საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ინტერვიუების ციკლს კონფლიქტის რეგიონებში არსებული რეალობის შესასწავლად და ამ საკითხების ირგვლივ ინტერესის გასაძლიერებლად. ჩვენს საზოგადოებაში ცოდნა კონფლიქტის რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტებზე ძალიან დაბალია. აქ მიმდინარე მოვლენები მეტწილად მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში და უფლებების მძიმე დარღვევის დროს თუ იქცევს საზოგადოების, პოლიტიკური ელიტის და მედიის ყურადღებას.
ახალგორი კონფლიქტის რეგიონებს შორის შეიძლება მოვნიშნოთ იმ განსაკუთრებულ ადგილად, სადაც, როგორც იქ დარჩენილი მოსახლეობა, ისე წამოსული დევნილები საკუთარ ცხოვრებას „ორ სახლად ცხოვრებას“ უწოდებენ. მათ აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგადაც რჩებათ გაურკვევლობის განცდა იმის შესახებ, რომელია მათი ნამდვილი სახლი − ახალგორი თუ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2008 წლის შემდეგ შექმნილი მათი „დროებითი საცხოვრებელი“. ახალგორი განსაკუთრებულია კიდევ ერთი გარემოების გამოც, ამ რაიონში მცხოვრებ ქართველებსა და ოსებსა არასოდეს ჰქონიათ ეთნიკური დაძაბულობის და კონფლიქტის გამოცდილება და ისტორია, მაშინაც კი, როცა ეს დაძაბულობა თავის ისტორიულ პიკს აღწევდა ხოლმე, მათ შორის 90-იან წლებში და აგვისტოს ომის პერიოდში.
2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ახალგორში 5254 ადამიანი ცხოვრობდა.[1] 2009 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 3006 ადამიანამდე შემცირდა,[2] 2015 წელს კი − 2300-მდე, რაც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.[3] დღეს არ გვაქვს ზუსტი ოფიციალური მონაცემი აქ მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, თუმცა არაოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ ახალგორში 1000 ადამიანიც აღარ იქნება დარჩენილი, ისიც მეტწილად − ხანშიშესულები. ჩვენი რესპონდენტი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, ახალგორის დემოგრაფიულ სურათთან დაკაშირებით ამბობს: „შეიძლება, 1000 ადამიანიც კი იმაზე მეტია, ვიდრე რეალურად არის. მოსახლეობის რაოდენობას უფრო „არჩევნების“ დროს ვაკვირდები ხოლმე, არ ვარ სტატისტიკის მცოდნე, მაგრამ ამ გზით შეიძლება მიახლოებული რაოდენობა გავიგოთ. ამომრჩეველში იგულისხმება დე-ფაქტო პასპორტის მქონე მოქალაქე. მაგალითად, 2019 წელს („საპარლამენტო არჩევნებში“) ახალგორის რაიონის ქართულ ნაწილში 670 ამომრჩეველი, ხოლო ოსურში − 750-ზე მეტი იყო. წელს კი, 2019 წლიდან 2022 წლამდე „საპრეზიდენტო არჩევნებში“ თითქმის გაორმაგებული იყო ამომრჩევლის რაოდენობა. რის ხარჯზე მოხდა ეს, არ ვიცი, შესაძლოა „პასპორტები“ აიღეს. პერიოდულად მილიციის უბნის რწმუნებულებიც აქვეყნებდნენ მოსახლეობის რაოდენობის შესახებ წლიური ანგარიშებს. აქაც არ ამბობდნენ რეალურ რაოდენობას, მაგრამ აღნიშნავდნენ, რომ საგრძნობლად შემცირდა მოსახლეობა. წლებია მოსწავლეების რაოდენობა არ იზრდება აქაურ სკოლებში, ბოლო 7 წელია მოსწავლეების ერთი და იგივე რაოდენობაა. ბოლო 5 წელია შობადობა მომატებულია, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, ახალგორის ქართულ ნაწილში მთლიანობაში მაქსიმუმ 1000 ადამიანი ცხოვრობს.“
ჩემი რესპონდენტი კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც არ ერიდება საჯაროდ გამოხატოს კრიტიკა როგორც დე-ფაქტო ადმინისტრაციის, ისე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. თამარ მეარაყიშვილი ერთადერთია, ვისი ხმაც ყველაზე მკაფიოდ ესმის კონფლიქტის ორივე მხარეს მყოფ პოლიტიკურ ელიტას და საზოგადოებას. სწორედ ამის გამო, ის ბოლო ხუთი წელია სისხლის სამართლებრივი დევნის და შევიწროების მსხვერპლია. დევნის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ თამარმა დე-ფაქტო ადმინისტრაციის პირობებში შეძლო მიეღო იმის აღიარება, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის ყველა საქმე უკანონო და უსაფუძვლო იყო, რის გამოც დევნა შეწყდა.[4] ეხლა მას აქვს უფლება, მიიღოს მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაცია, თუმცა, მანამდე კიდევ ერთი ბრძოლის გადალახვა მოუწევს. ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურა ფიქრობს, რომ მას უნდა ჩამოერთვას სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქის პასპორტი, რადგან ამ დოკუმენტის აღების დროს მას არ ჰქონდა გაუქმებული საქართველოს მოქალაქეობა. ამგვარი პრეცენტენდის დაშვება საშიში იქნება მთლიანად ახალგორის მოსახლეობისთვის, რომლის დიდ ნაწილსაც საქართველოს მოქაალაქეობასთან ერთად მიღებული აქვს დე-ფაქტო რესპუბლიკის „მოქალაქის“ სტატუსიც. ამიტომ თამარის ბრძოლა საკუთარი და სხვისი უფლებების და ინტერესებისთვის კვლავ გაგრძელდება.
ჩვენთან ინტერვიუში თამარ მეარაყიშვილი იხსენებს ახალგორში ცხოვრებას 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ, აფასებს აქ არსებულ ყოფას და სოციალურ გარემოს.
− როდესაც 2006 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის არჩევნები ჩატარდა, ყველას ძალიან გაგვიკვირდა, რადგან მანამდე არც კი გვახსოვდა, რომ ვცხოვრობდით ადმინისტრაციულ ოლქში. მას მერე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა, სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხან მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციას ვეკუთვნოდით, შემდეგ ისევ ცხინვალს მიგვაკუთვნეს. პოლიტიკური ფიგურები ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდნენ ჩვენს რაიონს, მაგალითად დიმა სანაკოევმა დროებითი ადმინისტრაციის არჩევნების დროს ხმა ახალგორში მისცა. დროებითი ადმინისტრაცია ჩვენს რაიონს საზეიმო ღონისძიებებისთვის იყენებდა და რეალურად, მაინც მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში ვაგრძელებდით ყოფას.
საერთოდ, 2008 წლის 16 დეკემბრამდე, არ მჯეროდა რომ რუსი და ოსი ჯარისკაცები ახალგორში მუდმივად დარჩებოდნენ, თვითონაც არ სჯეროდათ, არ ჩანდა, რომ მათი მიზანი ამ ტერიტორიის მუდმივად შენარჩუნება იყო, თითქოს დროებით, გავლით იყვნენ.
დღემდე ვერ ვეგუები, რომ იმათზე ვართ დამოკიდებული, ახალგორში უმეტესობა არც აღიარებს ცხინვალის ადმინისტრაციას. აქ არის ხალხი, რომელიც 14 წელია ცხინვალში არ ყოფილა.
ომის შემდგომი რეალობა სოციალურ მდგომარეობას კარგადაც დაეტყო და ცუდადაც. აქ ადამიანებს გაუჩნდათ კარგი შემოსავლები საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, რაზეც ომამდე ვერც იოცნებებდნენ, თუმცა, ბედნიერი ცხოვრება, ცხადია, არ არის. მაგალითად, წეროვანში მოსწავლეთა სახლში ხელფასი 120 ლარია, აქ იგივე სამსახურში 1200 ლარს უხდიან. მაგრამ ახალგორში ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი შეუძლებელია, კბილის ამოღება რომ დაგჭირდეს, ვერ შეძლებ, იმდენად დაბალია სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
ადამიანები უბრალოდ დაასაქმეს საბიუჯეტო ორგანიზაციბში, რადგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ეს კონკრეტული ორგანოებიც უნდა არსებობდეს და შესაბამისად, ხალხიც უნდა იყოს დასაქმებული. ეს ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ამ სამსახურების კონტროლი პრაქტიკულად არ ხდება. ყველა სფეროში ერთი და იგივე მდგომარეობაა, რეალურად მასწავლებელი არაა მასწავლებელი, ექიმი არაა ექიმი.
სიმართლე რომ ვთქვათ, არც 2008 წლამდე იყო დიდად განსხვავებული მდგომარეობა, არ გვქონდა უკეთესი სერვისები, საავადმყოფო 2008 წელს ისეთ მდგომარეობაში იყო,საქონლის სადგომს უფრო ჰგავდა − ომის გამო არა, ზოგადად. ჩვენთან ის ადგილები და შენობები იყო გარემონტებული, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიოდნენ და რჩებოდნენ. მაგრამ მაშინ ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საჭიროების ან სამედიცინო/სოციალური სერვისის მისაღებად ახალგორელები თავისუფლად ჩადიოდნენ მცხეთაში, თბილისში, ამიტომ ახალგორის საავადმყოფოს საჭიროებას დიდად ვერც ვგრძნობდით. ეხლა კონფლიქტის მდგომარეობაში რომ არ ვიყოთ, ვფიქრობ, ეს საავადმყოფოც გარემონტებული იქნებოდა, და სხვა სერვისებიც გაჩნდებოდა ახალგორში, რაღაც გვეშველებოდა და ისე არ იქნებოდა, როგორც ახლაა.
სხვა რაიონებში არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ჩვენთან საბიუჯეტო ორგანიზაციების 85% არის სახელფასო ფონდი, რაც მთლიანად კორუფციის წყაროა. საავადმყოფოში 15% არის განსაზღვრული ავადმყოფის კვებაზე, ტრანსპორტირებაზე, გათბობაზე და 85% − ხელფასებზე. ცარიელ ახალგორში 179 შტატია საავადმყოფოში.
წეროვანში მცხოვრები ახალგორელი დევნილებისთვის ახალგორში მიღებული შემოსავალი დღესაც მნიშვნელოვანია. ჩანს, აქ უფრო მეტი შემოსვალი აქვთ, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ აქაური შემოსავალი ახალგორში დატოვოს, არც კერძო საკუთრებას არ ყიდულობენ და არც საკუთარს უვლიან, საკუთარ მომავალს ახალგორს არ უკავშირებენ. ახალგორელებიც და აქედან წასული დევნილებიც დღევანდელ მდგომარეობას დროებითად უყურებენ და თვლიან, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, რაც ახალგორშია შემოსავლის მისაღებად. აქ ცვლილებებისა და რეფორმების მოლოდინი უადგილოა. ხშირად ვადარებ ხოლმე, როცა ადამიანი ემიგრაციაში სხვა ქვეყანაში მიდის, ხომ არ ადარდებს დიდად იქ არსებული მდგომაროება, არ ჩაერთება ადგილობრივ დონეზე რამის შესაცვლელად, მთავარია − თვის ბოლოს ხელფასი მიიღოს. ასე არიან ახალგორშიც. აქ არის ძალიან გავრცელებული ფრაზა „ჭამე და მაჭამე“. კორუფციული სქემა ისეა აწყობილი, რომ ყველას აწყობს ამგვარი მდგომარეობა.
2008 წლამდე კორუფციის და ნეპოტიზმის მხრივ ვითარება უფრო მოწესრიგებული იყო, იყო მეტი კონტროლი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და მოწმდებოდა ყველა საჯარო სამსახურის საქმიანობა. დღეს მთელი საჯარო სამსახურის საქმიანობა არის ფორმალობა, ფულით ადამიანებს ნებისმიერი ადმინისტრაციული მოთხოვნის შესრულება შეუძლიათ.
− ყველა „ხელისუფლება“ იმეორებს დაზეპირებულ ფრაზას, რომ ლენინგორის რაიონი არის სტრატეგიული და რთული რაიონი. არ ვიცი, რას გულისხმობენ, მაგრამ ჩემი ახსნა მაქვს: ნამდვილად, სხვაგან არსადაა, რომ ადამიანები ორ სახლში ცხოვრობდნენ, თან იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და თან − სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავდეს. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად გამორჩეული იყო კოკოითი, რომელსაც ჰქონდა თავის პოლიტიკა და მიდგომები და ძალიან კარგად იყენებდა ამას. კოკოითი რთავდა ნებას საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენთან თავისუფლად ჩამოსულიყვნენ. მაგალითად, ეუთოს უმაღლესი კომისარი იყო ჩამოსული ახალგორში. ამასთანავე, კოკოითი არ არჩევდა აუდიტორიას და არ აკონტროლებდა, ვინ რა კითხვას დასვამდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე. კოკოითი იმ დროს უფრო ლოიალური იყო ქართველების მიმართ, გახსნილი გზაც მისი პოლიტიკის ნაწილიც იყო. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სულ ორ ან ერთ ქართველ მოსწავლეს შეეძლო ესწავლა, არც ერთი ქართული სკოლა არ დაკეტა. კოკოითი გვეუბნებოდა ახალგორელებს: „აიღეთ პასპორტი, შეინარჩუნეთ ქართული მოქალაქეობაც“. მაშინ ხალხს ეშინოდა, თბილისიც უშლიდა დე ფაქტო პასპორტის აღებას.
კოკოითის შემდეგ თიბილოვმა აკრძალვები დაიწყო, ვითომ კოკოითის გასაკრიტიკებლად. შეზღუდვები შეეხო ვაჭრობას, სკოლებს, პირდაპირ არ დახურა სკოლები, მაგრამ მერე ეს პოლიტიკა ბიბილოვმა დააგვირგვინა და ყველა სკოლაში გააუქმა ქართულ ენაზე სწავლება. კოკოითი თავისი პოლიტიკით ქულების დაწერას ცდილობდა საერთაშორისო არენაზე და ამბობდა: „ვიცი, რომ იქ ბავშები არ არიან, მაგრამ ვინარჩუნებ ქართულ სკოლას, მოდით, დაბრუნდით.“ თიბილოვი ამბობდა, „ვისაც აქ არ უნდა ცხოვრება, შეუძლია წავიდეს“. ბიბილოვი კი უკვე უფრო მკაცრად ამბობდა: „აგერ გზა და წადით.“
ახლანდელი „პრეზიდენტის“ გაგლოევის პოლიტიკა უფრო გაურკვეველი და ბუნდოვანია. მაგალითად, კოკოითი სულ გვეუბნებოდა, რომ სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია ნებას გვრთავდა, ქართულ ენაზე გველაპარაკა ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ქართული ენა გათანაბრებული იყო სახლმწიფო ენასთან. პირადად ჩამოდიოდა ახალგორში და გვეუბნებოდა, რომ ვერავინ გაბედავდა ჩვენთვის ქართულად ლაპარაკის აკრძალვას და შეშინებას. ერთი კვირის წინ აქ იყო კამათი და დაპირისპირება ამ საკითხზე. ქართველმა გამგებლის მოადგილემ, აქაურ ოს ახალგაზრდებს, რომლებიც ქართულად არიან გაზრდილები, ქართულად ლაპარაკის გამო შენიშნვნა მისცა, შემდეგ გინებაზეც გადავიდა, ეუბნებოდა, რომ ქართულად კი არ უნდა ელაპრაკათ, არამედ − ოსურად. ეს ამბავი ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა, გამგებლის მოადგილე აქაურებმა სცემეს. ქართული ენის შეზღუდვა არ არის საერთო პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ არის ხოლმე ამგვარი შემთხვევები. ჩვენი უფლებები, როგორც ეთნიკურად ქართველებისა, არჩევნების წინ ახსენდებათ. მაშინ არიან ყველაფერზე თანახმა, თვითონაც დამტვრეული სასაცილო ქართულით გვესაუბრებიან, ეფექტისთვის, თუ მეტი მხარდაჭერის მისაღებად. დანარჩენი არაფერი უკეთესდება, ქართული ცეკვები აკრძალულია და ამოღებულია სასწავლო გეგმებიდან; საერთო რაიონული კონცერტები რომ ტარდება, ერთ ლექსსაც არ ამბობენ ქართულად. მე რომ ვაკვირდები, მშობლები ეხლა უფრო ცდილობენ, რომ ბავშვები მიიყვანონ იმ სკოლებში, სადაც მხოლოდ რუსულ-ოსურად მიდის ურთიერთობა, სწავლება ისედაც რუსულად არის ყველგან. არ ვიცი, რატომ. ბავშვები უკვე ფიქრობენ და აზროვნებენ რუსულად; პირველკლასელებიც დამახინჯებული ქართულით ლაპარაკობენ.
ცხინვალის ადმინისტრაციების მიდგომები განსხვავდებოდა გადაადგილების თავისუფლების საკითხშიც. თიბილოვის დროს გადასასვლელები იკეტებოდა დიდი დღესასწაულების დროს სამი-ოთხი დღით, უსაფრთხოების მიზეზით, სწავლის დაწყების და დასრულების დროს. შემდეგ ბიბილოვმა ყველაფერი ჩაკეტა. კოკოითს რა დამოკიდებულება და მიზნები ჰქონდა, ყველაფერი აშკარა იყო. თიბილოვი და გაგლოევი ნელ-თბილ პოლიტიკას ატარებენ და ვერ გაიგებ, რა უნდათ. გაგლოევს მაგალითად, ახლა ღიად სდებენ ბრალს, რომ პროქართულია. რომ დავფიქრდე, მეც კი შეიძლება დავეთანხმო, მაგრამ ის ბიზნესმენია და ნებისმიერ საკითხს (მათ შორის პოლიტიკურს და სახელმწიფოებრივ საკითხებს) უყურებს, როგორც ბიზნესმენი, მოგება-წაგების ლოგიკით.
გაგლოევმა ის ადამიანები დანიშნა მაღალ თანამდებობებზე, ვინც ქართულ მხარესთან არიან დაკავშირებულნი, მათ შორის, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან. ასევე გაგლოევის ფარულ ქართულ კავშირებს უკავშირებენ დიმიტრი სანაკოევის გადაყენებას, და არის კიდევ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რაც აფიქრებინებთ, რომ გაგლოევი პროქართული პოლიტიკის გამტარებელია. ის წინასაარჩევნოდ გზის გახნას რომ დაგვიპრიდა, მაშინაც ოსების კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ოსები თვლიან, რომ ქართველებმა წნელისი წაართვეს და სანამ საგუშაგოს არ აიღებენ, გზა არ უნდა გაეხსნა. საინტერესოა, რომ ყველა ამ ამბავთან დაკავშირებით გაგლოევი დუმილს ირჩევს და არ პასუხობს კრიტიკას. მან რამდენიმე ისეთი ადამიანი დანიშნა თანამდებობაზე, ვისაც ქართული უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ამიტომ უტევენ ოსები გაგლოევს.
2017 წლისთვის როცა დამაკავეს და საქმე აღძრეს, მოსამზადებელი წინაპირობა მქონდა, მომზადებული ვიყავი სიტყვებითაც და მორალურადაც. 2016 წლის მეორე ნახევარში 6-ჯერ დამკითხეს და სისხლის სამართლის საქმეები წამოიწყეს ჩემ წინააღმდეგ, არც ერთი სამართლებრივი დევნა ბოლომდე არ მიიყვანეს. ყველა საქმე უკავშირდებოდა ჩემს აქტივიზმს, „ეხო კავკაზაში“ გასულ ინტერვიუებს, კომენტარს, ან ფეისბუქ სტატუსებს. სხვათა შორის, მაშინდელმა გამგებელმა, 2016 წელს იყო ალექსი ბოსიკოვი, შეიტანა საჩივარი პროკურატურაში იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვინარჩუნებდი საქართველოს მოქალაქეობას და ამის გამო ჩემი სამხრეთ ოსეთის „მოქალაქის პასპორტი“ უკანონო იყო. ეს მოხდა თიბილოვის დროს. მაშინდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ არ ღირდა ეს ამბავი თავის ტკივილად და ბოსიკოვმა სარჩელი უკან გაიტანა. მაშინაც ბოსიკოვის სარჩენი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ აღებას და ცილისწამებას უკავშირდებოდა. შემდეგ ბიბილოვის დროს აღძრეს საქმე, რასაც მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ქალს მაყენებდნენ შეურაცხყოფას, მემუქრებოდნენ, დამცინოდნენ, მლანძღავდნენ. და გულახდილად რომ ვთქვა, მსურდა სამაგიეროს გადახდა. შემდეგ, რომ დავინახე და ვიგრძენი, რომ ჩემი აქედან წასვლა უნდოდათ, ვთქვი, რომ წავალ მაშინ, როცა ამას მე თვითონ გადავწყვეტ. ამათ ჰგონიათ, რომ ძალიან მჭიდრო და მოტკეცილი ჩექმები აცვიათ, და გვიბაკუნებენ, ვთქვი, რომ მანდ ჩაგიხტებით კენჭივით და ვერც გაიხდით და ვერც მომისვრით მანდედან, აი, ეგრე მუდმივად შეგაწუხებთ-მეთქი. შემდეგ თანდათან რაღაცეებში გავერკვიე და საინტერესოც გახდა ეს პროცესი. ჩემი საბოლოო მიზანია, რომ დავამარცხო პროკურატურა. ჩემი მაგალითით ბევრს აქ ბრძოლის მოტივაციას ვაძლევ,
ახლაც მაგალითი ვარ აქაურებისთვის. ბევრს არ ვუყვარვარ, და ვისაც ახლა ვეხმარები, ჩემს წინააღმდეგ აძლევდნენ ჩვენებებს წინა წლებში; ეს ადამიანები ადრე ამბობდნენ, რომ ქართველების „შპიონი“ ვიყავი და დღეს მათ ვიცავ, რომ არ გაათავისუფლონ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით და ა.შ. აქ ანგარიშს მიწევენ, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, უკვე აღიარებენ, სამხრეთ ოსეთს რომ ვწერთ Google-ში, მეარაყიშვილს გვიგდებსო. ეუთოდანაც მეარაყიშვილზე ისმისო, − გაბრაზებით ამბობენ ხოლმე. ცხინვალში უკვე ხმაზეც კი მცნობენ ხოლმე და მეუბნებიან: „ჩვენც გვიშველე...“. ბუნებით გამომქომაგებელი და დამცველი ადამიანი რომ ვარ, თითქოს იმედი ვარ ამათვის და ამიტომაც არ მინდა წასვლა.
ვიღაცებს არ მოვწონვარ, იმიტომ, რომ იმათ პირად კეთილდღეობას ვურტყავმ, შეთავსებებზე და ქრთამებზე რომ ვწერ. მაგრამ თუ რამე უჭირთ, მაინც ჩემთან მოდიან.
არ დავმალავ და მომწონს, რომ ამ რაიონს ვაცოცხლებ.
სხვათა შორის, აქ ქალები არიან გამწევი ძალა, მართალია, თვითონ ქალები წერენ ხოლმე, რომ კაცი უნდა იყოს წამყვანი, კაცი უნდა გვყავდეს პრეზიდენტი, მაგრამ სინამდვილეში ქალები არიან გამწევი ძალა ყველაფერში. სადაც კი ადამიანის უფლებებს, კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს ეხება საქმე, ყველგან ქალები არიან წინ, ყველა დარტყმის აღება შეუძლიათ ქალებს. ჩვენ არასოდეს გვყოლია ომბუდსმენი ქალი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი ქალი აქ ვერ წარმოუდგენიათ, ნაკლებად მნიშვნელოვან სამინისტროებში კი არიან ქალი მინისტრები, მაგრამ კაცები, ყოველთვის, როცა საქმე არის გასაკეთებელი, ქალებთან გვამისამართებენ. აქ მაინც არის ეგ აღქმა, რომ ქალები არიან წამყვანი ძალა ყველაფერში. ერთმა ოსმა ჟურნალისტმა დაწერა ჩემზე, რომ მე მორიგი გამარჯვება მოვიპოვე და გული სწყდება რომ ეთნიკურად ოსი არ ვარ, რადგან ასეთი მებრძოლი და პრინციპული ვარ. თქვა, რომ, მე როგორც ქართველი, ჩემი უფლებების დაცვისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ ყველას თავისუფლებისთვის. შენ თუ გაიმარჯვებ, ყველა გაიმარჯვებსო, ანუ მართლა აფასებენ ამ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მოურჯულებელი დამნაშავე ვარ, როცა მინდა, მაშინ შემიძლია მივიდე, ვთხოვო შეხვედრა და მიღებენ. თან მებრძვიან და თან ჩემთან მეგობრობაც უნდათ, თუმცა არასოდეს გამომიყენებია ეს კავშირები ჩემი პირადი საქმეების მოსაგვარებლად, ამაზე ოჯახში ხშირად მსაყვედურობენ. არავის ესმის ვინ ვარ და რა მინდა, არც თბილისში ესმით, არც აქ.
ვერ ვიტყვი, რომ პანდემიის დროს დიდად განსხვავებული ვითარება იყო. პანდემია აქაურებს არ აშინებდათ, არც სჯეროდათ, იმდენად იყვნენ ფსიქოლოგიურად მოშლილები ამ ჩაკეტილობით. უცბად, ერთ დღეს ჩაიკეტა, მოუმზადებლები იყვნენ, მე შემიძლია კიდევ ასე ვიყო ხუთი წელი, ჩემი მიზნები მაქვს, მაგრამ ეს ხალხი სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა. ყველა დღესასწაულს, ზეიმებს ოჯახებთან ერთად ატარებდნენ და უცბად ჩაიკეტა, ყველაფრის გარეშე დარჩნენ, მერე წამლები აღარ ჰქონდათ, ყველაფერი გაძვირდა, მერე გარდაცვალებები, ავადმყოფობები...
როცა ამბობენ, რომ აქ ხალხმა თავისი უფლებები არ იცის და ხმას არ იღებენ, ეს არასწორი მგონია. ძალიან კარგადაც ამოიღეს ხმა, როცა გზა ჩაკეტა ბიბილოვმა. ლანძღავდნენ ხმამაღლა და არც სახის დაფარვას მოერიდნენ, თამამად ადგნენ და გააპროტესტეს. ისე გალანძღეს ბიბილოვი, რომ მეორე წელს ვეღარ ჩამოვიდა ახალგორში და მხოლოდ არჩევნების დროს ჩამოვიდა, ისიც შერბილებული ტონით.
დანარჩენი საკითხები ახალგორელებისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ამ ჩაკეტილობამ რაიონში თითქოს თანაგრძობის განცდაც შეამცირა. ვიღაც თუ გარდაიცვლება ან სამსახურიდან მოხსნიან, რიგში დგებიან, რომ მისი ადგილი დაიკავონ, ასე არ იყო ჩვენთან. თუკი აქაურს მოხსნიდნენ, აქაური არ მიდიოდა მისი ადგილის დასაკავებლად, ეხლა ეს თანაგრძნობის განცდა აღარ დარჩა. ეს მოიტანა ჩაკეტილობამ, და ზოგადად, ომის შემდეგმა პერიოდმა.
ჩემთვის ქართული საზოგადოება 2008-ის მერე გაიყო. თითქოს ის მეწყინა, რომ აქ არ დარჩნენ და არ გაუძლეს. მეწყინა, რომ ჩვენ მოღალატეებს გვეძახდნენ, ყველასთან მაქვს კავშირი გაწყვეტილი. საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არანაირად ვაინტერესებთ, ინერციით მიდის ის პროგრამები, რაც აქამდე იყო. წლებია, არაფერი ხდება. არც მსმენია, რომ ვინმეს ცენტრალური ხელისუფლებისთვის მიემართოს, ან გახსენებოდა, რომ ვიღაც არის კომპეტენტური, ან რაიმეზე პასუხისმგებელი. მეც კი, ასეთი აქტიური ვარ და მეც ჩავიქნიე ამათზე ხელი. ერთი და იმავეს წერა მომბეზრდა. ცხინვალში თითქოს უფრო ესმით და რეაქცია აქვთ, ხან საქმეს აღძრავენ, ხან რაღაც კომუნიკაციაში შემოდიან. საქართველოში არავის არაფერზე აქვს რეაქცია.
მაგალითად, მე რომ ვიყო მინისტრი, იმას მაინც ვიკითხავდი, რა გინდათ, რა გაგიკეთოთ, სულ მინიმუმ, კომუნიკაცია მაინც რომ ჰქონდეთ ჩვენთან. არ არსებობს არავინ, რომ მივმართო და რამე ვთხოვო. სოციალური ქსელით მაინც რომ მივმართო პრემიერს ან მინისტრს, ან მაგალთად იმას, სანაკოევის ადგილზე ვინც აირჩიეს. შეცდომა იყო ახალგორიდან ხალხის გაყვანა, ახალგორი თანდათან იცლება და შესაბამისად, ვარდება ეს რაიონი დღის წესრიგიდან, ხელისუფლებისთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვისაც.
მეტიც, ახალგორელებით ხელისუფლებამ შექმნა კმაყოფილი დევნილების სახე-ხატი. წეროვანში მცხოვრები დევნილები სწორედ ასეთად არიან აღქმულები. ახალგორში წეროვნიდან სამუშაოდ მოდიან ხოლმე ადამიანები. ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების შეცდომა, მაქსიმალურად აქ, სწორედ ახალგორში უნდა შეენარჩუნებინათ ადამიანები. ომის შემდეგ ხალხი აქედან რომ არ მიდიოდა, ხელფასები მოუხსნეს. 2008 წლის სექტემბერში მეც მომიხსნეს ხელფასი, შენ ახალგორში დარჩი და ხელფასი მათ მოგცენო. ერთხელ ვიჩივლე და მცხეთის სასამართლომ აღმიდგინა. მერე ისევ მომიხსნეს. შემდეგ ჩემი თანამშრომლებიც დაიღალნენ, რადგან მთლიან სამსახურს შეუჩერეს ხელფასი. ეუბნებოდნენ, რიღასთვის დადიხართ მანდო. მე ვერ მიბედავდნენ, რადგან დევნილის სტატუსი არ მივიღე. კოტეჯები და საცხოვრებელი არ მივიღე საქართველოს ხელისუფლებისგან და ამიტომ ვადგავარ ორივე ხელისუფლებას ყელზე. მე ვარ იმის სახე, თუ რას წარმოადგენს დღეს ოსური და ქართული ხელისუფლება. ახალგორში ყველას აქვს დევნილის სტატუსი, მათ შორის მათ, ვინც აქ თანამდებობებზე ინიშნებიან.
ოსებთან სავაჭრო ურთიერთობები არის ძალიან მჭიდრო, იმდენად მჭიდრო, რომ ახალგორის ბაზარი ღამის 3 საათზე იწყებს მუშაობას ცხინვალიდან ჩამოსული მყიდველის გამო. ვაჭრობის მიღმა სხვა თანამშრომლობის გამოცდილებებიხც ჩნდება. ძალიან მომწონს მათთან ურთიერთობა, უკვე ნათესავებიც კი გახდნენ, ქორწილებიც არის და ნათლობებიც. წინაგარას ოსებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს.
არ მინდა გამოჩნდეს, რომ ძალიან შეყვარებული ვარ კოკოითზე, თუმცა მის დროს ნამდვილად იყო საფუძველი ფიქრისა, რომ ახალგორი, შესაძლოა. ყოფილიყო ისეთი მაგალითი, რომელზეც ბევრი ილაპარაკებდა. კოკოითს ჩვენთან წელიწადში ერთხელ ჩამოჰყავდა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და დიდ დარბაზში საჯარო შეხვედრას აწყობდა. არავის ეშინოდა თავის პრობლემებზე საუბრის. ჩემს ორგანიზაციაში 2010 წელს მოვიდა ეუთოს უმაღლესი კომისარი უმცირესობების საკითხებში, თავისი დელეგაციით. ცხინვალიდან არავის უთქვამს ჩემთვის, რა უნდა მელაპრაკა, თქვენ როგორც გინდათ, ისე შეხვდითო. ამ ვიზიტისთვის პატარა კონცერტი დავგეგმე და ბავშვები მოვიპატიჟე მშობლებთან ერთად. ვიზიტის შემდეგ მაშინდელმა უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ არა უბრალოდ კონფლიქტიდან, ომიდან ასე მცირე დროში ისეთი ნათელი წერტილი ნახა, როგორიც არის ახალგორი და მე ამას ყველგან მოვყვები, როგორც მშვიდობის მშენებლობის ნათელ მაგალითსო. ახლა აღარ ჩანს ეს პერსპექტივა, ეხლა ყველაფერი გახდა ბიზნესი, ხელისუფლებისთვისაც და ხალხისთვისაც. ჩვენები მუდმივი ბუნდოვანების და გაუკრვევლობის მდგომარეოში ცხოვრობენ. ჩვენ მოქალაქეობის ცნობიერებასაც ვკარგავთ და გადარჩენის რეჟიმში ვრჩებით.
ინტერვიუ მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“.
[1] საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი. ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/media/44560/II-tomi-.pdf გვ. 117.
[2] საქართველოს მთავრობის განკარგულება №161, 2009 წლის 3 მარტი: ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2009 წლის იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.
[3] გიორგი კანაშვილი, ახალგორის ჩიხი, DRI, 2021. გვ. 8.
[4] იხ. შეფასება თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე: სოციალური სამართიანობის ცენტრი, 21 დეკემბერი, 2022. https://socialjustice.org.ge/ka/products/tamar-mearaqishvilis-sakmeze-5-tslis-shemdeg-gamodzieba-sabolood-shetsqda
ინსტრუქცია