება „გახრწნილ დასავლეთსა“ და „ქართულ ღირებულებებთან“. რუსეთში ეს გასაკვირი არ არის, ეს არის ძველი სლავოფილური ტრადიცია. ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ეს შემდეგნაირად გადმოთარგმნა, რომ სუვერენულები ვართ, ცალ ფეხზე დგომა არ გვინდა, ჩვენს ღირებულებებს პატივს ვცემთ და უცხოური გავლენისგან ვიცავთ. ამ უცხოურ გავლენაში კი იგულისხმება დასავლური გავლენა, როგორც საშიშროების და რისკის შემცველი. ეს აბსოლუტურად ახალი თემაა საქართველოს პოლიტიკაში.
ზოგადად კონსერვატიზმი და პოპულიზმი არ არის უცხო ქართული პოლიტიკისთვის, ის, რაც უცხო და ახალი ფენომენია, ანტიდასავლური ნაწილია. ეს ყველაფერი კი ხდება უკრაინის ომის ფონზე, როდესაც პროგრესული დასავლეთი ერთ მხარეს არის და ეს რაღაც პოპულისტური რუსული გავლენის ქვეშ თავმოყრილი პოლიტიკური ძალები - მეორე მხარეს. საქართველო ამ მეორე მხარეს აღმოჩნდა.
კახა გოგოლაშვილი
„ქართული ოცნების“ საგარეო კურსის ცვლილება ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას: პირველი, ოცნება მომავალ არჩევნებში გამარჯვებას ისახავს უპირველეს ამოცანად. ის ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს რუსული პროპაგანდის მიერ გაძლიერებული და გააქტიურებული მოსახლეობის პრორუსული და ევროსკეპტიკური ნაწილი. ასევე ცდილობს დააკნინოს ოპოზიციის (რომელიც საკუთარ თავს პოზიციონირებს, როგორც პროდასავლური) მიმართ საზოგადოების ინტერესი თავად ევროკავშირის და დასავლეთის მიმართ სკეპტიკური აზრის დამკვიდრებით. ოცნება ცდილობს შექმნას დასავლეთის იმიჯი, როგორც თავის ვიწრო ინტერესების მქონე აქტორისა და მასთან მხოლოდ ოცნებას შეუძლია ისეთი ურთიერთობები ჰქონდეს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მაქსიმალურ სუვერენობას.
მეორე, ოცნების მმართველი ელიტა მოქცეულია რუსული ინტერესების ორბიტაში. გააჩნია კორპორატიული ინტერესები რუსეთთან და ისე ჩანს, რომ რეალურად დაინტერესებულია რუსეთის გამარჯვებით უკრაინასთან ომში. თუმცა ამას ვერ ამჟღავნებს ღიად, რადგან მის გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და არ უნდა, რომ დასავლეთთან ხიდები ჩაანგრიოს.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების შედეგი არაფერს პოზიტიურს არ ატარებს ქვეყნისთვის, რადგან ის მხოლოდ თავად „ქართული ოცნების“ კორპორატიულ ინტერესებს ემსახურება, რისკები კი საკმაოდ დიდია. უახლოესი საფრთხე ექმნება ჩვენს დასავლურ არჩევანს და პირველ რიგში ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინსვლას. მეორეც, ძლიერდება ანტიევროპული და პრორუსული ფრთა ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლება მოკავშირედ მიაჩნია. იზრდება რუსეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ხარისხი, რაც შეიძლება გავლენებში გადაიზარდოს და საქართველო აიძულოს, შეცვალოს ფორმალურად გაცხადებული საგარეო კურსი.
შორენა ლორთქიფანიძე
დღეს საქართველოს მთავარ საგარეო ორიენტირებს აბუნდოვანებს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ახალი დისკურსი, რომელიც პარტნიორებისგან ღირსების და თანასწორობის მოთხოვნას ეყრდნობა. ის ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე და დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ დასავლეთი ზღუდავს საქართველოს სუვერენიტეტს და თავისუფალი არჩევანის უფლებას.
რით აიხსნება ამგვარი დისკურსის შექმნისა და გაძლიერების მცდელობა? რუსეთთან გარკვეულ კავშირში მყოფი ქვეყნების პოლიტიკური ნარატივი გაჯერებულია დასავლეთის ამგვარი კრიტიკით. ანუ აქ რუსული კვალი ადვილად იკითხება.
ვხედავთ „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას ყველაფრის, მათ შორის, დასავლეთთან ურთიერთობების საგრძნობლად დაზიანების ფასად. ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილია რესურსებზე კონტროლი, ფინანსებზე კონტროლი, რისი შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“.
მთავარი კითხვაა, „ქართული ოცნების“ რიტორიკის მიღმა, რა ხდება ინსტიტუტებში, განაგრძობენ თუ არა მუშაობას თანამშრომლურ და პარტნიორულ რეჟიმში დასავლელ კოლეგებთან და ინსტიტუტებთან? გარკვეულწილად ეს მუშაობა ინერციით შენარჩუნებულია. საქართველო ჯერ კიდევ ხელმძღვანელობს არსებული პოლიტიკური პარტნიორობის მექანიზმებით.
ცხადად ჩანს, „ქართული ოცნების“ ამოცანა არ არის ევროკავშირის კანდიდატურის მიღება. ამ ფონზე სრულებით შესაძლებელია, ძალიან მალე „ქართული ოცნების“ გავლენით, განსხვავებული პოლიტიკური ჩარჩო დოკუმენტები მიიღოს საქართველომ, სადაც ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია პირდაპირ მიზნად აღარ ჩაიწერება.
პაატა ზაქარეიშვილი
„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ერთობა, დღეს პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენს, არ ატარებს რეფორმებს, არ ჩანს არანაირი პოლიტიკა, თუ საითკენ მიჰყავთ საქართველო. ამიტომ, აშკარად ჩანს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა. მას უნდა გაიმყაროს პოზიციები და იყოს პირამიდის სათავეში, რომელიც აკონტროლებს ვითარებას საქართველოში.
ჩემი აზრით, რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს რუსეთთან დაახლოება და იმავე უდიდეს ნაწილს სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, განსაკუთრებით, ევროკავშირში. რუსეთისთვის ამ წუთში დიდად მნიშვნელოვანი არ არის საქართველო გახდეს პრორუსული და რუსეთის ბანაკში მოექცეს, როგორც, მაგალითად, ბელორუსი ან ცენტრალური აზიის რესპუბლიკები. რუსეთისთვის მთავარია, რომ საქართველო არ მოძრაობდეს ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაც სწორედ ეს არის: დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი პრორუსული ძალა, იმიტომ რომ ეს საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევს, და, მეორე მხრივ, ყველაფერი გააკეთოს, რათა არ მოძრაობდეს ევროკავშირისკენ. საქართველოს ხელისუფლების ყველა მოქმედება, მათ შორის, 30 აპრილის აქცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივით ჩატარდა თბილისში, ასევე, ინიცირებული რუსული კონტექსტის კანონპროექტი უცხო ქვეყნების აგენტების შესახებ, არის ხელისუფლების მცდელობა, ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ღირებულებები. მათი მიზანია იმდენად იყოს მიუღებელი „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ ევროკავშირს სხვა არაფერი არ დარჩეს გარდა იმისა, რომ საქართველოს უარი უთხრას კანდიდატობის სტატუსზე. ეს შემდეგ ევროკავშირს და ოპოზიციას დაბრალდება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არ მიდის ევროკავშირისაკენ, თითქოს არ მიდის რუსეთისაკენ და ამ ვითომდა ფსევდონეიტრალურ პოზიციაში ის დარჩება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შეძლებენ შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯის ჩამოყალიბებას.
კახა გოგოლაშვილი
შორენა ლორთქიფანიძე
პაატა ზაქარეიშვილი
ეს ხუთი ნაბიჯი საკმარისი იქნებოდა რეალური მოძრაობის დასაწყებად ევროპისკენ, ევროკავშირისკენ და ასევე, შესაბამისად, მშვიდობიანი პოლიტიკის განხორციელებისაკენ.
მასალა მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“. SIDA და კვინა ტილ კვინა შესაძლოა არ ეთანხმებოდნენ აქ წარმოდგენილ მოსაზრებებს. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი.
[1] EU sanctions / Flights between Russia and Georgia: Q&A, Midday press briefing from 16/05/2023 of Peter Stano, European Commission Lead spokesperson for foreign affairs and security policy. https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-241383.
[2] ეკა აკობია, Georgia’s (mis)alignment with the EU Foreign Policy, https://civil.ge/archives/542831.
[3] ბალკანეთიდან ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატებს/პოტენციურ კანდიდატებს რომ შევადაროთ, ჩრდილოეთ მაკედონიის შესაბამისობის მაჩვენებელი 2022 წელს 100% იყო; მონტენეგროსი – 100%; ალბანეთის – 100%. ბოსნია და ჰერცეგოვინამ გარკვეული პროგრესი აჩვენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან და შემზღუდველ ზომებთან შესაბამისობის გაუმჯობესების კუთხით და 2022 წლის აგვისტოს ბოლოს შესაბამისობის მაჩვენებელმა 81%-ს მიაღწია. სერბეთის შესაბამისობის მაჩვენებელი 2022 წელს 48% იყო. https://civil.ge/ka/archives/542544; ამავე პერიოდში მოლდოვისა და უკრაინის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან იზრდება.
[4] კობახიძე: თეორიულად დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, „რადიო თავისუფლება“, https://www.radiotavisupleba.ge/a/31930428.html
ინსტრუქცია