საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პიტერ ბრეიგელის ნახატი
ბაია ჯანელიძე, ლუკა ნახუცრიშვილი
შესავალი
ქართულში სიტყვა “ჟამი” ნასესხებია სომხური სიტყვიდან ժամ (ჟამ). როგორც სომხურში, ის ერთი სიტყვით, ერთი ძირით აღნიშნავს დროს/საათს/ხანს და შავ ჭირს (“ჟამიანობა”, ժանտախտ - ჟანტახთ).[i] შავი ჭირი თავად დროის გადაწყობის, მისი ახლებური განცდის საწინდარი ხდება. თუ ადრე ნებისმიერი ჟამიანობა მასში მომწყვდეულთა დროს სრულად უზურპირებდა, მაინც შესაძლებელი იყო სხვა სივრცის წარმოდგენა, სადაც ადამიანთა სხეულებს შავი ბუშტულები არ ესხა. დღეს კი, მსოფლიო სცენაზე შემოდის დაუპატიჟებელი სტუმარი, ვირუსი უცნაური სახელით SARS-CoV-2, რომელიც გამალებით ცდილობს მასპინძლების მოძებნას გასამრავლებლად და მთელ მსოფლიოს ედება. დღევანდელ კონტექსტში შავი ჭირის ხშირი მოხმობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მეტაფორულია და ისტორიული ანალოგიების მეშვეობით საყრდენის პოვნას ემსახურება. თუმცა სცენარი იგივეა, რაც, მაგალითად, მანძონის დანიშნულნში თუ კამიუს შავ ჭირში: ჩნდება ნიშნები, რომლებიც თავიდან არავის უნდა აღიაროს, რომ შავი ჭირისაა. ამ ნიშნებისთვის თვალის გასწორების შემდეგ კი იწყება დაუსრულებელი განმარტება, თუ რისი ნიშანია შავი ჭირი. თავს ვაჯერებთ, რომ SARS-CoV-2-ს ჩვენს მიმართ არანაირი განზრახვა არ გააჩნია, მაგრამ მონდომებით ვცდილობთ, გავშიფროთ, მაინც რისი - ან ვისი - მაცნეა ის. და საერთოდ, რისი ჟამია, თუ პანდემიამ დროის ჩვეული განცდა მოგვირღვია? რწმენამაც სახელად “პროგრესი” თითქოს საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი: დრო ჩამოდგა და ეკონომიკურ რეიტინგებში საქართველოს დაწინაურებისა და ზრდის რიცხობრივი მაჩვენებლების მაგივრად, ერთადერთი, რაც მონოტონურად განაგრძობს მათემატიკურ პროგრესიას ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკაა. ხოლო უთვისებო დროის ამ უძრაობაში, სახლში გამოკეტილებს გარედან რომ მოგვიკაკუნებენ, ზღურბლს გადაღმიდან “გლოვოს” კურიერი შეგვახსენებს, რომ საათის თვალს მოფარებული მექანიკური შიგთავსი ძველებურად შეუჩერებლად მუშაობს, ჩვენ კი მხოლოდ მის გაჭედილ საათის ისრებს ვხედავდით.
პანდემიის დროის - ჟამის - მიღმა, ჩვეულებრივ, ცარიელ დროში, როდესაც ერთი დღე მეორეს მისდევს, კალენდარი კი გვეუბნება, როდისაა სამუშაო დრო და როდის დასვენების, სოციოლოგები, ანთროპოლოგები ან ნებისმიერი სხვა სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერების წარმომადგენლები რუტინული სამეცნიერო სამუშაოთი არიან დაკავებულები. მაგრამ ანალიტიკური წერა იმ დროს, როდესაც რაღაც მოვლენა არათუ არ ამოწურულა, არამედ ყოველდღიურად იცვლება, რთულია. ამოწურვა არ გულისხმობს, რომ მოვლენა გამოვლინდა და დასრულდა, არამედ იმას, რომ კონკრეტული მოვლენის ანალიზისათვის საჭირო მასალის/მონაცემთა შეგროვება დამთავრდა. ეს კი იმიტომ, რომ შეგროვებისას და მონაცემების ანალიზისას, ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ ისინი გამეორებას იწყებენ და კვლევის ობიექტზე ძირეულად ახალს აღარაფერს გეუბნებიან. რუტინული სამეცნიერო სამუშაოს ეს მოდელი მით უმეტეს ირღვევა მაშინ, როცა უბრალოდ ჯერ-არ-დასრულებულ მოვლენასთან კი არ გაქვს საქმე, არამედ ერთ დიდ გლობალურ მდგომარეობასთან, რომელიც ყოველმხრივ გამონაკლისია და თითქოს პრინციპულად შეუძლებელს ხდის წესის ამოცნობას.
საქართველოში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომაროებამ, რომელიც სხვადასხვა ენებზე დამკვიდრებული “გამონაკლისი მდგომარეობის” ერთ-ერთი სახეა, მრავალი სახისა და ხარისხის გამონაკლისები წარმოშვა.
ამიტომაც, თუ ვირუსი მაცნეა, მაშინ მისი შეტყობინების გაშიფრვის შესაძლებლობა სწორედ ამ გამონაკლისებზე ფიქრით და მათ შორის კონკრეტული კავშირის დადგენით არის შესაძლებელი. ცხადია, ამ საქმეს ორი გამშიფვრელი ვერ აუვა და ყველაფრის მოცვა შეუძლებელია. ამას ვაცნობიერებთ, როცა ამ პირველი წერილით ვიწყებთ იმის განხილვას, თუ რა ემართება მართლწესრიგს საგანგებო მდგომარეობისას; ხოლო, მომდევნო წერილებში შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაძაბულობა; რა ყალბი ალტერნატივები გამოიკვეთა ამ დაპირისპირებაში და სად შეიძლება ვიპოვოთ გზა ამ ყალბი დილემებიდან თავდასაღწევად.
ქებათა ქება გიორგი გახარიას
17 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: “მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამასაც მოვერევით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ქვეყანა უნდა იყოს ნორმალურად ფუნქციონირებადი, რომ რეგიონში კონკურენტულ გარემოში, სხვებთან შედარებით, უფრო სწრაფად აღვიდგინოთ ის პოზიციები, რომელზეც ვიყავით.”[ii] მაშ, რისი მაცნეა დღევანდელი პანდემია გახარიასთვის? სხვაგვარად, როგორია გახარიას დრო? მისი დროითი ჰორიზონტი, ვერ დიაყვანება ერთი კონკრეტული ადამიანის მსოფლმხედველობაზე. წარმოდგენა დროსა და ისტორიაზე ერწყმის წარმოდგენას ეკონომიკის “ბუნებრივი” განვითარების შესახებ და იქცევა იმ ჩარჩოდ, რომელშიც თანამედროვე სახელმწიფო სხვადასხვა ინსტიტუციური ბერკეტებით მოიმწყვდევს ადამიანებს[iii]. სახელმწიფო მოიმწყდევს იმ აწმყოსა და მომავალსაც, რომელიც მათ შეიძლება ჰქონოდათ გახარიას, რიგითი მოდერნული სახელმწიფოს რიგითი მესაჭის მიერ დაწესებული დროის მიღმა.
გახარიას დროში პანდემია მხოლოდ დროებითი გადახვევაა “ნორმალური” განვითარებიდან. ის მხოლოდ ერთი სიახლის საწინდარი თუ გახდება: პანდემიას სხვა ქვეყნებზე უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ და ამით დავწინაურდეთ ისტორიის სეკულარული, ცარიელი დროის ასპარეზზე, სტატისტიკებისა და რეიტინგების რეგიონულ დოღში. თუ მსოფლიოს ბობოლა სახელმწიფოებში შეუფარავად ანგარიშობენ, მოსახლეობის რა პროცენტი შეიძლება გაიწიროს, ოღონდაც ეკონომიკამ სწრაფად ამოქაჩოს, იმავე იდეური კოორდინატებით მოანგარიშე გახარიას რეალურად მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი სიმცირე უშლის ხელს მსგავსი გულუხვი მსხვერპლის გაღებაში. ის “მაგრამ”, რომელიც გახარიას ზემოთ მოყვანილი გამონათქვამის სინტაქსში აკავშირებს და მიჯნავს ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკონომიკის “ნორმალურ” ფუნქციონირებას, უფრო დიდი სახელწმიფოების მეთაურთა რიტორიკის და ლოგიკის მინიატურული, ჩამოფასებული ვარიანტია. პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კატაკლიზმის პირისპირ, გამოსავალი იმავეს უფრო ფართო ტირაჟირებაა, რაც აქამდეც იყო; იმის მაგივრად, რომ გადაიხედოს თუნდაც “რესურსების მაქსიმალური ათვისების“ პოლიტიკა, პირიქით, სწორედ ახლა დგება გახარიასთვის ჟამი, რომ იმ ჰიდროელექტროსადგურებზე მუშაობაც კი განახლდეს, რომლებიც შეჩერებული იყო სისტემური ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ სამართლებრივი ხარვეზებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო.[iv] ვალტერ ბენიამინი განმარტავს, რომ კატასტროფა სწორედ იმგვარი დროის მახასიათებელია, რომელიც თითქოს წინ მიდის, სინამდვილეში კი სრულიად ცარიელი და უძრავია: “ყველაფერი ‘ასე’ რომ უნდა გაგრძელდეს - აი, ესაა კატასტროფა. არა რაღაც, რაც ჯერაც წინ გვაქვს, არამედ ის, რაც აქაა.”[v]
ბევრჯერ შეინიშნა უკვე, რაოდენ ირონიულია, რომ ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რომელმაც კარიერა დიდი ბიზნეს-ინტერესების წინააღმდეგ მშრომელთა პროტესტების ჩაშხობით გაიკეთა, თავად დაუდგა ჟამი, როდესაც კერძო კომპანიებს ექსპროპრიაციით ემუქრება.[vi] ხომ გახსოვთ, როგორი იყო გიორგი გახარია საგანგებო მდგომაროების მეორე დღეს, შუაგულ ღამეში ტელე-ეკრანებიდან რომ შემოგვეჭრა სახლებში და ქვემო ქართლში სრული კარანტინის დაწესება გვამცნო? ის იყო მკაცრი, აკი მრისხანეც, და როგორც იმ საკვირველ ღამეს, ისე მომდევნო დღეებშიც, დაჟინებით უსვამდა ხაზს, რომ ის, გიორგი გახარია, პირადად იძლეოდა დაპირებას და გარანტიას, რომ წესრიგი შენარჩუნდებოდა, ინვესტორებს ხელი შეეწყობოდათ, ურჩი კომპანიები კი დაისჯებოდნენ. “პირადად ჩემგან გადაეცით!” - არადა, გახარიას მუქარას, რომ “განხორციელდება კომპანიების ექსპროპრიაცია სახელმწიფოს ინტერესებში”, მოჰყვა საგულისხმო ჩანართი: “დროებით, რა თქმა უნდა”.[vii]
გამოდის, ისე მაინც არ წვიმს, როგორც ქუხს. თხემით ტერფამდე ნეოლიბერალი ხელისუფლებისთვის უკიდურესად მტკივნეულია კერძო სექტორის საქმიანობაში უხეშად ჩარევა, საკარანტინე ზონების მოსაწყობად ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების გადაბარება. მისთვის სრულიად გაუგონრად, საგანგებო მდგომარეობამ, გამონაკლისის სახით, ერთმანეთს დაამთხვია „ადამიანების ჯანმრთელობა“, “სახელმწიფო ინტერესები“ და კერძო სექტორის გაუმაძღრობისთვის ლაგამის ამოდება. ამიტომაც, გამონაკლისის სახით, გახარია კი დასჭექავს ექსპროპრიაციას, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ესეც მხოლოდ დროებითი, მხოლოდ გამონაკლისი იქნება, ესეც გაივლის. მუქარა ისედაც მხოლოდ მუქარად რჩება. გამონაკლისი დაიშვება არა მისგან რაიმე ახლის სასწავლად, არამედ იმისთვის, რომ როცა დრო მოვა, წესი მეტი ბრწყინვალებით აღდგეს. და მაინც, ზუსტად როგორ მიემართებიან ერთმანეთს გამონაკლისი და წესი დღევანდელ საგანგებო მდგომარეობაში?
მცირე ექსკურსი სუვერენულობის შესახებ
21 მარტის დეკრეტმა თავდაპირველად ყველა დააბნია; პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთგვარი კოგნიტური გასამება დაემართა, თუნდაც იმიტომ, რომ ბუნდოვანია თავად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში გაწერილი პროცედურებიც: რომელი წევრი რომელ სხვა წევრს როდის მიმართავს, რა მოთხოვნით და რის ხელმოსაწერად? ვის როდის რისი პრეროგატივა ენიჭება და ვისი თანხმობის საფუძველზე? მოკლედ, ვინ არის აქ უფროსი?
ქვემო ქართლში კარანტინის დაწესების ღამეს, გახარიამ მრისხანედ და გადაჭრით განაცხადა, რომ უფროსი თავად არის. ამით ქართულ საზოგადოებას თითქოს მოემადლა ის ერთი უზენაესი პიროვნება, რომელიც შეჩერებული მართლწესრიგის პირობებში წესრიგის გარანტი იქნებოდა. გახარიამ პასუხი გასცა შეკითხვას: “ვინ არის სუვერენი?”, რომელიც ნაგულისხმევია კარლ შმიტის უკვე კლიშედ ქცეულ ფორმულაში: “სუვერენი არის ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო მდგომარეობ[ის შემოღებ]აზე.”[viii]
შმიტისთვის საგანგებო მდგომარეობა არის ლიბერალურ-დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოთა ლეგიტიმაციის საძირკველში არსებული ნაპრალის სიმპტომიც და ამ ნაპრალის ამოვსების ბერკეტიც. ამავდროულად, შმიტი თავადვე უსვამს ხაზს, ამ საწყისი დებულების სიცარიელეს,[ix] თუკი კონკრეტულ იურიდიულ-საზოგადოებრივ მოცემულობაში არ გამოჩნდა, ვინ, რა სიტუაციაში და რატომ ხდება იძულებული, შეაჩეროს მართლწესრიგი. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის ამგვარი “უკომპრომისო” გაგების შემუშავებისას, შმიტის უშუალო თეორიული განზრახვა არის სახელმწიფო წესრიგის დაფუძნება ერთი ქარიზმატული დიქტატორის გადამწყვეტელობაზე. ჯორჯო აგამბენი მართებულად შენიშნავს, რომ შმიტმა ჯერ საგანგებო მდგომარეობის იურიდიული თეორია ჩამოაყალიბა ადრეულ ნაშრომში დიქტატურის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა საგანგებო მდგომარეობის გააზრებას სუვერენულობის პარადიგმის ჩარჩოში.[x]
სუვერენულობის შმიტისეულ პარადიგმაში საკვანძოა სუვერენის ანალოგია ღმერთთან, რომელიც ამქვეყნიურ ბუნებრივ წესრიგში სასწაულის მეშვეობით იჭრება და სწორედ ამ სასწაულის, როგორც წესიდან აბსოლუტური გამონაკლისის მეშვეობით ადასტურებს, რომ წესრიგი არაფერს ეფუძნება, სუვერენისავე უზენაესი ნების გარდა. ვინაიდან ყველაზე გვიან XIX საუკუნიდან მოყოლებული სახელმწიფოები თავიანთი წესრიგის უპირობო ლეგიტიმაციას ვეღარ ჰპოვებენ ღმერთში და იძულებულები ხდებიან, ის ყოველგვარ ტრანსცენდენტურ, უპირობო დაფუძნებას მოკლებულ კონსტიტუციურ ჩარჩოში ჩაწერონ, სწორედ საგანგებო მდგომარეობის ბერკეტი და მისი მესაჭე სუვერენის გადამწყვეტელობა იქცევა შმიტისთვის სასწაულმოქმედი ღმერთის ჩამნაცვლებლად. ისაა გაპიროვნებული გარანტია, რომ კონსტიტუციური წესრიგი, წესი, რომელიც თავის თავს ვერ აფუძნებს, უკიდურეს, გამონაკლის, საგანგებო შემთხვევაში იპოვის უპირობო საყრდენს.
სხვანაირად რომ ვთქვათ, შმიტს თუ ზედმიწევნით მივყევით, პრემიერ-მინისტრ გახარიას დიქტატორობა უნდა მოვთხოვოთ. არადა, გასარკვევი სწორედ ისაა, რა ტიპის საგანგებო მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, როცა ის თავიდან ხელისუფლების სხვადახვა შტოებსა და პირებს შორის განიბნევა, ხოლო გახარია მოგვიანებით - ერთგვარი უკუძალით - დაისაკუთრებს გადამწყვეტელი სუვერენის როლს, თავდაპირველი არაერთმნიშვნელობის ასანაზაურებლად. საბედნიეროდ, გახარია არაა ვალდებული, სასწაულმოქმედი ღმერთის სეკულარიზებული ასლის როლი ითამაშოს. სუვერენი სხვანაირიც შეიძლება იყოს, ნაკლებად აბსოლუტურიც. ვენდი ბრაუნი შორს არ არის სიმართლისგან, როცა შენიშნავს, რომ აბსოლუტური სუვერენულობა “ყოველთვის ერთგვარი ფიქცია იყო”.[xi] მის თანახმად, სახელმწიფო, რომელსაც გახარია მართავს, კი “არ ბატონობს და უბრძანებს, არამედ რეაგირებს კაპიტალისა და სხვა გლობალურ მოვლენათა მოძრაობებსა და მოთხოვნებზე”; ის დაქვემდებარებულია “ნეოლიბერალურ რაციონალობას, რომელიც არ ცნობს სხვა სუვერენს თვინიერ (მსხვილი და წვრილი) ანტრეპრენიორებისა. შედეგად, სახელმწიფო საბაზრო კრიტერიუმებით ანაცვლებს სამართლებრივ და პოლიტიკურ პრინციპებს (განსაკუთრებით ლიბერალურ ერთგულებას საყოველთაო ჩართულობის, თანასწორობის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი)”.[xii] ამიტომაცაა, რომ გახარიას ჩაფრენაც პირად ავტორიტეტზე, როგორც მთავარ საყრდენზე ჟამიანობისას, შორს დგას სუვერენის შმიტისეული პომპეზური და ტრაგიკული ფიგურისგან. რაც არ უნდა მოუნდეს, გახარია ვერ გასცდება “ეფექტური მენეჯერის” ტექნოკრატიულ ენას, ხედვასა და ფუნქციას. ისევ ბრაუნს რომ დავესესხოთ, “პოლიტიკური სუვერენი მენეჯერის სტატუსამდე დაქვეითდება.”[xiii] ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ამით სუვერენულობა, როგორც ქმედითი სახელმწიფოებრივი რეჟიმი, სრულებით ქრება, არამედ იმას, რომ ის მილეულია, შესუსტებულია.
შმიტისეულ კონცეფციას ნიშანდობლივი კრიტიკა დაუპირისპირა ვალტერ ბენიამინმა. ბაროკოს ხანის გერმანული “სამგლოვიარო თამაშობების” განხილვისას ის აღმოაჩენს, რომ როგორც წესი, მათში წარმოდგენილი “ხელმწიფე, რომელსაც ეკისრება გადაწყვეტილების მიღება საგანგებო მდგომარეობის შესახებ, საჭიროების დადგომისთანვე ავლენს უუნარობას, მიიღოს გადაწყვეტილება.”[xiv] ანდრეას გრიფიუსის 1657 წელს გამოქვეყნებულ დრამაში ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე, ვესწრებით კიდევაც შირაზში დატყვევებულ ქეთევან დედოფალზე შეყვარებული გამძვინვარებული შაჰ-აბასის უნებლიედ კომიკურ მიმართვას თავისი საიდუმლო მრჩევლისადმი:
იმანყული ხარ? დროზედ მოხველ! ახლავე წადი,
გურჯთა დედოფალს აუწყე, რომ ვუსრულებ წადილს.
ჩვენს ნებას დაჰყვეს! მოწყალება თუ დაგვიფასდა,
თავისუფლებას აძლევს შაჰი და გვირგვინს მასთან.
სკიპტრა წინ უდევს - თუ უარჰყოფს საკუთარ რწმენას,
იწამებს იმას, რაც სწამთ სპარსებს, სიყვარულს ჩვენსას
და ქორწინებას დასდებს ფასსა! არ აძლევს ხელსა?
მყის აღასრულე, რასაც გეტყვის ქაღალდი ესა!
თუ თავი გიყვარს, არ გიხილონ ჩემმა თვალებმა,
ვიდრე მორჩები შენ ამ საქმეს. ო, ეს წამება!
გული მიკვდება! აღასრულე! წადი! ო, არა!
შეჩერდი! მოდი! არა, წადი! მაინც ხომ უნდა… ჩქარა![xv]
ამ გადაუწყვეტელობის შედეგი არის არა ღვთაებრივი სასწაულით ერთ ნებას დაქვემდებარებული სამყარო, არამედ ღმერთისგან მიტოვებული სააქაოს მშთანთქავი კატასტროფა, რომელშიც ყველაფერს თან გადაიყოლებს სუვერენი. “რაგინდ ქვეშევრდომებსა და სახელმწიფოზე მაღლა სუფევდეს, მისი რანგი მაინც ქმნილებათა სამყაროში რჩება გამოკეტილი, ის მართალია ქმნილებათა უფალია, მაგრამ მაინც ქმნილებად რჩება.”[xvi] აგამბენი სწორად შენიშნავს, რომ მართალია შმიტთანაც და ბენიამინთანაც ვიღებთ სრულიად იმანენტურ, ყოველგვარი ღვთაებრივი მიღმიურობისგან განძარცვულ სააქაოს, მათ შორის ერთი მთავარი განსხვავება რჩება: თუ შმიტი სუვერენს, როგორც პოლიტიკური სივრცის გამამთლიანებელს, განაღმრთობს, ბენიამინი სწორედ იმას აშიშვლებს, რომ სუვერენი ვერ იხელთებს სააქაოში გამოკეტილ მთლიანობას, ვერ ახერხებს მის ტოტალიზებას. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობაც გაიგება არა გამონაკლისად, რომელიც მართლწესრიგიდან გასვლით აფუძნებს მართლწესრიგს სამართლისმიღმიერ ძალმოსილებაში, არამედ “ანომიასა და სამართალს შორის სრული განუსაზღვრებლობის ზონად, რომელშიც ქმნილებათა სფერო და სამართლებრივი წესრიგი ერთი და იმავე კატასტროფაში გახვეულან.”[xvii] შმიტი სამართალსა და წესრიგს შორის მკაფიო განსხვავებას ტოვებს, რათა საგანგებო მდგომარეობამ ცხადი გახადოს, რომ “სამართლებრივი სახელმწიფო” ზედმეტია, ხოლო სახელმწიფო წესრიგი მაშინაც რჩება, როცა მართლწესრიგი შეჩერებულია.[xviii] ბენიამინი შმიტისეულ მიდგომას ამოატრიალებს იმით, რომ წაშლის მკაფიო წყალგამყოფს წესსა და გამონაკლისს, მართლწესრიგსა და საგანგებო მდგომარეობას შორის და ზედაპირზე ამოაქვს ძირეული ძალადობა, რომელიც სახელმწიფოს ჩვენს “ნორმალურობად” გადააქცევინებს “ანომიასა და სამართალს შორის სრულ განუსაზღვრებლობას”. სწორედ ეს არის კატასტროფა.
ანომიისა და სამართლის გახვევა ერთ განუსაზღვრელ მორევში იმას ნიშნავს, რომ სუვერენულობა აღარ გულისხმობს მართლწესრიგის აბსოლუტურ, ერთმნიშვნელოვან შეჩერებას; წესსა და გამონაკლისს შორის მკაფიო ზღვარი წაშლილია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სუვერენულობა გაქრა. საგანგებო მდგომარეობაზე სწორედ სამართლის კუთხით დაკვირვება დაგვაყენებს სათანადო კვალზე იმის გასაგებად, თუ რა ტიპის სუვრენულობა მოქმედებს დღეს პანდემიით განპირობებულ ქართულ კონიუნქტურაში.
გამონაკლისი, რომელიც წესია
ყველას, ვინც ვცდილობთ, გავიგოთ, ზუსტად რას ნიშნავს დღევანდელი საგანგებო მდგომარეობა, თავგზას გვიბნევს, პირველ რიგში თავად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და კრიზისის მართვის ის ჩარჩო, რომელიც პანდემიის დაწყებიდან შემოიღო საქართველოს ხელისუფლებამ. პრემიერ-მინისტრი გახარია ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ამბობდა, რომ ეს „გულისხმობს გარკვეულ ნაბიჯებს, მაგალითად, სკოლაში სწავლის შეჩერებას, რაც ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვას, რაც ასევე, ჩვენ უკვე გავაკეთეთ და რასაც ეტაპობრივად ვაკეთებთ. ჩათვალეთ, რომ ღონისძიებები, რომლებსაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ნაწილობრივ უკვე დაწყებული გვაქვს.”[xix] შესაბამისად, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა, ის გამოდგა არა თვისებრივი ნახტომი კანონიერების ჩარჩოდან ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც სამართლებრივი და უფლებრივი ნორმების მოქმედება შეჩერებულია, არამედ რბილი, ეტაპობრივი გადასვლა მდგომარეობიდან, რომელიც ნაწილობრივ ისედაც საგანგებო იყო, მდგომარეობაში, რომელიც ოფიციალურად გაფორმდა, როგორც საგანგებო, მაგრამ ისე, რომ კონსტიტუციის მოქმედებაც მხოლოდ ნაწილობრივ შეაჩერა...
არის კი შესაძლებელი, საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ ნაწილობრივი იყოს? და, შესაბამისად, სახელმწიფოს კვლავაც ვთხოვდეთ, რომ მან დაიცვას მოქალაქეთა ის უფლებები, რომლებიც პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტით არ შეზღუდულა. საგანგებო მდგომარეობამ ერთი რამ ცხადყო: პრობლემა არა იმდენად ისაა, რა უფლებებს ზღუდავს სახელმწიფო, არამედ ის, თუ რა უფლებებს არ იცავს ის. სხვაგვარად: საგანგებო მდგომარეობაში სახელმწიფო არ იცავს უფლებებს, რომელთაც არ ზღუდავს და გამალებით იცავს უფლებებს, რომელთაც ყველანაირი გონივრული წესით, უნდა ზღუდავდეს ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე. ვიღებთ მოცემულობას, რომელშიც სამართალი უბრალოდ კი არ გამქრალა, არამედ არის, ძალაშია, მაგრამ უქმად ძევს.[xx] ამ მდგომარეობაში სამართალი ერთმნიშვნელოვნად კი არ ჩერდება და უფლებებისგან კი არ განძარცვავს მოქალაქეებს, არამედ მრავალი სხვადასხვა დონის, წყვეტილ პროცედურებს ახვავებს ერთმანეთზე. ამიტომაც, ამ აბურდულ ქსელში გაუგებარი ხდება, რომელი დეკრეტით რა დადგინდა, ცალკეული დადგენილებები რა დამატებით ღონისძიებებს ითვალისწინებენ, რა ზომები ტარდება ყოველგვარი დეკრეტებისა და დადგენილებებისთვის გვერდის ავლით, და საბოლოოდ, როგორ მიემართება ეს ყოველივე სამართალს და ადამიანის უფლებებს. ასე მაგალითად, ერთი მხრივ, სახელმწიფო საჯარო განხილვების გარეშე იღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვან და საკამათო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე;[xxi] არ ერევა იმ კერძო კომპანიათა საქმიანობაში, რომლებიც აშკარად არღვევენ შრომით უფლებებსა და საგანგებო მდგომარეობის წესებს.[xxii] არ შეჩერებულა აუქციონები, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება და თანხის ჩამოჭრა.[xxiii] მშრომელებს კვლავაც უწევთ სახიფათო პირობებში მშენებლობებზე და მაღაროებში მუშაობა.[xxiv] მეორე მხრივ, მართლმადიდებელ ეკლესიაში გამალებით აღესრულება ღვთისმსახურება.
გამოდის, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამონაკლისი გვეგონა, სინამდვილეში ის წესია, რომელშიც უკვე კარგა ხანია ვცხოვრობთ.[xxv] მაგრამ რადგან ის სახელმწიფოს მხრიდან სწორედ წესებით სპეციფიკურ, მზაკვრულ თამაშს გულისხმობს და არა ყოველგვარი წესების შემაჩერებელ გამონაკლის მდგომარეობაში გადავარდნას, შემდეგ წერილში ვეცდებით, უფრო ზუსტად დავაკვირდეთ, რა თამაშს თამაშობს სახელმწიფო და როგორ განკარგავს ამ ამღვრეულ სამართლებრივ ჩარჩოში მოქალაქეთა სიცოცხლეს და მათ თავისუფლებას. სახელმწიფოსა და მართლმდიდებელ ეკლესიას შორის წარმოშობილი კონფლიქტი და რელიგიის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობით მანევრირება ამის ყველაზე მწვავე ნიმუშია.
ამავე თემაზე:
[i] ლეონ მელიქსეთ–ბეგი, სომხურ–ქართული ლექსიკონი, თბილისი, 1996, გვ. 334
[ii] https://www.tabula.ge/ge/verbatim/166928-gaxaria-sagangebo-mdgomareobaze-tu-sxva-gamosavali-ar-iqneba-ufro-mkacr-zomebsac; ციტატაში დახრა ჩვენია.
[iii] შდრ. Dipesh Chakrabarty, Provincializing Europe. Postcolonial Thought and Historical Difference, Princeton, 2007, გვ. 41
[iv]https://www.interpressnews.ge/ka/article/592453-giorgi-gaxaria-dges-iseti-gamocvevebis-cinashe-vdgavart-potic-unda-ashendes-da-anakliac; ასევე: https://bankwatch.org/blog/status-update-on-the-nenskra-hydropower-plant-project?fbclid=IwAR3T6z8QqsGExJOOuPdw1P7kr1ym2e7K9AwQ7Vng6SgcrpIOisZ94-UauQo
[v] Walter Benjamin, Das Passagen-Werk, Gesammelte Schriften V.1, Frankfurt a.M., 1991, გვ. 592
[vi] მაგ. https://www.koine.community/root/coronavirus-and-self-organization/
[vii]https://ipress.ge/new/gakharia-vphiqrob-airzenas-direqtori-elodeba-imas-rats-uphro-met-phuls-gadaukhdian-da-skhvas-araphers-aravis-daavitsqhdes-sagangebo-mdgomareoba/
[viii] Carl Schmitt, Politische Theologie. Vier Kapitel zur Lehre von der Souveränität, Berlin, 1934, გვ. 11
[ix] იქვე, გვ. 26
[x] Giorgio Agamben, Stato di eccezione. Homo sacer II.1, Torino, 2003, გვ. 48
[xi] Wendy Brown, Walled States, Waning Sovereignity, New York, 2010, გვ. 68
[xii] Brown, Walled States, გვ. 22
[xiii] Brown, Walled States, გვ. 22
[xiv] Walter Benjamin, Ursprung des deutschen Trauerspiels, Gesammelte Schriften I.1, Frankfurt a.M., 1991, გვ. 250
[xv] ანდრეას გრიფიუსი, ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე, მთარგმნ. აკაკი გელოვანი, თბილისი, 1975, გვ. 155
[xvi] Benjamin, Ursprung, გვ. 264
[xvii] Agamben, Stato di eccezione, გვ. 74
[xviii] Schmitt, Politische Theologie, გვ. 18-19
[xix]https://1tv.ge/news/giorgi-gakharia-dghes-gvaqvs-resursi-gamowvevas-vupasukhot-sagangebo-mdgomareobis-gamockhadebisa-da-chveni-moqalaqeebis-garkveuli-uflebebis-shezghudvis-gareshe/
[xx] Agamben, Stato di eccezione, გვ. 43
[xxi]http://greenalt.org/news/limiting_pp_in_eia/?fbclid=IwAR2lrR_ctwr7zqOg9d1ffoHz2bkPxQofUSRv27mNVNIcbrUkH04vMzQad-4
[xxii]https://emc.org.ge/ka/products/emc-moutsodebs-shromis-inspektsias-dauqovnebliv-chaataros-sparis-inspektireba; https://emc.org.ge/ka/products/emc-evolushen-geimingidan-tanamshromlebis-gatavisuflebas-ukanonod-miichnevs
[xxiii]https://netgazeti.ge/news/442078/?fbclid=IwAR3_YSElC4u7Z5IcQRlVqWQoFvjNMxlJg6vfKIcPWzzMmVqhrW9qjvI3LCM; https://emc.org.ge/ka/products/emc-itkhovs-auktsionebis-sabanko-angarishebze-qadaghisa-da-tankhis-chamochris-protsedurebis-shecherebas
[xxiv]https://www.interpressnews.ge/ka/article/594143-sagangebo-situaciebis-samsaxuri-lermontovis-kuchaze-kedlis-chamongrevastan-dakavshirebit-inpormacias-avrcelebs/
[xxv] შდრ. ვალტერ ბენიამინი, „ისტორიის ცნების შესახებ”, ხელოვნების ნაწარმოები მისი ტექნიკური რეპროდუცირებადობის ეპოქაში. ისტორიის ცნების შესახებ, მთარგმნ. დევი დუმბაძე, თბილისი, 2013, გვ. 96
ინსტრუქცია