[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თვალსაზრისი

ვინაა მშრომელი? - ვან დერ ლინდენი შრომის განსაზღვრების შესახებ

ნინო ნატროშვილი 

მარსელ ვან დერ ლინდენი არის სოციალური მოძრაობების ისტორიის პროფესორი ამსტერდამის უნივერსიტეტში. იგი იყო საერთაშორისო სოციალური ისტორიის ასოციაციის პრეზიდენტი 2005 წლიდან 2020 წლამდე. დღეს ის იკავებს უფროსი მკვლევრის პოზიცია სოციალური ისტორიის საერთაშორისო ინსტიტუტში. თავის წიგნში „მსოფლიოს მშრომელები - ესეები გლობალური შრომის ისტორიისთვის“[1] ვან დერ ლინდენი გვთავაზობს შრომის ისტორიის ახლებურ, მოდერნიზაციის მიდგომისგან დაშორებულ გაგებას, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, დაცლილი ევროცენტრიზმისგან და მეთოდოლოგიური ნაციონალიზმისგან. იგი არ ცდილობს ამომწურავ პასუხებამდე მისვლას, არამედ გვიჩვენებს შრომის ისტორიის ახლებურ, ამბიციურ ინტერპრეტაციას გლობალურ პერსპექტივაში და სახავს ახალ ორიენტირებს დარგის მკვლევრებისთვის კაპიტალიზმში შრომის და შრომითი ურთიერთობების გადააზრებისთვის. ციმერმანი ასე აღწერს ამ ახალი ისტორიოგრაფიის მთავარ ფოკუსს: „ისტორიული განვითარება და თავისუფალი და არათავისუფალი, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შრომის ურთიერთქმედება; მხოლოდ ფორმალურზე ორიენტირების ნაცვლად - ორიენტირება მშრომელების არაფორმალურ პოლიტიკურ აქტივობებზე; მხოლოდ ინდივიდუალური მშრომელების ნაცვლად - ორიენტირება ოჯახების შრომაზე და ა.შ.(Zimmermann 2018, 81–82). ნაშრომი საინტერესოა შრომის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დიალოგში ქართველი მკვლევრების ჩართვა  მაშინ, როდესაც მცირე ერები ხმაწართმეულები არიან და ნებისმიერი მცდელობა გლობალური შრომის ისტორიის დაწერისა საჭიროებს ამ სიცარიელის შევსებასაც.

ვინ არიან მშრომელები?

ვან დერ ლინდენი გვთავაზობს მშრომელთა კლასის მარქსისეული განსაზღვრების კრიტიკას იმისთვის, რომ მივიდეს უფრო ფართო განსაზღვრებამდე. შრომითი ძალის კომოდიფიკაცია, რომელიც კაპიტალისტური წარმოების წესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია, არის ვან დერ ლინდენის ანალიზის საწყისი წერტილი, ვინაიდან მშრომელთა კლასის ვიწრო განსაზღვრება მას ეფუძნება. კაპიტალისტური შრომის კომოდიფიკაცია გულისხმობს თავისუფალ, ანაზღაურებად მშრომელს, რომელიც, ერთი მხრივ,  ყიდის თავის სამუშაო ძალას, მეორეს მხრივ კი სხვა არაფერი გააჩნია გასაყიდად. ვან დერ ლინდენი მშრომელის ამ ორივე მახასიათებელს სვამს კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგალითად, იმის მიხედვით, არის თუ არა შრომითი ძალის მატარებლის საკუთრებაში ეს ძალა, ის გამოყოფს ავტონომიურ კომოდიფაკაციას, ანუ შემთხვევებს, როცა შრომითი ძალა მისი მატარებლის საკუთრებაშია (თავისუფალი ანაზღაურებადი მშრომელი, თვითდასაქმებული, ქვეკონტრაქტირებული მშრომელები ა.შ.) და ჰეტერონომიულ კომოდიფიკაციას, როდესაც შრომითი ძალა სხვის საკუთრებაშია (მონობის სხვადასხვა ფორმა, ბავშვთა შრომა). ამასთანავე, შრომითი ძალის მატარებელი შესაძლოა თავად ყიდდეს ამ ძალას, ან მას ასხვისებდეს მესამე მხარე. ამ მაგალითებით ვან დერ ლინდენს იმის ჩვენება უნდა, რომ შრომის კომოდიფიკაციას ბევრი სხვადასხვა ფორმა აქვს.

თუმცა არსებობს კრიტიკაც, რომ შრომითი ძალა მშრომელისაგან განცალკევებულად არ უნდა იყოს განხილული, ვინაიდან ეს უწყობს იმ ილუზიის განმტკიცებას ხელს თითქოს მშრომელები თავად არ არიან საქონელი კაპიტალიზმის პირობებში (Banaji 2003, 70). ამ კრიტიკის მიხედვით შრომითი ძალა არ შეიძლება განვაცალკევოთ მშრომელისგან. დამსაქმებული შრომითი ძალის ყიდვის დროს ყიდულობს მშრომელის და მისი პერსონის კონტროლის უფლებას, ანუ მშრომელი და მისი შრომა არის კონტრაქტის სუბიექტი, და არა შრომითი ძალა. 

ვან დერ ლინდენი ასევე დეტალურად მიმოიხილავს შრომითი ურთიერთობების არსებულ გრადაციებს: 1) ანაზღაურებად შრომასა და მონობას შორის; 2) ანაზღაურებად შრომასა და თვითდასაქმებას შორის; 3) მონობასა და თვითდასაქმებას შორის და ბოლოს, 4) ანაზღაურებად შრომას/მონობას/თვითდასაქმებასა და ლუმპენპროლეტარიატს[2] შორის.

ვან დერ ლინდენი ასევე აკრიტიკებს აღიარებულ დაშვებას: მშრომელი მუშაობს ანაზღაურებისთვის - რომ შეიძინოს საარსებო საჭიროებები; იგი მოიხმარს ამ საჭიროებებს და ახდენს თავისი შრომითი ძალის კვლავწარმოებას, რომელიც შემდეგ ისევ დამსაქმებელს უნდა მიჰყიდოს. სქემატურად ეს ასე გამოიყურება:

ვან დერ ლინდენი ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა ნიუანსზე: 1) საარსებო საჭიროებების მოხმარება ასევე გულისხმობს შრომას, რაც იგნორირებულია. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალების შინშრომა. 2) დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა მხოლოდ შრომითი ძალისა და ფულის გაცვლით არ შემოიფარგლება. აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს დამსაქმებლის მიერ საცხოვრებლის, სოციალური პაკეტის შეთავაზებას, მის მიერვე წარმოებული სამომხმარებლო პროდუქტების ყიდვის ვალდებულებას და ა.შ. 3) დასაქმებულს შესაძლოა ჰყავდეს ერთზე მეტი დამსაქმებელი და ჩაბმული იყოს ერთზე მეტ შრომით ურთიერთობაში ერთდროულად. 4) დასაქმებულში არ შეიძლება ვიგულისხმოთ ყოველთვის მხოლოდ ერთი ცალკეული პირი, ვინაიდან ისინი დამსაქმებელმა შეიძლება ჯგუფურად დაიქირავოს. 5) იგულისხმება, რომ ციკლი ირღვევა როდესაც მშრომელი წყვეტს შრომას და გაფიცვა, რომელიც თავისუფალ ანაზღაურებად მშრომელებთან ასოცირდება, კოლექტიური ქმედების ერთადერთი გზაა. თუმცა, ამ გზისთვის მიუმართავთ ბევრ სხვადასხვა სუბალტერნულ[3] მშრომელებსაც. ასევე თავისუფალ ანაზღაურებად მშრომელებს გამოუყენებიათ წინააღმდეგობის სხვადასხვა არატრადიციული მეთოდი, როგორიცაა ხანძარი, ბომბი, ამბოხება და სხვა.

გამყოფი ხაზები თავისუფალ ანაზღაურებად მშრომელსა და სხვა სახის სუბალტერნულ მშრომელებს შორის ბუნდოვანია. ეს არის ერთი დიდი ჯგუფი, რომლის შრომის კომოდიფიკაციაც ხდება ბევრი სხვადასხვა გზით, ამიტომ ვან დერ ლინდენი მათ ყველას, ერთიანად, სუბალტერნულ მშრომელებად მოიაზრებს  და ხაზს უსვამს მათ გამაერთიანებელ თვისებას: „შრომითი ძალის მატარებელი ნებისმიერი ადამიანი რომელიც მიჰყიდის (ან მიაქირავებს) შრომით ძალას მეორეს, ეკონომიკური (თუ არაეკონომიკური) იძულების შედეგად, ეკუთვნის სუბალტერნულ მშრომელთა კლასს, მიუხედავად იმისა ამას ის თავად ახორციელებს თუ არა, და ფლობს ის თუ არა წარმოების საშუალებებს.“[4] ამ განმარტების ცენტრალური ასპექტი, იძულება, ასევე გვხვდება მარქსთან როდესაც ის საუბრობს წარმოების პროცესსა და შრომის კვლავწარმოებაზე, როცა შრომითი ძალა გარდაიქმნება ერთი მხრივ ანაზღაურებად, რაც საჭიროა შრომის კვლავწარმოებისთვის, მეორე მხრივ კი მოგებად, რაც კაპიტალისტის არსებობას შესაძლებელს ხდის. მაიკლ ბურავოი ამას უწოდებს „ბაზრის დესპოტიზმს“ (Burawoy 1983, 588), ვან დერ ლინდენი კი მას ეკონომიკურ იძულებად იხსენიებს.

რატომ „თავისუფალი“ ანაზღაურებადი შრომა?

ვან დერ ლინდენი ავტორთა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც კაპიტალიზმის ანალიზისას ღირებულების ფორმას (Wertform) აყენებს ცენტრში და არა კლასობრივ წინააღმდეგობას. ვინც მიიჩნევს რომ „თავისუფალი“ მუშახელის არსებობა, რაც შეადგენს „ნამდვილ მშრომელთა კლასს“, განსაზღვრავს კაპიტალიზმს, მათთვის მონობა კაპიტალიზმთან შეუთავსებელია. ხოლო ვან დერ ლინდენისთვის კაპიტალის აკუმულაცია ან ჭარბი ღირებულებისადმი სწრაფვა არის რაც განსაზღვრავს კაპიტალიზმს (Banaji 2003, 81), შესაბამისად, ის არ მიიჩნევს მონობას კაპიტალიზმში ანომალიად და ცენტრალური კითხვა, რასაც ის აქ სვამს, არის თუ რატომ გახდა ზოგიერთ ეპოქასა და გეოგრაფიულ არეში ანაზღაურებადი შრომა დომინანტური, ზოგიერთში კი არა. ვან დერ ლინდენი გვთავაზობს ისტორიულ ექსკურსს და მოჰყავს ანაზღაურებადი შრომის მაგალითები, თუმცა კაპიტალიზმამდელ საზოგადოებებში ამ ყველა მაგალითს ერთი რამ აერთიანებს - ანაზღაურებადი იყო შრომა მხოლოდ მაშინ როდესაც მას ჰქონდა დროებითი ხასიათი.

მუდმივი ანაზღაურებადი შრომის ზრდის ტენდენციის სამ გავრცელებულ ამხსნელს ვან დერ ლინდენი არ მიიჩნევს დამაკმაყოფილებლად და უპირისპირდება მათ თავის ტექსტში. 1) პირველი არგუმენტი ეხება ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ბევრი ავტორი (მათ შორის მარქსი) მიიჩნევდა რომ თანამედროვე ტექნოლოგიები შეუთავსებელია მონობასთან, რადგან საქმე გვაქვს უფრო კომპლექსურ შრომით პროცესთან, რასაც მონური შრომა ვერ მოირგებდა. ვან დერ ლინდენს მაგალითად მოჰყავს აშშ-ში სამოქალაქო ომის დასაწყისის დროინდელი შრომითი ურთიერთობები ვირჯინიის რკინის საამქროში, სადაც სპეციალიზებულ შრომას ეწეოდნენ მონები. ეს მაგალითი ნათელს ხდის რომ ტექნოლოგიური ინოვაციები მშრომელებს გარკვეული სახის თავისუფლებას ანიჭებდა, თუმცა ის არ იყო  არათავისუფალი შრომითი ურთიერთობების აღმოფხვრის მიზეზი. 2) მეორე ფაქტორი დაკავშირებულია სახელმწიფოს ცენტრალიზაციასთან. სხვადასხვა ავტორებს მოჰყავთ მაგალითად ინგლისი და საფრანგეთი სადაც სახელმწიფოს ცენტრალიზაციასთან ერთად მონობა თანდათან გაუჩინარდა მისი საკანონმდებლო აკრძალვის გარეშე.  ვან დერ ლინდენს ეს საჭირო მაგრამ არასაკმარის წინაპირობად მიაჩნია. ცენტრალიზაციამ შესაძლოა მხოლოდ შექმნა ნიადაგი „თავისუფალი“ ანაზღაურებადი შრომის მასშტაბის გასაზრდელად. 3) მესამე ფაქტორი შრომის მიწოდების ზრდას უკავშირდება. თუმცა, ხელმისაწვდომი იაფი მუშახელი პირდაპირ არ ნიშნავს ანაზღაურებად შრომას, ამისთვის დამსაქმებლის მზაობაც საჭიროა.  ხელმისაწვდომი იაფი მუშახელის არსებობა არ გამორიცხავს მათ ჩაბმას მონური შრომის სხვადასხვა ფორმაში. შრომის მაძიებელთა დიდი რაოდენობა „თავისუფალ“ ანაზღაურებად შრომას შესაძლებელს ხდის, თუმცა არა აუცილებელს.

„თავისუფალი“ ანაზღაურებადი შრომის ზრდის ასახსნელად ვან დერ ლინდენი იშველიებს ორ კოგნიტურ მექანიზმს: ერთი მხრივ ესაა სტრატეგიული გათვლები (სხვადასხვა არჩევანის ხარჯ-სარგებლიანობა), მეორე მხრივ კი ქცევითი ნორმები, როდესაც გარკვეულ ნორმატიულ პრინციპებს უყენებ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. ესენი ხშირად ურთიერთშეთანხმებით მოქმედებენ, მაგალითად როდესაც დამსაქმებელი უარს ამბობს მონური შრომის გამოყენებაზე ანაზღაურებადი მუშახელის სანაცვლოდ, მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სტრატეგიული (უფრო იაფი უჯდება), ისე ნორმატიული (უფრო ცივილიზებულია) გათვლები. თუმცა, ყველა სიტუაციაში ამ ფაქტორების კომბინაციას ერთნაირი ეფექტი ვერ ექნება და ყველა ცალკეული შემთხვევა ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე უნდა იქნას შესწავლილი.

მეორე თავის ბოლო ნაწილში ვან დერ ლინდენი ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას თუ მაინც რატომ მოხდა თავისუფალი ანაზღაურებადი შრომის ნორმალიზება განვითარებულ კაპიტალისტურ ეკონომიკებში. ნორმალიზება იმ არსით რომ „თავისუფალი“ ანაზღაურებადი შრომა არის შრომის კომოდიფიკაციის დომინანტური ფორმა, ხოლო სხვა ფორმები დროთა განმავლობაში უკანონოდ იქცა. ამ შემთხვევაში ავტორი, ეკონომიკურ ასპექტებთან ერთად, მორალურ და ლეგალისტურს ასპექტებსაც განიხილავს.

მიკროეკონომიკურ ჭრილში, რაც უფრო ფართოვდება თავისუფალი ანაზღაურებადი შრომა, მით უფრო იზრდება მონურ შრომასთან დაკავშირებული დანახარჯები, რადგან ისინი ერთმანეთის მიმართ კონკურენტული არიან.  მათი თანაარსებობა ერთმანეთის ღირებულებაზე ახდენს გავლენას. რაც უფრო ფართოვდება თავისუფალი ანაზღაურებადი შრომის მიწოდება, მით უფრო ეცემა მისი ღირებულება, ხოლო მონის შენახვის ფასი მაღლა იწევს, მათი მიწოდების შემცირების პარალელურად.  მაკროეკონომიკურ ჭრილში, ანაზღაურებადი მუშახელი იქცა მომხმარებლად, რომელიც ხელს უწყობს შიდა ბაზრის განვითარებას. მიუხედავად ამისა, ვან დერ ლინდენი გარდამტეხად მაინც  ბურჟუა ნორმებისა და „ჰუმანიტარული მგრძნობელობის“ განვითარებას მიიჩნევს. მის მიხედვით, ბაზრების ფართო გავრცელებას ორი მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა - (1) ბაზარი იფუნქციონირებს ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მისი მონაწილეები ხელშეკრულებრივ ვალდებულებებს შეასრულებენ (დანაპირებს შეასრულებენ). ამასთან (2) მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილება იყო ადამიანების მიერ თავიანთი ქმედებების დროში გაწერილი შედეგების გათვალისწინება. ეს მორალური, ჰუმანიტარული იმპულსები გააძლიერა ლეგალისტურმა მიდგომამ, რაც გულისხმობს სამართლიანობის პრინციპის განზოგადებას. კერძოდ, საუბარია გაცვლის პროცესზე, რაც მხარეებისთვის ერთგვარი  „გამათანასწორებელი“ ფაქტორი აღმოჩნდა. თუმცა „თავისუფალი“ ანაზღაურებადი მშრომელებისთვის ცენტრალური წინააღმდეგობა გადაულახავია - ისინი რჩებიან არაპროგნოზირებადი შრომითი ბაზრის ტყვეობაში, და მათი შეზღუდული უფლებრივი მდგომარეობა ნათელია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია

Banaji, Jairus. 2003. ‘The Fictions of Free Labour: Contract, Coercion, and So-Called Unfree Labour’. Historical Materialism 11 (3): 69–95.

Burawoy, Michael. 1983. ‘Between the Labor Process and the State: The Changing Face of Factory Regimes Under Advanced Capitalism’. American Sociological Review 48 (5): 587–605.

Linden, Marcel van der. 2008. Workers of the World: Essays toward a Global Labor History. Vol. 1. Leiden: Brill.

Zimmermann, Susan. 2018. ‘The Agrarian Working Class Put Somewhat Centre Stage: An Often Neglected Group of Workers in the Historiography of Labour in State-Socialist Hungary’. European Review of History: Revue Européenne d’histoire 25 (1): 79–100.

[1] Linden, Marcel van der. 2008. Workers of the World: Essays toward a Global Labor History. Vol. 1. Leiden: Brill. სტატიაში განხილულია ნაშრომის პირველი და მეორე თავი.

[2] მარქსის ტერმინი კაპიტალისტურ საზოგადოებაში დეკლასირებული ელემენტების აღსანიშნავად (მათხოვრები, მაწანწალები და მისთ. ცხო სიტყვათა ლექსიკონი).

[3] ანტონიო გრამში ასე უწოდებდა ადამიანთა კლასს რომელიც სხვა უფრო ძლიერი კლასის ჰეგემონიის ქვეშაა. ტერმინმა ფართო გავრცელება ჰპოვა პოსტკოლონიურ კვლევებში.

[4] ისინი ვისი შრომითი ძალაც არ არის კომოდიფიცირებული, თუმცა არსებობისთვის ფლობენ მხოლოდ თავიანთ შრომით ძალას (ზოგადად ყველა უმუშევარი), ასევე სუბალტერნული მშრომელების ოჯახის წევრები ვინც ეწევიან შინშრომას, და ადამიანები რომლებიც ჯანმრთელობის ან ასაკის გამო ვერ შრომობენ ასევე მიეკუთვნებიან სუბალტერნულ მშრომელთა კლასს (ვან დერ ლინდენის შენიშვნა).

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“