[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ანგარიში

თამარ მეარაყიშვილის საქმეზე 5 წლის შემდეგ გამოძიება საბოლოოდ შეწყდა

შესავალი

2022 წლის 3 ნოემბერს სამხრეთის ოსეთის დე ფაქტო პროკურატურამ მიიღო დადგენილება გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტას ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის 30 ნოემბერს დადგენილება დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით „პროკურატურამ“ გააუქმა პროცედურული მოთხოვნების მხრივ არსებული ნაკლოვანებების გამო და წინასწარი გამოძიებისთვის ახალ ვადად 9 დეკემბერი განსაზღვრა, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც დე ფაქტო პროკურატურამ მომდევნო დღესვე გააუქმა და კვლავ 3 ნოემბრის დადგენილება დატოვა ძალაში.

დე ფაქტო პროკურატურის აღნიშნული დადგენილება, ერთი შეხედვით, 2017 წლიდან თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო და დაუსაბუთებელი სისხლის სამართლებრივი დევნის დასრულების პოზიტიურ ნიშანს. თუმცა იმის გამო, რომ „პროკურატურის“ გადაწყვეტილების ტექსტი პირდაპირ უთითებს თამარ მეარაყიშვილისგან დე ფაქტო პასპორტების ამოღების სამართლებრივი პროცედურის დაწყების შესახებ ის კვლავ ტოვებს მისთვის დე ფაქტო მოქალაქეობის ჩამორთმევის რისკებს, რაც მთლიანობაში ახალგორში მცხოვრები ქართველების სამართლებრივ სტატუსს დე-ფაქტო ადმინისტაციის პირობებში ხდის სადავოს.    

წინამდებარე დოკუმენტში სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს ბოლო 5 წლის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილის უფლებრივ მდგომარეობას და მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი საქმის დეტალებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივი აქტივისტის უფლებების დაცვისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას და საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მოლაპარაკებებისა და დიალოგის მექანიზმები ჯეროვნად გამოიყენოს მისი უფლებების დასაცავად.    

მეარაყიშვილის დევნის ზოგადი კონტექსტი

თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის მხრიდან დაუსაბუთებელი სისხლის სამართლებრივი დევნის, დაშინების, და შევიწროების ობიექტი 2017 წლის ივნისიდან გახდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მანამდეც, 2016 წლის ივნისიდან დეკემბრამდე მეარაყიშვილი 6-ჯერ დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მისი დაკითხვა მუდმივად უკავშირდებოდა სოციალურ ქსელში ღიად დაფიქსირებულ კრიტიკას, ან მედია საშუალებებში მის მიერ მიცემულ ინტერვიუს/კომენტარს, სადაც ის ამხელდა ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ორგანოების კორუფციულ სქემებს და საუბრობდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ადგილობრივ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ მეარაყიშვილი კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართაც, ახალგორის მოსახლეობის უფლებების და ინტერესების დასაცავად მისი პოზიტიური ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების გამო.

მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის ორგანოების მიერ დევნის დაწყებაც სწორედ მის კრიტიკულ საჯარო პოზიციებს უკავშირდება, რომლის კულმინაცია აღმოჩნდა 2017 წლის აპრილში „ეხო კავკაზასთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც თამარი საუბრობდა, ახლად არჩეული პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის მიერ საჯარო სამსახურებიდან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერების გათავისუფლების და მხარდამჭერების დანიშვნის პრაქტიკაზე .[1]

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში, 2017 წლის 8 ივნისს მეარაყიშვილი მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა და 15 საათის მანძილზე დაშინების და მუქარის გზით ცდილობდნენ მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას, რომ ის მუშაობდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან. მალევე პროკურატურამ თ. მეარაყიშვილს ცილისწამებაში, ასევე დოკუმენტების გაყალბებასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „მოქალაქის“ პასპორტის უკანონო მიღებაში ოფიციალურად დასდო ბრალი. მას გამოძიებამ ჩამოართვა de facto პასპორტი, ხოლო დროებით ღონისძიებად სასამართლომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა. საქმე მეარაყიშვილის წინაამდეგ 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მან არა ერთი სასამართლო ინსტანცია და განხილვა გაიარა. საბოლოოდ, მხოლოდ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. მეარაყიშვილისთვის de facto სამართლებრივი სისტემის შიგნით მისი უდანაშაულობის აღიარება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ ეტაპზე ის გეგმავს რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას ადგილობრივ დონეზე მთელი ამ დროის განმვალობაში მისი უკანონო დევნისა და ამის გამო მისთვის მთელი რიგი უფლებების, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო.

აღსანიშნავია, რომ მეარაყიშვილის გატაცების და უკანონო დაკავების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის საფუძველზე, თუმცა თითქმის ხუთი წლის გასვლის მიუხედავად მიმდინარე გამოძიებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია და ამ დრომდე არ მომხდარა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება.

მეარაყიშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიება

2017 წლის 8 ივნისს ახალგორის ტერიტორიიდან თ. მეარაყიშვილის გატაცების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება თ. მეარაყიშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით. 2017 წლიდან გამოძიების პროცესში თ. მეარაყიშვილის ინიციატივით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის გამოიკითხა თ. მეარაყიშვილმა რომელმაც გამოძიებას მიაწოდა იმ პირების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც თავისუფლების უკანონო აღკვეთაში იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ თ. მეარაყიშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ალიკ ტაბოევი, რომელსაც  საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების გამო წითელი ცირკულარით ეძებს. აღნიშნულის მიუხედავად, თ. მეარაყიშვილის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ამ დრომდე არ უზრუნველყვეს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის გამოკვეთა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ყველაზე აქტიურად საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები 2019 წელს მიმდინარეობა და მას შემდეგ რაიმე არსებითი პროგრესი საქმეს არ განუცდია.

მეარაყიშვილის წინააღმდეგ ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მიმოხილვა

გატაცების და უკანონო დაკავებიდან 1 თვეში ახალგორის პროკურატურის წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს მეარაყიშვილის სახლი და განუმარტეს, რომ მას ბრალად ედებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ცილისწამება, რომელიც უკავშირდებოდა მის „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუს. გარდა ამისა, ჩხრეკისას მათ აღმოაჩინეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რის საფუძველზეც კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მის წინააღმდეგ. თამარს ბრალი ედებოდა ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „მოქალაქის“ პასპორტის უკანონო მიღებაში, რაც გულისხმობდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 327.3 და 324 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებებს.

სასამართლო პროცესების პირველი ეტაპი დასრულდა იმით, რომ 2018 წლის სექტემბერში,  ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ საქმეები პროკურატურას დაუბრუნა არასათანადო გამოძიების და დაუსაბუთებლობის მოტივით.

2019 წლის თებერვალში დე ფაქტო  პროკურატურამ კვლავ განაახლა პროცესები სამივე ბრალდების ნაწილში. 2019 წლის სექტემბერში ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამართლდა მეარაყიშვილი დანაშაულებრივი შემადგენლობის არ არსებობის გამო, რაც პროკურატურის მიერ გასაჩივრდა. 2020 წლის 17 იანვარს პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მეარაყიშვილს ბრალი მოეხსნა ცილისწამების ფაქტზე, ხოლო გამამართლებელი განაჩენი ოფიციალური დოკუმენტების გაყალბების და სამხრეთ ოსეთის „მოქალაქის“ პასპორტის უკანონო მიღების ფაქტებზე დე-ფაქტო სასამართლომ გააუქმა და საქმე პირველ ინსტანციაში დააბრუნა გამოძიების მიზნით. ერთი წლის შემდეგ სასამართლომ საქმე კვლავ პროკურატურას დაუბრუნა სასამართლოს მიერ გამოძიების პროცეში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით და საქმე ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურიდან კვლავ ახალგორის დე-ფაქტო პროკურატურაში დაბრუნდა.

2022 წლის 17 მარტს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის თაობაზე, რადგან საქმეზე ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.  ეს გადაწყვეტილება თამარ მეარაყიშვილმა გაასაჩივრა სასამართლოში, რადგან ის არ ეთანხმებოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით გამოძიების შეწყვეტას და სურდა გამამართლებელი განაჩენი წლების მანძილზე მის წინააღმდეგ უკანონოდ წარმოებული საქმეების დაუსაბუთებლობის მოტივით.[2] ცხინვალი სასამართლომ დააკმაყოფილა მეარაყიშვილის მოთხოვნა და საგამოძიებო ხარვეზების (მტკიცებულების ნაკლებობის) აღმოფხვრა დაავალა დე ფაქტო პროკურატურას, რისთვისაც მას ვადად 2022 წლის სექტემბერი განისაზღვრა. დე ფაქტო პროკურატურამ ვადის გაგრძელება 2022 წლის ნოემბრამდე მოითხოვა, თუმცა ოქტომბერში მან მეარაყიშვილს აცნობა, რომ მხოლოდ ერთი მუხლის ფარგლებში გეგმავს გამოძიების გაგრძელებას, რაც გულისხმობს სამხრეთ ოსეთის „მოქალაქის“ პასპორტის უკანონო მიღებას. დანარჩენ მუხლებთან მიმართებაში კი გამოძიება შეწყვიტა.

თუმცა, 2022 წლის 9 ნოემბერს ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა მეარაყიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტას დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო ყველა მუხლთან მიმართებით. დე ფაქტო პროკურატურის დასაბუთება შემდეგი იყო:  

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 327.3 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „წინასწარ გაყალბებული პასპორტის, პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის ფლობა, შენახვა, გადატანა მათი შემდგომი გამოყენების ან რეალიზაციის მიზნით.“ დანაშაულის საგანს წარმოადგენს გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ანიჭებს უფლებებს და ათავისუფლებს ვალდებულებებისგან. დე-ფაქტო პროკურატურის დადგენილებაში განმარტებულია, რომ სხვისი ან საკუთარი ნამდვილი დოკუმენტის მოტყუებით გამოყენება არ წარმოადგენს ამ დანაშაულის შემადგენლობას. ყალბი დოკუმენტის მიღებაში იგულისხმება შემთხვევა, როდესაც დოკუმენტი გაცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ან გაყალბებულია სპეციალური ხერხებითა და ტექნიკების გამოყენებით. ხოლო, გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება გულისხმობს მის წარმოდგენას შესაბამის ორგანოებში უფლებების მიღებისა და ვალდებულებებისგან გათავისუფლების მიზნით.

„დადგენილებაში“ განმარტებულია, რომ მეარაყიშვილის ქმედება არ შეიცავს 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაშაულებრივ შემადგენლობას, რადგან მის მიერ მიღებული საბუთი არ შეიძლება ჩაითვალოს გაყალბებულად. ის იყო გაცემული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ და შეიცავდა იმ ნამდვილ ანკეტურ მონაცემებს, რეგისტრაციის ადგილს, ფოტოსურათს, აუცილებელ ხელმოწერებს, რასაც ოფიციალური დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს.

აქვე დე-ფაქტო პროკურატურა მსჯელობს მეარაყიშვილის მიერ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ მისაღებად წარდგენილ ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტზე, რომელშიც ის უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობაზე. ამ დოკუმენტის წარდგენა დე ფაქტო კანონმდებლობის მიხედვით არის სავალდებულო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ მიღების პროცესში. „პროკურატურის დადგენილებით“, მეარყიშვილის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს. ნოტარიუსი ხელმოწერის დამოწმებისას ადასტურებს განმცხადებლის ნებას იურიდიული შედეგის დასადგომად. ამ შემთხვევაში, მეარაყიშვილი გამოხატავს ნებას უარი თქვას საქართველოს მოქალაქეობაზე, რაც შემდგომში გახდება სამხრეთ ოსეთი მოქალაქეობის მიღების საფუძველი. აქედან გამომდინარე ეს დოკუმენტი არ არის ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გაყალბების შემთხვევაშიც სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი იარსებებდა. შესაბამისად, პროკურატურის გადაწყვეტილებით, მეარაყიშვილის ქმედება არ მოიცავს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლის დანაშაულებრივ შემადგენლობას. ამ მოტოვით დე ფაქტო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.

თუმცა, „პროკურატურის“ შეფასებით, მეარაყიშვილმა სამხრეთ ოსეთის „მოქალაქის“ პასპორტი მიიღო კანონის წესის დარღვევით, თაღლითურად (საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით, რაც დაუშვებელია სამხრეთ ოსეთის „კანონმდებლობით“) და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს ეს ფაქტი, რაც გულისხმობს ამ დოკუმენტის (სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის) გაუქმებას/ამოღებას.  ამგვარად თამარს, კვლავ შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება, ვინაიდან ე.წ. პასპორტი, გადაადგილებისთვის საჭირო საშვთან ერთად აუცილებელი დოკუმენტებია, რაც მას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად და შემდეგ უკან დასაბრუნებლად დასჭირდება.

თამარ მეარაყიშვილმა დადგენილების ეს ნაწილიც გაასაჩივრა. ის ასაჩივრებს სამხრეთ ოსეთის პასპორტის გაუქმებას და უთითებს, რომ ამ ქმდებით მას შეუწყდება  სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა, რის გამოც შესაძლოა შეეზღუდოს de facto ხელისუფლების ტერიტორიაზე ცხოვრების უფლება და მოუწიოს საცხოვრებელი გარემოს დატოვება. გარდა ამისა, მეარაყიშვილი მის წინააღმდეგ უკანონოდ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის გამო ითხოვს რეაბილიტაციას - მიყენებული მორალური და ფინანსური ზიანის ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის პროცედურა გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 თავით (სწორედ აღნიშნული კოდექსს იყენებს  დე ფაქტო ხელისუფლება სისხლის სამართლის პროცესში)  და  133-ე მუხლით დადგენილია, რომ რეაბილიტაციის უფლება, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას იმ ბრალდებულისთვის, რომლის მიმართაც შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლების შესაბამისად. უფრო კონკრეტულად კი რეაბილიტაციის უფლება გულისხმობს, ქონებრივი ზიანის კომპენსაციას, ხელფასის/პენსიის და ასხვა შემოსავლის ანაზღაურებას რასაც სისხლის სამართლებრივი დევნის გამო პირი ვერ იღებდა, სამართლებრივი დახმარებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, და სხვა ხარჯებს რაც გამოწვეული იყო დაუსაბუთებელი სისხლის სამართლებრივი პროცედურებით.

„სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის“ გაუქმების შესაძლო უფლებრივი და სამართლებრივი შედეგები ახალგორის მოსახლეობაზე

„სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი“-ს გაუქმება იმ მოტივით რომ საქართველოს მოქალაქეობა შენარჩუნებული ჰქონდა მეარაყიშვილს აღნიშნული „პასპორტის აღებისას“ გავლენას ახდენს არა მხოლოდ თამარ მეარაყიშვილის უფლებრივ და სამართლებრივ სტატუსზე ცხინვალის დე-ფაქტო რესპუბლიკაში, არამედ ნეგატიურად აისახება ახალგორის მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და ამასთანავე მიიღეს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტიც“. მეარაყიშვილის განმარტებთ, საქართველოს მოქალაქეობა შენარჩუნებული აქვთ არა მარტო რიგითი ახალგორელების დიდ ნაწილს, არამედ ოფიციალურ თანამდებობებზე მომუშავე პირებსაც. მეტიც ახალგორელების დიდ უმრავლესობას არათუ საქართველოს მოქალაქის სტატუსი აქვს შენარჩუნებული, არამედ აქვთ მიღებული დევნილის სტატუსიც და იღებენ შესაბამის სოციალურ ბენეფიტებს ცენტრალური ხელისუფლებიდან.

ამ ფაქტზე დე-ფაქტო სამართალდამცავი უწყებები ამ დრომდე დუმდნენ და თუკი დე-ფაქტო პროკურატურის ამ დადგენილებას დე-ფაქტო სასამართლოც დაეთანხმება ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც ცხინვალის რეგიონში მუდმივად მცხოვრებ ადამიანს ჩამოერთმება ე.წ. მოქალაქის სტატუსი და შესაბამისად „პასპორტიც“.[3]

ნიშანდობლივია, რომ დე-ფაქტო პროკურატურის ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის თვითონ სამხრეთ ოსეთის „კანონმდებლობასთან“.  „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონი მოქალაქეობის შესახებ“ მე-13 მუხლში განმარტავს რომ „მოქალაქეობა“ შეიძლება მიენიჭოთ იმ პირებს, რომლებიც მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთებისას უარს იტყვიან სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე. თუმცა საკითხავია ვრცელდება თუ არა ეს წესი მეარაყიშვილზე და კიდევ ბევრ ახალგორელზე, რომლებიც ისტორიულად ახალგორის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და 2008 წლის ომის შემდეგ მოიქცნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იურისდიქციის ქვეშ. ამავე „კანონის“ მე-5 მუხლის მიხედვით, ადამიანები რომლებიც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე“ მინიმუმ ხუთი წლით ადრე მუდმივად ცხოვრობდნენ ამ „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე ავტომატურად ხდებიან მისი მოქალაქეები. თამარ მეარაყიშვილი „კანონის“ ამ მოთხოვნას აკმაყოფილებას, რადგან ის 1975 წელს დაიბადა ახალგორში და მას მერე ამ რაიონის მუდმივი მაცხოვრებელია. ამიტომ თუ გამოძიებას არ აქვს ურყევი მტკიცებულება რომ მეარაყიშვილმა უარი თქვა სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობაზე“, ზოგადი წესის შესაბამისად ის ავტომატუად ამ „რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლება“.

მეარაყიშვილის თქმით, დე-ფაქტო პროკურატურას ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანისას მხოლოდ ერთ მიზანი ამოძრავებდა: აერიდებინა პასუხისმგებლობა უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნისთვის, რასაც ის მეარაყიშვილის წინააღმდეგ აწარმოებდა ბოლო  5 წლის განმავლობაში.[4] თუმცა თუკი ამ „დადგენილებას“ მხარი დაუჭირა ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო სასამართლომ, ეს იქნება საგანგაშო პრეცედენტი ახალგორელებისთვის, და არა მხოლოდ, რომ თუკი ისინი ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციის წინააღმდეგ კრიტიკას გამოხატავენ, მათ შეიძლება ამგვარი მიზეზით ჩამოერთვათ „მოქალაქეობა“. ეს თავის მხრივ გულისხმობს ხელმისაწვდომობის შეზღუდვას  საჯარო სამსახურში დასაქმებაზე/პოლიტიკურ მონაწილეობაზე, ადგილობრივ სერვისებზე, რესურსებზე და სხვა საბაზისო საჭიროებებზე, რასაც ეხლა ახალგორის მოსახლეობა უპრობლემოდ იღებს სწორედ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტის“ საფუძველზე.

მეარაყიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე დევნის კიდევ ერთი  ახალი ეპიზოდი

თამარ მეარაყიშვილი მიმიდინარე წელს კიდევ ახალი თავდასხმის ტალღის მსხვერპლი გახდა, ამჟამად ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის - მონიკა ჯიოევას მხრიდან. აღმოჩნდა, რომ მონიკა ჯიოევას წვდომა აქვს თამარ მეარაყიშვილის პირად მიმოწერაზე, სატელეფონო საუბრებზე, და მის ტელეფონში არსებულ პერსონალურ მონაცემებზე და ამ ინფორმაციას ის მეარაყიშვილის წინააღმდეგ საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებებში იყენებს. მეარაყიშვილის თქმით, ვრცელდება არა მხოლოდ მისი პირადი მიმოწერები (მიმოწერის screenshot-ები), არამედ სენსიტიური ხასიათს პირადი ინფორმაციაც, რაც უკავშირდება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მეარაყიშვილმა საქმის გამოძიების მოთხოვნით დე-ფაქტო სამართალდამცავ უწყებებს 2022 წლის 23 ივნისს მიმართა. ის ითხოვდა პირადი ცხოვრების საიდუმლოს დარღვევის ფაქტზე, მათ შორის დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ ო. ნანიევთან მიმოწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქმის გამოძიებას. დე-ფაქტო პროკურატურამ 26 სექტემბერს მიიღო დადგენილება გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, იმ მოტივით, რომ არ არსებობდა რუსეთის სსკ-ს 138-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი დანაშაულის შემადგენლობა, რაც გულისხმობს: მიმოწერის, სატალეფონო საუბრების, საფასტო ტელეგრაფის და სხვა შეტყობინებების საიდუმლოს დარღვევას. დე-ფაქტო პროკურატურის დასაბუთებით პირადი მიმოწერის ამსახველი მასალა ახალგორის საავადმყოფოს ექიმმა ჯიოევამ გამოაქვეყნა, რაც მას ჰქონდა მიღებული არა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, არამედ ვინმე თურმანოვისგან და მინისტრ ნანიევის თანხმობით და მიმოწერა შინაარსობრივად ეხებოდა თავად ჯიოევას. მიმოწერაში მეარაყიშვილი ბრალს დებდა ექიმს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე. ვინაიდან დე-ფაქტო პროკურატურამ არ მიიჩნია ეს ქმედება დანაშაულებრივად, უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე. თუმცა მეარაყიშვილი განმარტავს, რომ დე ფაქტო პროკურატურამ ეს დადგენილება მისი გამოტანის დღესვე გააუქმა და განაგრძო გამოძიება. პროკურატურამ საქმე მალევე გადასცა სასამართლოს და მოითხოვა ჯიოევასთვის ჯარიმის დაკისრება 5000 რუბლის ოდენობით (დაახლოებით 190 ლარი).

თამარ მეარაყიშვილი ფარული თვალთვალის და მიყურადების განგრძობითობის პირობებში თავს გრძნობს მუდმივი საფრთხისა და სტრესის ქვეშ, ხოლო ადგილობრივი დე-ფაქტო ორგანოები მისი პირადი ცხოვრების უფლების აღდგენის მიზნით შესაბამის ზომებს არ იღებენ. მეარაყიშვილის თქმით, დე ფაქტო პროკურატურა არ იძიებს საქმეს სათანადოდ და ის აპირებს ახალი საჩივრის წარდგენას, სადაც ის მოითხოვს ყველა გამოქვეყნებულ მიმოწერასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. თუმცა აშკარაა, რომ ადგილობრივი დე-ფაქტო უწყებები სისხლის სამართლებრივი დევნის წინა პროცესის მსგავსად, გამოძიების ამ პროცესსაც გააჭიანურებენ და ვერ შეძლებენ მეარაყიშვილის პირადი ცხოვრების უფლების განგრძობითად დარღვევის დროულად აღკვეთას.

დასკვნა და რეკომენდაციები

ახალგორში არსებული მძიმე უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის ფონზე მეარაყიშვილის სისტემური დევნის და შევიწროების საქმე კიდევ უფრო ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროაქტიული და დროული ნაბიჯების აუცილებლობას. ახალგორი, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტომდე მუდმივ იზოლაციაში იყო, მხოლოდ ახალი ე.წ. დე-ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის, დაპირების შედეგად გამოვიდა იზოლაციური რეჟიმიდან, თუმცა ნაწილობრივ. ახალგორის მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თვეში 10 დღით შეუძლია, რაც ახალგორელებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. მათთვის კრიტიკულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მისაღებად, ასევე საბაზისო საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის და ოჯახთან/ნათესავებთან კომუნიკაციისთვის.  იზოლაციის და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო ახალგორი პრაქტიკულად დაიცალა, სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემით, აქ შეიძლება 1000 ადამიანიც აღარ იყოს დარჩენილი, მეტწილად ხანშიშესული ადამიანები. იმ შემთხვევაში თუ მეარაყიშვილის საქმეზე დე-ფაქტო პროკურატურის გადაწყვეტილება „სასამართლოს“ მიერაც დადასტუდება და მას ჩამოართმევენ სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობას, ეს იქნება პრეცედენტი სხვა ახალგორელებისთვისაც, რაც საერთო უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმეს. განგრძობადი კონფლიქტის პირობებში, დე ფაქტო ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ, სამართლებრივი სტატუსის გაუქმება აქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის ნიშნავს სრულ შეზღუდულობას როგორც უფლებრივი მხრივ, ისე სოციალური თვალსაზრისით, ადგილობრივ სერვისებზე და რესურსებზე.

თამარა მეარაყიშვილის საქმეზე მიმდინარე   განგრძობადი და სისტემური დევნის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის არ არსებობის მიუხედავად, არსებული პოზიტიური ვალდებულებები და

  • გამოიყენოს საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლის გზები მეარაყიშვილის საქმის ყველა საერთაშორისო ფორუმზე განგრძობადი დაყენებისა და ანგარიშებსა და სარჩელებში მისი ასახვის მიზნით;
  • ჟენევის მოლაპარაკებების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) მექანიზმის ფარგლებში აწარმოოს ეფექტიანი მოლაპარაკების პროცესი ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციასთან, იმისათვის რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს სამოქალაქო აქტივისტის უფლებების, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების და პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფა.
  • გაიაზროს მეარაყიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ქონის გამო დე ფაქტო პასპორტის ჩამორთმევის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების შესაძლო უფლებრივი და სოციალური შედეგი ახალგორის მოსახლეობისთვის და მიიღოს ადეკვატური ზომები.

დოკუმენტი მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში “კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“. SIDA და კვინა ტილ კვინა შესაძლოა არ ეთანხმებოდნენ აქ წარმოდგენილ მოსაზრებებს. კვლევის შინაარზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] თამარ მეარაყიშვილი: ეჭვმიტანილი ვარ ცილისწამებაში, ნეტგაზეთი, 17 აგვისტო, 2017.  https://netgazeti.ge/news/214424/

[2] ცხინვალის სასამართლოში აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა პროცესი მოიგო, ნეტგაზეთი, 16 მაისი, 2022.  https://netgazeti.ge/news/610792/

[3] Тамаре Меаракишвили наносят ответный удар, Ноябрь 21, 2022, echo kavkaza.  https://www.ekhokavkaza.com/a/32141632.html?fbclid=IwAR0p340SlA6XacaSpSGOltNbKMgNsjolLVH0ky8tIlGNJA10PMrDQGfJOlY

[4] Тамаре Меаракишвили наносят ответный удар, Ноябрь 21, 2022, echo kavkaza. https://www.ekhokavkaza.com/a/32141632.html?fbclid=IwAR0p340SlA6XacaSpSGOltNbKMgNsjolLVH0ky8tIlGNJA10PMrDQGfJOlY

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“