[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა / განცხადება

EMC თამარ მეარაყიშვილისთვის ბრალდებების მოხსნას ეხმიანება

2019 წლის 10 ივლისს ახალგორის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ცხინვალის de facto ხელისუფლების დაქვემდებარებაშია, ახალგორელ აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, რასაც de facto პროკურატურა უკვე ორი წელია ედავება. 

ახალგორის რაიონულ სასამართლოში მეარაყიშვილის  ბრალდებებთან დაკავშირებით პროცესების მეორე ეტაპი de facto პროკურატურამ 2018 წლის დეკემბრიდან კვლავ დაიწყო, მას მერე რაც 2018 წლის სექტემბერში ახალგორის სასამართლომ საქმე დაუბრუნა არასათანადო გამოძიების და დაუსაბუთებლობის მოტივით. თამარ მეარაყიშვილს პროკურატურა 2017 წლის აგვისტოდან დევნის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის ფარგელებში. კერძოდ, თამარს ბრალი ედებოდა ცილისწამებაში, რომელიც უკავშირდება მის მიერ „ეხო კავკაზაში“ გამოქვეყნებულ კრიტიკულ ინტერვიუს de facto არჩევნებში გამარჯვებული მმართველი პარტიის წევრების მიმართ. შემდგომში თამარის მიმართ ბრალდებები დამძიმდა და de facto პროკურატურამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო რუსეთის ფედერაციის სსკ 327-ე და სსკ 328-ე მუხლით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტის ფალსიფიცირების, ასევე ოფიციალური დოკუმენტების მოტყუებით მიღების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. ამ ნაწილში პროკურატურა თამარს ადგილობრივი პირადობის მოწმობის აღების დროს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის ფაქტის დამალვაში ედავებოდა, რაც ფაქტობრივად ასევე არ დასტურდებოდა.  ცხინვალის რეგიონის de facto რეჟიმის მხრიდან მისი დევნა და შევიწროება საბოლოოდ მიზნად ისახავს მისი, როგორც ქართველი აქტივისტის განდევნას ახალგორიდან.

მიუხედავად ორი წლის განმავლობაში ფიზიკური და ეკონომიკური იზოლაციისა, შევიწროვებისა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და სხვა ფუნდამენტური უფლებების სისტემური დარღვევისა, თამარმა მეორედ შეძლო დაემტკიცებინა პროკურატურის ბრალდებების უსაფუძვლობა. ცხადია, de facto პროკურატურას რჩება ახალგორის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების შესაძლებლობა. ამ მექანიზმს პროკურატურა გამოიყენებს თუ არა, ამ დრომდე უცნობია.   

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა de facto ხელისუფლებამ შეწყვიტოს თამარის დევნის პრაქტიკა. არსებითია, თამარს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და  შეძლოს გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობა.

 

მეარაყიშვილის მიმართ არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე EMC-მ გამოაქვეყნა სამართლებრივი შეფასება[1] და ეს საკითხი არაერთხელ დააყენა საქართველოს სახელმწიფო უწყებების, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. EMC ასევე იცავს თამარის იურიდიულ ინტერესებს საქართველოს საგამოძიებო ორგანოების წინაშე. EMC-ს რამდენიმე მიმართვის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ  მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამარ მეარაყიშვილის უფლებების დარღვევა გახდეს იმ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია წარდგენილი.

 

ცხინვალის რეგიონის საინფორმაცია იზოლაციის პირობებში, ახალგორში თამარ მერაყიშვილის ჟურნალისტური და აქტივისტური საქმიანობა მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით. თამარი ინარჩუნებს კრიტიკულ პოზიციებს რუსეთის, de facto რეჟიმის და ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც მას მათ შორის, ადგილობრივ საზოგადოებაში ნდობას უჩენს და  ადგილზე აქტივისტური ბრძოლის საინტერესო გამოცდილებს ქმნის.  

 

 

ამავე თემაზე:

EMC-ს შეფასება თამარ მეარაყიშვილის საქმეზე

 

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“