[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

აზერბაიჯანიდან საქართველომდე: ავტორიტარიზმთან გამკლავების გაკვეთილები

როდესაც აზერბაიჯანის შესახებ მოსაზრებითი სტატიის დაწერა დამავალეს ქართულ აუდიტორიისთვის, თავდაპირველად დაბნეული ვიყავი. აზერბაიჯანის თანამედროვე პერიოდის და პოლიტიკის რომელი ასპექტები იქნებოდა, განსაკუთრებით მოახლოებული არჩევნების ფონზე, ყველაზე ახლოს ქართველებისთვის? პასუხი მალევე ცხადი გახდა - ყველაფერი პოლიტიკის საზღვრების მოშლაზე.

თავისუფლება აზერბაიჯანელმა ხალხმა ეტაპობრივად დაიკარგა, ისევე როგორც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში. საქართველო თითქოს სახელმძღვანელო მაგალითად იქცა ლიბერალური პრინციპებისგან დაშორების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც აზერბაიჯანი დასაწყისიდანვე ავტორიტარულ სახელმწიფოდ ითვლებოდა. თუმცა, ვეცდები დავამტკიცო, რომ ეს მოსაზრება ერთმნიშვნელოვნად მართალი არ არის და ზედმეტად ამარტივებს აზერბაიჯანში პოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბების ისტორიას. თავისუფლების დაკარგვა და პოლიტიკური სივრცის შესუსტება აზერბაიჯანში იყო ეტაპობრივი პროცესი, რომელიც 20-30 წლით ადრე დაიწყო, 15 წლის წინაც კი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იყო.

ერთი გაკვეთილი, რომელიც ქართველებს შეუძლიათ აზერბაიჯანელების შეცდომებიდან ისწავლონ, არის ავტორიტარული ძალაუფლების ზრდის მიმართ გამძლეობის მნიშვნელობა. ამ სტატიაში მსურს ხაზი გავუსვა თავისუფლებების მნიშვნელოვანი ეროზიის მსგავსებებს აზერბაიჯანსა და საქართველოში, იმ იმედით, რომ ქართველები არ მიიღებენ საკუთარ ქვეყნანაში მიმდინარე მოვლენებს როგორც მოცემულობას, არამედ კრიტიკულად შეაფასებენ მათ და აღიარებენ ავტორიტარიზმისკენ გადახრას იმისათვის, რომ დროულად შეაჩერონ ეს პროცესი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანში ქაოსური მდგომარეობა დადგა:  ომი სომხეთთან, ოკუპაცია, იძულებით გადაადგილებული პირები, გადატრიალებები, ეთნიკური უმცირესობების (თალიშები და ლეზგინები) აჯანყებები, ორგანიზებული დანაშაულები, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და სიღარიბე.


ამ არასტაბილურობამ გზა გაუხსნა ყოფილ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს, რომელიც კგბ-ს ყოფილი ხელმძღვანელი და საბჭოთა პოლიტბიუროს წევრი იყო. მისი ხელისუფლებაში მოსვლა თავისუფლების ხანმოკლე და არასტაბილური ეპოქის დასასრულს მოასწავებდა. მისი მმართველობა იმ თავისუფლებების შეზღუდვით ხასიათდებოდა, რომლებიც ე.წ „პერესტროიკისა“ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა აზერბაიჯანელმა ხალხმა. სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლოზუნგის ქვეშ, თავისუფლებები სისტემატიურად იზღუდებოდა. იგივე  გრძელდება დღესაც, მისი შვილის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველობის დროსაც.

ეს ნარატივი მკაფიოდ შეესაბამება ბიძინა ივანიშვილის რიტორიკას საქართველოში, სადაც დღევანდელ საარჩევნო კამპანიებში ჭარბობს სტაბილურობის შენარჩუნებაზე საუბარი და „ქართული ოცნების“ პოზიციონირება მშვიდობის და სტაბილურობის გარანტად, რომელიც ებრძვის „გლობალურ ომის პარტიას“. ქვეყანაში ყველაფრის დაუფლების  მცდელობა და მშვიდობის ერთადერთ  გარანტად თავის წარმოჩენა კლასიკური ხერხია ავტორიტარული რეჟიმებისთვის. „აგენტების კანონი“ მშვიდობისათვის საფრთხის აღმოფხვრით მართლდება, საზღვრების ჩაკეტვა (აზერბაიჯანის შემთხვევაში)[1] სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობით, ანტი-ლგბტ კანონები - ტრადიციული ღირებულებების დაცვით და შესაბამისად, საშიში მსოფლიო წესრიგის თავიდან აცილების მიზნით; სინამდვილეში კი  პოლიტიკური ჰომოფობია საგრძნობლად იზრდება. დღევანდელ პოლიტიკაში, ჩვენი ყოველდღიურობის ყოველი ასპექტი უსაფრთხოების პერსპექტივიდან განიხილება.

სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების გარდა, ავტორიტარიზმის აღმავლობას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორებიც განაპირობებს. აზერბაიჯანის დამოკიდებულებამ ნავთობით ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავლებზე საგრძნობლად გარდაქმნა პოლიტიკური გარემო ქვეყანაში. როგორც კი სახელმწიფო აპარატმა საკმარისი მოგება გამოიმუშავა ადრეულ 2010-იან წლებში ნავთობის ექსპორტიდან, თავისუფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვების ახალი ეტაპი დაიწყო.

1994 წელს ხელმოწერილმა „საუკუნის კონტრაქტმა“ მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეძლო 2006 წელს, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი ამოქმედდა. მას შემდეგ აზერბაიჯანის ეკონომიკა დიდწილად ნავთობისა და გაზის ვაჭრობიდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია (EU), რომელიც აზერბაიჯანის საერთო ვაჭრობის 50%-ზე მეტს და ექსპორტის 64%-ს შეადგენს, ძირითადად ნავთობისა და გაზის სახით. ნავთობიდან მიღებული შემოსავლები აზერბაიჯანში ერთი ლიდერის ხელშია, რომელიც ასევე აკონტროლებს ამ შემოსავლების განაწილებას. ამ გარემომ ალიევს შესაძლებლობა მისცა რეალური დიქტატორი გამხდარიყო და შეექმნა ერთგული და სრულად დამოკიდებული ელიტების წრეები, რომლებიც მის რეჟიმს მხარს დაუჭერდნენ.

მსგავსად, საქართველოშიც, საწვავის, ენერგიისა და ტვირთის გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლების მიღება გააძლიერებს ივანიშვილის წვდომას მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებზე. მაგალითად საინვესტიციო პროექტები როგორებიცაა: ფოთისა და ანაკლიის პორტები, რომლებიც შუა დერეფნის გავლით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქონლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ; სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც შესაძლებელს გახდის კასპიის ზღვის აუზიდან წიაღისეული საწვავის ევროპაში მიწოდებას და წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიიდან მწვანე ენერგიის ევროპაში გადატანას ითვალისწინებს, ის რამდენიმე მაგალითია, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომ შემოსავლებზე ორიენტირებულ ეკონომიკას მოიაზრებს.

ასევე, შესამჩნევია მსგავსებები ამ პროცესებს შორისაც. ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ოლიგარქის მართვის კონცეფცია ქართველებისთვის უცხო არ არის. „რადიო თავისუფლების“ 2015 წლის მონაცემებით, ივანიშვილი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 35%-ს ფლობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პოლიტიკური გარემო მრავალი ოლიგარქისა თუ გავლენიანი ფიგურის არსებობას მიანიშნებს. განსხვავებით აზერბაიჯანისგან, რომელმაც ნავთობიდან მიღებული უზარმაზარი სიმდიდრე კორუფციის გზით მიითვისა, საქართველომ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენების გზისკენ სწრაფვა აირჩია, თუმცა მაინც მსგავსი დასასრულისკენ მივიდა, რასაც დღეს ქვეყნის, როგორც პირადი ხაზინის ექსპლუატაციის მაგალითად მოვიხსენიებთ.

მართველობის ეს მოდელი წინა ხელისუფლებებისგან გადმოცემული მემკვიდრეობაა. ოლიგარქებისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური პოლიტიკა, როგორიცაა პროპორციული გადასახადები და ლიბერალური ეკონომიკა, რაც თავის მხრივ სააკაშვილის დროს, წინა ხელისუფლების პერიოდში დაინერგა; თუმცა, 2017 წლის კონსტიტუციური ცვლილებებისას, „ქართულმა ოცნებამ“ ის უცვლელად დატოვა. დროთა განმავლობაში, პარლამენტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ოლიგარქებისა და, განსაკუთრებით, ივანიშვილის გაძლიერებას ემსახურებოდა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო თავშესაფრად გადაქცევის შესახებ კანონიც, რომელიც ივანიშვილს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. მსგავსი პოლიტიკა კი მხოლოდ ოლიგარქთა და მდიდარი ელიტების ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება მოსახლეობის კეთილდღეობის ხარჯზე.

ამ მსგავსებების მიუხედავად, საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია, განსაკუთრებით რეპრესიული შესაძლებლობების კუთხით. აზერბაიჯანის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები ძლიერი სახელმწიფო აპარატის შექმნას ემსახურებოდა, რომელიც თავის მხრივ ოპოზიციის ჩახშობას ემსახურება, საქართველოში კი ჯერჯერობით მმართველმა პარტიამ ეს ვერ მოახერხა.

2010-იანი წლების დასაწყისში ნავთობის გლობალური ფასების დაცემამ აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებაზე შეტევა  გამოიწვია. ეს პროცესი არაბულ აჯანყებებსა და ევრომაიდანის მოვლენებს მოჰყვა, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას „ფერად რევოლუციებში“ მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ. თავისუფალი და კონკურენტული პოლიტიკური სივრცე საფრთხედ იქცა რეჟიმისთვის, რომელიც თავისი ძალაუფლების დიდ ნაწილს ნავთობიდან მიღებული შემოსავლებით ინარჩუნებდა.

პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვას აზერბაიჯანში თან ახლდა კონსტიტუციური ცვლილებები. პირველად 2002 წელს შეიცვალა აზერბაიჯანის კონსტიტუცია, პროპორციული საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულით ჩანაცვლდა. ასევე, განსაზღვრული იყო ისიც, რომ პრეზიდენტის გარდაცვალებისა ან ავადმყოფობის შემთხვევაში, მის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი და არა პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებდა. ეს ცვლილებები ჰეიდარ ალიევის პრეზიდენტობისას განხორციელდა, რომლის შემდეგაც მისი შვილი, ილჰამ ალიევი, პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ ზომების გატარება იმ დროს  ელიტების მხარდაჭერას საჭიროებდა. შემდგომი ცვლილებები, 2009 და 2016 წლებში, პრეზიდენტის ძალაუფლების გაძლიერებას ემსახურებოდა, მათ შორის მისი ორი ვადით არჩევის შეზღუდვის გაუქმებას და ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნას, რომლის თანამდებობაც მეჰრიბან ალიევამ, პრეზიდენტის ცოლმა დაიკავა. ამ ცვლილებებმა აზერბაიჯანი ნახევრად საპრეზიდენტო სისტემიდან სუპერპრეზიდენტულ რესპუბლიკად აქცია.

მსგავსად, საქართველოშიც თანდათანობით დაიშალა მაკონტროლებელი მექანიზმები. 2018 წლის ახალი კანონმდებლობის მიღებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა 16-დან 28-მდე გაიზარდა, რის შემდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ 20 ახალი წევრი დანიშნა. კონსტიტუციური სასამართლოს დამოუკიდებლობის დასასუსტებლადაც არაერთი მექანიზმი იქნა გამოყენებული. საკანონმდებლო ორგანოში კი, უმრავლესობის უპირობო მმართველობამ „ქართულ ოცნებას“ საშუალება მისცა, სხვა ინსტიტუციებზე მაკონტროლებელი ინსტრუმენტები პრაქტიკულად გააუქმებინა და თავად მოეპოვებინა კონტროლი. ამგვარად, საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე სრული კონტროლი მოიპოვა უმრავლესობის ხმის მიცემის მარტივი  გზით.

ეს მოვლენები ნათლად ასახავს დემოკრატიული ლპობის ფენომენს, რომელსაც აკადემიურ ლიტერატურაში ორი სახის უკუსვლად მოიხსენიებენ: ავტოკრატიული ბრუნი და კონსტიტუციური „რეტროგრესია“. აზერბაიჯანის მაგალითი საქართველოსთვის უნდა იყოს ის გაკვეთილი, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ავტოკრატიულმა შემობრუნებამ, რაც თავის მხრივ დემოკრატიული ინსტიტუტების თითქმის სრულად დაშლაში გამოიხატა. ბოლო ათწლეული საქართველოში პოლიტიკური კონკურენციის, სამართლის უზენაესობის, პოლიტიკური სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებების შეზღუდვით გამოიხატება, რაც ნელი, მაგრამ სტაბილური კონსტიტუციური „რეტროგრესიის“ მაჩვენებელია. შემდეგი სამიზნე უკვე პოლიტიკური დისკურსი და ასოციაციაა. ამ თავისუფლებების შეზღუდვისკენ პირველი ნაბიჯები „აგენტების კანონის“ მიღებით გადაიდგა, და თუ „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს, ის კიდევ უფრო გაამკაცრებს კონტროლს პოლიტიკურ დისკურსსა და ასოციაციებზე.

ავტორიტარიზმისკენ შემობრუნებული საშინაო პოლიტიკის ეს კურსი პარალელურად საგარეო პოლიტიკაზეც აისახება. აზერბაიჯანმა, რომელიც წლების განმავლობაში ბალანსს ინარჩუნებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის, 2020 წლის ყარაბაღის ომისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პროდასავლური რიტორიკა მნიშვნელოვნად შეამცირა. შედეგად კი ანტიდასავლური რიტორიკა სულ უფრო მეტად გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ  აზერბაიჯანის ეკონომიკურად ევროკავშირთან ნავთობით ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული და მინიმალურად ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე. თუმცა, სიმბოლური მიჯაჭვულობა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორც ჩანს, ხელს უწყობს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ამ შესამჩნევ ცვლილებას.

საქართველო, როგორც ჩანს, მსგავს გზას ადგას. აზერბაიჯანისგან განსხვავებით ისტორიულად, საქართველოს ყოველთვის ჰქონდა აღებული ძლიერი კურსი  დასავლეთისკენ, რაც საბოლოოდ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით დამთავრდა. თუმცა, მოლოდინის საპირისპიროდ, მმართველმა პარტიამ ეს სტატუსი საფრთხის ქვეშ დააყენა გამოკვეთილი ანტი-დასავლური რიტორიკით, რაც გულისხმობს შეთქმულების თეორიის გამოგონებას „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელიც თითქოს აკონტროლებს პოლიტიკოსებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ქართულ ოპოზიციას. ეს „პარტია“, და არა რუსეთი, თითქოს უკრაინაში არის ომის გამომწვევი და ცდილობს საქართველო „მეორე ფრონტის“ გახსნით ომში ჩაითრიოს. თანდათანობით, „ქართულმა ოცნებამ“ ასევე აჩვენა რუსეთთან ურთიერთობის  დარეგულირების სხვადასხვა მაგალითები, როგორებიცაა პირდაპირი ფრენების აღდგენა, აგრესიული რიტორიკის შესუსტება და სავაჭრო კავშირების მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან ერთად, ამჟამინდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა არამარტო რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებით შემოიფარგლება, არამედ სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებთანაც, რაც სიმბოლურად მნიშვნელოვანია ძალაუფლების გამყარებისთვის, მაგალითისთვის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება ჩინეთთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს, აზერბაიჯანი „ქართულ ოცნებას“ ღიად უჭერს მხარს. აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა ბოლნისში გამართულ ღონისძიებებზე საჯაროდ მოუწოდეს ქართველ აზერბაიჯანელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ. ნათელია, რომ აზერბაიჯანს სჭირდება ავტორიტარული საქართველო ისევე, როგორც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ – აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, დემოკრატიის ბოლო და ხშირად დავიწყებული ღერძზე. თუმცა არსებობს რეალური გამოწვევა: ხალხი საქართველოში  „ქართული ოცნების“ პოპულისტური რიტორიკის გავლენის ქვეშ არინ, რაც „გლობალურ ომის პარტიასა“ და ტრადიციულ ღირებულებებს ეფუძნება.

აზერბაიჯანში ათწლეულებია, მოქალაქეები ნაციონალისტური და რევანშისტული რიტორიკის გავლენის ქვეშ არიან, რაც ყარაბაღის მეორე ომად და დღემდე მიმდინარე სტაბილურობის სახელით მტრის წინააღმდეგ ბრძოლად იქცა. შედეგად, თავისუფლებები ილახება, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და ქვეყნის სიდიადის ილუზიით ჩვენი ცხოვრებისა და გონების მოწამვლა ხდება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები დაკეტილია 2020 წლის COVID-19 პანდემიის შემდეგ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“