[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

ჟამი. ნაწილი მესამე: სიცოცხლე თუ ცხონება?

მაშ, რა ძევს ამაში, სიცოცხლის სახელს რომ ატარებს? ეს სიცოცხლე

ხომ კიდევ ათას სიკვდილს იფარავს; ჩვენ კი მაინც სიკვდილის

გვეშინია, რაც ყველა ამ უტოლობას მოასწორებს სრულად.

ექსპირი, საწყაული საწყაულისა წილ

აღდგომა

ტელე-კამერებმა და მიკროფონებმა აღდგომის დღესასწაულს ალყა შემოარტყეს. თითქოს ეკლესიაში ჩვენს თვალწინ, “ლაივში“,  უნდა გამხდარიყო ხილული Covid-19-ით დასნეულების უხილავი პროცესი. ამ ალყის ფონზე, ეკლესიის რიტორიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა  მკვდრეთით აღმსდგარი მაცხოვრის ფიგურა, მაცხოვრის, რომელმაც “მთელი ქვეყნიერება სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა“.[i] თავის მხრივ, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, ეპიდემიოლოგები, ინტელექტუალები ცდილობდნენ, აღდგომა მოენიშნათ მიკრობიოლოგიურად განსაზღვრულ ვირუსზე საღი აზრისა და სამედიცინო ღონისძიებების გამარჯვების სიმბოლოდ.[ii] სახალხო დამცველის განცხადებით, „სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება“;[iii] სასუნთქ აპარატზე მიბმული Covid-ინფიცირებული გადაიქცა მოყვასად, რომელშიც ქრისტე უნდა შეგვეცნო. ამავდროულად, მთელი ქვეყნისთვის პატივსაცემმა ეპიდემიოლოგმა სამთავრობო ტრიბუნიდან მორიგი წინასააღდგომო გამოსვლისას მრევლს შეაგონა, დღესასწაულები შინ აღენიშნა, რათა ყველას რაც შეიძლება სწრაფად დაგვდგომოდა დრო, როცა ვიზეიმებდით ეკონომიკის აღდგენას - და “აღდგენის“ მაგივრად “აღდგომა“ წამოცდა. ერთ-ერთი მაღალი სასულიერო პირი კი ომბუდსმენივით “სამედიცინო ენაზე“ გვარწმუნებდა, რომ ზიარება იმუნურ სისტემას აძლიერებს და ამით გვიცავს ვირუსისგან. სასულიერო პირების, ექიმებისა და საჯარო მოხელეების ენათა და კომპეტენციათა ამ ბაბილონური აღრევის შემდგომ  თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დაუბრუნდა, როცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ, ნებისმიერი ახლო ფიზიკური კონტაქტივით, “[ზიარების] კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი“, და ამაზე ისევ და ისევ მაღალმა სასულიერო პირმა დაუკრა ენთუზიაზმით კვერი:

“აბსოლუტურად სწორია, რასაც ამბობს, რადგან ამას საერო პოზიციიდან საუბრობს. ჩვენ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან ვამბობთ, რომ საფრთხის შემცველი არ არის. ექიმები, პრემიერ-მინისტრი, ადამიანები, მეცნიერები ვალდებულები არიან, რომ ეს თქვან, მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არსებობს ღმერთი-იესო ქრისტე, რომელიც თავის სისხლსა და ხორცს საჭმელად და სასმელად გვაძლევს“.[iv]

შრომის ზედმიწევნითი განაწილებით, სახელმწიფომ ადამიანთა სიცოცხლის დაცვა გადაიბარა, ეკლესიამ კი - ადამიანთა ცხონება. მაგრამ რა ხდება, როცა ეს ორი “დარგი“ ერთმანეთს არ უთავსდება? რა რჩება სიცოცხლისგან, როცა მისი მიზანი, ერთი მხრივ, ჯანმრთელობად და, მეორე მხრივ, ცხონებად იყოფა. თითქოს სიცოცხლის გაგების ორ მყარ და ლეგიტიმურ ალტერნატივას გვთავაზობენ, სადაც საკუთარი გემოვნებისდა მიხედვით ვიღაც ირჩევს ჯანმრთელობას, ვიღაც კი - ცხონებას. მაგრამ რაწამს ახლოდან შევხედავთ სიცოცხლის საერო/სეკულარულ და საეკლესიო/რელიგიურ გაგებებს შორის ალტერნატივას, მივხვდებით, რომ ეს ალტერნატივა კი არ არის, არამედ სიცოცხლის განსაზღვრისა და განკარგვის გარშემო კონკურენცია, რომელიც ერთი მანკიერი სისტემის შიგნით წარმოებს.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ამავე თემაზე:

ჟამი._ნაწილი_მესამე_1592911614.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[i] “პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე“, https://www.interpressnews.ge/ka/article/595830-patriarkis-saagdgomo-epistole

[ii] ეკლესიასა და სეკულარისტებს შორის წინასააღდგომოდ ზიარების კოვზის გარშემო გაჩაღებული დავის შესახებ იხ. მარიამ გოშაძის შესანიშნავი ანალიზი “როდესაც სეკულარული დისკურსი წინ უსწრებს სეკულარულ პრაქტიკას: ‘კოვზმადიდებლები’ და სეკულარული სახელმწიფო“, https://emc.org.ge/ka/products/rodesats-sekularuli-diskursi-tsin-ustsrebs-sekularul-praktikas-kovzmadideblebi-da-sekularuli-sakhelmtsifo

[iii]https://1tv.ge/news/nino-lomjaria-samedicino-enaze-ieso-qristes-sikvdilis-ushualo-mizezad-asfiqsia-sakheldeba-dghes-chven-reanimaciebshi-adamianebi-igudebian/

[iv]https://www.interpressnews.ge/ka/article/596873-meupe-nikolozi-scoria-rasac-premieri-ambobs-radgan-saero-poziciidan-saubrobs-chven-saeklesio-da-gvtaebrivi-poziciidan-vambobt-rom-ziarebis-kovzi-saprtxis-shemcveli-ar-aris

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“