[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / თვალსაზრისი

ცისფერი საფრთხე და ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა

ადამიანი იფიქრებდა, რომ მმართველ პარტიას უჩვეულოდ აქტიური კანონშემოქმედების, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და ოპოზიციონერებთან, ჟურნალისტებთან და აქტივისტებთან საცემად შენიღბული პარტაქტივის მიგზავნის გადამკიდე, ჩვენთვის არ ეცლებოდა. თუმცა, მთაწმინდის გორაზე წამომჯდარი კნიაზის ქვეშევრდომებმა პატივი დაგვდეს და ჯერ თებერვალში, შემდეგ კი ივნისში შეგვახსენეს, რომ ჩვენი უფლებები მათთვის მხოლოდ პროვოკაციისა და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტია.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ქართული ოცნება შეუპოვრად ცდილობდა არ შეემჩნია უცხო აგენტების კანონის მიღებითა და ქვეყნის რუსეთისკენ შეტრიალებით გამოწვეული მასობრივი უკმაყოფილება, მაგრამ, შიში ოხერია და წარუმატებელი პროვოკაციების შემდეგ, პარტიის წევრებს მოუწიათ ისევ ჰომოფობიის ჟანგიანი ზარბაზანი გამოეგორებინათ. ოთხ ივნისს, საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის პირით შევიტყვეთ, რომ ივერიის გასაბრწყინებლად ქართული ოცნება შემდეგ ფორმულას გვთავაზობს[1]:

  • ლგბტქი ადამიანებისთვის აიკრძალოს (ისედაც არდაშვებული) ქორწინების ალტერნატიური კავშირების, ანუ სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ ქორწინება უკვე 2017 წლიდან განსაზღვრა, როგორც კაცისა და ქალის კავშირი და რუსეთსაც კი დაასწრო მთელი სამი წლით;
  • აიკრძალოს იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანა, „რომლებიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ“, ან „არ არიან ჰეტეროსექსუალი“ ადამიანები. კრემლმა მსგავსი შეზღუდვები 2013 და 2023 წლებში მიიღო;
  • აიკრძალოს (ისედაც უკიდურესად შეზღუდული) სქესის სამართლებირივი აღიარება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, ისევე, როგორც გენდერულ ტრანზიციასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები. რუსეთში ეს აკრძალვა 2023 წელს მიიღეს;
  • აიკრძალოს საგანმანათლებლო (მათ შორის უმაღლეს) დაწესებულებებში, ასევე მაუწყებლების მიერ ისეთი „ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. კრემლმა მსგავსი აკრძალვები 2012 და 2020 წლებში შემოიღო;
  • აიკრძალოს „საჯარო შეკრება და მანიფესტაცია, რომელიც მიმართული არის ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. რუსეთში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ზოგადად არის შეზღუდული 2010 წლიდან. ლგბტქი ადამიანების საზიანოდ ამას დაემატა კანონი პროპაგანდის შესახებ 2012 და 2020 წლებში.

რადგან ქართულ ოცნებას ზემოხსენებულთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების მიღებაც სურს, გაზაფხულზე საქართველოს რეგიონებში სახალხო განხილვები მოეწყო. ამ შეხვედრებზე მისული პარტაქტივი ქართული ოცნების კრებით მამუკას ეგოზე მოეფერა და დააჯერა, რომ რაღაც ორიგინალურსა და მნიშვნელოვანს აკეთებს. თუმცა ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდანაც ჩანს, რომ პოლიტიკურ ჰომოფობიას საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად წლების წინ ჯერ კიდევ პუტინი ჩამოეკიდა და ეს სტრატეგია საკუთარი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ექსპორტად აქცია. აბა, სად იყვნენ მამუკა, შალვა და ირაკლი, როცა ცხენზე შემომჯდარი კაცური კაცი ვალოდია რუსეთის სუვერენიტეტს იცავდა კოლექტიური დასავლეთის უხეში ჩარევისგან?! სად იყვნენ ჩვენი წვრილი და მსხვილფეხა პროპაგანდისტები, როცა პუტინმა რუსეთი მორალისა და ზნეობის დამცველ უკანასკნელ ციტადელად გამოაცხადა და გადაწყვიტა, რომ გეებზე ავადმყოფური ფიქსაციის მქონე დეპუტატ მილონოვის აზრებიდან მთელი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გამოედნო?! სად იყვნენ და მთავრობაში მოდიოდნენ. მამუკა მდინარაძე, სავარაუდოდ, მაშინაც ისეთივე ’’помедленнее, я записываю’’[2] სახით იჯდა, როგორც სახალხო განხილვებზე და პარტაქტივის ნაცვლად დიდი ბელადის ციტატებს იწერდა. საწყალმა ალბათ არ იცოდა, რომ სინამდვილეში არც პუტინი ბრწყინავს ორიგინალურობით. ისტორიას ცოტა უფრო შორს თუ წავყვებით, დავინახავთ, რომ, როგორც ევროპელმა კოლონიზატორებმა დატოვეს თანამედროვე, ინსტრუმენტალიზებულ ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული და კანონდებული შეუწყნარებლობა მსოფლიო კულტურებში, ისე რუსეთის იმპერიამ დაგვიტოვა მსგავსი ტვირთი საზიდად.

მიგვიღეს რუსეთში, გვიმასპინძლეს რუსულად[3]

რუსული მასპინძლობა როგორია, ყველაზე კარგად იმ ხალხებმა იციან, რომელთა კოლონიზაციასაც ეს იმპერია საუკუნეების მანძილზე აქტიურად ეწეოდა. ასწლეულების განმავლობაში რუსეთი ძალადობითა და პოლიტიკური შანტაჟით იკავებდა კავკასიის,  აზიისა და ჩრდილოეთის მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიებს, ართმევდა მათ რესურსებს, ასახლებდა, უწყობდა გენოციდს და უნადგურებდა ენასა და კულტურას.[4] ერთი სიტყვით, თავის სამეზობლოში აკეთებდა ზუსტად იმავეს, რისთვისაც ევროპელი კოლონიზატორები უფრო შორ გზაზე მიდიოდნენ.

თავისი არსით მსგავსი პოლიტიკა გააგრძელა უკვე საბჭოთა რუსეთმაც. ბოლშევიკები წარმატებულად ასაღებდნენ რეკოლონიზაციას დეკოლონიზაციად[5] და ზედმიწევნით ურეცხავდნენ ტვინს თავისუფლებაწართმეულ ხალხებს, რათა დაერწმუნებინათ, რომ ეს თავსმოხვეული უალტერნატივობა, სინამდვილეში მათი კეთილდღეობისთვის იყო საჭირო. სწორედ ამ პროცესებმა წარმოშვა ისტორიულ ერთიანობაზე ის ახირებული ტყუილები, რომელსაც დღეს დაუღალავად ცვეთენ კრემლის მესვეურები და მათი სატელიტები.[6] ბოდვა დიდ რუსულ სამყაროზე, მოძმე ერებზე, ევრაზიანიზმზე, უკრაინის დენაციფიკაციასა და დასავლეთის სურვილზე საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას - სწორედ ამ რეპერტუარის ნაწილია.

ანექსირებული ტერიტორიების უხვ რესურსებზე კონტროლის შესანარჩუნებლად ცარისტები და ბოლშევიკები ერთნაირად ცდილობდნენ მკვიდრი მოსახლეობის ასიმილირებას (ცივილიზაციასთან ზიარების სახელით), რაც ხშირად ახალი, უნიფორმული კულტურული ხატების წარმოებაში გამოიხატებოდა.[7] მაგალითად, გარკვეული ტიპის გარეგნობის, აქცენტისა და წარმომავლობის მქონე ადამიანები ერთად იწოდებოდნენ ’’лицо кавказской национальности’’.[8] მათი (ანუ ჩვენი) ტრადიციები და ქცევა, მათ შორის სექსუალობასა და გენდერზე ლოკალურად არსებული წარმოდგენები, ასევე აღიქმებოდა ჩამორჩენილი და ველური კულტურების მახასიათებლად, რომელიც მოდერნიზაციასა და უნიფორმიზაციას საჭიროებდა. სწორედ ასე დატოვა რუსეთმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჰომოფობიური დისკურსი, რომელიც რუსული რასიზმის წიაღში ცოდვის, პათოლოგიისა და დანაშაულის (1832 წლიდან[9]) ცნებების ერთგვარი შერწყმით ჩამოყალიბდა.[10] 

საინტერესოა, რომ 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, ცარიზმის გადმონაშთებთან ბრძოლასა და სახელმწიფოს მოდერნიზების პროცესში მოხდა სექსუალობის საკითხის დესაკრალიზაცია, ქალებისა და კაცების სამართლებრივი სტატუსის გათანაბრება და სოდომიის შესახებ მუხლის ამოღება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსიდან (1922 წელს[11]). თუმცა, როგორც ორუელი იტყოდა, ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.[12] ბოლშევიკები ცარისტებს დაეთანხმნენ იმაში, რომ (საბჭოთა) რუსეთის მიერ ანექსირებულ სამხრეთ რესპუბლიკებში გავრცელებული ჰომოსექსუალური პრაქტიკები ადგილობრივი ხალხების კულტურულ პრიმიტიულობაზე მიუთითებდა და მათი მოდერნიზაციის რელსებზე დასაყენებლად მსგავსი პრაქტიკების კრიმინალიზაცია უნდა გაგრძელებულიყო.[13]  ბუნებრივია, სისულელე იქნება იმის უარყოფა, რომ, მაგალითად, კავკასიაში ხშირი იყო (და არის) ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობრივი და დისკრიმინაციული ხასიათის ადათ-წესები, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მსგავსი უთანასწორობის აღმოფხვრა რუსეთს არასოდეს ჰქონდა განზრახული. საბოლოო ჯამში ყველაფერი, რასაც პერიფერიისკენ ამრეზით მომზირალი მოსკოვი აკეთებდა, კონტროლის შენარჩუნებასა და პრობლემების ხალიჩის ქვეშ შეგვას ემსახურებოდა.

1933 წელს მოხდა კაცებს შორის სექსუალური ურთიერთობების ტოტალური კრიმინალიზაცია და შედარებით ტრადიციულ გენდერულ და ოჯახურ ნორმებთან დაბრუნება. ამას თან ახლდა პოლიტიკური ტერორი და ჰომოსექსუალებისგან ბურჟუაზიული დეკადენტობისა და დასავლური აგენტების, ერთი სიტყვით, ხალხისა და კომუნიზმის მტრების ხატის შექმნა.[14] სწორედ ასე მივიღეთ დღევანდელთან მიმსგავსებული პოლიტიკური ჰომოფობია.

პარალელურად, სექსუალობის ბიოსამედიცინო ჩარჩოებში მოქცევასთან ერთად, საბჭოთა კავშირში დამკვიდრდა პათოლოგიებზე ფოკუსირებული სამედიცინო პრაქტიკები. ხელახალი კრიმინალიზაციის შემდეგ, ვისაც არ აგულაგებდნენ (ძირითადად ეს არაჰეტეროსექსუალი ქალები და, სავარაუდოდ, ტრანსი კაცები იყვნენ), სექსოლოგიისა და ფსიქიატრიის ექსპერიმენტული „მკურნალობისა“ და შესწავლის ობიექტი ხდებოდა.  მართალია, მსგავსი მიდგომები მეფის და საბჭოთა რუსეთში თავიდან დასავლეთის კვალდაკვალ ვითარდებოდა, მაგრამ ტოტალიტარიზმის გამყარებასთან ერთად საბჭოთა მედიცინა რეპრესიული მანქანის ნაწილად იქცა. სწორედ ამას უნდა ვუმადლოდეთ დღეს საბჭოთა კავშირში განათლებამიღებული ქართველი ექიმების რიგიდულობას და პათოლოგიებზე ჩაციკლვას, ყველაფრის, რაც შეიძლება „ნორმიდან გადახვევად’’ მონათვლას.

იომექანოიდები და ავტორიტარიზმის სახელმძღვანელო

უხარისხო პოლიტიკოსებით გადამლაშებულ ჩვენს მოცემულობაში[15] ისტორიის გაკვეთილები მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, დღეს ასეთ შარში რატომ ვართ. პოსტსაბჭოთა ჰომოფობიის ბრენდი უდავოდ იმ პროცესებიდან წარმოიშვა, რომელიც ზემოთ არის აღწერილი. ისიც უდავოა, რომ უმცირესობებისადმი რეპრესიული პოლიტიკის მემკვიდრეობა ყველაზე მარტივად რუსეთის ფედერაციამ აითვისა, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონში არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებულ ჰომო/ბი/ტრანსფობიას არ აგებენ ნარატივებზე, საკანონმდებლო ინსტრუმენტებსა და კონტენტზე, რომელიც რუსეთში იქმნება ან „იხვეწება“.  საქართველოშიც, სამოქალაქო სექტორზე, დასავლელ პარტნიორებსა და ლგბტქი ადამიანებზე თავდასხმების გახშირება, აჩქარებულად მიჰყვება რუსულ კვალს.

შინაარსობრივად ეს პროცესები არსებითად განსხვავდება იმ სურათისგან, რომელიც 15-20 წლის წინ გვქონდა. კერძოდ, 1999 - 2011 წლებში ჰომოფობიური სიძულვილის ენა მედიაში უფრო ტალღურ დინამიკას მიჰყვებოდა და ცოდვისა და გარყვნილების ნარატივთან ერთად, „ცისფერების შეთქმულებაზე“ პერიოდული განგაშის ცემით შემოიფარგლებოდა (რაც თავისთავად დამაზიანებელი იყო ლგბტქი თემისთვის). დღეს კრემლის სატელიტად ქცეულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა, უკვე იდეოლოგიურ კონსერვატორებად გაიფორმეს თავი[16] და ოჯახის სიწმინდისა და ქალად და კაცად ყოფნის სადარაჯოზე დადგნენ. ჰომოფობიური და ტრანსფობიური ნარატივების განვითარებაც ფეხდაფეხ მისდევს კრემლის პროპაგანდისტების სახელმძღვანელოს. აქ დომინირებს გეოპოლიტიკური თემები და შეთქმულების თეორიები, რომლებიც მანამდე გაცილებით უფრო მარგინალური იყო, ახლა კი ძალაუფლებაში მყოფი თითოეული პოლიტიკოსის პირით ვრცელდება.

ძირითადი დებულებები, რომლებიც ბოლო დროს გვესმის, გვარწმუნებს, რომ საქართველოს დაჩაგრული უმრავლესობა ცდილობს ანტიდისკრიმინაციულ კანონს ამოფარებული უმცირესობებისგან დაიცვას თავი და არ დაუშვას, რომ საქართველოში დასავლეთის მსგავსად ისეთი ჭეშმარიტებები დააყენონ ეჭვქვეშ, როგორიც ოჯახის არსი და სქესის სიმყარეა.[17] ეს არის ე.წ. უსამშობლოებისა და ორიენტაციაარეულობის თემა, რომელსაც ქართული ოცნება არა მხოლოდ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ, არამედ ყველას წინააღმდეგ იყენებს, ვინც საქართველოს პარლამენტის კრემლის ფლიგელად გადაქცევას აპროტესტებს.

პროპაგანდისტებად ქცეული პოლიტიკოსები, იმის ნაცვლად, რომ სკოლებში უფასო კვება შემოიღონ და ბავშვების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობასა და ფიზიკურ და ფსიქიკურ დაცულობაზე იზრუნონ (რომლის განუყოფელი ნაწილიცაა ინფორმაციის მიღება და თავისუფალ და დაცულ გარემოში საკუთარი სექსუალობისა და გენდერული იდენტობის აღმოჩენა-ჩამოყალიბება), ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ სწორედ ბავშვებს და ახალგაზრდებს ურევენ ტვინს ამ ფსევდოლიბერალური ცრუ თავისუფლებით და მათგან ორიენტაციაარეულ და უსამშობლო ადამიანებს ქმნიან. საფრთხეები აქ არ მთავრდება და ქართული ოცნება ლგბტქი ადამიანებისათვის პედოფილიის დაბრალების მოძველებული ნარატივიდან ახალზე გადადის და გვაშინებს, რომ დასავლეთში არასრულწლოვანი ბავშვებისათვის მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობა“ ხდება.[18] გვაშინებს ისე, როგორც თავის ელექტორატს პუტინი ტრანსფორმერებით[19], - რომლებადაც ის ტრანს ადამიანებს მოიხსენიებს, ხოლო მისი დაზვერვის ხელმძღვანელი ნარიშკინი - ბიომექანოიდებით[20] - რომლებითაც, მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი ჩაანაცვლოს. პროპაგანდისტულ ნარატივებში გამოყენებული ცნებები შემთხვევითი არ არის. ისინი, ლგბტქი ადამიანების დეჰუმანიზაციას ემსახურება, რაც მათგან შექმნილ მტრის ხატს ადვილად მოსანელებელს ხდის და მეტ სივრცეს ტოვებს გეოპოლიტიკური შეთქმულების თეორიებისთვის.

შეთქმულების თეორიებით ელექტორატის კვება და წარმოსახვით მტერთან ბრძოლა პროპაგანდისთვის ტიპური იარაღია. რაც დრო გადის, ეს თეორიები სულ უფრო და უფრო შორდება რეალობას, და ხალხს კოლექტიურ ილუზიაში ითრევს. რუსეთში ხალხი იჯერებს შეთქმულების თეორიას ოქროს მილიარდზე[21], საქართველოში კი გლობალური ომის პარტიისა და მასონების ეშინიათ. რუსეთში ყველა ფიქრობს, რომ გარშემო მხოლოდ მტრები არიან, და საქართველოშიც ქართული ოცნების ელექტორატსა და პარტაქტივს იგივე ღამის კოშმარი ტანჯავს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აბსურდია, მაგრამ მას თავისი დანიშნულება აქვს პროპაგანდით შეპყრობილი ტვინების უკეთ გამორეცხვის პროცესში.

ამ ხრიკებს ქართველი პროპაგანდისტები რუსი ამხანაგების მსგავსად აქტიურად იყენებენ მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის გასამართლებლად. უფრო კონკრეტულად, ქართული პროპაგანდა გვეუბნება, რომ ბიძინას ფანტაზიის ნაყოფი - გლობალური ომის პარტია და, არ გამოვრიცხავ, მარიამ ლაშხის მასონთა ლოჟაც, მიზანმიმართულად ანადგურებს ტრადიციულ (მათ შორის ევროპულ!) საზოგადოებებში ღირებულებით საძირკველს. ეს ვერაგი ძალები მასობრივად აწარმოებენ ჩვენთან გაურკვეველი სქესისა და ორიენტაციის ახალგაზრდებს, რომლებიც, ქართული ოცნების პარტაქტივისგან განსხვავებით, ნებაყოფლობით გადასცემენ სამშობლოს (წარმოსახვით) საგარეო მტერს პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობისათვის.[22] აქ ის არის საინტერესო, რომ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური თვითმყოფადობით ესოდენ შეწუხებული ქართული ოცნება, ჩვენი რეალური მტრისა და კოლონიზატორის წიაღში გამოჩეკილ, ოფშორებში მონავარდე ოლიგარქებს აქეთ ეძახის ფულის გასათეთრებლად[23] და სულ არ წუხს იმ დამანგრეველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაზე, რომელსაც ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს.

ქართული ოცნება დღეს რეპრესიული, მათ შორის, ჰომოფობიური, კანონებით ცდილობს ისეთ შედეგებს მიაღწიოს, როგორსაც რუსეთში ათწლეულები დაჭირდა. კრემლმა მოახერხა, რომ კანონების გამკაცრებით, ახალი რეგულაციების მოფიქრებით და რაც მთავარია, დაუღალავი პროპაგანდით შეეზღუდა და შეუძლებელი გაეხადა სამოქალაქო სექტორისთვის არათუ მუშაობა, არამედ არსებობაც კი ქვეყანაში. ქართული ოცნების მსგავსად, ისინიც უმეორებდნენ მოსახლეობას, რომ სწორედ ვერაგი დასავლეთი აფინანსებს ყოველგვარ გარყვნილებას ქვეყანაში და საჭიროა ამაში მონაწილე ყველა ადამიანის გამოაშკარავება და დასჯა. ქოცების მსგავსად, მათი რუსი ბატონებიც სულ გამჭვირვალობაზე, ტრადიციების დაცვასა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე საუბრობენ - მკაცრად კანონის ფარგლებში. თუმცა, აუცილებელია, კარგად გვესმოდეს, რომ რუსეთში მიღებული არცერთი რეპრესიული კანონის აღსრულება არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი ვიწრო ნორმატიული ჩარჩოებით. მათი თავისუფალი ინტერპრეტაცია ყოველთვის ხელს უწყობდა უფრო ფართო ძალადობრივი და ურთიერთსიძულვილსა და უნდობლობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ფონის შექმნასა და შენარჩუნებას. მაგალითად, უცხოური აგენტებისა და ე.წ. ლგბტქი პროპაგანდის აკრძალვის კანონები, უკვე წლებია, ძალადობრივ ჯგუფებსა და სამართალდამცავებს ლეგიტიმაციას აძლევენ, რომ, ერთი მხრივ, იძალადონ ადამიანებზე, რომლებიც არ მოსწონთ, მეორე მხრივ კი, არ გამოიძიონ ეს ძალადობა. სასამართლოებში სიარული ასი შემთხვევიდან ჯერ ოთხმოცდაცხრამეტში, შემდეგ კი ასივეში უშედეგო იყო იმიტომ, რომ რუსული სასამართლო არ არსებობს. არსებობს მხოლოდ კრემლის მუშტი. წორედ ეს უნდა ქართულ ოცნებასაც და სწორედ ამას ვხედავთ ჩვენც, როცა სპეცრაზმელები ვისაც უნდა იმას ურტყამენ ქუჩაში, შემდეგ კი სასამართლო ისევ დაზარალებულს აჯარიმებს ან საკანში უშვებს.

2020 წლიდან, სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრის სამზადისში, რუსეთმა ისევ ააგორა ტრადიციონალიზმის ტალღა და ჯერ გაამკაცრა კანონები უცხოური აგენტებისა და ე.წ. ლგბტქი პროპაგანდის შესახებ, შემდეგ კი სქესის სამართლებრივი აღიარება, გენდერული ტრანზიციის სერვისები და ტრანსი ადამიანებისათვის ოჯახის ყოლა აკრძალა. უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნარატივმა, რომ რუსეთი უკრაინას ნაცისტებისა და გეებისგან ათავისუფლებს, მყარად მოიკიდა ფეხი რუსეთის ფედერაციაში და 2023 წელს საერთაშორისო სანქციების საპირწონედ კრემლმა უკვე „საერთაშორისო ლგბტქი მოძრაობა“ გამოაცხადა ექსტრემისტულ ორგანიზაციად. ამ ყველაფერს ემატება კანონები, რომლებიც კრძალავს ომზე ღიად ლაპარაკსა და კრემლის ოფიციალურ პოზიციასთან შეწინააღმდეგებას. ჩამოთვლილმა მოვლენებმა რუსეთში (წლების განმავლობაში შემზადებულ ნიადაგზე) ისევ აღმოაცენა, მართლაც ამორალური, დასმენის პრაქტიკა, რომლითაც კრემლის ტერორი საბოლოოდ დაემსგავსა სტალინისტურს. სწორედ ამას გვიპირებს ქართული ოცნება თავისი რუსული კანონებითა და სასამართლო და ელექტორალური სისტემების სტრატეგიული მორღვევით, რომელსაც ბოლო წლებია მეთოდურად ახორციელებს.

საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური და ფინანსური მოტივაცია ასე დაუპირისპირდეს საკუთარ ხალხს, მეტნაკლებად ცხადია. ავტორიტარიზმი სასარგებლოა პატარა ქვეყნის თავზე შემომჯდარი მცირე და მსხვილი ოლიგარქებისთვის. ეს წურბელები აპირებენ ბოლომდე გამოსწოვონ სისხლი ქართველ ხალხს, წაართვან ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება, ღირსეული შრომის პირობები, ღირსეული პენსია და თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრების საშუალება ადამიანებს. და ამის გაკეთებას აპირებენ სრულიად დაუსჯელად. ამიტომ დასაკარგი ბევრი გვაქვს.

თუმცა, ამ ამბის ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ უშუალოდ ლგბტქი ადამიანები არც სტალინს ადარდებდა (ავად ან კარგად), არც პუტინს და არც ბიძინას. ამ დროს, ჩვენ - ლგბტქი ადამიანები, ყველაზე მეტად ვზარალდებით. რუსეთში ლგბტქი თემი დიდი ხანია სრულ ტერორში ცხოვრობს. ადამიანებს აკავებენ, ცემენ, ართმევენ შვილებს, ართმევენ სუნთქვის საშუალებას. თუ ასე გაგრძელდება, ქართველი ქვიარების ისედაც დაულხენელი ცხოვრებაც ამ რელსებზე გადავა. პირადი ტრაგედიები არ არის სტატისტიკა, თითოეული ადამიანის ტკივილი და დანგრეული ცხოვრება საშინელი დანაშაულია. სწორედ ამიტომ ვიბრძვით, ვიბრძვით და არ ვნებდებით. საკუთარი თავით ტკბობაში ქართული ოცნება ვერ ხვდება, რომ, მართალია, პუტინმა მოახერხა საკუთარი მოსახლეობის დერჟავნიკულ სენტიმენტებზე თამაში და დაარწმუნა ისინი, რომ კრემლი ომით იცავს მშვიდობას, რეპრესიით კი თავისუფლებას, მაგრამ საქართველოში ეს არ გამოვა. საზოგადოებაში, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კონსენსუსი შემდგარია. ჩვენ დემოკრატიული მომავალი გვინდა და არა რუსული ჩექმა ან ოლიგარქის ოფშორულ სამოთხეში არსებობა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] სრული სია შეგიძლიათ იხილოთ გამოცემა „აპრილის“ სტატიაში.

[2] ციტატა 1967 წელს გადაღებული საბჭოთა ფილმიდან, „კავკასიელი ტყვე ქალი“.

[3] ირაკლი მჟავანაძე რუსეთში ყოფნისას რუსული მასპინძლობის შესახებ.

[4] Sahni, Kalpana. Crucifying the Orient: Russian Orientalism and the Colonization of the Caucasus and Central Asia. White Orchid Press, 1997.

[5] Tlostanova, Madina. Discordant Trajectories of the (Post-)Soviet (Post)Colonial Aesthetics. 2022. Interventions, 24:7, 995-1010.

[6] http://en.kremlin.ru/events/president/news/66181

[7] Tlostanova, Madina. Discordant Trajectories of the (Post-)Soviet (Post)Colonial Aesthetics. 2022. Interventions, 24:7, 995-1010.

[8] კავკასიური ე

[9] "A sexuality like any other: How gay-tolerant mediaeval Rus borrowed homophobia from the West and stuck with it for good."The Insider, https://theins.ru/en/society/259640

[10] Healey, Dan. Russian Homophobia from Stalin to Sochi. Bloomsbury Academic, 2017.

[11] Healey, D. (1993). The Russian revolution and the decriminalisation of homosexuality. Revolutionary Russia, 6(1), 26–54.

[12] ჯორჯ ორუელი, „ცხოველების ფერმა“.

[13] Healey, Dan. Russian Homophobia from Stalin to Sochi. Bloomsbury Academic, 2017.

[14] Ibid

[15] პარაფრაზი დავით მათიკაშვილის ციტატის ჰომო/ტრანსფობიური ინიციატივის სახალხო განხილვების დროს, სრული ციტატა იხილეთ გამოცემა „აპრილის“ სტატიაში.

[16] ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით  გამოსვლა უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე.

[17] შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი 2024 წლის 4 ივნისს.

[18] ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე.

[19] https://www.youtube.com/watch?v=EDc5NRXmPyk

[20] https://novayagazeta.eu/articles/2023/08/18/biomekhanoidy-sredi-nas

[21] საბჭოთა წარმოშობის შეთქმულების თეორია, რომელიც აქტიურად გამოიყენება რუსი პროპაგანდისტების და პოლიტიკოსების მიერ და რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში, პირობითად დასავლეთის ქვეყნების გავლენიან პირებს სურთ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაანადგურონ და 1 მილიარდამდე დაიყვანონ. https://www.svoboda.org/a/zolotoy-milliard-vladimira-putina/32948550.html

[22] Გადაცემა „გადაწყვეტილება“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, 2024 წლის 12 ივნისის ეთერი.

[23] https://www.tiktok.com/@publika.ge/video/7359318502198545680

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“