[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / შეფასება

წამების აბსოლუტური აკრძალვა - ნორმა, რომლიდანაც გადახვევა ნებისმიერ სიტუაციაში დაუშვებელია

ბოლო სამი თვის განმავლობაში, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წამების და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა საგანგაშოა და ის დაუყოვნებლივ მოითხოვს საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმების გააქტიურებას.  მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გამოწვეულ სახალხო პროტესტებს ხელისუფლებამ პროტესტის ჩახშობის უკიდურესად მძიმე,  რუსული ფორმებით, ძალადობით და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით უპასუხა.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის შეფასებით, იყო გადამეტებული და არათანაზომიერი, ვინაიდან პროტესტები ატარებდა მშვიდობიან ხასიათს.[1] სამართალდამცავების მხრიდან ბრუტალური ძალის გამოყენების პრაქტიკაზე, წამების და არაჰუმანური მოპყრობის მრავალ შემთხვევაზე უთითებდნენ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Amnesty International,[2] Human Rights Watch[3] და ეუთო (OSCE).[4] 28 ნოემბრის შემდეგ 300-ზე მეტი ადამიანი საუბრობს წამების და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილებაზე პოლიციის მხრიდან.[5]

„Amnesty International-ის“ შეფასებების თანახმად, პოლიციის მიერ გამოყენებული უკანონო ძალადობის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მასშტაბი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქმედებები მთავრობის მიერ სანქცირებული ინსტრუქციების ფარგლებში ხორციელდება და დაუსჯელობის სინდრომით არის განმტკიცებული.

„Human Rights Watch“-ის მიხედვით, ხელისუფლების მხრიდან, ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გამოვლენილი ძალადობის დონე შემაშფოთებელია, აშკარად შურის მაძიებლური ხასიათისაა და არღვევს როგორც საქართველოს შიდა კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო ნორმებს. მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის მასშტაბები და ხელისუფლების მიერ სამართალდამცავთა პასუხისმგებლობის არაღიარება მიუთითებს იმაზე, რომ ძალადობა ან ავტორიზებული, ანდა პირდაპირ შეწყნარებულია.

Human Rights Watch  ასევე უთითებს, რომ პოლიციის ძალადობის ათეულობით გადარჩენილი მსხვერპლი საუბრობს წამების მსგავსი ტენდენციების შესახებ,  მათ განაცხადეს, რომ მიღებული ჰქონდათ თავის ტრავმები, მათ შორის, ტვინის შერყევა, ცხვირისა და სახის ძვლების, ნეკნების და კიდურების მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე. პოლიციელები აღჭურვილნი იყვნენ დემონსტრაციების დაშლისთვის  საჭირო ეკიპირებით ან შავი ნიღბებით, რომელიც სახეს მთლიანად ფარავდა, ყოველგვარი ამოცნობადი სიმბოლიკის გარეშე, რაც აძლიერებდა დაუსჯელობის სინდრომს სამართალდამცავებში. ამასთან, სამართალდამცავების გარდა, აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ სხვა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რაც შეწყნარებული იყო პოლიციის მხრიდანაც, რადგან ძალადობის არც ერთ შემთხვევაზე არ დაწყებულა გამოძიება. ზოგიერთი ძალადობა პოლიციის თანდასწრებითაც მოხდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე.[6] 

წამების წინააღმდეგ გაერთიანების კონსორციუმის (UATC) წევრი ორგანიზაციების (IRCT, IFEG, OMCT, Omega Research Foundation) ერთობლივი მისიის წინასწარი დასკვნის თანახმად, ძალადობის განმეორებითი ხასიათი, ჩვენებების თანმიმდევრულობა და პასუხისმგებლობის არარსებობა მიუთითებს რეპრესიების სისტემურ და კოორდინირებულ ხასიათზე.[7] გარდა ამისა, დაზიანებების ხასიათი აჩვენებს პოლიციის მხრიდან წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემურ და კოორდინირებულ პოლიტიკას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა დაკავებულები პოლიციის ფიზიკური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. სამართალდამცავებს დემონსტრატების ცემისთვის და წამებისთვის ორგანიზებული ჰქონდათ მიკროავტობუსები, ათეულობით დემონსტრანტი უთითებს, რომ ძალადობის დიდი ნაწილი ამ მანქანებში ხდებოდა.[8] 

წამების და სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში არაერთი სავალდებულო სამართლებრივი ნორმით არის გარანტირებული. მეტიც ის აკრძალულია საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლითაც[9] და საერთაშორისო სამართალში  იმპერატიული, “jus cogens” ნორმების კატეგორიას მიეკუთვნება, რაც გულისხმობს რომ ამ აკრძალვიდან გამონაკლისი არ არსებობს და მისგან გადახვევა ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი გამამართლებელი მიზეზით თუ მიზნით დაუშვებელია.[10]  წამების აკრძალვა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ღირსების დაცვის მიზანთან, რაც განუყოფელია ადამიანური ბუნებისგან და ის დაცვის უმაღლესი სტანდარტით სარგებლობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.[11] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წამების აკრძალვის მიზანია დაიცვას ადამიანის ღირსება, ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობა.[12]

რაც შეეხება იმ სამართლებრივ დოკუმენტებს, სადაც განსაზღვრულია წამების და სხვა არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, მათ შორის ყველაზე ყოვლისმომცველ ჩარჩოს ქმნის გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენცია. გარდა ამისა, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი წამების აკრძალვას ასევე აბსოლუტური ნორმების კატეგორიას აკუთვნებს (მუხლი 7) და განსაზღვრავს, რომ ეს აკრძალვა გადახვევას არ ექვემდებარება (non-derogable).[13] გაეროს მექანიზმების მიღმა, წამების აბსოლუტური აკრძალვა განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მუხლი 3 და მუხლი 15) და წამების პრევენციის ევროპული კონვენციით.

გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი მეორე ზოგად კომენტარში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წამების აკრძალვას აქვს აბსოლუტური და უგამონაკლისო ხასიათი, და არც ერთი ვითარება, მათ შორის, საომარი სიტუაცია, საგანგებო მდგომარეობა, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე, არ ამართლებს წამებას. ამასთანავე, დაუშვებელია წამების გამართლება ზემდგომის ბრძანების შესრულების დროსაც.[14] წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა დაუშვებელია მაშინაც კი, როდესაც მეორე ადამიანის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და იმ ვითარებაშიც, როცა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების უსაფრთხოება დგას რისკის ქვეშ.[15] ეს მოიცავს იმგვარ შემთხვევებსაც, როგორიც არის საომარი მდგომარეობა, პოლიტიკური არასტაბილურობა, ტერორიზმის საფრთხე, ან სხვა მსგავსი გადაუდებელი ვითარება.

წამების აკრძალვის შესახებ კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოს ვალდებულებებს მიეკუთვნება ქმედითი სამართლებრივი, ადმინისტრაციული, და სასამართლო მექანიზმების ამოქმედება წამების პრევენციის და დასჯის მიზნით.[16]  გარდა ამისა, სახელმწიფოს ვალდებულებებს მიეკუთვნება სამართლებრივი და მიუკერძოებელი გამოძიება, დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემა, მსხვერპლების კომპენსაცია და რეაბილიტაცია. გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც არ იძიებენ და არ სჯიან წამების შემთხვევებს, ან ცდილობენ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ამნისტიის ან სხვა შემწყნარებლური პოლიტიკის გამოცხადებით, არღვევენ წამების აკრძალვიდან გადახვევის დაუშვებლობის პრინციპს (principle of non-derogability).[17]

ასევე, კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულება, აღკვეთოს წამება, ვრცელდება ყველა პირზე, რომლებიც დე იურე ან დე ფაქტო მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით, მასთან კავშირში ან მისი დავალებით. აუცილებელია, რომ წევრმა სახელმწიფომ ყურადღებით აკონტროლოს თავისი ოფიციალური პირები და მათი სახელით მოქმედი პირები, ასევე გამოავლინოს და კომიტეტს აცნობოს წამების ან არასათანადო მოპყრობის ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც, მათი შორის, წარმოიშვა ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად. ასევე, მნიშვნელოვანია ზომების მიღება წამების ან არასათანადო მოპყრობის გამოსაძიებლად, დამნაშავეთა დასასჯელად და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს როგორც უშუალო შემსრულებლების, ასევე ბრძანების ჯაჭვში ჩართული ოფიციალური პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იქნება ეს წაქეზებით, თანხმობით თუ გულგრილობით ჩადენილი ქმედებები.[18] წამების აკრძალვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება ასევე უკავშირდება დაკავებული პირებისთვის საბაზისო გარანტიების შექმნას, რათა მათ მიმართ არ მოხდეს წამების აკრძალვის აბსოლუტური ნორმის დარღვევა. ამ ძირითად გარანტიებს შორის არის სახელმწიფოს ვალდებულება, აწარმოოს დაკავებულთა ოფიციალური რეესტრი, მიაწოდოს ინფორმაცია უფლებების შესახებ, მიაწოდოს დამოუკიდებელი იურიდიული დახმარება და სამედიცინო დახმარება საჭიროების შემთხვევაში, მისცეს შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ნათესავებს, შექმნას მიუკერძოებელი მექანიზმები დაკავებისა და პატიმრობის ადგილების შემოწმებისა და მონახულებისთვის, ასევე წამების ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის სასამართლო და სხვა სამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, სწრაფად და მიუკერძოებლად განიხილონ მათი საჩივრები, დაიცვან თავიანთი უფლებები და გაასაჩივრონ მათი დაკავების ან მოპყრობის კანონიერება.[19]

წამების აკრძალვა საერთაშორისო სამართალში ასევე განეკუთვნება სახელმწიფოების erga omnes ვალდებულებების კატეგორიას, რაც გულისხმობს, რომ წამების აკრძალვის აბსოლუტურად დაცვის ვალდებულება თითოეულ სახელმწიფოს აკისრია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველა სხვა სახელმწიფოს წინაშე.

ამასთან, წამების აკრძალვაზე ვრცელდება უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, ყველა სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ წამების ფაქტი მოხდა მის ტერიტორიაზე, ან ჩადენილია მისი მოქალაქის მიერ, ან მსხვერპლი არის მისი მოქალაქე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ასევე ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და არ აპირებს მის ექსტრადირებას ამავე კონვენციის მერვე მუხლის შესაბამისად. ეს გულისხმობს, რომ თუ სახელმწიფო დამნაშავეს არ გადასცემს სხვა სახელმწიფოს მის პასუხისგებაში მისაცემად, მან თავად უნდა გამოიძიოს და მისცეს პასუხისგებაში დამნაშავე, მიუხედავად იმისა, რომ წამების ფაქტი არ მომხდარა მისი იურისდიქციის ქვეშ, და არც მსხვერპლია მისი მოქალაქე და არც დამნაშავე. უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი ერთგვარი სამართლებრივი მექანიზმია საიმისოდ, რათა რომ აბსოლუტური ნორმების დარღვევაში მხილებული პირი არ გაექცეს მართლმსაჯულებას სხვა ქვეყანაში. ამასთანავე წამების საქმეებზე არ ვრცელდება სამართლებრივი იმუნიტეტი, რაც შეიძლება პირის დიპლომატიური სტატუსიდან, ან თანამდებობიდან გამომდინარეობდეს.[20]

წამების საქმეებზე აბსოლუტური იურისდიქციის ერთ-ერთი ფუძემდებლური საქმე განიხილა ბრიტანეთის სასამართლომ ჩილელი დიქტატორის, ავგუსტო პინოჩეტის წინააღმდეგ, რომელშიც დაადგინა, რომ პინოჩეტი ვერ გაექცეოდა მართლმსაჯულებას ბრიტანეთში წამების აბსოლუტური აკრძალვის დარღვევის გამო.[21] წამების საქმეებზე უნივერსალური იურისდიქციის სტანდარტი არ შეცვლილა პინოჩეტის საქმის შემდეგ (1999 წელი) და მას შემდეგ სხვადასხვა იურისდიქციაში არაერთხელ განხილულა.[22] 2021-2022 წლებში გერმანიაში, კობლენცის რეგიონული სასამართლომ, გერმანიის იურისდიქციის ქვეშ იმსჯელა სირიაში მომხდარ წამების ფაქტებზე, რომლებიც სირიის ოფიციალურმა პირებმა ჩაიდინეს სირიის სამოქალაქო ომის კონტექსტში:[23] 2021 წელს, სირიის დაზვერვის დირექტორი ეიად ალ გარიბი (Eyad Al-Gharib) გერმანიამ ცნო დამნაშავედ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნაწილად ჩადენილი წამების არაერთ შემთხვევაში, 2012 წელს „არაბული გაზაფხულის“ დროს სირიაში მიმდინარე პროტესტების კონტექსტში.[24] ამავე სასამართლომ 2022 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ანვარ რასლანს (Anwar Raslan), დამასკოს დაკავების ცენტრში წამების სისტემური პრაქტიკის და ამ პრაქტიკაში მისი როლის გამო. მას ბრალად ედებოდა წამების 4000 საქმე, 58 მკვლელობა და გაუპატიურების ასობით შემთხვევა.[25]

2021-2022 წლებში, ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, საფრანგეთმა დაიწყეს გამოძიება ბელორუსში და რუსეთში საპროტესტო აქციების დაშლის კონტექსტებში მომხდარი ძალადობის, მათ შორის, წამების საქმეებზე. მაგალითად, 2021 წელს, სირიის პრეცედენტზე დაყრდნობით, გერმანიის სასამართლოს მიმართა ათმა მოსარჩელემ, რომლებიც ბელორუსში საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და აწამეს.[26] ამავე კონტექსტში წამების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო ლიეტუვის პროკურატურამაც,[27] გარდა ამისა, ლიეტუვის  პროკურატურამ 2024 წლის სექტემბერში მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC)  ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის გამოძიების მოთხოვნით.[28]

უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის ქვეშ ევროპული სახელმწიფოების მიერ სხვა ქვეყანაში მომხდარი მძიმე დანაშაულების გამოძიება მიღებული პრაქტიკა ხდება, განსაკუთრებით იმ ფონზე როცა ავტორიტარული რეჟიმებიდან გაქცეული ადამიანები ამ ქვეყნებს აფარებენ თავს და შესაბამისად, ჩადენილი დანაშაულების მსხვერპლები აღმოჩნდებიან მათი იურისდიქციის ფარგლებში.  

საქართველოში ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, ხელისუფლების მიერ სანქცირებული ძალადობის, და წამების პრაქტიკა, სრული დაუსჯელობა და ძალადობის უკონტროლო ბუნება იმეორებს ავტორიტარული რეჟიმების გამოცდილებას ბელარუსში და რუსეთში. ამ რეჟიმებს გაქცეული, და წამების გამოცდილების მქონე ათეულობით მოქალაქე დღეს სამართალს სხვა ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ ეძებს, სწორედ იმიტომ, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში სანქცირებულია წამება და არაჰუმანური მოპყრობა და ამგვარი რეჟიმები არ ტოვებს ადგილს სამართლიანობის და უფლებების აღდგენისთვის. წამების აკრძალვის აბსოლუტური ბუნება და უნივერსალური იურისდიქციის ჩარჩო კი მსხვერპლებს სამართლიანობისთვის ბრძოლის სხვა გზებსაც უხსნის,  რაც შეიძლება გულისხმობდეს წამებაში დამნაშავე პირების გასამართლებას სხვა ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში, უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის საფუძველზე. შესაბამისად, ამ გამოცდილებების გაზიარება შეიძლება ქართული კონტექსტისთვისაც რელევანტური აღმოჩნდეს.  ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია წამების აბსოლუტური აკრძალვის პრინციპისა და სტანდარტის სათანადო გააზრება და გამოყენება ადვოკატირებისა და უფლებადაცვითი საქმიანობის პროცესში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] OSCE human rights office condemns use of excessive force by police during protests in Georgia, November, 2024. Available at: https://www.osce.org/odihr/581962?fbclid=IwY2xjawHCHQNleHRuA2FlbQIxMQABHQR9IheQTVJCFJ3oLK1xeP8PAfXi3iaEjQgzCmSJ_XIMYl0IstC5tLMPHg_aem_XXvlpTvRDJK4xDqh5nHi8A

[2] https://www.amnesty.org/en/documents/eur56/8845/2024/en/

[3] https://www.hrw.org/news/2024/12/23/georgia-brutal-police-violence-against-protesters

[4] https://www.osce.org/odihr/581962?fbclid=IwY2xjawHCHQNleHRuA2FlbQIxMQABHQR9IheQTVJCFJ3oLK1xeP8PAfXi3iaEjQgzCmSJ_XIMYl0IstC5tLMPHg_aem_XXvlpTvRDJK4xDqh5nHi8A

[5]როგორ აწამა ივანიშვილის რეჟიმმა დემონსტრატები - დაკავებულთა ისტორიები:  https://tabula.ge/ge/news/726892-rogor-acama-ivanishvilis-rezhimma-demonstrantebi

[6] https://www.amnesty.org/en/documents/eur56/8845/2024/en/

[7] https://www.omct.org/en/resources/statements/georgia-preliminary-findings-on-the-investigation-of-torture-and-ill-treatment-against-protesters-from-28-november-to-20-december-2024-2

[8] Amnesty International, p. 20,.

[9] გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 3452 (1975)

[10] Ilias Banketas and Lutz Oette, International Human Rights, Law and Practice, 2nd ed. 2016, p. 355. See also CAT, General Comment 2: Implementation of Article 2 by States parties., UN.DOC. CAT/C/GC/2 (24 January, 2008); Prosecutor vs. Furundzija, ICTY, 1998, Paras 153-157.

[11] იხ. წამების და სხვა ბოროტი, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ და მისი დასჯის შესახებ გაეროს კონვენცია, პრეამბულა. (1984). ხელმისაწვდომია აქ: https://www.ohchr.org/en/instruments-mechanisms/instruments/convention-against-torture-and-other-cruel-inhuman-or-degrading

[12] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, ზოგადი კომენტარი #20. პარა. 2.

[13] სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი, მუხლი 4.

[14] CAT, General Comment 2: Implementation of Article 2 by States parties., UN.DOC. CAT/C/GC/2 (24 January, 2008);

[15] Gafgen vs. Germany, ECHR, 2002, para, 107

[16] წამების აკრძალვის შესახებ კონვენცია, მუხლი 2.

[17] CAT, General comment No.2. CAT/C/GC/2 24 January 2008, 5.

[18] იგივე, პარა: 7.

[19] იგივე, პარა 13.

[20]  Heidi R. Gilchrist, ‘No Hiding from Justice: Universal Jurisdiction in Domestic Courts’, Texas International Law Journal, Vol 57:2 (2022), pp. 215-238.

[21] R v Bow Street Metropolitan Stipendiary Magistrate, Ex parte Pinochet, [1999] UKHL 17.

[22] Questions Relating to the Obligation to Prosecute or Extradite (Belgium v. Senegal), International Court of Justice (ICJ), 2012; Prosecutor v. Hissène Habré, Extraordinary African Chambers (EAC), 2016

[23] Enforcing Human Rights Through Legal Means, ECCHR. 2021. https://www.ecchr.eu/fileadmin/Jahresberichte/ECCHR_ANNUAL_REPORT_2021_EN.pdf

[24] The Prosecutor v. Eyad Al-Gharib: 1 StE 3/21, 3 BJs 9/19-4, The Higher Regional Court of Koblenz, Germany.  https://www.internationalcrimesdatabase.org/Case/3324/Eyad-Al-Gharib/

[25] Seeking Justice for Syria, Human Rights Watch, 2022.  https://www.hrw.org/feature/2022/01/06/seeking-justice-for-syria/how-an-alleged-intelligence-officer-was-put-on-trial-in-germany

[26] DW: Lawyers file suit against Belarus' Lukashenko in Germany , 2021. https://www.dw.com/en/lawyers-file-suit-against-belarus-lukashenko-in-germany/a-57432482

[27] Lithuania’s Prosecutor General has launched a pre-trial investigation under universal jurisdiction into crimes against humanity under a complaint by a Belarusian citizen, available at:  https://tsikhanouskaya.org/en/news/d0fa161742046c8.html

[28]Lithuania refers the Situation in Belarus to the Prosecutor of the International Criminal Court to investigate the crimes against humanity committed by the authoritarian regime of Lukashenko, Ministry of Justice of Republic of Lithuania, 2024. https://tm.lrv.lt/en/news/lithuania-refers-the-situation-in-belarus-to-the-prosecutor-of-the-international-criminal-court-to-investigate-the-crimes-against-humanity-committed-by-the-authoritarian-regime-of-lukashenko/

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“