[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / განცხადება

უკიდურესმა უსამართლობამ და ჩაგვრამ  ჭიათურელი მაღაროელები  კიდევ ერთხელ აიძულა,  პროტესტის უკიდურეს ფორმებს და თვითდაზიანების უმძიმეს აქტს მიმართონ

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს, რომლებმაც დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს[1], ხოლო გუშინ ერთ-ერთმა მაღაროელმა, მირზა ლოლაძემ პირი ამოიკერა[2]. პროტესტის ამგვარი უკიდურესი ფორმების გამოყენება კიდევ ერთი დასტურია, რომ უკიდურესი უსამართლობის და ჩაგვრასთან წინააღმდეგობის სხვა გზას მშრომელები ვეღარ ხედავენ და იძულებული არიან, თვითდაზიანების უმძიმესი აქტს მიმართონ.

ჭიათურელი მაღაროელები მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან საპროტესტო აქციებს მართავენ კომპანიების, "ჯორჯიან მანგანეზისა" და Chiatura Management Company-ის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევების გამო. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" თებერვლიდან შეწყვიტა მაღაროელებისთვის კუთვნილი ხელფასების გადახდა და იწისქვეშა სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა[3]. ამ მდგომარეობამ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რადგან კომპანიაში დასაქმებული ასეულობით მაღაროელი საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა[4].

კრიზისის მოგვარების მიზნით, მთავრობასთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს კრიზისი უშუალოდ ეხება - ჭიათურელ მაღაროელებს[5]. აპრილში, ჭიათურაში სამთო წარმოების განახლებისა და რეორგანიზაციის პროცესს სათავეში ჩაუდგა სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით მონაწილე მიხეილ სოცკი[6]. პროცესი რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრინციპებისა და მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებით წარიმართა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ჭიათურაში შექმნილი სოციალური კრიზისი[7].

ახალი ადმინისტრაცია დასაქმებულებს სთხოვდა ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელშიც წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება[8]. დოკუმენტის თანახმად, დასაქმებულები თანხმობას აცხადებდნენ უკანონო რეორგანიზაციის პროცესზე და გადადიოდნენ სამუშაოს მაძიებელთა რიგებში. განცხადება არ შეიცავდა ინფორმაციას, თუ რომელ განყოფილებებს და პოზიციებს ეხებოდა რეორგანიზაცია და რა სახის ცვლილებებს გამოიწვევდა იგი განცხადების ხელმომწერი დასაქმებულებისთვის. განცხადების თანახმად, დასაქმებულებს გააცნეს კომპანიების ახალი საშტატო ნუსხა, ვაკანტური პოზიციები, სამუშაო აღწერილობები და თითოეული პოზიციის შრომითი ურთიერთობის ყველა არსებითი პირობა, მათ შორის, სამუშაო საათები, რაც არ მომხდარა[9].

19 მაისს, ახალმა ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ჭიათურაში მიმდინარე მასობრივ პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან "საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად" გამოაცხადა[10]. სამსახურიდან გათავისუფლდნენ ის მაღაროელები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ზემოაღნიშნულ უკანონო დოკუმენტს და უარი თქვეს მათი უფლებების უხეშად შემლახავ პროცესში მონაწილეობაზე. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მაღაროელებისთვის მოულოდნელად, იმ დროს გაკეთდა, როდესაც ისინი მოლაპარაკების პროცესში იმყოფებოდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან[11].

სახელმწიფოს მხრიდან სრული უგულებელყოფის, მიტოვების და უმძიმესი უსამართლობის განცდის ფონზე, 28 აპრილს პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მოხდა ინციდენტი, რასთან დაკავშირებითაც 4 ჭიათურელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს[12]. სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ, რაც სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულთა პროცესში შემდგომ მონაწილეობას და ამასთან ერთად, მათ მიერ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას[13]. 12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა აღკვეთი ღონისძიების სახით ბრალდებულების წინასწარი პატიმრობა[14].

პროტესტში ჩართული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებამ კიდევ უფრო გაამწვავა ჭიათურაში არსებული ვითარება. პროტესტის მონაწილე რამდენიმე მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. ერთ-ერთმა მაღაროელმა კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. შიმშილობის მთავარი მოთხოვნაა მაღაროელების დაკავებული თანამებრძოლების პატიმრობიდან გათავისუფლება[15].

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას მაღაროელების უფლებების დასაცავად და თანადგომას უცხადებს ჭიათურელებს, რომლებიც წლების განმავლობაში განგრძობითად განიცდიან მჩაგვრელობით და უსამართლო მოპყრობას კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" და სახელმწიფოს მხრიდან და რომელთა წუხილები და ინტერესები ხელისუფლების მხრიდან სრულიად უგულებელყოფილია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მაუწყებელი, 20.06.2025:

https://www.facebook.com/mautskebeli.ge/posts/1344356717689778?ref=embed_post.

[2] მაუწყებელი, 21.06.2025:

https://www.facebook.com/mautskebeli.ge/posts/1345064264285690?ref=embed_post.

[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 01.05.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/dakavebulebistvis-patimrobis-shefardeba-chiaturashi-arsebul-sotsialur-kriziss-kidev-ufro-gaaghrmavebs.

[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 22.05.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/jorjian-manganezi-agrdzelebs-magharoelebis-shromiti-uflebebis-mdzime-darghvevebs.

[5] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 30.04.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/chiaturashi-reorganizatsiis-protsesi-ukanonod-da-magharoelebis-shromiti-uflebebis-mdzime-darghvevebit-mimdinareobs.

[6] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 30.04.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/chiaturashi-reorganizatsiis-protsesi-ukanonod-da-magharoelebis-shromiti-uflebebis-mdzime-darghvevebit-mimdinareobs.

[7] იქვე.

[8] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 30.04.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/chiaturashi-reorganizatsiis-protsesi-ukanonod-da-magharoelebis-shromiti-uflebebis-mdzime-darghvevebit-mimdinareobs.

[9] იქვე.

[10] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 22.05.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/jorjian-manganezi-agrdzelebs-magharoelebis-shromiti-uflebebis-mdzime-darghvevebs.

[11] იქვე.

[12] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 01.05.2025:

https://socialjustice.org.ge/ka/products/dakavebulebistvis-patimrobis-shefardeba-chiaturashi-arsebul-sotsialur-kriziss-kidev-ufro-gaaghrmavebs.

[13] იქვე.

[14] პუბლიკა, 21.06.2025:

https://publika.ge/4-magharoeli-19-ivnisidan-shimshilobs-mirza-loladzem-dghes-piri-amoikera/.

[15] მაუწყებელი, 20.06.2025:

https://www.facebook.com/mautskebeli.ge/posts/1344356717689778?ref=embed_post.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“