საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
იზოლდა მელაშვილი, 1964 წელი, გაზეთი "კომუნიზმის დროშა".
შესავალი: წინა-ისტორია და ზეპირი ისტორია
იზოლდა დავითის ასული მელაშვილი ამბროლაურის 251-ე საარჩევნო ოლქის დეპუტატი იყო, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ საიტზე უმისამართოდ და გაუგებრად ატვირთული მცირე ბიოგრაფია გვეუბნება (საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი). ეს დოკუმენტი 1963 წლის სხდომის დამსწრე დეპუტატების სიაზეა მიბმული და მაშინ ვიპოვნე, როცა რამდენიმე წლის წინ, გარდაცვლილი ახლო ნათესავი ქალის სახელი და გვარი გუგლში „ავკრიფე“. ჩემდა გასაკვირად და მოულოდნელად, ხელში მისი ბიოგრაფია შემრჩა.
იზოლდას ბავშობიდან ვიცნობდი, მიყვარდა და პატივს ვცემდი. მას ყოველთვის გამოარჩევდით გულწრფელობით, სამართლიანობით და პირდაპირობით, რაც ადამიანებს მის მიმართ განსაკუთრებული რიდით და პატივისცემით განაწყობდა. 2010 წლის ზაფხულში იზოლდასთან ზეპირი ისტორიის ჩაწერა გადავწყვიტე, თუმცა რამე განსაკუთრებული კვლევითი მიზანი არ მქონია. მინდოდა საკუთარ თავზე ესაუბრა, განსაკუთრებით, საკოლმეურნეო შრომასა და დეპუტატის კარიერაზე. მასზე თითქმის არაფერი ვიცოდი, რადგან ჩემს რესპონდენტს, როგორც მისი თაობის ქალების უმეტესობას, დიდად არც საკუთარ თავზე ლაპარაკი უყვარდა და ხშირად არც წარსულს იხსენებდა. მე უკვე მქონდა ზეპირი ისტორიების შეგროვების მეტ-ნაკლები გამოცდილება, ვიცოდი, რომ ეს საუკეთესო მეთოდია უჩინარი ჯგუფების ცხოვრებაზე წარმოდგენის შესაქმნელად და მინდოდა კიდევ უფრო მეტი გამეგო იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ კოლმეურნე ქალები საბჭოთა საქართველოში, როგორ იხსენებდნენ წარსულს და რა დამოკიდებულება ჰქონდათ მასთან.
იზოლდასთან ჩაწერილი ზეპირი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემს პრაქტიკაში. ინტერვიუ რაჭაში, სოფელ წესში, რესპონდენტის სახლში ჩავწერე ინფორმირებული თანხმობის მიღების შემდეგ, თუმცა მისი მოპოვება ადვილი არ ყოფილა. იზოლდამ რამდენჯერმე უარი მითხრა, თუმცა საბოლოოდ, ინტერვიუზე დამთანხმდა. საუბრისას რაც შეიძლება ღია და თავისუფალ კითხვებს ვსვამდი და ვცდილობდი მივყოლოდი რესპონდენტის თხრობის მდინარებას, თუმცა ეს, განსაკუთრებით დასაწყისში, ძალიან გაჭირდა. იზოლდა ძალიან მწირ პასუხებს მცემდა კოლმეურნეობაში შრომის გამოცდილებასთან დაკავშირებით. მთლიანობაში ინტერვიუ ერთი საათი და თხუთმეტი წუთი გაგრძელდა. აქედან დაახლოებით ოცდაათი წუთი, მეტ-ნაკლებად, მაინც მოვახერხეთ კოლმეურნეობაზე ლაპარაკი, დანარჩენი დრო კი რესპონდენტის სურვილით, მისი პირადი ცხოვრების რამდენიმე დეტალს დაეთმო. კერძოდ, იმ ზეწოლას, რაც მის დაოჯახებასთან იყო დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვა თემა იყო, იზოლდა აღარ შემიჩერებია. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ზეპირი ისტორიის საშუალებით პირველად ვისმენდი ახლობელი ადამიანის ცხოვრების უცნობ დეტალებს, რომელმაც გაცნობიერებული უარი თქვა ოჯახის შექმნაზე და პატრიარქალურ და უკიდურესად ტრადიციულ გარემოსთან მისი წინააღმდეგობის და დაპირისპირების უნარი კიდევ ერთხელ აღმაფრთოვანებდა.
თუმცა კი შედარებით მწირი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო იყო ინტერვიუს ის ნაწილი, რომელიც მისი, როგორც კოლმეურნის შრომას და კარიერას ეხებოდა. ამ საკითხის განხილვას ამ სტატიაში ვაპირებ. რა თქმა უნდა, ერთი ზეპირი ისტორია საფუძვლიანი ჩაღრმავების საშუალებას არ იძლევა, თუმცა მგონია, რომ ამ ისტორიის საბჭოთა გენდერული პოლიტიკის კონტექსტში მოთავსებით, ის მაინც შეგვიქმნის წარმოდგენას იმ პატერნებზე, რომელიც კოლმეურნეობებში, 1960-იან წლებში ქალთა შრომას უკავშირდებოდა.
ზეპირი ისტორია მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა. მან შეიძლება შეცვალოს ისტორიის ფოკუსი და კვლევის ახალი სივრცეები გახსნას. ის ხალხის, რიგითი ადამიანების და განსაკუთრებით მარგინალური და უჩინარი ჯგუფების გარშემო აგებული ისტორიაა და საუკეთესო მეთოდოლოგია ამბის „ქვემოდან“ დასაწერად. ამიტომ, ზეპირი ისტორიის საშუალებით შესაძლებელია წარსულის უფრო რეალისტური და სამართლიანი კონსტრუქცია (Thompson, 1998). კოლმეურნე ქალების გამოცდილებას ისტორია დიდად არ იცნობს, ჩვენთან საბჭოთა კავშირის ისტორიის ფრაგმენტული წერის და გაანალიზების დროს, ეს საკითხი სრულიად უარყოფილია.
ამიტომ, სტატიის საშუალებით შევეცდები, დაახლოებითი წარმოდგენა შევქმნა იმის შესახებ, თუ როგორი იყო საქართველოში ქალების კოლმეურნეობაში შრომის, და იშვიათ შემთხვევაში, კარიერული წინსვლის გამოცდილება, როგორ ნავიგირებდნენ ქალები კაცებისგან დომინირებულ ძალაუფლებრივ ველებში დაწინაურების შემთხვევაში და როგორი იყო მათი აგენტობა (agnecy). შევეცდები იზოლდას გამოცდილება კომუნისტურ რეჟიმში ემანსიპირებული ქალის ან იმავე რეჟიმის მიერ ექსპლუატირებული ქალის დიქოტომიური რეპრეზენტაციის (Fidelis, 2010) მიღმა მოვათავსო. ვარაუდებს და მიგნებებს ზეპირ ისტორიაზე დაყრდნობით ავაგებ, რომლის საშუალებითაც ჩემმა რესპონდენტმა თავად მოახდინა წარსულის რეკონსტრუქცია და ფაქტებს მნიშვნელობა მიანიჭა.
სოფლად მცხოვრები ქალები საბჭოთა საქართველოში
ისევე როგორც ყველგან, სოფლად მცხოვრები ქალების შრომა საქართველოშიც ყოველთვის მძიმე და ინტენსიური იყო. ამ მხრივ, საბჭოთა კავშირშიც დიდად არაფერი შეცვლილა. ადრეული ბოლშევიკური მთავრობის ემანსიპატორულ პოლიტიკას, რომელსაც 1920-იანი წლების შუა ხანებიდან სტალინის მმართველობის მოძლიერების გამო დიდი დღე ისედაც არ ეწერა, საქართველოს სოფლამდე არ მიუღწევია. გარდა ამისა, საბჭოთა მმართველობის დამყარებისას საქართველოს სოფლების უმრავლესობა ღარიბი იყო; გლეხთა მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა 1920-იანი წლებიდან მოყოლებულმა რეპრესიებმა (ბექიშვილი, 2017). მათი დევნა, დასჯა, გადასახლება და დახვრეტა უფრო ინტენსიური გახდა კოლექტივიზაციის პროცესის პარალელურად, რომელიც საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, საკმაოდ მტკივნეულად წარიმართა. ამ პროცესებმა, თავისთავად, ზეგავლენა იქონია ქალებზეც. კოლექტივიზაციამ მათი ცხოვრება შეცვალა. საოჯახო შრომას კოლექტივში იძულებითი შრომა დაემატა და საბოლოო ჯამში, ქალების ტვირთი გასამმაგდა კიდეც, რადგან სახლის საქმეებისა და კოლექტივში შრომა-დღეების გამომუშავების გარდა, კერძო ნაკვეთებსა და ბოსტნებში შრომაც მათი ვალდებულება იყო. რაც კოლექტივში გამომუშავდებოდა, ის თითქმის მთლიანად სახელმწიფოს „მიჰქონდა“, ოჯახებისთვის გადარჩენის და გამოკვების ერთადერთ საშუალებად კი დიდხანს და განსაკუთრებით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მცირემიწიანი კერძო ნაკვეთებიდან მოპოვებული მოსავალი რჩებოდა (Denisova, 2010, 144).
გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის აქტიური ინდუსტრიალიზაციის პროცესის შედეგად, სოფლად მცხოვრები კაცი მუშახელის გადინება ძირითადად ამ სფეროში მოხდა, ამიტომ, პარალელური ინტენსივობით, აქტიური იდეოლოგიური პროპაგანდის ფონზე, ქალთა ჩართვა კოლმეურნეობებში აქტიურად წარიმართა. შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა ქალების ხელებითა და ზურგით მოისურვა საბჭოთა მეურნეობის აღორძინება (Denisova, 2010, 9). ქალები საბჭოთა კოლმეურნეობებში მეტს მუშაობდნენ, ვიდრე კაცები, თუმცა იშვიათად თუ ჰქონდათ დაწინაურების საშუალება.
ხრუშჩოვის პერიოდში (1953-1964) სოფლის მეურნეობაში ბევრი სიახლე და რეფორმა გატარდა. სოფლის მეურნეობის მექანიზაცია გაიზარდა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა სოფელში 1960-იანი წლების დასაწყისშიც მძიმე საცხოვრებელი პირობები იყო, რაც ქალებს კიდევ უფრო მეტ გასაჭირში აგდებდა. მეურნეობის მექანიზაციითაც მეტწილად კაცებმა იხეირეს, რადგან ამ ტიპის შრომის ხელმისაწვდომობაზე პრიორიტეტი მათ ენიჭებოდათ. ქალების მიერ ხელით შესრულებული მძიმე შრომა საბჭოთა სოფლის მეურნეობას მთელი მისი არსებობის მანძილზე თან გასდევდა (Ilic, 2004). მეორე მხრივ, მათ თავდადებულ პროდუქტიულ გარჯას და, ხშირ შემთხვევაში, „გეგმის გადაჭარბებულ შესრულებას“ თავისი შედეგები ჰქონდა ქართული სოფლისთვის. ქალები ხელს უწყობდნენ სოფლის წინსვლას და განვითარებას, საქართველოს სოფლებში გაბატონებული საყოველთაო და ხანგრძლივი სიღარიბის დაძლევას (ბერაია, 2018).
ქალები - კოლმეურნეობების (იშვიათი) ლიდერები
სოფლად მცხოვრები ქალები სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდნენ, მაგრამ იშვითად თუ ხდებოდნენ კოლმეურნეობების მეთაურები. გენდერული თანასწორობის შესახებ საბჭოური პროპაგანდის მიუხედავად, ქალებისთვის ბევრი ბარიერი არსებობდა, რაც თითქმის არ ქმნიდა სივრცეს მათი კარიერული წინსვლისთვის. სხვადასხვა სფეროში ქალების შედარებით მასობრივად დაწინაურება, კაცი მუშახელის სიმცირის გამო, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეინიშნებოდა, თუმცა ომის დასრულების შემდეგ, ფრონტიდან დაბრუნებულმა კაცებმა სამუშაო ბაზარზე ისევ „თავიანთი ადგილი“ დაიკავეს. მაგალითად, მსოფლიო ომის დროს კოლმეურნე ლიდერ ქალთა რაოდენობა რუსეთში 15%-მდე გაიზარდა, 1956 წლიდან კი 2%-მდე შემცირდა და ამ რიცხვს საბჭოთა კავშირის დაშლამდე (Denisova,2010) აღარც გასცდენია. სავარაუდოდ, დაახლოებით ასეთივე პროცენტული თანაფარდობა იქნებოდა საქართველოშიც.
იზოლდა მელაშვილმა წესის კოლმეურნეობაში მუშაობა 1957 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო. ის ჯერ საფუტკრის გამგე გახდა, მოგვიანებით კი მევენახეობის რგოლის ხელმძღვანელად გადაინაცვლა. ამ დროს ქალი ბრიგადირები მხოლოდ აქა-იქ შეინიშნებოდნენ. ჩემი რესპონდენტის თქმით: „რა თქმა უნდა, კაცები ბევრი იყონ და მე აქედან ერთი ვიყავი“. იზოლდას ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში კოლმეურნეობაში მოხვედრა, გარკვეულწილად, მისმა ბიოგრაფიულმა დეტალებმა განაპირობა. წესში შვიდწლიანი სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად ამბროლაურში უნდა გადასულიყო, მაგრამ მოულოდნელად და დაუდგენელი მიზეზების გამო, ნიქტალოპია - ე.წ. ქათმის სიბრმავე დაემართა, რამაც მისი სწავლის გაგრძელების საშუალება სერიოზულად შეაფერხა. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ იზოლდა გამოკეთდა, მხედველობა მთლიანად დაიბრუნა, თუმცა საშუალო განათლების მიღება აღარ დაუსრულებია:
„მერე კოლექტივში ვმუშაობდი, დავრჩი რა, ვეღარ წევედი ამ სკოლაში. მერე საფუტკრეში მიმიყვანეს, ერთწლიანი კურსი გევიარე, მაშინ ვიქნებოდი 16 წლის... ჰოდა, მერე, მის შემდეგ ვმუშაობდი კოლექტივში“.
კოლმეურნეობაში გაწევრიანების და იქ შრომის გარდა, ახალგაზრდა ქალს სხვა შესაძლებლობა არც ჰქონია. ის ფიზიკურად ძლიერი იყო და საუკეთესო კადრიც კოლექტივისთვის იმ ფონზე, როცა მისი თაობიდან ახალგაზრდების უმრავლესობას სხვა ინტერესები ჰქონდა. ამ დროს უკვე მასობრივად ხდებოდა მათი სოფლიდან ქალაქისკენ გადინება, უმრავლესობა ცდილობდა სწავლა გაეგრძელებინა, სოციალურ კიბეზე დაწინაურებულიყო და სოფელს მოშორებოდა, სადაც ცხოვრების მძიმე პირობები არ იცვლებოდა. იზოლდას თქმით, „იშვიათად რო ვინმე [კოლექტივში] ახალგაზრდა ყოფილიყო, მოხუცებში დავდიოდი... ახლგაზრდებიც იყონ, ათასში ერთი“.
იზოლდა ერთდროულად ეწეოდა მევენახეობას და მეფუტკრეობას. მისი ბიოგრაფიის თანახმად (საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი), იმ რგოლმა, რომელსაც „მუყაითი და შრომისმოყვარე“ ახალგაზრდა ქალი ხელმძღვანელობდა, „რგოლზე გაპიროვნებულ 6.5 ჰექტარი ვენახიდან 1961 წელს საშუალოდ თითოეულ ჰექტარზე მიიღო 58 ცენტნერი ყურძენი, ნაცვლად გეგმით გათვალისწინებული 52 ცენტნერისა“. მოსავლელად მიჩენილი ჰყავდა ფუტკრის 96 ოჯახი, სადაც დაწესებულ გეგმას ასევე გადაჭარბებით ასრულებდა. ბიოგრაფიის თანახმად: „კეთილსინდისიერი და ენერგიული შრომით ი. მელაშვილმა კოლმეურნეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა“, თუმცა ჩემთან საუბარში კოლმეურნეობაში მუშაობაზე, შრომის მასშტაბსა და ინტენსივობაზე შეკითხვას, ჩემი ძალისხმევის მიუხედავად, მან თავი აარიდა და რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: „ვმუშაობდი ვირივითა... ვენახებში ვმუშაობდი, ვფურჩავდით, ვკონიდით, ვწამლობდით“. მისი სიჩუმე შრომაზე ჩემთვის ამოუკითხავი დარჩა.
ახლგაზრდა ქალი შრომას, რა თქმა უნდა, ხელით ეწეოდა, თუმცა კოლექტივში მუშაობა რომ თავსმოხვეული ვალდებულება იყო სოფლად მცხოვრებთათვის, ეს მის საუბარშიც გამოჩნდა. „უბანში დოუძახებდი ხალხსა და მიმყავდენ სამუშაოდ. მივდიოდით და მოვდიოდით… კოლექტივი იყო და დავდიოდით, რა მეტი გზა იყო. არ იყო სხვა გზა“.
ახალგაზრდა ქალი ჯერ მერგოლური, და შემდეგ ბრიგადირი გახდა. აღსანიშნავია, რომ იმ სფეროში - მევენახეობაში, რომელიც ტრადიციულად კაცების მიერ იყო დომინირებული, თუმცა ამასაც ასხნა აქვს. წესში მხოლოდ მევენახეობა იყო განვითარებული და შრომით დაწინაურებული ახალგაზრდა ქალიც ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას ჯიშებს - ალექსანდროულსა და მუჯურეთულს „მიუჩინეს“ მოსავლელად. ახალგაზრდა და ლამაზ კოლმეურნეზე აქტიურად წერდა პრესა. ხშირად ბეჭდავდნენ მის ფოტოსურათებსაც. ერთ-ერთმა პერიოდულმა გამოცემამ მას „ვაზის დედოფალი“ უწოდა.[1]
თავის მხრივ, სისტემას იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა იზოლდა მელაშვილის მსგავსი კოლმეურნეები. შედეგად, იზოლდა გარკვეულ სარგებელს იღებდა. მაგალითად, კარიერულ წინსვლასთან ერთად, მას ღამის სკოლა „დაამთავრებინეს“. ამავე დროს იმატებდა მისი ანაზღაურება - ხელფასი. აღსანიშნავია, რომ 1966 წლიდან კოლმეურნეებს უკვე ყოველთვიური ხელფასი ჰქონდათ და ის უკვე აღარ იყო განსაზღვრული კოლექტივის საერთო შემოსავლის ნაშთით (Bridge, 1987, 27).
ხელფასზე იზოლდას ნაამბობში საგანგებოდ იყო ყურადღება გამახვილებული. მან ხელფასზე მითითებით გაიხსენა საბჭოთა კავშირი, როგორც შედარებით სტაბილური დრო. მაშინ მისი ანაზღაურება „კაი ფული იყო... იმდენ რამესა ვყიდულობდით“. მისი თქმით, გეგმის შესრულებაზე ასევე ხშირი იყო პრემიები და წახალისებები, თუმცა, როგორც ჩანს, სისტემა მთლად გამართულად არ მუშაობდა: „პრემია გვიან იწერებოდა. აგვიანებდნენ, მოდიოდა წლის ბოლოს. იანვარში უწევდა და იანვრიდან თებერვალში მოდიოდა“. პრემიებთან დაკავშირებით იზოლდამ ერთი შემთხვევა გაიხსენა. უკვე 1970-იანი წლების დასაწყისში, გეგმა კარგად შეასრულა, საკმაოდ დიდი თანხა - 900 მანეთი აიღო და ხელფასი და პრემია მთლიანად ახლად დაქორწინებულ ძმას და ძმის ცოლს პატივისცემის ნიშნად აჩუქა.
დეპუტატი და წყალი
იზოლდა დეპუტატი ოცდაორი წლის ასაკში, 1963 წელს გახდა. 1963 წლისთვის უმაღლეს საბჭოში ⅓ ქალი დეპუტატი იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალები ნაკლებად იყვნენ აღიარებული პოლიტიკურ საქმიანობაში (Ilic, 2004,8). იზოლდას თქმით:
„დეპუტატი რო ვიყავი, მერე ცეკას წევრად ამირჩიეს და პლენუმებზე და პარტკრებებზე გამომიძახებდენ და მივყავდი... თბილისში ხშირად მიწევდა წასვლა, მაგალითად, ბევრჯერ ყოველ კვირას დავდიოდი. ხან სესია იყო, დეპუტატი რო ვიყავი, მერე ცეკას წევრი რო ვიყავი, დამიძახებდენ, წევიდოდი. ამბროლაურიდან რაიკომის მდივანი იყო, აღმასკომი თუ იყო და მე“.
თუმცა, როგორც ჩანს, ქალების ჩართულობა პლენუმებზე თუ პარტკრებებზე საკმაოდ ფასადური იყო:
„სესიაზე იყო მოხსენებები, ვინ რა გააკეთა, რამდენჯერა მქონია მეც მოხსენება გაკეთებული. ის მიწერდა... მელქო ბიბილაშვილი[2], შეამოწმებდა მერე და წამიყვანდა. ის მიწერდა რამდენი გექტარი მქონდა და რამდენი უნდა მომეყვანოს“.
ეს ფაქტი კარგად მიუთითებს იმაზე, რომ მმართველობა და რესურსების განკარგვა საბოლოო ჯამში კაცების ხელში იყო, თუმცა იზოლდა, როგორც ქალი და დეპუტატი, არ ყოფილა პროცესების პასიური მიმღები/შემსრულებელი, რაზეც მისი მონათხრობის ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მიუთითებს. სწორედ იზოლდას, როგორც დეპუტატის ინიციატივით გაიყვანეს წესში წყალი. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა სოფელში ყოველთვის იდგა წყლის პრობლემა (Mckee., et al., 2006). წყალზე ხელმიუწვდომლობა, პირველ რიგში, ქალების ყოველდღიურ შრომაზე, ჯანმრთელობაზე, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობებზე აისახებოდა. იზოლდას თქმით, „მთელი წესი უწყლო იყო“, სოფელში წყარო „ოტკასავით მოწიწკინობდა“, სადაც ყოველთვის დიდი რიგი იდგა. ქალები იქ სასმელ წყალს იღებდნენ, სარეცხად კი ღელეზე ჩადიოდნენ. „ღელეში ვრეცხავდით... სახარშ ქვაბებს ჩევიტანდით, ცეცხლს დავანთებდით იქანა, სიპ ქვებზე, გამოიხარშებოდა და მერე ვავლებდით“. მსგავს პირობებში წყლის მოპოვება თუ რეცხვა ქალების ყოველდღიურ შრომას ცალკე ამძიმებდა. იზოლდას, როგორც ქალს, ეს შრომა თავადაც ჰქონდა გამოცდილი, წყლის საჭიროება კარგად ესმოდა და სხვა ქალების შრომის მიმართ უფრო მგრძნობიარე და სოლიდარული იყო, ვიდრე ნებისმიერი კაცი იქნებოდა მის პოზიციაზე. წესში წყალი სწორედ მისი დეპუტატობის პერიოდში გაიყვანეს, თუმცა როგორც ჩანს, ეს მარტივად მოსაგვარებელი პროცესი არ ყოფილა. წყალი სოფელში 9 კილომეტრით მოშორებული წყაროდან უნდა გამოეყვანათ. დეპუტატს რამდენიმე ბიუროკრატიულ ინსტანციასთან მოუხდა მოლაპარაკება, მათი დარწმუნება და საკუთარი სტატუსის გამოყენებაც მიზნის მისაღწევად. თუმცა, იზოლდამ, როგორც სჩვეოდა, ეს ამბავიც ისე მოყვა, რომ საკუთარ დამსახურებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია:
„ჰოდა გამოაგზავნეს კომისია, წამიყვანეს იქ, მერე შევედი იქ, საცაღა იყო, უნდა შევამოწმოთ ეს წყალი, თუ ივარგებსო... მერე ჩამოვიდნენ და შეამოწმეს, წეიღეს სინჯი... ჰოდა, მოვიდა მერე ივარგებსო და ჩამოვიდენ მერე და დაგეგმეს ესა... რამდენი მილები უნდოდა. ჰოდა, იქ წევედი მერე, შევიტანე განცხადება, ხელწერილი, იგინი, სუყველაფერი... მთელ წესში გევიყვანეთ, მთელ წესში არი წყალი. ერთ უბანში არ არი... დანარჩენი ყველგან არი... ორ-სამ წელიწადში [წყლის გაყვანა] მთლიანად დამთავრდა მთელ სოფელში“.
მიუხედავად იმისა, რომ იზოლდას, როგორც დეპუტატს, „გამოიძახებდნენ და მიყავდათ“ სხვადასხვა შეკრებაზე, სადაც სხვა, მასზე იერარქიულად მაღლა მდგომი კაცის დაწერილ სიტყვას კითხულობდა, ეს პრაქტიკა არ განსაზღვრავდა მას, როგორც პროცესის ცალსახად პასიურ მონაწილეს. იზოლდას, როგორც დეპუტატს და როგორც ქალს, ჰქონდა თავისი აგენტობა, რაც, პირველ რიგში, სოფელში წყლის გაყვანის ინიციატივასა და საკუთარი თემის მხარდაჭერაში გამოიხატა.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, თუ რამდენად (არ) ინარჩუნებს თემის ისტორია და მეხსიერება ადგილობრივი ქალების გაწეულ შრომას. ის, რომ სოფელში წყლის გაყვანა იზოლდას დამსახურება იყო, მე - მისმა ახლო ნათესავმა, ამ ინტერვიუს ჩაწერისას პირველად გავიგე.
დასკვნა
იზოლდასთან ჩაწერილი არცთუ ისე მოცულობითი ზეპირი ისტორიით მაინც ხერხდება საბჭოთა საქართველოს კოლმეურნეობებში ქალების შრომაზე, ზოგიერთ შემთხვევაში, კარიერულ წინსვლასა და მათ აგენტობაზე წარმოდგენის შექმნა. კოლექტივში ხელით შრომა ქალებისთვის ნამდვილად მძიმე იყო, მათი წინსვლა რთული, გადაწყვეტილებების მიღებასა და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობა ფასადური, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა პატარა სივრცეები და 1960-იანი წლებიდან მცირე ფინანსური წახალისებებიც ქალების წინ წასაწევად, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, დაუქორწინებელი ქალებისთვის, რომელთაც ცალკე ოჯახის ტვირთი არ აწვათ მხრებზე. ვინც კარიერულად წინ წაიწევდა და დეპუტატის მანდატს მოიპოვებდა, მას მეტი ნავიგირების საშუალებაც ჰქონდა კაცებისგან დომინირებულ სისტემაში და მეტი აგენტობაც ქმედებაში. იზოლდას შემთხვევაში, დეპუტატის მანდატი მშობლიურ სოფელში მის მიერ წყლის გაყვანის ინიციატივაში ითარგმნა.
ამ მცირე ისტორიით მოყოლილი იზოლდას გამოცდილება კარგი მაგალითია იმის გასააზრებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საბჭოთა კავშირში მცხოვრები ქალების ცხოვრება მხოლოდ ემანსიპაციის, ან მხოლოდ ექსპლუატაციის ჭრილში არ დავინახოთ. აკადემიურ ლიტერატურას, განსაკუთრებით კი დასავლურს, დღემდე აქვს ვნება, საბჭოთა ქალები წარმოგვიდგინოს, ძირითადად, განათლებასა და სამუშაო ადგილებზე წვდომის ჭრილში, ან ემანსიპირებულად, ან მეორე უკიდურესობით, წარმოაჩინოს ისინი მსხვერპლად, სახელმწიფოს მხრიდან მათი მრავალმხრივი შრომითი ექსპლუატაციის ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ამ დიქოტომიური რეპრეზენტაციების მიღმა საბჭოთა ქალების ცხოვრება უფრო კომპლექსური იყო და შესაბამისად, ასევე კომპლექსურად უნდა იქნას წაკითხული/გაგებული. ამ მხრივ კი, ზეპირი ისტორიები საუკეთესო საშუალებაა წარსულიდან ავთენტური ხმების შესაგროვებლად და საბჭოთა კავშირში ქალების გამოცდილების გასააზრებლად.
გამოყენებული ლიტერატურა:
ბერაია, ა. (2018). „ქალთა შრომა და სექსუალობა საბჭოთა სოფელში“, ხმა ქართველი ქალისა, ტომი 2. https://womensvoice.tsu.ge/index.php/WOM/article/view/2500
ბექიშვილი, ნ. (2017). „ქალები საბჭოთა მეხსიერებით: უჩინარი ტრავმა“, ქალი საბჭოთა სოფელში: ზეპირი ისტორიები, რედ. ნინო ბექიშვილი, (გვ.15-35). ფონდი „ტასო“, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო.
იზოლდა მელაშვილის ბიოგრაფია, http://parliament.ge/ge/search/index/?s=%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
Bridge, S. (1987). Women in the Soviet countryside: Women’s Roles in Rural Development of the Soviet Union, Cambridge University Press.
Denisova, L. (2010). Rural Women in the Soviet Union and Post-Soviet Russia, Routledge.
Fidelis, M. (2010). Recovering Women’s Voices in Communist Poland. In N. Chaudhuri, S.J. Katz & M.E. Perry (Eds.), Contesting Archives: Finding Women in the Sources, (pp.107-124). University of Illinois Press.
Ilic, M. (2004). Women in the Kurschev Era: an Overview. In M.Ilic, S.E. Reid & L. Atwood (Eds.), Women in the Krushchev Era, (pp. 5-29). Palgrave.
McKeaa.M., Balabanova, D., Akingbeada, K., Pomerleaua, J., Stickleyb, A., Rosec, R.,& Haerpferd,C.(2006). Access to the Water in the Countries of the Soviet Union. Public Health, 120, 364-372.
Thompson, P. (1998). The Voice of the Past: Oral History. In R. Perks & A. Thomson (Eds.), The Oral History Reader, (pp. 21-29). Routledge.
[1] პრესის ნაწილი, სავარაუდოდ, მისი მშობლების მიერ, შენახული იყო იზოლდა მელაშვილის საოჯახო არქივში. აქვე ინახებოდა წერილები, რომლებსაც ახალგაზრდა ქალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან იღებდა, ძირითადად აღფრთოვანებული თაყვანისმცემელი მამაკაცებისგან, მას შემდეგ, რაც ის პრესის საშუალებით პოპულარული გახდა. საინტერესო იქნებოდა მისი, როგორც ახალგაზრდა და ლამაზი კოლმეურნის რეპრეზენტაციის განხილვა პრესაშიც, თუმცა პანდემიის გამო ეროვნული ბიბლიოთეკა დაკეტილია და ამ მოცემულობებში, სამწუხაროდ, შეუძლებელია პრესასთან, როგორც წყაროსთან მუშაობა.
[2] მელქო ბიბილაშვილი 1961 წლიდან იყო საქართველოს კპ ამბროლაურის რაიკომის პირველი მდივანი, 1962 წელს დაამტკიცეს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პარტორგად ამბროლაურის კოლმეურნეობების საწარმოო სამმართველოში, ხოლო 1963 წლის იანვარში საქართველოს კპ ამბროლაურის კოლმეურნეობების საწარმოო სამმართველოს პარტიული კომიტეტის მდივნად აირჩიეს. ის ასევე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და შრომის წითელი დროშის ორდენოსანი (საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი).
ინსტრუქცია