[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / სტატია

"დიაგნოზი შენი სახელი არ არის" - ინტერვიუ მართაინ კოლთან

ინტერვიუს ავტორები: მარიამ ჯაჭვაძე და თამარ მშვენიერაძე

ინტერვიუ ჩაწერილია მართაინ კოლთან, სარეაბილიტაციო კოლეჯი "ენიკის" თანადამფუძნებელთან

შიზოფრენიის დიაგნოზი გავლენას ახდენს ადამიანზე, ჩემზეც დიდი გავლენა იქონია.

არ არსებობს ნამდვილი მტკიცებულება, რომ შიზოფრენია მხოლოდ იმ ფორმით არსებობს, როგორც მას ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში, ან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში აღწერენ.

ხალხს ეშინია ჩვენი. ჰგონიათ, რომ უმეტესად შეურაცხადები ვართ. სინამდვილეში, თუ ჩვენნაირი გამოცდილების მქონე ადამიანს დაელაპარაკებით, შეიძლება გაიგოთ, რატომ ესმით მათ ხმები, რატომ შფოთავენ და რატომ აქვთ მძაფრი განცდები…

ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზი ტრავმაა, დრამატული ცვლილება, რომელიც გარდატეხის ასაკში ან შემდეგ ხდება. ასეთ დროს უნდა ვეცადოთ გავიგოთ, რას ფიქრობს და რას გრძნობს ადამიანი და თვითონ როგორ აფასებს ამ გამოცდილებას.

ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა შიზოფრენიის დიაგნოზზე ვლაპარაკობთ. შეიძლება ჯობდეს, რომ შიზოფრენია, როგორც ტერმინი, საერთოდ ამოვიღოთ და უფრო ფსიქოზურ აშლილობაზე გავამახვილოთ ყურადღება.

განსაკუთრებით მაშინ, თუ დიაგნოზის დასმის შემდეგ, ადამიანის მომავალს წარმოვიდგენთ. შიზოფრენიის შემთხვევაში, ყველას მოლოდინია, რომ ფსიქოზური ეპიზოდები უფრო და უფრო ხშირად განმეორდება და შენი გონებრივი შესაძლებლობები უკან და უკან წავა. ყველა, ვინც ჩვენს ირგვლივ არიან; მათ შორის ექიმები, ოჯახის წევრები, მეგობრები უკვე აპრობირებული, განსაზღვრული სქემით ცდილობენ ჩვენი მომავლის დანახვას და წარმართვას.

ანტიფსიქოზური მედიკამენტებით მკურნალობას ხანმოკლე პერიოდში კი აქვს ეფექტი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რეაბილიტაციას სწორედ ეს ანტიფსიქოზური საშუალებები უშლის ხელს.

კარგი ახალი თერაპიები სწორედ მედიკამენტების და მათი მიღების ხანგრძლივობის შემცირებაზეა ფოკუსირებული.

ფსიქოზი, შიზოფრენიისგან განსხვავებით, საშუალებას გვაძლევს, რომ მას სხვადასხვა კუთხიდან შევხედოთ და შევაფასოთ ის. ცხადია, შეიძლება დავინახოთ, როგორც მძიმე ფსიქიკური დარღვევა (დისოციაცია), მაგრამ ამავე დროს, ის შეიძლება იყოს სტრესზე ადამიანის საპასუხო რეაქცია. ფსიქოზის გამოცდილება არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ცუდად ყოფნისთვის ხარ განწირული და რომ შენი მომავალი სამედიცინო გაიდლაინით უკვე განსაზღვრულია. მისი მკურნალობისა და მართვის ბევრად მეტი შესაძლებლობა არსებობს და ყველა ეს გზა მხოლოდ მედიკამენტს არ უკავშირდება.”

სანამ მართაინ ქოლი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის ჯგუფური მხარდაჭერის ინოვაციურ მოდელს შექმნიდა, მან ყველა ის სერვისი გამოსცადა საკუთარ თავზე, რასაც ნიდერლანდებში, შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის შემდეგ, ადამიანებს სთავაზობენ.

“ჯერ არის ექიმი, შემდეგ ფსიქოთერაპევტი, მერე ექთანი და ბოლოს, სადღაც ქვედა საფეხურზე, ჩვენ, სერვისის მომხმარებლები ვართ.”

დიდ საავადმყოფოშიც მიცხოვრია და პატარა სათემო სახლშიც, არც ერთგან თავი საზოგადოების წევრად არ მიგრძნია. არაფერი მაკავშირებდა ჩემს მეზობლებთან, უცხო ვიყავი სახლშიც, ვერ ვიაზრებდი, რომ ვინმეს შვილი ვიყავი, ძმა, ან მეგობარი.

არ მქონდა სამსახური, არ მქონდა მიზანი ცხოვრებაში. მე უბრალოდ პაციენტი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ სოციუმში ვცხოვრობდი, მაინც გარიყულად ვგრძნობდი თავს, თითქოს პარალელური, მხოლოდ ბენეფიციარის ცხოვრება მქონდა.

70-იანებში ჩვენთანაც იგივე მოხდა, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებში, საზოგადოებამ გააპროტესტა დიდი საავადმყოფოების არსებობა. უკმაყოფილოები იყვნენ ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის და მხარდაჭერის ძველი ფორმებით. ცვლილებების აუცილებლობა ჩვენც გავიზიარეთ, მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეული იყო სწორედ პაციენტებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ 70-იანების რევოლუცია ფსიქიატრიაში სწორედ ჩვენზე გადატყდა.

ცხადია, ამ მოძრაობას შევუერთდით, რადგან ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც ამ სისტემას გადავურჩით. 70-იანებიდან მოყოლებული საავადმყოფოები ჩვენთანაც იხურებოდა, ისე მყისიერად არა, როგორც მაგალითად, იტალიაში, ან დიდ ბრიტანეთში. ჩვენთან უფრო აზროვნებაში იწყებოდა ცვლილებები. მაგრამ ამ გადატრიალების პარალელურად, არავინ იცოდა, როგორ უნდა შექმნილიყო ახალი კარგი პრაქტიკები. წინა ხაზზე აღმოჩნდნენ ფსიქიატრები და სერვისის მომხმარებლები, და მათ შორის დიდი ზღვარი გაჩნდა.

მოგვიანებით, ჩვენ მოგვიცვა ბიოლოგიური მარკერების, გენეტიკის კვლევის მეცნიერებამ. ბიოსამედიცინო მიდგომისთვის ნიადაგი 50-იანი წლებიდან მზადდებოდა და 90- იანებში უკვე საკმაოდ განვითარდა. ჩვენი ფსიქიკური პრობლემის ფესვებს ჩვენსავე გენეტიკაში ეძებდნენ. ამან კიდევ უფრო გააძლიერა ბიოსამედიცინო მიდგომა, დასავლურ სამყაროში ის ახლაც ძალიან ძლიერია. ექიმსა და სერვისის მომხმარებელს შორის ერთგვარი იერარქია დამკვიდრდა. დიაგნოზის შემდეგ, შენ უკვე დადგენილი ფორმულით გიმკურნალებენ. შეიძლება საცხოვრებლით ან სხვა რესურსითაც უზრუნველგყონ, მაგრამ იერარქია მაინც იარსებებს. ჯერ არის ექიმი, ფსიქოთერაპევტი, მერე ექთანი და ბოლოს, სადღაც ქვედა საფეხურზე, პაციენტი.. ამიტომაც, 90-იან წლებში სერვისის მომხმარებელთა მხარდამჭერი მოძრაობის შექმნის აუცილებლობა მომწიფდა, რაშიც დიდი ენთუზიაზმით ჩავები.

ბიოსამედიცინო მოდელი გეუბნება, რომ შენ გაქვს დაავადება და ამის გამო, შენ ხარ პრობლემა. ფაქტობრივად, შენ თვითონ ხარ დაავადება. მკვეთრი ხაზია ჯანმრთელსა და დაავადებულს შორის. მოძრაობა, რომლის წევრიც მე ვარ, გეუბნება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჩვეულებრივი, ბუნებრივი, ლეგიტიმური ადამიანური გამოცდილებაა. უფრო მეტიც, ყველას შეიძლება დაგვემართოს. და თუ დაგემართა, სულაც არ არის აუცილებელი სამკურნალოდ საავადმყოფოში გამოგვკეტონ. გამომწვევი მიზეზებია საკვლევი და სწორედ ამ კონტექსტში უნდა იზრუნონ შენზეც. კონტექსტში ბევრი პრობლემა მოიაზრება: ძალადობა, უგულვებელყოფა, სიღარიბე. თუ ჩვენ მხოლოდ სამედიცინო მიდგომით შემოვიფარგლებით, მაშინ ეს ყველაფერი გამოირიცხება, არადა, სოციალური დეტერმინანტებია შფოთვისკენ რომ გვიბიძგებს.

“მდიდარ ქვეყანაშიც შეიძლება გარიყული იყო დიაგნოზის გამო, ფული ინკლუზიის გარანტია არ არის.”

ჩვენ მდიდარი ქვეყანა გვაქვს. ამ ფაქტმა, ცხადია, იქონია გავლენა იმაზე, თუ როგორი ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემა ჩამოგვიყალიბდა. ზოგადად, ნამდვილად ბევრ ფულს ვხარჯავთ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ფული, რომელიც საავადმყოფოებსა და მედპერსონალზე იხარჯება, ყოველწლიურად იზრდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან შედარებით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დახარჯული ჩვენი ფინანსური რესურსი გაცილებით დიდია.

მაგრამ ჩვენ მაინც მარგინალიზებულები ვართ. თან გაითვალისწინეთ, რომ ჩემს ქვეყანაში სერვისებისთვის ფული პრობლემა არასოდეს ყოფილა. გამოდის, რომ მდიდარ ქვეყანაშიც შეიძლება გარიყული იყო დიაგნოზის გამო.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ფული ინკლუზიის გარანტია არ არის, არც მიდგომის შესაცვლელად აქვს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა, არც საავადმყოფოები დაიხურება უკეთესი ბიუჯეტის შემთხვევაში. პირიქით, ზოგჯერ ფულადი რესურსი ინსტიტუციებისთვის საწვავივით არის. უფრო დიდ და კეთილმოწყობილ საავადმყოფოს აშენებ, მეტი სამედიცინო პერსონალით. ჩვენთან შეიძლება უფრო კარგად მოუარონ პაციენტებს, თუმცა, ეს ინსტიტუციონალიზაციის ახალი მოდელია, უბრალოდ, უფრო მდიდრული.

ახლა ვცდილობთ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მხოლოდ სამედიცინო ჭრილში არ შევხედოთ. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. ახალმა პარადიგმამ სხვანაირად ფიქრი უნდა დაგვაწყებინოს და შესაბამისად, შევცვალოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის დაფინანსების წესიც.

დღეს ჩვენ სისტემას, როგორც ერთ დიდ საბაზრო სივრცეს ისე ვუყურებთ. ახალი ლიბერალური ეკონომიკური პრინციპები ამ შემთხვევაშიც მუშაობს: კონკურენტუნარიანი საავადმყოფოები უნდა ავაშენოთ: საუკეთესო ფასად საუკეთესო პროდუქტი უნდა შევიძინოთ. ნიდერლანდებში დღეს ეს ნამდვილად პრობლემურია. ჩვენ გვაქვს სისტემა, სადაც დაზღვევა დაავადებაზეა მიბმული, სადაზღვევო კომპანიები კი, მათ სამკურნალოდ საავადმყოფოებს აშენებენ.

საავადმყოფოების დახურვას ახლაც ითხოვენ, მაგრამ სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენ კვლავ არაერთი დიდი ინსტიტუცია გვაქვს, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ. მათ დასახურად კიდევ დიდი ძალისხმევა და ბრძოლა დაგვჭირდება.

კოლეჯი “ენიკი”

20 წლის წინ სულ ოთხნი ვიყავით. ასე დავიწყეთ. არ ვიცოდით რას ვაკეთებდით, არ ვიცოდით სადამდე მიგვიყვანდა ეს ყველაფერი, მხოლოდ ის ვიცოდით, რომ გვინდოდა შევკრებილიყავით და საკუთარი ისტორია და გამოცდილება გაგვეცვალა.

გვინდოდა ერთმანეთისთვის გვეთქვა, როგორია იყო სერვისის მომხმარებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემაში. ლაპარაკი რომ დავიწყეთ, საერთო სახლის შეგრძნება გაგვიჩნდა სრულიად უცხო ადგილას. პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად, ვიგრძენი რომ გულისყურით მომისმინეს, გამიგეს, დამიჯერეს. ამან რაღაც შეცვალა ჩემში, დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო.

კოლეჯი “ენიკი” მე და ტომ ვერსპურმა დავაარსეთ. მას ზურგს ჩვენს ორგანიზაციაში შექმნილი სერვისის მომხმარებელთა ძლიერი მოძრაობა უმაგრებდა.

“ლისტერი” არასამთავრობო ორგანიზაციაა ქალაქ უტრეხტში, რომელიც ფსიქიკური პრობლემის ან ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე ადამიანებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ეს შეიძლება იყოს ჯგუფური საცხოვრებელი, ან ინდივიდუალური ბინა. თავიდან მეც “ლისტერის” ბენეფიციარი ვიყავი და სწორედ “ლისტერის” ბაზაზე წამოვიწყეთ ეს ექსპერიმენტი.

ჩვენი წამოწყების მაშინვე არ სჯეროდათ. ეს ნდობა ცოტა გვიან გაჩნდა. ნელ-ნელა გავზარდეთ ჯგუფების რაოდენობა. სამსახურში კვირაში 20 საათის სამუშაოსთვის აგვიყვანეს. ეს რთული საქმეა, დიდ ენერგიასა და ძალისხმევას ითხოვს. ბრძოლაც გიწევს. წლების შემდეგ, ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩეველი გავხდი. ჩემი მთავარი ამოცანა იყო ჩვენი, სერვისის მომხმარებელთა პერსპექტივიდან დამენახებინა მათთვის რეალობა. უნდა ამეხსნა და მეჩვენებინა, რომ სხვანაირად ზრუნვა შეიძლებოდა. მოკლედ, ორი სხვადასხვა გზა იყო: 1. მაშინდელი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების შეცვლა და ამის პარალელურად, თვითდახმარების ჯგუფების გაძლიერება. სივრცე უნდა შექმნილიყო, სადაც წარმატებული მაგალითები გაჩნდებოდა. მოგვიანებით, ჩვენ ამ სივრცეს კოლეჯი დავარქვით. დღეს “ენიკის” კოლეჯის შენობა 2000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ჩვენ ის მონაწილეებთან ერთად გავარემონტეთ. პროგრამაც მათთან ერთად განვავითარეთ. დღეს “ენიკში” იმ ადამიანების მიღებაც შეგვიძლია, რომლებსაც “ლისტერთან” კავშირი არ ჰქონიათ. “ენიკი” ყველასთვის ღიაა.

“ადამიანებს ყოფენ და ეუბნებიან: “შენ ჩვენი სერვისისთვის ძალიან მწვავე ხარ, შენ ნაკლებად…”

დიახ, “ენიკი” კოლეჯია და აქ მოსული ადამიანები სტუდენტები არიან და არა ბენეფიციარები. სერთიფიკატებსაც კი გავცემთ.

“ენიკში” მოსვლისთანავე ადამიანები არ ამბობენ: “გამარჯობა, მე შიზოფრენია მაქვს,” ან “გამარჯობა, მე ბიპოლარული აშლილობა მაქვს.” ისინი მოდიან სახელით და გვარით. ჩვენ გვაინტერესებს ვინ არიან ისინი დიაგნოზის მიღმა.

როცა ადამიანი პირველად მოდის, ვეკითხებით: რა შეგიძლია ჩვენთვის გააკეთო? თავად ხომ არ გინდა რამე შექმნა? რამეში მონაწილეობის სურვილი ხომ არ გაქვს?

ყველა ერთად ვუვლით კოლეჯის ტერიტორიას, მიმღებს, კაფეს. კოლეჯის პროგრამასაც ერთად ვამუშავებთ. ყველაფერი საერთო და საზიაროა.

კოლეჯი მათთვისაც ღიაა, ვისაც მწვავე ფსიქიკური აშლილობა აქვს. საერთოდ, პრობლემა მგონია, როცა ადამიანებს ყოფენ და ეუბნებიან: “შენ ჩვენი სერვისისთვის ძალიან მწვავე ხარ, შენ ნაკლებად, ამიტომ შეგვიძლია მიგიღოთ.”

თავიდან შეშინებულები არიან , თავს დაუცველად გრძნობენ და ცხადია, აინტერესებთ, რა გადახდებათ ამ კოლეჯში. ეს განწყობა ჯგუფშიც შეიმჩნევა ხოლმე. დაბნეულები არიან, მაგრამ ლაპარაკის დაწყებისთანავე ხედავ, როგორ იკრებენ ძალას. მგონი პირველად უსვამენ საკუთარ თავს კითხვებს: რა აინტერესებთ? რა მიაჩნიათ მნიშვნელოვნად ამ ცხოვრებაში? რა მოსწონთ? რა არ მოსწონთ? როგორ უმკლავდებიან სისუსტეებს? საერთოდ, რა სისუსტეები აქვთ და რამ გამოიწვია ისინი?

კოლეჯი “ენიკი” მთლიანად სერვისის მომხმარებლების მიერ იმართება. ეს არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისი, ეს რეაბილიტაციის კოლეჯია და ამ მიზნით შექმნილი სხვა კოლეჯებისგანაც განსხვავდება. მაგალითად, ბრიტანეთშიც არის ასეთი კოლეჯი, მაგრამ იქ პროფესიონალები, სერვისის მომხმარებლები და მხარდამჭერები ერთად მუშაობენ. ჩვენთან არავინ არის სამედიცინო სკოლიდან. არც ექთნები გვყავს, არც ფსიქიატრები, არც ფსიქოლოგები.

მხარდაჭერა იერარქიის გარეშეა. მე შენ გიჭერ მხარს, შენ მე მიჭერ მხარს, ჩვენ თანასწორები ვართ და ეს ზრუნვაც ორმხრივია. ეს ორი ფუნდამენტური ფასეულობაა.

ჩვენთან ვინც მოდის, ჩემი ჩათვლით, მედიკამენტურ მკურნალობასაც იღებს. თუმცა, მთავარია, რომ კოლეჯში ადამიანები ძლიერდებიან და საკუთარ თავზე ფიქრს იწყებენ. საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობასაც უკეთესად იაზრებენ. ამის შემდეგ უფრო ადვილად ენდობიან ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებსაც. ხვდებიან, რა იქნებოდა მათთვის უკეთესი და რატომ. თავიანთ ფსიქიატრსაც სხვანაირად ელაპარაკებიან. მკურნალობის პროცესში აქტიურად ერთვებიან. ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მიდგომაში. მკურნალობის პროცესში ლიდერი ფსიქიატრი კი აღარ არის, არამედ თვითონ პაციენტი.

“ენიკის” კოლეჯში სხვებთან ერთად ეძებ, სწავლობ, და პოულობ ძალას, რომ ამ გზაზე გადარჩე.”

“ენიკში“ ადამიანებს შეუძლიათ ღამეც დარჩნენ, თუ რაიმე პრობლემა აქვთ. ხუთდღიანი თვითდახმარების პროგრამაც გვაქვს, როცა ადამიანებს აქ დარჩენა შეუძლიათ. ამ დროს ისინი სხვადასხვა შთამაგონებელ და გონების სავარჯიშო ლექციებს ესწრებიან. ორშაბათს მოდიან და პარასკევს მიდიან. მაგრამ “ენიკი” მუდმივი თავშესაფარი ნამდვილად არ არის. ეს სარეაბილიტაციო კოლეჯია, ის საცხოვრებლად ვერ გადაკეთდება. 10-15 ადამიანი თუ დარჩება მუდმივად, ასეთ შემთხვევაში, “ენიკიც” მცირე ზომის ინსტიტუციას დაემსგავსება.

ხალხმა უარი უნდა თქვას მკურნალობისა და ზრუნვის მიმღების პასიურ სტატუსზე და საკუთარი თავის მოვლასა და რეაბილიტაციაში უნდა ჩაებას. ამას დრო უნდა. მაგალითები გვჭირდება, რომლებიც ღრმად ჩანერგილი პესიმისტური ხედვისგან ადამიანებს გაათავისუფლებს და შესაძლებლობებს დაანახებს. ამ ადამიანებს გაცილებით დიდი რესურსი აქვთ, ვიდრე ჩვენ გვგონია.

შეკრებებზე მუდმივ მეწყვილეს არავინ ირჩევს, ეს ჯგუფური რეაბილიტაციაა. ჯგუფში მეტ საინტერესო იდეას, მოსაზრებას და ცოდნას იღებ. წყვილებით შემოფარგვლა, როგორც წესი, მხოლოდ ერთმანეთთან კითხვების დასმით და მშრალი პასუხების მიღებით მთავრდება ხოლმე.

თითო ჯგუფში 8 განსხვავებული ისტორია, 8 განსხვავებული ხმა ისმის. ვლაპარაკობთ, ერთმანეთს ვეკითხებით, ვუზიარებთ, ვუსმენთ, როლებს ვცვლით. არა მხოლოდ ვიღებთ პასუხებს და მხარდაჭერას, არამედ გავცემთ კიდეც და ამ პროცესში ვიზრდებით, ვძლიერდებით, საკუთარი თავის დახმარებით, სხვასაც ვეხმარებით.

ჩვენი ერთ-ერთი წევრი, ჰიერარდო მახსენდება, რომელიც რამდენიმე წლის წინ შემოგვიერთდა. ერთხელაც, ჩემი კოლეგისთვის, ტონისთვის უკითხავს:

- ტონ, მართაინსაც აქვს დიაგნოზი?

- კი.

- რა დიაგნოზია?

- ფსიქოზი.

- როგორ ფიქრობ დამელაპარაკება?

- რა თქმა უნდა, რატომაც არა.

ლაპარაკი რომ დავიწყეთ, ვხედავდი როგორ უბრუნდებოდა ჰიერარდოს იმედი. იმ დღიდან რეაბილიტაციის ძალიან რთულ გზას შეუდგა. ორჯერ მოხვდა საავადმყოფოში, მაგრამ ახლა უკვე ზუსტად იცის, როგორ დაგეგმოს თავისი ცხოვრება. როგორ გაუმკლავდეს ტრავმას, მედიკამენტებს, ნეიროლეპტიკებს, როგორ ითანამშრომლოს ექიმებთან. საკუთარი ცხოვრების ფორმირება დაიწყო. ახლა თავის ბინაში უკვე მარტო ცხოვრობს და ნელ-ნელა უკეთესი ურთიერთობა აქვს ოჯახთან, მეგობრებთან.

რაც მთავარია, ჯგუფური დახმარების პროგრამაში ისევ ჩართულია. ერთია, როცა ადამიანს იმედი უბრუნდება, მაგრამ მძიმე ფსიქიკური პრობლემის გადალახვა, ბევრად გრძელი და რთული გზაა. “ენიკის” კოლეჯში სხვებთან ერთად ეძებ, სწავლობ, და პოულობ ძალას, რომ ამ გზაზე გადარჩე.

კოლეჯში მოხვედრა უფასოა. როგორც წესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით ადამიანებს ძალიან დაბალი შემოსავალი აქვთ. ამიტომ სულ ვცდილობთ, რომ დაფინანსების სხვადასხვა წყარო მოვიძიოთ. ჩვენი მთავარი ფინანსური მხარდამჭერი ადგილობრივი ხელისუფლებაა. მომავალი წლის ბიუჯეტი 2 მილიონ ევრომდე გავზარდეთ.

“ენიკი” სამედიცინო მოვლას ვერ ჩაანაცვლებს, ეს სულ სხვა რამეა. ესაა ღია სივრცე, სადაც ადამიანი თვითონ წყვეტს, რა უნდა და რა არა. ეს ზუსტად ის არის, რასაც ვერასოდეს მიიღებენ ინსტიტუციაში. ადამიანი მოდის და თვითონ იღებს მონაწილეობას ამ გარემოს შექმნასა და განვითარებაში. არც აქ ყოფნის დროა განსაზღვრული. ადამიანს შეუძლია წლები იაროს ჩვენთან, ან წავიდეს და შემდეგ ისევ დაბრუნდეს.

8 ხმა, 8 ისტორია, რომელიც უფრო მკაფიოდ ისმის

თანასწორი მხარდაჭერა ყველაფრიდან გამოსავალი, ცხადია, არ არის. მაგრამ რეაბილიტაცია ადამიანებს ნამდვილად ეხმარებათ, მიხვდნენ რა ურჩევნიათ, როგორ ჯობია ცხოვრება განაგრძონ. თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლასაც იწყებენ. თუ ადამიანმა თავი უკეთ იგრძნო, ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, სამართლებრივი პრობლემებიც ნაკლებ სავარაუდოა, რომ ექნება. თუმცა, ამის გარანტიას, რა თქმა უნდა, ვერავინ მისცემს. “ენიკში” ერთმანეთს ასეთი პრობლემების გადაჭრაშიც ეხმარებიან. იციან, რომ მათ ხმას ძალა აქვს, განსაკუთრებით კი, მაშინ თუ ერთ ხმას რამდენიმე ხმას შეუერთებენ და ერთად მოითხოვენ ცვლილებებს. სტიგმას ასე უკეთ შეეწინააღმდეგებიან. მეც ერთ-ერთი გადარჩენილი ვარ, ცუდი ზრუნვის სისტემიდან გამოსული, რომელმაც აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება მაინც შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, ძლიერი თანამოაზრეების ყოლა, რომლებიც თამამად იტყვიან: “მეგობრებო, ჩვენ უნდა შევცვალოთ მიდგომა, იმიტომ რომ ის, რაც გვაქვს, არასწორია!”

მე ვფიქრობ, რეაბილიტაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ინდივიდუალური და ერთ ადამიანზე ორიენტირებული. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა მხოლოდ ადამიანზე არ ახდენს გავლენას, ის კვალს ტოვებს ოჯახზეც. მისი საავადმყოფოში მოხვედრა ტრავმაა ოჯახის წევრებისთვისაც, განსაკუთრებით, მშობლებისთვის. უმეტესად, სწორედ ისინი იღებენ საკუთარ თავზე მოვლისა და ზრუნვის ტვირთს, ამიტომ ოჯახსაც სჭირდება რეაბილიტაცია.

“ენიკში” მხოლოდ ერთ ადამიანზე კი არ ვართ ფოკუსირებული, არამედ მის გარშემომყოფებზეც. ოჯახის წევრებსა და ახლობლებსაც ვრთავთ რეაბილიტაციის პროცესში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ შორის დიალოგს. ორივე მხარის მოლოდინი და სურვილები გაცილებით კარგად ჩანს, როცა ისინი თანასწორი პოზიციიდან იწყებენ ლაპარაკს. იმედი მაქვს, მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას, როგორც ცალკეულ ბიოსამედიცინო დარღვევას, ისე აღარ დაინახავენ და ამის მიზეზს მხოლოდ ადამიანში აღარ მოძებნიან.

ამავე თემაზე:

მასალა მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).

მასალაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორების პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების" პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“