[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

EMC მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დაუყოვნებლივ ჩაატაროს „სპარის“ ინსპექტირება

EMC მიიჩნევს, რომ „სპარის“ გადაწყვეტილება, მთელი ღამის განმავლობაში სამუშაო ადგილზე დატოვოს დასაქმებულები, ღირსეული შრომის უფლებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. ჩვენი ინფორმაციით, სპარის მაღაზიებში არ არსებობს ღამის გათევის სათანადო პირობები და დასაქმებულებს ხშირ შემთხვევაში  უწევთ საწყობებისათვის გამოყოფილ ადგილებში გათენება.  სწორედ ამიტომ, EMC „სპარის“ დაუყოვნებლივ ინსპექტირებას მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ  სუპერმარეკეტების ქსელის ეს გადაწყვეტილება, ქვეყანაში კორონავირუსის გამო ამოქმედებულ კომენდანტის საათს უკავშირდება. „სპარი“ დილის 6 საათიდან 21 საათამდე მოემსახურება მომხმარებლებს, ხოლო  თანამშრომლები, იმისთვის, რომ მათ სამსახურის შემდეგ გარეთ გასვლა და კომენდანტის საათის დარღვევა არ მოუწიოთ, ღამეს სუპერმაკეტში გაათევენ.

EMC-ს ინფრომაციით, დასაქმებულები ღამეს შეუსაბამო პირობებში ათევენ, ისინი კვირაში მინიმუმ 60 საათს მუშაობენ და არათუ ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება არ ხდება, არამედ ქსელის მასშტაბით ხელფასების მასიური დაქვითვის პროცესი მიმდინარეობს. მძიმე პრობლემად რჩება დაბალი ანაზღაურება (ჩვენი ინფორმაციით, ქსელში დასაქმებულთა ანაზღაურება 300-დან 500 ლარამდე მერყეობს), ისევე როგორც დაცვის სამსახურის არარსებობა. (შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე თვის წინ სამუშაოს შესრულებისას მომხმარებლის მიერ მიყენებულმა დაზიანებამ „სპარის” კონსულტანტის სიცოცოხლე შეიწირა)

„სპარის” განცხადება იმის შესახებ, რომ კონსულტანტების სამუშაო რეჟიმი „ნებაყოფლობითია,” მათ რეალურ სოციო-ეკონომიკურ და შრომით მდგომარეობას ნიღბავს. სერვისის სექტორში დასაქმებულებს არ აქვთ პროფკავშირი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავდა, უმუშევრობის დაზღვევისა და შემწეობის სისტემების არარსებობა კი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მათ შემოსავლის გარეშე ტოვებს. ეს ფაქტორები „სპარსა” და სხვა საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებულ კონსულტანტებს არჩევანის გარეშე ტოვებს  მითუმეტეს იმ პირობებში, როცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დასაქმების ალტერნატიული წყაროები ფაქტობრივად არ არსებობს, აიძულებს დამსაქმებლის პირობებს დაემორჩილონ.

სპარის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებსა და ანაზღაურებას შრომითი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი რეფორმირების აუცილებლობას.  შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს არ აქვს შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი კომპანიის სანქცირების მანდატი, რაც ხშირ შემთხვევაში კვლავაწარმოებს სუპერმარკეტის ქსელებში გავრცელებულ დარღვევებს.

როგორც კონსულტანთა შრომასთან დაკავშირებული რისკები, ისე მისი დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა ისინი იმ მოქალაქეთა შორის აღმოჩნდნენ, ვისი შრომაც საგანგებო მდგომარეობის ვითარებაშიც კი გრძელდება.

შრომითი უფლებების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევლნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, საკუთარი ვალდებულებების ფარგლებში, მოვუწოდებთ:

  1. ჩაატაროს სისტემატიური მონიტორინგი სასურსათო მაღაზია „სპარის“ მიერ შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობის გადამოწმებისა და მაღაზიაში შემქნილი შრომითი პირობების აღწერის მიზნით.
  2. აღწეროს და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები იმაზე, თუ რამდენად დაცულია სასურსათო მაღაზია „სპარში“ თითოეული დასაქმებულის უფლება:
  • უარი განაცხადოს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებაზე, კერძოდ მაღაზიაში ღამე დარჩენის მოთხოვნაზე[1].
  • მოითხოვოს სამუშაო გრაფიკის მისადაგება საგანგებო მდგომარეობის ვადით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან.
  • მოითხოვოს ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა, მინიმუმ 12 საათის ოდენობით.[2]
  • უარი თქვას დამსაქმებლის შესაძლო მოთხოვნაზე, დღის ცვლის შემდეგ, დარჩეს მაღაზიის ტერიტორიაზე ღამის გასათევად.
  • სასურსათო მაღაზიაში ღამის გათევა, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა მაღაზია, ჩაეთვალოს სამუშაო საათებად და ანაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად.
  1. შემოწმდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა სუპერმარკეტის ქსელის ყველა ობიექტზე, მათ შორის ობიექტებში არსებული საწყობები და დასასვენებელი ადგილები.
  2. საზოგადოების მაღალი ინსტერესის გათვალისწინებით, მონიტორინგის შედეგები იყოს მაქსიმალურად საჯარო.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 35, ნაწილი 3

[2] საქრთველოს შრომის კოდექსი, მუხლი 14, ნაწილი 2

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“