[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

კონფლიქტები, გაბატონებული ინტერპრეტაციები და პოლიტიკური ინტერესები მათ უკან - ინტერვიუ სფეროს ექსპერტებთან

თამთა მიქელაძე 

უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის შემდეგ ჩვენს საზოგადოებაში ჩვენს კონფლიქტებთან და ომთან დაკავშირებული საკითხები საჯაროობაში გაცოცხლდა და ის სოციალურ ქსელებში და ნაწილობრივ მედიაშიც აქტიური განხილვების საგანი გახდა. ეს განხილვები ხშირად ემოციურ, ცალმხრივ და ექსკლუზიურ შინაარსს და ფორმებს იღებს და მას ნაკლებად აქვს პოლიტიკური, სამართლებრივი და აკადემიური ლეგიტიმაცია და შორდება ისტორიის კრიტიკული და მრავალშრიანი წაკითხვისა და ფიქრის სულისკვეთებას. უფრო მეტიც, უკრაინის ომის კონტექსტში კონფლიქტებზე მსჯელობაში კიდევ უფრო გაიზარდა მხოლოდ გეოპოლიტიკური გადმოსახედიდან, რუსეთის ფაქტორით ისტორიის ინტერპრეტაცია, რომელიც გამოდევნის კონფლიქტების შიდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეთნიკურ და სხვა სტრუქტურულ ფაქტორებს.

ჩვენ დღეს კონფლიქტების ისტორიაზე და წარსულზე მსჯელობთ ისე, რომ არ მიგვიღწევია საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი შეთანხმებისთვის ამ საკითხებზე. დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი ტრანზიციები, მათ შორის, ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, მასობრივი კორუფცია, ავტორიტარიზმები ისე გაიარა, რომ სახელმწიფოს სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკა არ გაუტარებია. სამართლიანობის აღდგენის პროცესი როგორც წესი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, ეს არის სიმართლის დადგენა და დოკუმენტირება; დამნაშავე პირების დასჯა; მსხვერპლების დაცვა და მათი აღდგენა უფლებებში; კონფლიქტის პრევენცია, რაც მათ შორის უსაფრთხოების, პოლიტიკის და სასამართლო სისტემების დემოკრატიზაციით მიიღწევა. მნიშვნელოვანია რომ სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკამ ყველა ეს მიმართულება თანადროულად მოიცავს და ის მსხვერპლების გაჩუმების ან ინსტრუმენტალიზების, ან პოლიტიკური რევანშის იარაღად არ იქცეს. ამ პროცესის გავლა ცხადია, მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენისთვის, ახალი ძალადობის არდაშვებისთვის, მსხვერპლების უფლებების დაცვისა და პატივისცემისთვის, წარსულის კოლექტიური ტრავმებისგან საზოგადოების გათავისუფლებისთვის. თუმცა მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების დემოკრატიზაციისთვის, ელიტების ანგარიშვალდებულებისთვის და ძირეული მშვიდობის დამყარებისთვის. თუმცა, ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არც ერთ პერიოდში აღდგენითი მართლმსაჯულების პოლიტიკა არ გატარებულა, და მით უფრო ის არასდროს შეხებია 90-იანი წლების კონფლიქტებს, რომლის ტრავმა და ზიანი ჩვენს საზოგადოებებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, დღემდე მოჰყვება და ცოცხლია. ამ პერიოდის წარსულის შესახებ ცოდნა მწირია ფორმალური განათლების სისტემაში და აკადემიის წიაღშიც კი (ბოლო წლებში მცირე პოზიტიურ ცვლილებებს და გამოცდილებებს თუ არ ჩავთვლით). პოლიტიკის, სამართლისა და ცოდნის ეს სიცარიელე ცხადია, რომ საკითხის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების, მითების შექმნისა და ახალი დაყოფებებისა და იერარქიების გაჩენის მაღალ რისკებს აჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უფრო პლურალისტური გარემოა და კრიტიკული იდეების გამოხატვა დაშვებულია და მიღებულიც, პოლიტიკური ელიტა და მით უფრო ინსტიტუციური პოლიტიკა მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებზე ახალი პროგრესული პერსპექტივებისთვის, რომელიც ისტორიის ქვემოდან წაკითხვას, ადამიანებზე და თემზე ორიენტირებულ მიდგომებს და სამართლიანობის, თანასწორობისა და დემოკრატიის იდეებს დაეფუძნება, შეზღუდულია და რეზისტენტული. ამის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორს გამოყოფენ ხოლმე: რუსეთის მზარდი ფაქტორი რეგიონში და განსაკუთრებით კონფლიქტის რეგიონებში, რაც უსაფრთხოების ინტერესებს წამყვან განზომილებად ხდის კონფლიქტების თემისთვის; ელექტორალური ინტერესებითვის გაბატონებული დისკურსების და ჯგუფების მიმართ ლოიალობის აუცილებლობა და გარდაუვალობა პოლიტიკური პარტიებისთვის; წარსულთან და კონფლიქტებთან დაკავშირებული თვითკრიტიული პროცესის დაწყების სირთულე აფხაზურ და სამხრეთოსურ საზოგადოებებში და პოლიტიკურ სისტემებში და ამის გამო ცალმხრივი თვითრეფლექსიის და „მონანიების“ გაუმართლებლობა და აბსურდულობაც. ყველა ამ ახსნაში პოლიტიკურ აქტორებს ავიწყდებათ, თბილისის, როგორც ცენტრის უფრო მაღალი პასუხისმგებლობები როგორც წარსულის, ისევ მომავალის საკითხებში და მთავარი, რომ სწორედ პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ პოლიტიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციებზე პასუხისმგებლობა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დუმილი, უძრაობა ამ საკითხზე და კონფლიქტების საკითხის პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკული განდევნა, საზოგადოებაში არსებული განწყობებისა და ხედვების შემობრუნებას ართულებს. აქ უფრო რადიკალური კითხვაც შეიძლებდა დაისვას: და ვინ უფრო რეაქციონერია ამ საკითხებზე საზოგადოება, თუ სწორედ ჩვენი პოლიტიკური ელიტა?! ერთ-ერთი მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის მიერ დაწყებული ბოლო თვეების კამპანია პასუხისმგებლობის ვექტორს ჩემთვის ისევ ელიტისკენ მიმართავს.

ყველა შემთხვევაში აშკარაა, რომ კონფლიქტებისა და მშვიდობის პოლიტიკა უფრო მეტ პოლიტიკურ ანგარიშვალდებულებას, საზოგადოებრივ თვითრეფლექსიას და შეთანხმებებისკენ სვლას ითხოვს და თუ ამ პროცესს პოლიტიკური ელიტა არ წამოიწყებს, ის ქვემოდან, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უნდა დაიწყონ. ამ მიზნისთვის კი მნიშვნელოვანი ხდება მშვიდობის თემაზე მომუშავე აქტორები უფრო საჯაროები და ხმამაღალები გახდნენ და კრიტიკული პოლიტიკური ხედვების რეპრეზენტაციისა და საზოგადოებრივი ტრანსფორმაციებისთვის უფრო მეტი ძალისხმევა გასწიონ.

კონფლიქტების ისტორიის დომინანტური წაკითხვის, წარსულის ინსტრუმენტალიზებისა და ამ პროცესის საფრთხეების თემაზე შევეცადე კითხვები დამესვა კონფლიქტებისა და მშვიდობის, ისტორიის, სოციალური მეცნიერებების სფეროში მოღვაწე სანდო მკვლევრებისთვის და ექსპერტებისთვის და წინამდებარე სტატია, სწორედ მათ მოსაზრებებსა და ხედვებს აერთიანებს.

  • მოდით, ავღწეროთ ის პოლიტიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური ველი, რომელიც წარსულზე, კონფლიქტებზე და მშვიდობაზე მსჯელობის დროს ჩვენ პოზიციებს, ხედვებს და ლიმიტაციებს განაპირობებს?

ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი

საქართველოში კონფლიქტების თემაზე საუბარი ისევე, როგორც მუშაობა საკმაოდ შეზღუდულ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცეში ხდება.

ერთ-ერთი პირველი საკითხი კონფლიქტების პოლიტიკურად მოუგვარებელი სტატუსია, მეორე კი არსებული კონფლიქტების ტიპსა და განზომილებაზე შეუთანხმებლობაა. მაგალითად, ჩვენ ვფუნქციონირებთ გარემოში, სადაც არ არის მკაფიო პასუხი შეკითხვებზე - რამდენი კონფლიქტი გვაქვს? ან ვისთან გვაქვს კონფლიქტი? ამ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა მნიშვნელოვანია კონფლიქტების დარეგულირების, თუნდაც მშვიდობის მშენებლობის ირგვლივ ადეკვატური პოლიტიკური დღის წესრიგის შესამუშავებლად.

საქართველოში პოლიტიკური ველი კონფლიქტების თემასთან მიმართებით არის ბუნდოვანი, რაც ძალიან მკაფიოდ აისახება პოლიტიკური პარტიების პროგრამებში. თითქმის არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს დეტალური ხედვა და პროგრამა როგორ უნდა ვიმუშაოთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის, ან ქართულ-აფხაზური და ქართული-ოსური კონფლიქტების მიმართულებით; როგორ უნდა ვუპასუხოთ გეოპოლიტიკურად ცვალებად გარემოებებს, შექმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. შედეგად, სხვადასხვა ჯგუფი, იქნება ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი, ქმნის სხვადასხვა ტიპის, ძირითადად რეაქციულ ნარატივს/ამბავს, რომელიც ასევე ბუნდოვანი და ძირითადად ცალმხრივია ხოლმე.

კარგი მაგალითია ბოლო პერიოდში დაწყებული კამპანია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ და აფხაზეთში ქართველების გენოციდის აღიარების თემა. ერთ-ერთი პირველი შეკითხვა რაც ამ კამპანიების შესახებ მიჩნდება არის შემდეგი: რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ერთი ან მეორე კამპანია კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივით? ან ვის ვუხსნით და ვუმტკიცებთ აფხაზეთში ქართველების დევნისა და მკვლელობის ამბავს, განსაკუთრებით იმ ფონზე როცა საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთში მომხდარ ქართველების ეთნიკური წმენდის ამბავზე შეთანხმებულია და აღიარებულიც აქვთ? სად არიან თავად აფხაზები ამ ამბავში? შესაძლებელია რეგიონში, ვგულისხმობ აფხაზეთს, ქართველების გენოციდი ისე მომხდარიყო რომ ეს არ შეხებოდათ აფხაზებს? კიდევ უამრავი შეკითხვაა რომელიც შეიძლება დაისვას ამ და სხვა კამპანიების შესახებ, რომლებიც ზედაპირზე ამოიტანს მათ მოკლე, რეაქციულ, თუნდაც მანიპულაციურ ხასიათს.

მეორე საკითხია, ის თუ რა სამართლებრივ ველში ვოპერირებთ. ზოგადად პოლიტიკურად დაურეგულირებელ კონფლიქტების პირობებში სამართლებრივი სივრცე ასევე მყიფეა, ან არც არსებობს. საქართველოს შემთხვევაშიც ასეა. შეთანხმებას სტატუსთან ან კონფლიქტ(ებ)ის პოლიტიკურ ასპექტებთან დაკავშირებით მოჰყვება ხოლმე სამართლებრივი ინსტრუმენტების შემუშავება და პრაქტიკაში გადატანა, იქნება ეს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, „სიმართლის“ დადგენის პროცესი (ასევე ეძახიან truth and reconciliation process/ სიმართლის დადგენისა და შერიგების პროცესი), რესტიტუციის პროცესი (რაც ომის დროს დაკარგული ქონებრივი უფლებების აღდგენას გულისხმობს) და ა.შ. ლოგიკურია, რომ ეს პროცესები არ/ვერ დაიწყებოდა საქართველოში, რადგან გაჭიანურებული და მოუგვარებელი კონფლიქტების პირობებში ვართ. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი დავები საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომს შეეხება. მათ მიღმა კი, მნიშვნელოვანია, კრიტიკულად შეფასდეს 1990-იანი წლების კონფლიქტებსა და შიდა სამოქალაქო ომის დროს მიმდინარე პროცესები სამართლებრივი პერსპექტივით და ვიმუშაოთ, რაც შეიძლება მეტი ფაქტის დადგენასა და ანალიზზე.

პოლიტიკური და სამართლებრივი ველის ბუნდოვანება ან არასრულფასოვნება, ლოგიკურად აისახება ინსტიტუციურ სივრცეზე. საქართველოში უშუალოდ კონფლიქტების თემაზე არსებობს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც აქვს მხოლოდ პოლიტიკის კოორდინირების მანდატი და არ აქვს პროგრამული ბიუჯეტი. თუმცა აპარატი არ არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც კონფლიქტების თემა ეხება. ბოლო წლების გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ პირობებში, კონფლიქტების თემა მოექცა სხვადასხვა სამინისტროების კომპეტენციის ფარგლებში, მაგ. ჯანდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ა.შ.. გარდა ამისა, არსებობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის დროებითი ადმინისტრაცია. ამ ინსტიტუციების გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული კონფლიქტების თემაში, თუმცა მეტი ფოკუსით ოკუპაციისა და რუსეთის გავლენის საკითხებზე. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ინსტიტუციურ სივრცეში არის კოორდინირებული საქმიანობის ნაკლებობა, რაც ჯამში არ არის გამოწვეული ლოჯისტიკური გაუმართაობით და დიდწილად პოლიტიკური და სამართლებრივი ველის სიმყიფესა და ნაკლოვანებას უკავშირდება. გარდა სახელმწიფო ინსტიტუციებისა, კონფლიქტების თემაზე მუშაობს არასამთავრობო, ე.წ. სამოქალაქო სექტორი, თუმცა, მათ შორისაც გახლეჩილობაა. განსხვავებული ხედვებია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ კი, კონფლიქტების ბუნების, ჩართული მხარეების, მოგვარებისა და ტრანსფორმაციის წამყვანი და მეორეხარისხოვანი ასპექტების შესახებ.

რომ შევაჯამოთ, საქართველოში კონფლიქტების თემაზე საუბარი მიმდინარეობს ბუნდოვან და ნაკლოვანებებით სავსე პოლიტიკურ, სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცეში. ადამიანები, ინტერესთა ჯგუფები, პარტიები და სხვა აქტორები რეაქციული და მომენტური მიდგომებით ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ინიციატივის, ნარატივის, პროცესის შექმნისას და ერთადერთი რაც მათ ქმედებებს განსაზღვრავს პირადი გამოცდილება, მეხსიერება და მორალური ღერძია. შესაბამისად, ხშირია, ემოციებზე გათვლილი საუბრები, ნაკლები სიღრმითა და რთული საკითხების კონსტრუქციულად განხილვის ნაკლები მზაობით.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი კონფლიქტის მრავალშრიანი აღწერა და მსხვერპლისა და მოძალადის დიქოტომიის მიღმა გასვლა ამ პერიოდის კონფლიქტზე მსჯელობის დროს. თქვენ როგორ აღწერთ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიას სტრუქტურულად და რას ხედავთ პრობლემურს მხოლოდ რუსეთის ფაქტორით ამ კონფლიქტის ახსნაში?

პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2012-2016 წლებში

უნდა ითქვას, რომ დედამიწაზე არსებული ყველა მოუგვარებელი კონფლიქტი არის მრავალშრიანი და საქართველო არ არის ამ მიმართულებით გამონაკლისი. მეტიც, კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ტრანსფორმაცია ხდება იმ კონფლიქტებში სადაც ყველა დონე არის აღიარებული; მკაფიოდ არის გამოკვეთილი კონფლიქტის ყველა მხარე და მათ შორის ურთიერთობები არის გამჭვირვალე და ცხადი. საქართველოს კონფლიქტები ჩიხშია მოქცეული იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ სურს აღიაროს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მრავალშრიანობა და მრავალწახნაგიანობა.

ჩემი ხედვით, საქართველოს ტერიტორიზე საქმე გვაქვს რამდენიმეშრიან კონფლიქტთან. აფახაზეთის მაგალითზე შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს სამშრიანი კონფლიქტი. წამყვანი შრე არის ქართულ-აფხაზური გაუცხოება, რომელსაც გააჩნია თავისი ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ეთნიკური საფუძვლები, რომელთა, თავის დროზე, გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება. სამწუხაროდ, ორივე მხარის პოლიტიკური ელიტები კონკრეტულ დროსა და სივრცეში არსებული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, და მოკლევადიან ინტერესებს აყენებდენ გრძლევადიან სტრატეგიულ ინტერესებზე მაღლა. როგორც წესი, ორივე მხარე უპირატესად კონფრონტაციის მიმართულებით დგამდა ნაბიჯებს, ვიდრე ცდილობდა თავისი პოლიტიკა მიემართა დეესკალაციისკენ. ტაბულასა და ევროპული საქართველოს მიერ წამოწყებული კამპანიაცასეთი პოლიტიკის სანიმუშო მაგალითია. უკომპრომისობა უმეტესწილად ქართული პოლიტიკისათვის იყო დამახასიათებელი, თუმცა, არც აფხაზური მხარე ჩამორჩებოდა კონფრონტაციულობაში. ასეთ დაპირისპირებას რუსეთი ყოველთვის იყენებდა თავის გეოპოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ.

დღეს არსებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საფუძვლებს მე ვხედავ გასული საუკუნის 80-ინ წლებში. ამ პერიოდამდე ქართულ-აფხაზური გაუცხოება იმყოფებოდა ლატენტურ მდგომარეობაში და არავითარი ნიშანი არ ჩანდა იმისა, რომ ის აუცილებლად უნდა გადაზრდილიყო შეიარაღებულ დაპირისპირებაში. სსრკ-ში 1986 წელს დაწყებულმა რეფორმებმა, რომელიც „გარდაქმნის“ სახელითაა ცნობილი, საბჭოთა კავშირის ხალხებში დამატებითი ენერგია შესძინა ეთნიკურ ნაციონალიზმსა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. საზოგადოებრივი ურთიერთობების ცვლილებების კვალდაკვალ, სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს თავიანთი მომავლის მიმართ რადიკალურად განსხვავებული და დაპირისპირებული ხედვები უყალიბდებოდათ. სწორედ ამ პერიოდში იღვიძებს ლატენტურ მდგომარეობაში მყოფი ქართულ-აფხაზური გაუცხოება და ის თანმიმდევრულად იღებს ინსტიტუციონალურ და სისტემურ ხასიათს. გაუცხოებისა და კონფრონტაციის პოლიტიკის უპირატესად წარმართვამ, გარდაუვალი გახადა შეიარაღებული დაპირისპირება. იმ პერიოდის ოფიციალურ პროპაგანდაში და როტირიკაში ნამდვილად არ იყო საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე საუბარი. 2000 წლებამდე აფხაზეთის კონფლიქტი ძირითადად ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად მოიაზრებოდა, თუმცა, რუსეთის, როგორც დადებით, ისე უარყოფით როლს ყველა აღიარებდა. საქართველოს ლიდერი ედუარდ შევარდნაძე და მმართველ პოლიტიკური ძალა „მოქალაქეთა კავშირი“ მაქსიმალურად ცდილობდნენ - რუსეთი, როგორც სახელმწიფო, კონფლიქტის მხარედ არ წარმოეჩინათ. 90-იანი წლების ქართული პროპაგანდა, რუსეთთან მიმართებაში ძირითადად საუბრობდა: ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებიდან ჩამოსულ არაფორმალურ შეიარაღებულ ძალებზე და ორ რუსეთზე, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ საკონსტიტუციო კრიზისის გაღრმავების მეშვეობით, რომელიც ქართულ-აფხაზური შეიარაღებული დაპირისპირების პარალერულად მიმდინარეობდა.

როგორც კი საქართველოში არსებითად იცვლება ძალაუფლება და სათავეში მოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება, მათ კონფლიქტების ტრანსფორმაციის პოლიტიკა პრინციპულად და გეგმაზომიერად გადაყავთ ახალ დონეზე - მხოლოდ საქართველო-რუსეთის დაპირისპირების დონეზე, სადაც აფხაზური მხარისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. ახალი ნარატივით, აფახური მხარე კონფლიტის ტრანსფორმაციის მიმართულებით არსებითად განსხვავებულ პოლიტიკას არ აწარმოებდა და შესაბამისად მასთან ურთიერთობას არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა. იმის ნაცვლად, რომ ახალი შრის აღიარებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას მოეძია დამატებითი რესურსები კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით, მათ აირჩიეს შედარებით მარტივი გზა: ერთი კონფლიქტი გააუქმეს და ის ჩაანაცვლეს მეორეთი. ამ პოლიტიკამ უფრო მეტად გააუცხოვა აფხაზური მხარე საქართველოსთან მიმართებაში და მეტად მიაკედლა რუსეთის ნეოიმპერიულ ინტერესებს.

მესამე შრე შეიძლება და იმედია, რომ ყალიბდება სწორედ დღევანდელ პერიოდში, ჩვენს თვალწინ. შეიძლება მას პირობითად დაერქვას ქართულ-ქართული დონე. მაშინ როცა, ერთის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ ელაპარაკება აფხაზურ მხარეს და ამით აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას, ხოლო მეორეს მხრივ, ვერ უბედავს რუსეთს დააკისროს მას მისი წილი პასუხისმგებლობა და ამით აგრძელებს „მოქალაქეთა კავშირის“ ხელისუფლების პოლიტიკას, იქმნება მოჯადოებული წრე, რომელიც შეიძლება გარღვეული იქნეს მხოლოდ ახალი ქართული დისკურსის შექმნით. დადგა დრო, როცა ქართულ საჯარო სივრცეში უნდა გამოჩნდეს კონკურენტუნარიანი ხედვები, თუ როგორ ხედავენ სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების გზებს.

„ევროპული საქართველოს“ მიერ წამოწყებულ კამპანიის პასუხად, უნდა ითქვას, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არის მხოლოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ნაწილი. საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, რა თქმა უნდა არის რუსეთის იმპერიალისტური ომის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთი ეფექტურად იყენებს ქართული მხარის არაკონსტრუქციულობას, როგორც ქართულ-აფხაზურ ისე ქართულ-ოსურ კონფლიქტებში და ამით ამყარებს თავის იმპერიალისტულ პოლიტიკას მთელს კავკასიაში. ეს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა კიდევ მეტად გაამყარა და გაამძაფრა. კიდევ ერთხელ განვმეორდები, რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთის განზომილება არის მნიშვნელოვანი და, დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, წამყვანი ფაქტორიც კი სხვა შრეებთან შედარებით. თუმცა, ის არ არის ჩვენი კონფლიქტების ერთადერთი და უაპელაციო განზომილება.

მალხაზ სალდაძე, დოქტორი მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხებში

მსხვერპლი-მოძალადის შეპირისპირების მიღმა გასვლა სასურველი მდგომარეობაა. სხვა საკითხია, როდის შეიძლება მიიღწეს იგი. კონფლიქტით გაყოფილ მხარეებს შორის ეს გაყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება საკუთარი თავის მორალური გამართლებისთვის. არცერთი მხარე თავის თავში, ცხადია, მოძალადეს არ მოიაზრებს. ჩემი აზრით, ამ გაყოფის გადასალახად არაა საკმარისი რომელიმე მხარის მიერ საკუთარი მსხვერპლის დავიწყება. ორივე მხარეს ემახსოვრება რა მსხვერპლი გაიღო ამ ომებისთვის. სულ სხვა საკითხია, შესაძლებელი იქნება თუ არა, ქართულ, სამხრეთ ოსურ და აფხაზურ მხარეებში ისეთი მნემონიკური აქტორების წარმოშობა, რომლებიც მოძალადის განსაზღვრებას გადახედავენ? შესაძლოა, ამ საზოგადოებებისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს როგორც კონფლიქტის მდგომარეობიდან გამოსვლისთვის, ისე შერიგებისთვის. ქართულ მხარეს, გაბატონებული მოსაზრებაა რომ მოძალადე რუსეთია და არა აფხაზები და სამხრეთელი ოსები, თუ მათი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ნაციონალისტური ელიტები. ეს ჩანაცვლება ერთის მხრივ, კი ქმნის სივრცეს აფხაზებთან თუ ოსებთან კომუნიკაციისთვის, თითქოს, “ჩვენს მსხვერპლს თქვენ არ გედავებით”, მაგრამ ამავდროულად, ბრმა რჩება მათ მხარეს გაბატონებული ნარატივის მიმართ “დამოუკიდებლობისთვის გმირული ბრძოლის და ქართველების მიერ მოკლული უდანაშაულო მსხვერპლის” შესახებ. ცხადია, მათ ურჩევნიათ ქართველებმა ეს დაინახონ, თუმცა, მსგავსი სურვილის სარკისებრი შედეგი სწორედ ის არის რომ კონფლიქტის პარადიგმა არ შეიცვლება. ქართულ მხარეს ანალოგიურად იქნება განცდა იმისა, რომ ისინი რუსების, აფხაზების და ოსების მსხვერპლნი არიან.

მაშ, რა შეიძლება იყოს შესაძლებელი მოძალადის განსაზღვრების ისეთი ცვლილება, რომელიც ამ საზოგადოებებში მოქმედ, ახალ თუ შესაძლო, მნემონიკურ აქტორებს საშუალებას მისცემთ წარსულის თხრობის ისეთი სქემა შექმნან რომელიც შეცვლის მსხვერპლი-მოძალადის არსებულ დიქოტომიას? შეიძლება თუ არა, აფხაზებმა და ოსებმა, ერთ დღეს ასევე თქვან რომ ისინი რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლნი არიან და გაიმერონ ქართული ნარატივი? ან შეიძლება თუ არა, ქართულმა მხარემ აღიაროს რომ გაღებული მსხვერპლის თანადროულად, თავად იყო მსხვერპლის შემწირველი? და იგივე რომ მოხდეს სამხრეთ ოსურ და აფხაზურ მხარეს? ანდა, შეიძლება თუ არა “გაჩნდეს” პაციფისტური ნარატივი, რომელიც არახალია, რომ ყველა მხარე მსხვერპლია? ნებისმიერ შემთხვევაში, მსჯელობა მორალის და იდენტობის ჭრილში მიემართება, რომელშიც ქართული, აფხაზური და ოსური “ჩვენ” აუცილებლად გარედან მოსული მომხდურის მსხვერპლი უნდა იყოს, რომ მოპოვებული მდგომარეობა, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის და სამხრეთ ოსებისთვის - დამოუკიდებლობა, ამ მსხვერპლს ამართლებდეს.

ამ სქემის დაშლა და დემითოლოგიზაცია, რეალურად, ნებისმიერ ამ საზოგადოებაში დისიდენტობაა. მნემონიკურ აქტორებს, რომლებიც გაბედავენ მსხვერპლი-მოძალადის ეს პარადიგმა ან შეცვალონ, ან უარყონ, ამ პარადიგმის მცველებთან მოუწევთ დაპირისპირება, რომელიც კონსერვატიული მორალური უმრავლესობით იქნება ნებისმიერ ამ მხარეს წარმოდგენილი. ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პოლიტიკური რეჟიმისა, ამ პარადიგმის მცველები საზოგადოების რეაქციონერული ჯგუფები არიან, და თხრობის ამ სქემას ისინი იცავენ. იმისთვის, რომ გაჩნდეს სივრცე სადაც მსგავსი დისიდენტობა არათუ მისაღები, არამედ დასაშვები იქნება, აუცილებელია სახელმწიფოს დემოკრატიზაცია, რომელიც განსხვავებულ აზრს ადამიანის უფლებების და გამოხატვის თავისუფლების სახელით დაიცავდა. საქართველოში თუ ეს მეტ-ნაკლებად შესაძლებელია (თუმცა არაერთხელ ვხედავთ როგორ იბანს სახელმწიფო ხელს როცა საზოგადოების რეაქციონერული ჯგუფები განსხვავებულს უპირისპირდება და ანგარიშს უსწორებს), აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჯერჯერობით წარმოუდგენელია. წარსულის და მით უფრო “დამოუკიდებლობის ომისთვის” ბრძოლის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები კრიმინალიზებულია. შესაბამისად, რთულია იმის წარმოდგენა რომ ერთი კონფლიქტით გაერთიანებულ თუ დაღდასმულ ქართულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებში მსგავსი აქტორები თანადროულად აღმოცენდნენ. შესაძლოა თუ არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებაში ამ პროცესის გაღრმავება (ჩემი აზრით მეხსიერების რეპრეზენტაციაში ეს ცვლილება უკვე დაწყებულია და შესაბამისი მნემონიკური აქტორებიც, შეზღუდულად და მცირე რაოდენობით, მაგრამ არსებობენ)? ჩემი აზრით, შესაძლებელია მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურ და სამხრეთ ოსურ ნარატივებს პირდაპირი ამრეკლავები (“არა, ომი თქვენ დაიწყეთ”, “თქვენ ეთნოწმენდა და გენოციდი მოაწყვეთ”, “ჩვენი მეტი მსხვერპლი გავიღეთ” და ა.შ.) ყოველთვის ეყოლებათ.

  • როგორ არის შესაძლებელი საუბარი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების წინააღმდეგობრივ ისტორიაზე ამ რეალობაში, როცა წარსულის კრიტიკული გადააზრება არ მომხდარა შესაბამისი სამართლებრივი და განათლების პოლიტიკის ფარგლებში? რამდენად რთულია ამ ისტორიის წინააღმდეგობრივი ასპექტების ის მიღება ქართული საზოგადოებისთვის და როგორ შეიძლება დაიწყოს კოლექტიური გადააზრების ეს პროცესი მაშინ, როცა მას არც სახელმწიფო უწყებები უწყობენ ხელს და არც პოლიტიკური პარტიები. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცდელობებიც კი ფრაგმენტული რჩება.

მალხაზ თორია, ისტორიკოსი

კონფლიქტების ტრავმული გამოცდილების მქონე საზოგადოებებში უფრო რთულია მტკივნეული წარსულს კრიტიკული, მრავალშრიანი და მულტიპერსპექტიული ანალიზი. კიდევ უფრო ძნელია დისტანციიდან შეხედო კონფლიქტს, რომელზეც რეალურად წარსულში ვერ ისაუბრებ. ზოგჯერ, წარსულს მხოლოდ კალენდარული და სტანდარტული პარამეტრებით ვერ განვიხილავთ. ქართულ-აფხაზური და ქართულ ოსური კონფლიქტები განგრძობადი და აწმყო მოცემულობებია. გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მიღებული ტერმინი „გაყინული კონფლიქტები“ უკვე არ ასახავს შექმნილ მდგომარეობას. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში გაჩაღებული და ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტები ისევ უკიდურესად სენსიტიური საკითხია ქართული საზოგადოებისთვის.

მეორე მხრივ, საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის გამოცდილების მქონე საზოგადოებებში სტალინური ტერიტორიული ნაციონალიზმის მემკვიდრეობა განსაზღვრავს თანამედროვე ეთნოცენტრულ წარმოდგენებს ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის - ქართვლელების, აფხაზების, ოსების მიერ კონკრეტული ტერიტორიის ისტორიული კუთვნილების შესახებ. ამგვარი „მეხსიერების რეჟიმი“ აბრკოლებს უახლოესი მტკივნეული წარსულის კრიტიკულ ანალიზის მცდელობებს.

ქართული, აფხაზური და ოსური „პოლიტიკური მეხსიერების“ ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, ამა თუ იმ არგუმენტების აბსოლუტიზაცია, კონფლიქტის მიზეზების ერთ, სასურველ, ფაქტორამდე დაყვანა. მაგალითად, ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების მიხედვით, ქართულ-აფხაზური/ოსური კონფლიქტის ერთადერთი ან უმთავრესი წყარო მხოლოდ გარეშე ძალაა და შეიარაღებულ კონფლიქტებამდე ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან იდეალური იყო. მეორე მხრივ, აფხაზები და ოსები ხაგასმით ამტკიცებენ ქართველებთან მრავალსაუკუნოვანი და პერმანენტული კონფლიქტის არსებობას. ისინი ცდილობენ გააქრონ ქართველებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მდიდარი და ხანგრძლივი ისტორია.

ზოგადად, მე ვერ ვხედავ შუესაბამობას გაგრაში, სოხუმში, თუ გალში დატრიალებული ტრაგედიები, მკვლელობები, ეთნიკური წმენდა ბუჩას მოვლენებს შევადაროთ. ამ კარგად დოკუმენტირებული დანაშაულებების სიმძიმე რუსი აგრესორების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის თანაზომადია. მთლიანობაში, რუსების როლის დაკნინება ამ ყველაფერში, ასევე, ძალიან ძნელია. ფაქტოლოგიური ისტორია ამაზე ცხადად მიუთითებს, როგორიც არ უნდა იყოს ინტეპრეტაციები. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე და მერეც, რუსეთის პოლიტიკას საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მიმართ მეტ-ნაკლებად ერთიანი ლოგიკა ედო საფუძვლად. კერძოდ, რუსეთი მხარს უჭერდა სეპარატისტულ მოძრობებს ვინაიდან მოსკოვისთვის ფუნდამენტურად მიუღებელი იყო და არის მისი ორბიტიდან საქართველოს დისტანცირება. რიგი უცხოელი მკვლევრები და ჟურნალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსულმა სამხედრო ნაწილებმა გადამწყვეტი როლის შეასრულეს სოხუმის აღების დროს ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებთან და აფხაზებთან ერთად. მე ძალიან კრიტიკული ვიქნები ისეთი პოზიციის მიმართ, რომელიც ამ კონტექსტს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებს. ქართველებს თითქოს წართმეული ქონდათ გლოვის უფლება. ამ პრობლემის მიჩუმათება ე.წ. აფხაზების „არ გაღიზიანების“ მიზნით, არა მარტო მორალურად და ეთიკურად არის მიუღებელი, არამედ მეთოდოლოგიურად და პოლიტიკურად სრულიად მცდარი პოზიციაა. მეორე მხრივ, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ, ასევე, არ უნდა ხდებოდეს აფხაზების და ოსების ტკივილის და მსხვერპლის იგნორირება. ჩვენ უმთავრესი მიზანი უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგება, რაც არ უნდა პათეტიკურად და აბსტრაქტულად ჟღერდეს ეს.

თუმცა, ისევ აღვნიშნავდი, რომ საქართველოს კონფლიქტებზე, როგორც კომპლექსურ და მრავალშრიან ხდომილებებზე ცალმხრივი დასკვნების გამოტანა ძნელია. შესაბამისად, ჩვენი უახლოესი ტრაგიკული წარსულის მეტ-ნაკლებად სრული სურათის აღსადგენად ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, სტრუქტული, სისტემური, სოციალური, ინდივიდუალური და ა.შ. ჩვენ უნდა დასვათ მრავალი ისეთი კითხვა, რომელიც ბევრს არ მოეწონება, პირველ რიგში ნაციონალისტური ნარატივის კულტივატორებს კონფლიქტის ყველა მხარეს. ეს დაგვეხმარება თავი დავაღწიოთ მრავალ პოლიტიკურ მითებს და სტეროტიპებს კონფლიქტებთან დაკავშირებით. მაგალითად, საბჭოთა კავშირის კოლაფსისა და იმპერიული ცენტრის მოშლის ფონზე ახალ „ნაციონალიზებად“ რესპუბლიკებში და სეპარატისტულ რეგიონებში, ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკები თუ ახალ გამომცხვარი ეროვნული ფიგურები ბანალური, ეკონომიკური ინტერესებისა და პოლიტიკური მოტივების დასამკაყოფილებლად ხშირად მიმართავდნენ ნაციონალური მობილიზაციის სტრატეგიას. ეს ფართო თემა უამრავ მიმართულებებად არის ჩაშლილი სხვადასხვა უცხოელი, თუ ქართველი მკვლევრების შრომებში. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი აანალიზებს პოლიტიკური ქაოსის, ეკონომიკურ კოლაფსის, არაფორმალური კავშირების, კრიმინალური სამყაროს, კორუფციის, ომით ხელის მოთბობის, კონტრაბანდის და ა.შ როლს კონფლიქტების გაჩაღებაში და მოუგვარებლობაში.

ბუჩას და აფხაზეთის ტრაგედიების ერთმანეთთან შედარების დროს გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა მიუთითებს, რომ აუცილებელია ქართულ აკადემიურ, პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის დიალოგის გაძლიერება ამ და სხვა რელევანტური საკითხებზე. ვფიქრობ, განსხვავებული პერსპექტივებიდან შეიძლება საინტერესო და დასაბუთებული არგუმენტების გამოკვეთა. ცხადია ყველა პოზიციის მორიგება ვერ მოხდება, ვგულისხმობ, რადიკალურ პოპულიზმს მარჯვნივ თუ მარცხნივ. თუ აფხაზებთან და ოსებთან დიალოგს აუცილებლობას ვაღიარებთ, მაშინ ერთმანეთთან დიალოგის კულტურაც უნდა გავაძლიეროთ. ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება კონფლიქტის გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრებ საკუთარ თანამოქალაქეებთან დიალოგში.

  • კონფლიქტის ისტორიის და მსხვერპლების ისტორიის გაცოცხლებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი ფიქრობდა, რომ ის ომის მსხვერპლების რეტრავმატიზირების გამოიწვევს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პირიქით ამ სიმართლის თქმა გამათავისუფლებელია და სამართლიანობის აღდგენის ნაწილადაც კი შეგვიძლია დავინახოთ. როგორი უნდა იყოს სინამდვილეში მსხვერპლებთან ურთიერთობის, მათი დაცვისა და პატივისცემის პოლიტიკა და მიდგომები?

ნარგიზა არჯევანიძე, სოციოლოგი

ვფიქრობ მსხვერპლების ისტორიების საჯაროდ გაჟღერებას და გაზიარებას მეტი სიფრთხილე სჭირდება საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე. მე პირადად, გულწრფელად განსაკუთრებული დოკუმენტური სიცხადით აღწერილი ისტორიების წაკითხვაც კი გამიჭირდა, ის რაც სოციალურ ქსელში გაზიარდა. ასევე მაგალითად მახსენდება ერთი ისტორია, რომელიც კონკრეტულ სოფელში გაუპატიურების შემთხვევათა რაოდენობას ეხებოდა (იმ დასახლების სახელიც ღიად იყო ნახსენები). გაუპატიურების შემთხვევებზე ასეთი ზედაპირული სახით საჯაროდ საუბარი ვფიქრობ არ არის სწორი. ამ თვალსაზრისით ყველასთვის ცნობილია ის მნიშვნელოვანი პროცესები, რაც ომის დროს ჩადენილი გაუპატიურების შემთხვევების გამოაშკარავებას მოჰყვა მაგალითად ბალკანეთის კონფლიქტების კონტექსტში. ამ კუთხით, ყოფილი იუგოსლავიის 1991-1995 წლების ეთნიკური კონფლიქტები გაუპატიურების სისტემატური პრაქტიკების გამო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. იმ დროს სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამოაშკარავების პროცესებში ჩართული იყვნენ უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფები, ასევე ომის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის წევრები, ჟურნალისტები, აკადემიის წარმომადგენლები/აქტივისტები, და მათი ერთობლივი ბრძოლის შედეგად გაუპატიურებების მასშტაბების, როგორც ომის დანაშაულის გამოძიება დაიწყო.

მეც დევნილი საზოგადოებას წარმოვადგენ. ომი როდესაც დაიწყო 14-15 წლის ვიყავი და ბევრი რამ ძალიან კარგად მახსოვს. ბუნებრივია, ჩვენამდეც აღწევდა ომის სასტიკი ისტორიები, თუმცა არა მსხვერპლის ან მოწმის მიერ გაზიარებული, არამედ სადღაც გაგონილი და შემდეგ ერთმანეთში მოყოლილი ამბები. ჩემს საახლობლო და სანათესავო წრეშიც კი ის კონკრეტული ისტორიები, რომლებიც ომის დროს გავიგეთ, მას შემდეგ არასდროს გვიხსენებია. არ ვიცი ეს ზუსტად რით ავხსნა, ამაზე პასუხი უფრო სპეციალისტებს/ფსიქოლოგებს ექნებათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დევნილების მიერ ყოველდღიურად გაზიარებულ ისტორიებში გავიზარდე, ომის სისასტიკის ისტორიებს არცერთი იხსენებდა. ბევრი რესპონდენტი მყავს ჩაწერილი ჩემი კვლევისთვისაც დევნილების შესახებ, მათ შორის ნათესავები და ახლობლები. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით ვიცოდი, რამდენიმე მათგანმა ურთულესი გზა გამოიარა და ტრაგიკული ამბები შეემთხვა, ჩემთან საუბრისას ამ ისტორიებს არ ყვებოდნენ არასდროს, ომის დაწყებიდან 20-25 წლის შემდეგაც კი ეს ამბები მათთვის უდიდეს ტკივილთან და ტრავმასთან ასოცირდებოდა. არ ვამბობ იმას, რომ მათ აფხაზეთის მხოლოდ რომანტიზებული სურათი შემორჩათ (ამასაც დიდი ადგილი უკავია მათ ისტორიებში), თუმცა უშუალოდ მსხვერპლის მიერ მოყოლილი ისტორია ჩემთთვის გაზიარებული ამბებიდან, რომლებსაც წლებია ვაგროვებ, თითქმის არ მახსენდება. ძირითადად გაკვრით ახსენებდნენ ხოლმე ყურმოკრულ ამბებს, მაგალითად იგივე გაუპატიურების და სხვა სასტიკ შემთხვევებსაც. (სხვათა შორის არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის/მტრის, არამედ მხედრიონის წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებსაც ხშირად იხსენებდნენ). მკვლევრებისთვის ცნობილია, რომ ომის და ძალადობრივი კონფლიქტების დროს ან ომის შემდეგ, უხვადაა არაერთი მითის რეალობად წარმოჩენის მაგალითები. ბუნებრივია იმას არ ვამბობ, რომ ყველა ეს სასტიკი ისტორია მითია, თუმცა ნაწილი ალბათ არის. კონფლიქტი ნამდვილად იყო ძალადობრივი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებიც მოწმობენ იმას, რომ საომარი მოქმედებების დროს, ძალადობა სამოქალაქო პირების მიმართაც ფართოდ იყო გავრცელებული და კონფლიქტს ათასობით ემსხვერპლა, ათასი დაიჭრა, ათასობით პირი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა კონფლიქტის ორივე მხარეს. აქვე, ციფრებს რაც შეეხება, სხვადასხვა ორგანიზაციას სხვადასხვა მონაცემი აქვს და ხშირია ციფრებით მანიპულირების მცდელობებიც კონფლიქტის ორივე მხარეს.

თუმცა ისევ ამ ისტორიებს რომ დავუბრუნდეთ, ასეთი დეტალების გაზიარება მაინც პრობლემურად მიმაჩნია, ტრავმის გაცოცხლების საკითხის გარდა იმის გამოც, რომ ვფიქრობ ძალიან იშვიათია, როდესაც უშუალოდ მსხვერპლს შეუძლია წლების შემდეგაც კი ჟურნალისტს მოუყვეს ის, რაც მას პირადად ომის დროს გადახდა. გარკვეულწლილად ჩემი, როგორც მკვლევრის გამოცდილებაც ამას მკარნახობს. გარდა ამისა არსებობს კონკრეტული მიდგომები, რომლებსაც მსხვერპლებთან მუშაობისას სპეციალისტები ეყრდნობიან და ამ პროცესს უფრო პროფესიონალურად უდგებიან. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ეს პროცესი მრავალშრიანი, ხანგრძლივი და ბევრად უფრო სიღრმისეულია, ვიდრე ის რაც ჩვენ ვიხილეთ.

ანა ძიაპშიპა, ხელოვნებათმცოდნე, რეჟისორი

მგონია, რომ კონფლიქტზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებობს მასზე ლაპარაკის ისეთი ფორმები, რომლებიც მსხვერპლების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა მიზნების გასამართლებლად არ შეეცდება. არსებობს ზეპირი ისტორიების ჩაწერის და მათი დამუშავების სხვადასხვა პრაქტიკა, სადაც ისტორიის ჩაწერას და შემდგომში გამოყენებას თავისი წესები და ეთიკური ნორმები აქვს. ვფიქრობ, ამ ისტორიების მოსმენა, შენახვა და მათი ანალიზი გადამწყვეტიც შეიძლება იყოს კონფლიქტზე საუბრისას. თუმცა არსებობს მთავარი კითხვა, რომელსაც მეც ხშირად ვუსვამ ხოლმე ჩემს თავს, როდესაც ახალ თემაზე ვიწყებ ხოლმე მუშაობას. ეს კითხვა არის რატომ? რატომ ვირჩევ ამ კონკრეტულ ფორმას გარკვეულ საკითხებზე საუბრისას და რა მიზანი აქვს ჩემს შესრულებულ სამუშაოს. მგონია, რომ ეს ერთი მარტივი კითხვა და მასზე გულწრფელი პასუხი შეიძლება იყოს ბევრი არასწორი, არაეთიკური და პრობლემური გადაწყვეტის პასუხი. ასევე მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება, მითუმეტეს კონფლიქტზე საუბრისას. ყველა ისტორია ძალიან სუბიექტური, ხანდახან გადაჭარბებული, დაუმუშავებელი და შეიძლება ცალმხრივიც კი იყოს, ამიტომ როდესაც კონფლიქტი ესეთი მრავალმხრივია და მისი მსხვერპლები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციებით და მეხსიერებით გამოირჩევიან მნიშვნელოვანია ყველა მხარის მოსმენა და სურათის მთლიანობაში დანახვა. აქ კიდევ ერთი პრობლემური საკითხია, რაც მონტაჟს და ინტერვიუს ჩაწერას ეხება, როგორ ვინახავთ და ვუსმენთ ამ ისტორიებს, რა ნაწილს ვიტოვებთ ჩვენთვის და რას ვხდით საჯაროს, ამაზე ფიქრის დროსაც კითხვა „რატომ“ მეჩვენება ყველაზე რელევანტური და გადამწყვეტი.

  • რა ნეგატიური გავლენები აქვს ისტორიის ამგვარ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის?

ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.

საკმაოდ რთულია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ კონფლიქტების ისტორიაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ამ კონფლიქტებში მონაწილე მხარეების სახელდებაზეც კი ვერ ვთანხმდებით ვერც მეორე მხარესთან, და, რაც არანაკლებ, თუ მეტად არა, მნიშვნელოვანია, საკუთარ საზოგადოებასთან. ვერ ვთანხმდებით იმაზეც, თუ რა პერიოდიდან უნდა დავიწყოთ, როცა ისტორიაზე საუბარი გვინდა - გასული საუკუნის 90-ანებიდან, 2008 წლიდან, სამოქალაქო ომიდან თუ სულაც საუკუნეების სიღრმიდან. რომელ პერიოდზე საუბრისას ვგრძნობთ თავს უფრო კომფორტულად, სად უფრო ხმამაღლა შეგვძლია საკუთარი მსხვერპლის ჰეროიზება და სხვისი ტკივილის არდანახვა, ისე, რომ ამ ტკივილის მატარებლების მდგომარეობა და ტრავმატულობა მხედველობაში არ მივიღოთ? თუ ჩვენთვის სულერთია ერთი ადამიანის, ჩვენს გვერდზე მცხოვრების, პირადი ტრაგედია, მთავარია ამ ტრაგედიის განზოგადებითა და მანიპულირებით რა „დიად“ მიზნებს მივაღწევთ? უფრო მეტიც, როგორ და რატომ გვინდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან მეორე მხარის ადამიანები, მათ მიერ გადატანილი ტრაგედია, მათი ტრავმები, მათი განცდები, მათი არსებობაც კი. ერთ მხარეს განცდილსა და გადატანილზე კონცენტრირებით და ტრაგედიით მანიპულირებით საკუთარი პოლიტიკური აქტუალიზება განა გვაახლოებს სამართლიანობის აღდგენასთან? სამართლიანობის აღდგენასთან იმ გაგებით, როგორც ეს დემოკრატიულ საზოგადოებებითვისაა დამახასიათებელი.

და რადგანაც ტაბულას, ევროპული საქართველოს, აფხაზთა კრებისა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული კამპანია ფოკუსირდება მეოცე საუკუნის 90-ანი წლებზე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, თუ რამდენად საზიანოა ისეთი ცნებების, როგორიცაა ომის დანაშაული, ეთნიკური წმენდა, გენოციდი ერთმანეთში მიზანმიმართულ აღრევას, აგრესორის, მსხვერპლის, საერთოდ უსახო მხარის წარმოჩენას ისტორიით/წარსულით მანიპულირების გზით. წარსულით, რომლის აღქმა ჩვენ და კონფლიქტის მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს განსხვავებული გვაქვს, ვერ ვთანხმდებით მასზე, ვერ ვსაუბრობთ მასზე, ვერ გადაგვაქვს ის დებატებისა და ურთიერთბრალდებების სფეროდან სადისკუსიო სივრცეში. ვერ ვაკეთებთ ამას ვერც ჩვენ და აფხაზები, ვერც ჩვენ და ოსები, და რაც უფრო მნიშვნელოვანი და არსობრივია, ვერ ან არ ვაკეთებთ ამას ჩვენ, ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო. ვუფრთხით კრიტიკას, ფსევდო-დომინანტურ მიდგომებთან ჭიდილს, ხმამაღლა მოლაპარაკე ჯგუფებთან დაპირისპირებას, არ ვცდილობთ იმ ადამიანების ხმის გაგონებას, ვინც არ ყვირის, არ ხმაურობს, მაგრამ ახსოვს, იცის, და მხოლოდ სივრცე ჭირდება გასახსენებლად და სამსჯელოდ. და ასე ვკარგავთ სამშვიდობო მიდგომების რესურსს, შერიგების რესურსს, კონფლიქტების ტრანსფორმაციის დარჩენილ შესაძლებლობებს. ასე ვრჩებით პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტები და ისევ წარსულის დავიწყებით ვივიწყებთ იმასაც, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებული პოლიტიკის ინსტრუმენტალიზება და მისი მიმართვა არა შერიგების, არამედ საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების მისაღწევად არახალი მოვლენაა, თუნდაც ჩემი თაობის თვალწინ რამდენჯერმე გათამაშდა. და განა ამას ერთხელ მაინც მოუახლოებია სიტუაციის მოგვარების, ან თუნდაც შემსუბუქების პერსპექტივა? პირიქით - კონფლიქტების დარეგულირების ისედაც მცირე შესაძლებლობები კიდევ უფრო შეუმცირებია.

ამიტომ, სწორედ ახლა, ამ ხელოვნურად აქტუალიზებული კამპანიის პირობებში საჭიროა ვისაუბროთ უახლეს ისტორიაზე, ვისაუბროთ და შევისწავლოთ უახლესი წარსული ოღონდ ვისაუბროთ წარსულზე და არა ჩვენს მიერ კონსტრუირებულ, ჩვენს პირად მიზნებზე მორგებულ წარსულზე. გავიაზროთ ის, გამოვიტანოთ დასკვნები, გავარღვიოთ მოჯადოებული წრე, რომელშიც ხან მსხვერპლის, ხან გმირის, ხანაც კი მანიპულაციის ობიექტის როლი გვაქვს მონიჭებული ჩვენს გვერდით მცხოვრები პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაციის ოსტატებისგან.

მედეა ტურაშვილი, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარი

ისტორიის და კონფლიქტების პოლიტიკური ინსტრუმენტიზება ხელს უშლის კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის გადაკვეთის წერტილების მოძებნას, კლავს გამაერთიანებელ და სამშვიდობო ნარატივებს და შესაბამისად, ახანგრძლივებს და აღრმავებს კონფლიქტებს. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ლიდერები თუ ჯგუფები ხშირად მიზანმიმართულად იყენებენ კონფლიქტებს საკუთარი ლეგიტიმაციის გასაზრდელად. ისინი ახალისებენ პოლარიზაციას და ძალადობასაც კი, რათა შექმნან გარე ძალებისაგან ეგზისტენციალური საფრთხე, ხოლო საკუთარი თავი მხსნელად წარმოაჩინონ.

ისევ 1990-იან წლებს თუ გადავხედავთ, ეროვნული მოძრაობა და ამ მოძრაობის ხელმძღვანელობა ხშირად აქცენტს სწორედ „ქართველი ერის სიძველეზე”, „ჩვენი მიწის სტუმრებზე”, საქართველოს „გამაჰმადიანებასა” და „გათათრებაზე” აკეთებდა. ქართულ ნაციონალისტურ დისკურსს, თავის მხრივ, ოსური და აფხაზური ნაციონალისტური დისკურსები დაუპირისპირდა. აფხაზი და ოსი ლიდერების გამოსვლებში მრავლად იყო ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა: „ჩვენ წინააღმდეგ მომართული მტერი”, „ქართული იმპერიალიზმი”, „ქართული ფაშიზმი”, „ჩვენი ერის გადარჩენა”, „დამოუკიდებლობა, როგორც ეთნოსის გადარჩენის გარანტია” და ა. შ. უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეულმა ინდივიდებმა და ლიდერებმა საკმაო სარგებელი ნახეს საქართველოში მცხოვრები ხალხების დაპირისპირებაში. 1990-იანი წლების კონფლიქტებში მონაწილე უამრავი სამხედრო მეთაური ომის შემდეგ პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინა, ბევრი მათგანი კი დღეს ეროვნულ გმირადაა აღიარებული საკუთარი საზოგადოების მიერ. ამის გააზრება უნდა დაგვეხმაროს, იმაში, რომ პოლიტიკური ჯგუფების კონფლიქტებთან დაკავშირებულ კამპანიებს და დღის წესრიგს მეტად ეჭვის თვალით შევხედოთ.

კონფლიქტებთან დაკავშირებული დისკუსიების გამარტივება/სწორხაზოვნება ან/და გარკვეული მოვლენების უარყოფა ქმნის დასკვნების ვერ გამოტანის და დაშვებული შეცდომების შესაძლო გამეორების რისკს. რამდენადაც 1990-იანი წლები იყო დამოუკიდებლობის მოპოვების ამაღელვებელი და საამაყო პერიოდი, იმდენად ეს იყო შეცდომების, რადიკალიზაციის, ნაციონალიზმის და დანაშაულებების პერიოდი. 1990-1995 წლებში, ანუ სულ რაღაც 5 წელიწადში საქართველომ გამოიარა ორი ეთნო-პოლიტიკური ომი, ერთი სამოქალაქო ომი, სამხედრო გადატრიალება, ეკონომიკური კოლაფსი, კრიმინალური სამყაროს, მხედრიონის აღზევება და ა.შ. თუ ამ მოვლენების ახსნას იმდენად გავამარტივებთ, რომ მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობაზე დავიყვანთ, მაშინ ქართული საზოგადოებისგან დარჩება უძალო, უუფლებო, უპასუხისმგებლო მასა, რომელსაც არც არაფერი აქვს სასწავლი და გასააზრებელი.

არ ნასწავლ და ვერ გამოტანილ გაკვეთილებს შორისაა: დიალოგისა და მოლაპარაკებების უარყოფა, ძალაუფლებას ჩაბღაუჭება, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების უფლებების მიმართ უპატივცემულობა, დაუსჯელობა, არაანგარიშვალდებული ხელისუფლება, დაზარალებული ადამიანების იგნორი.

სწორედ ამიტომაც, წლებია საქართველო ვერ ახერხებს ძალაუფლების გადანაწილებას და დეცენტრალიზაციას; ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდას, სოციალური და სამოქალაქო უთანასწორობის აღმოფხვრას, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, და აშ.

კიდევ უფრო საშიშია ისტორიის ვიწრო პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენება. ბოლო პერიოდში, დაწყებული კამპანია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ ამის კლასიკური გამოვლინებაა. საზოგადოებრივი მხარდაჭერის არ მქონე პოლიტიკური და სოციალური ჯგუფი რეაბილიტირებას და ლეგიტიმაციის გაზრდას ცდილობს ყველაზე სენსიტიური თემით, რადგან აშკარაა, რომ სხვა, უფრო ინოვაციური და საზოგადოებისათვის აქტუალური თემის შეთავაზება მას არ შეუძლია. კამპანია არის ცალმხრივი და შეცდომაში შემყვანი, აღვივებს ბრაზს და სიძულვილს, იგნორირებას უკეთებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილის მსხვერპლს, ტკივილს და ტრამვას,ჩქმალავს დაშვებულ შეცდომებს და პასუხისმგებლობას და წვავს იმ ხიდს, რომელმაც აფხაზებთან და ოსებთან მისვლის პესპექტივა გააჩინა. საინტერესო ისაა, რომ ამ კამპანიის ავტორებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფერი გაუკეთებიათ, რომ აფხაზეთის ომში თუნდაც ერთი ჩადენილი დანაშაული გამოეძიებინათ, ან ლუსტრაციის კანონი მიეღოთ.

იმისათვის, რომ უცოდინრობის და იგნორის მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ და აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრების პერსპექტივა გავაჩინოთ, უპირველეს ყოვლისა მეტად უნდა ვიკვლიოთ ჩვენი უახლესი ისტორია, მოქმედი გმირები და მათი როლი კონფლიქტების გაღვივებაში, მეტად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე. ვერ შევძლებთ შერიგებას ხალხთან, რომლის არსებობას და მსხვერპლს არ ვაღიარებთ. ვერ შევძლებთ თანაცხოვრებას იმ ხალხთან, რომელთანაც საერთო არაფერი გვაქვს და რომლის მიმართაც სიძულვილს ვგრძნობთ.

მასალა მომზადებულია გაერთიანებული ერების საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. ვიდეოს შინაარსი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“