[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სისხლის სამართლის მართლმსაჯულება / შეფასება

როდესაც პატიმარი შიმშილობს: რადიკალური პროტესტის ფორმები, საფრთხეები და სახელმწიფოს ვალდებულებები

შესავალი

შიმშილობა დაკავებული და დაპატიმრებული მხრიდან უკვე დიდი ხანია, პროტესტის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმად გამოიყენება. ამ ღონისძიებისთვის მიმართვით, ადამიანები აპროტესტებენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ფიზიკურ მდგომარეობას, პატიმრების უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და არასათანადო მოპყრობას, ექსტრადიციისა და დეპორტაციის გადაწყვეტილებებს, და, რაც მთავარია, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას.

მოთხოვნების უგულებელყოფისა და იგნორირების ვითარებაში, შიმშილობის აქტი პატიმრებისთვის უკანასკნელ და რადიკალურ შესაძლებლობად რჩება, რათა სახელმწიფოს რეპრესიულ პოლიტიკას შეეწინააღმდეგონ. ხშირ შემთხვევებში, ძალაუფლებაში მყოფი სუბიექტების მიერ ამგვარი ქმედება  მტრულად, მათი ძალაუფლებისთვის საფრთხედ, აღიქმება. ამიტომ, ხშირად ხდება მოშიმშილე პატიმრების დასჯა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობა, მუქარა, და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა.

ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ავტორიტარიზმის დამყარების პროცესში „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი რეპრესიული ნაბიჯი გადადგა. მათ შორისაა, „რუსული კანონის“, ფაშისტური ანტი-LGBTQI+ კანონების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების არაპროპორციულად შემზღუდველი კანონმდებლობის მიღება. ამის პარალელურად, რეჟიმი სასტიკად უსწორდება ადამიანებს, რომლებიც მას უპირისპირდებიან და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, იბრძვიან. სხვადასხვა ჯგუფების მიერ ამ ადამიანების ფიზიკურ თავდასხმასთან ერთად ხდება მათი თავისუფლების შეზღუდვა და უფლებების უხეში დარღვევა.

უკანასკნელ თვეებში, „ქართული ოცნების“ რეპრესიული მმართველობის პირობებში, შიმშილობა არაერთმა ადამიანმა გამოაცხადა:

  • 2024 წლის 21 სექტემბრიდან შიმშილობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი - აფგან სადიგოვი, რომელიც საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და რომლის აზერბაიჯანის მთავრობისთვის გადაცემას აპირებს „ქართული ოცნება“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც მის აზერბაიჯანში ექსტრადიციას კრძალავს,[1] სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა, რაც აფგან სადიგოვის მიერ აბსოლუტური შიმშილობის დაწყების საფუძველი გახდა. ამის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია;[2]
  • 2025 წლის 17 იანვრიდან შიმშილობს აქტივისტი - თემურ ქათამაძე. იგი აქციების მიმდინარეობის პარალელურად ჯერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ამჟამად საიმიგრაციო პატიმრობაში იმყოფება და ფორმალურად საქართველოში ყოფნის ვადის გადამეტებას ედავებიან;[3]
  • 2025 წლის 12 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით, სრული 38 დღე შიმშილობდა,  მედიასაშუალებების - „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ - დამფუძნებელი - მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციელისათვის სილის გაწვნისთვის დააკავეს და რომელსაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება;

სხვადასხვა დროს, რეპრესიების გასაპროტესტებლად ასევე შიმშილობდნენ საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული აქტივისტები - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რევაზ კიკნაძე, დანიელ ბულკაშვილი, ვეფხია კასრაძე, რევაზ კიკნაძე, გიორგი ახობაძე და ისაკო დევიძე.[4] უკანასკნელ თვეებში, ავტორიტარული რეჟიმის დამყარებისა და „ქართული ოცნების“ მიერ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის გასაპროტესტებლად ადამიანები არა მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში მიმართავდნენ შიმშილობას. ასეთი შემთხვევები საპატიმრო დაწესებულებების გარეთაც მოხდა. მაგალითად, დმანისის მერიის წინ, ახალი არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, ლაშა ჩხვიმიანი 7 დღის განმავლობაში შიმშილობდა.[5]

პროტესტის ეს ფორმა გვაჩვენებს იმას, რომ ადამიანებს აღარ გააჩნიათ უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები, არ აქვთ უმცირესი პოზიტიური ცვლილებების მიღწევის მოლოდინიც კი და საკუთარი სხეულებით ცდილობენ რეჟიმთან დაუმორჩილებლობას. საყურადღებოა, რომ მიუხედავად რადიკალური პროტესტისა, „ქართული ოცნება“ უგულებელყოფს მოშიმშილეთა მოთხოვნებს და არ აღიარებს თავისი, როგორც ძალაუფლების მქონე, სუბიექტის პასუხისმგებლობას როგორც ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, ისე შიმშილობის გამოცხადების მიზეზებზე ყურადღების გამახვილების მიმართულებით. პირიქით, პარტიის ბოლოდროინდელი ნარატივით, ადამიანების მიერ შიმშილობა გამოიყენება, როგორც მანიპულაციისა და შანტაჟის იარაღი და არის ოპოზიციური პარტიების დაკვეთა, შესაბამისად, შიმშილობა არ უნდა იყოს პასუხისმგებლობისგან (მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან) მათი გათავისუფლების ინდულგენცია და ყველა უნდა დაისაჯოს თავისი „დანაშაულის“, შესაბამისად,[6] ამ დეზინფორმაციით ისინი საზოგადოებაში მოშიმშილე ადამიანების მიმართ სოლიდარობის დასუსტებასა და ჩახშობას ცდილობენ.

მიუხედავად შიმშილობის ხანგრძლივობისა, მოშიმშილეთა უფლებების, სახელმწიფოს შემხვედრი ვალდებულებებისა და ეთიკური თუ სამართლებრივი დილემების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დაბალია. წინამდებარე დოკუმენტი მიზნად სწორედ ამ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.

I.შიმშილობის არსი, ფორმები და შედეგები

საქართველოში არსებული განმარტებით, შიმშილობა არის „მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი არ იღებს მისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ან იღებს, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით“.[7] შიმშილობის გამოცხადება თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის მიერ საკვების მიღებაზე უარის თქმას, როგორც პროტესტისა თუ მოთხოვნის ფორმას.[8] იგი არის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიზნად ისახავს, ძალაუფლების მქონე პირის, ინსტიტუტისა თუ სახელმწიფოს შერცხვენას ან/და მათზე სხვაგვარ ზეწოლას.[9] მას ყველაზე ხშირად ის ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც თავისუფლება შეზღუდული აქვთ და რომელთაც მიზნის მისაღწევად სხვა ალტერნატივა აღარ გააჩნიათ.[10] ისინი იძულებულნი არიან, საკუთარი სხეული გამოიყენონ იარაღად და მზად არიან, საკუთარი სხეულითვე დაანახონ საზოგადოებას სახელმწიფო ინსტიტუტების დანაშაული.[11]

როგორც წესი, შიმშილობა სამ ძირითად ასპექტს აერთიანებს:[12]

  • შიმშილობა მოიცავს ასკეტურ პრაქტიკას, როდესაც მოშიმშილე მზადაა ამ პროცესს პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭოს. ადამიანი არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ აყენებს თავს, არამედ ეგუება საკუთარ სხეულში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს, რაც შესაძლოა კვირები ან თვეებიც გაგრძელდეს;
  • მოშიმშილე საკუთარ სხეულს „საუბრისთვის“ იყენებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სოლიდარობა იმ ადამიანებში, ვინც აქამდე პროტესტის მიმართ გულგრილი იყო;
  • მოშიმშილე ცდილობს, აიძულოს უფრო ძლიერი ძალა, წავიდეს დათმობებზე.

როგორც წესი, შიმშილობის სამი ძირითადი ფორმა გამოიყოფა:

  • არასრული შიმშილობა, როდესაც მიღებული საკვები საკმარისი არ არის ენერგიის საერთო დანახარჯებთან შედარებით;
  • სრული შიმშილობა, როცა ადამიანი მხოლოდ წყალს ღებულობს;
  • აბსოლუტური შიმშილობა, როცა ადამიანი არც საკვებს და არც წყალს არ ღებულობს.

შიმშილობას შეუძლია, გამოიწვიოს სერიოზული, ზოგჯერ შეუქცევადი ან/და ფატალური, გართულებები.[13] შიმშილობის ზეგავლენა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა, პირის ასაკი, შიმშილობამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, წყლისა და საკვების მიღების, ასევე, დაკარგული წონის მაჩვენებელი, და შიმშილობის ხანგრძლივობა.[14] 

შიმშილობის ფორმებზე საუბარი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასზე პირდაპირაა მიბმული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების რისკები. კერძოდ, აბსოლუტური შიმშილობის შემთხვევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, გარდაცვალება დგება 4-10 დღეში. ლეტალური გამოსავლის დრო დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა, მაგალითად, გარემოს ტემპერატურა და ტენიანობა, ასევე, მოშიმშილის სტრესის დონე და მისი ფიზიკური აქტივობა.[15]

სრული შიმშილობის შემთხვევაში, პროცესის ზეგავლენის ხარისხი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის, შიმშილობამდე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ასაკზე. ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მიერ პატიმრებისთვის შემუშავებული დოკუმენტის[16] მიხედვით,  შიმშილობის თანმდევი შედეგები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წყალს იღებენ და რომლებსაც შიმშილობის დაწყებამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებოდათ და ასაკითაც ახალგაზრდები არიან, ასე გამოიყურება:

სიცოცხლისთვის საშიში ფაზის დადგომის პერიოდთან დაკავშირებით, რელევანტურ წყაროებში მცირედით განსხვავებული ვადებია მოცემული. მაგალითისთვის, WHO-ს მიხედვით, სრული შიმშილის შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენა შეიძლება 75-80 დღემდე, თუმცა 40 დღეშიც შეიძლება განვითარდეს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები (მაგ., ნერვული ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ვიტამინების დეფიციტი, მნიშვნელოვანი ელექტროლიტური დისბალანსი), რომელიც შემდგომ ფატალურიც გახდეს.[17] მეორე მხრივ, მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის სახელმძღვანელოს მიხედვით, როგორც წესი, გარდაცვალება დგება 45-72 დღეში, ხოლო ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი მიერ პატიმრებისთვის შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ვადა შიმშილის დაწყებიდან 55-75 დღეა.[18] ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია სრულ შიმშილობაზე მყოფი პირების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ სიკვდილი, შიმშილობიდან მე-6 კვირის შემდეგ შეიძლება დადგეს, ხოლო 10-კვირიანი სრული შიმშილობის შემდეგ გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია.[19]

არასრული შიმშილობის შემთხვევაში, ვიტამინებისა ან კალორიების მიღება შიმშილობის გაგრძელების საშუალებას აძლევს მოშიმშილეს, თუმცა ეს არ ამცირებს ორგანიზმისთვის მუდმივი ზიანის რისკს. ასეთ პირობებში, არასრული შიმშილობის მიმდინარეობა მსგავსია სრული შიმშილობის პროცესისა, თუმცა უფრო ხანგრძლივია. ხანგრძლივი არასრული შიმშილობა მნიშვნელოვნად აზიანებს ნერვულ სისტემას,[20] ხოლო ლეტალური გამოსავლის ვადა მიღებული საკვების კვებით ღირებულებაზეა დამოკიდებული.[21]

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ცალკეულმა სამედიცინო ფაქტორებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააჩქაროს შიმშილობის ფატალური შედეგი, რის გამოც, კრიტიკული ფაზის ზუსტი პროგნოზირება ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს სამედიცინო ჩვენებებია, მაგალითად, დიაბეტი, თირკმლის დაავადებები, გულისა და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ეპილეფსია, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ზედმეტი წონა ან წონის დეფიციტი, ორსულობა და სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენება.[22]

  1. რას ამბობს საერთაშორისო სტანდარტები შიმშილობაზე?

მოშიმშილე პატიმრების უფლებრივი გარანტიები მბოჭავი სამართლით, რბილი ძალის  საერთაშორისო რეკომენდაციებითა და დეკლარაციებით, თანადროულადაა განმტკიცებული.

შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი, განსხეულებული ფორმა, გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად,  სიცოცხლისა და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებებსა და წამების აკრძალვის მოთხოვნასთანაა დაკავშირებული.[23] ამრიგად, პატიმრის/დაკავებული პირის მიერ  შიმშილობის გამოცხადებისთანავე, ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს სათანადო ზომები და პროაქტიულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით მასზე დაკისრებული  ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები.  თავის მხრივ, თავისუფლებააღკვეთილი თითოეული პირის, მათ შორის მოშიმშილის, უფლებაა, უზრუნველყოფილი იქნას მის მიმართ ჰუმანური მოპყრობა და მისი პიროვნული ღირსების პატივისცემა.[24]

2.1. რა პრინციპებს ეფუძნება მოშიმშილის ჯანდაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები?

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხი ამ პროცესში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე მიმართულებას წარმოადგენს. როგორც წესი, საკვების მიღებაზე მოკლევადიანი უარი (სითხეების მიღების პარალელურად) არ აღიქმება ჯანმრთელობისთვის შეუქცევად საფრთხედ, თუმცა შიმშილობის დაწყებიდან 48 – 72 საათის შემდგომ, მდგომარეობა მძიმდება და სერიოზული ხდება.[25] მეორე მხრივ, აბსოლუტურ შიმშილობის შემთხვევაში, გარდაცვალება რამდენიმე დღეში დგება.[26]

მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით რელევანტურია, არის თანასწორობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს პატიმრებისათვის ისეთივე ხარისხის სამედიცინო დახმარების მიწოდებას, როგორითაც ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულების მიღმა ისარგებლებდნენ.[27] თუმცა, ჯანდაცვის უზრუნველყოფა მხოლოდ ამ პრინციპით არ შემოიფარგლება.

საპატიმროში მოშიმშილის სიცოცხლისა და პირადი ცხოვრების დაცულობისათვის საჭირო ღონისძიებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკითაა განსაზღვრული. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული მოშიმშილე პატიმრისათვის უზრუნველყოს საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ შიმშილობის თანმდევი შედეგების შესახებ სრული ინფორმირება.

ამასთან, სამედიცინო პერსონალმა, კრიტიკულად უნდა შეამოწმოს შიმშილობის გადაწყვეტილების ნებაყოფლობითობა, რისთვისაც აუცილებელია, გამოირიცხოს ზეწოლისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტორები.[28]

მეტად ცხადია, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის მალტის დეკლარაციით დადგენილი ჩარჩო შიმშილობის სტანდარტების შესახებ, რომლის  სულისკვეთებაც უმთავრესად მოშიმშილე პატიმრისათვის ღირსეული პირობების შექმნაზეა დაფუძნებული. ნიშანდობლივია, რომ მსოფლიოს ექიმთა ასოციაცია მსოფლიოს 113 ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს) ეროვნულ სამედიცინო ასოციაციას აერთიანებს, ამრიგად, მალტის დეკლარაცია ქართველი ექიმებისათვისაც მბოჭავ სახელმძღვანელო მითითებებს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მოშიმშილე პატიმართან მიმართებით, იგივე სამედიცინო ეთიკური სტანდარტები და კონფიდენციალურობის, ინფორმირებულობისა და იძულების დაუშვებლობის პრინციპებია გაზიარებული ეუთო-ოდირის[29], გაერთიანებული ერების წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა[30] და ევროპის საბჭოს წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის კომიტეტის მიერ.[31]

მალტის დეკლარაციის მიხედვით, შიმშილობა - პატიმრისათვის, უკანონობის გაპროტესტებისა და სამართლიანობის აღდგენის უკიდურეს და ერთადერთ ზომად განიმარტება, ამრიგად ერთ-ერთ ბაზისურ პრინციპად სწორედ შიმშილობა გამოცხადებული ადამიანის პირადი ავტონომიის პატივისცემაა დასახელებული. დეკლარაციით  დადგენილია, რომ შიმშილობის გამოცხადებისთანავე მყისიერად უნდა იქნას შეფასებული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა მოსალოდნელი სიმპტომებიცა და გართულებებიც წინასწარ იქნას განჭვრეტილი და პატიმარიც დროულად ინფორმირდეს შიმშილობის თანმხლები რისკების შესახებ.

ამასთან, სამედიცინო ეთიკით, დაუშვებელია მოშიმშილის ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი  მანიპულაციის ჩატარება, მისი იძულება და  დაყოლიება- “ინფორმირებული და ნებაყოფლობით გაცხადებული უარის უგულებელყოფა და მოშიმშილის ცდუნება ანდა შეცდომაში შეყვანა, გაუმართლებელია და სამედიცინო ეთიკური სტანდარტების ფუნდამენტურ დარღვევას წარმოადგენს”.[32]

დამატებით, დეკლარაცია ექსპლიციტურად ადგენს მოშიმშილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი ექიმის ვალდებულებას, ყოველდღიურად აწარმოოს პაციენტის დეტალური სამედიცინო ისტორია, სადაც ყოველ დღე განახლებულად უნდა აისახოს მოშიმშილის ინფორმირებული ნება შიმშილობაზე და  პაციენტის პოზიცია ჩასატარებელი სამედიცინო პროცედურების თაობაზე.[33] ამასთან,  მოშიმშილე პატიმარს უნდა შეეძლოს მკურნალობის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და ამავდროულად მას რუტინულად უნდა ეცნობოს მისი უფლების შესახებ, შეიცვალოს ექიმი ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული შეფასება სხვა ექიმისაგანაც მიიღოს.[34]

თავის მხრივ, სამედიცინო ეთიკა უმთავრესად კონფიდენციალურობის პრინციპზეა დაფუძნებული, ამრიგად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეთიკური სტანდარტია, რომ მოშიმშილე პატიმრის სამედიცინო შემოწმებისას ის თანამესაკნეებისაგან განცალკევებით იმყოფებოდეს და ექიმთან განხილული საკითხები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, კონფიდენციალური იყოს (თუკი არ არსებობს მოშიმშილის გამოხატული ნება  საწინააღმდეგოს შესახებ).[35]

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ამ პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული, სახელმწიფო სისტემისგან ჯანდაცვის პროფესიონალების დამოუკიდებლობაა, რადგან მას შეუძლია, ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს პაციენტის ინტერესებსა და დამსაქმებლის მიმართ ლოიალობას შორის.[36] სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოშიმშილესთან ნდობის შექმნის პროცესში, რაც არ იარსებებს, თუ ექიმი პენიტენციური სისტემის ნაწილად აღიქმება.

2.2.  იძულებითი კვების საკითხი

მოშიმშილე პატიმრის თვითგამორკვევისა და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთარი სიცოცხლის განკარგვის ჭრილში,  მჭიდრო კავშირშია სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმის მიერ სამედიცინო ეთიკის აღსრულების ღირებულებით კონფლიქტთან. ხშირად, შიმშილობით შექმნილი თვითსაფრთხე, სამედიცინო პერსონალს  შესაძლოა, პროფესიული დილემის წინაშე აყენებდეს და პატიმარი პაციენტის სიცოცხლის უფლების გარანტირებას,იძულებით კვებით ავალდებულებდეს. 

იძულებითი კვების საკითხზე  მსჯელობისას, ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი თერაპიული ღონისძიებები, თავიანთი არსითა და ბუნებით, ხშირად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ელემენტებს შეიცავს და პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ გარკვეული ქმედებების, მათ შორის კვების იძულებასაც გულისხმობს. თუმცა, სასამართლოს აზრით, სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა მხოლოდ სამედიცინო ეთიკის წესების სრული  დაცვით უნდა ხორციელდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოშიმშილის იძულებით გამოკვებას, სასამართლო, წამებასა და არასათანადო მოპყრობას უთანაბრებს და დაუშვებლად მიიჩნევს.[37]

2.3. რა ტიპის შემოწმება არის გათვალისწინებული მოშიმშილისთვის?

როგორც ზემოთ აღინიშნა, შიმშილობის დაწყებისას მყისიერად უნდა მოხდეს მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. თუმცა, სამედიცინო პერსონალის ფუნქციები ამით არ შემოიფარგლება. საწყისი მონაცემების შესაგროვებლად სამედიცინო და ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შემდგომ, კლინიკური ცვლილებების შესაბამისად, დაახლოებით კვირაში ერთხელ, მან რელევანტური გამოკვლევები უნდა ჩაატაროს. სასურველია, ამგვარი გამოკვლევა განახორციელოს ექიმმა, რომელსაც ადამიანი ენდობა.[38]

ცხრილი N1: საკითხები, რომლებიც უნდა შეფასდეს შიმშილობის დაწყებიდან პირველ 24 საათში:[39]

ცხრილი N 2: პირველადი შეფასების შემდგომი მოქმედებები:[40]

შიმშილობის პროცესში, ჯანმრთელობის დაცვის დროს, უმთავრეს აქტორებად სომატური ჯანმრთელობის ექიმები და შესაბამისი სამედიცინო პერსონალი გვევლინება. თუმცა, მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობასაც. მათი როლი, ერთი მხრივ, შიმშილობის დაწყების პირველ ეტაპზე ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და მხარდაჭერის გარეშე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობის შეფასება შეიძლება იყოს. თუმცა, მისი როლი ასევე ნათლადაა გამოკვეთილი ხანგრძლივი შიმშილობის შემთხვევაში ადამიანის შეფასების პროცესშიც.[41] ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისში უნდა გადამისამართდეს.

2.4. მედიაციისა და დამოუკიდებელი მონიტორინგის მნიშვნელობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შიმშილობის პროცესში შემოდის, მედიაციისა და მოლაპარაკებების მნიშვნელობაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს მედიაციის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ თუ შიმშილობა უკიდურესად ამძიმებს პატიმრის ჯანმრთელობას, კომპეტენტური უწყებების ჩართულობით, მოშიმშილესთან დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული მოლაპარაკებები, რათა თავიდან იქნას არიდებული სიცოცხლისათვის საშიში შედეგის დადგომა.[42] ამ საკითხზე საუბრობს ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაც, რომლის პოზიციის მიხედვით, აუცილებელია არსებობდეს ნეიტრალური შუამავალი, რომელიც მოშიმშილეებსა და სახელმწიფო უწყებებს დაეხმარებოდა გამოსავლის ძიებაში და ხელს შეუწყობდა მოთხოვნების დაყენებაში.[43]

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, რომელიც შესაძლებელია, მონაწილეობდეს შუამავლობის პროცესში - სამედიცინო პერსონალია. შიმშილის დროს ექიმი-პაციენტის ურთიერთობა ხშირად გარდაიქმნება ექიმი-პაციენტი-ხელისუფლების ურთიერთობად.[44] მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის როლის შესრულება ექიმის მოვალეობების მიღმაა, შიმშილობის დროს მისმა ასეთმა როლმა შეიძლება გადამწყვეტი ზეგავლენა იქონიოს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოშიმშილის მოთხოვნები შესრულებადია.[45] მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ექიმმა ნათლად გააკეთოს განცხადება ამის შესახებ.[46] მიუხედავად იმისა, რომ ექიმი შეიძლება განიცდიდეს სხვადასხვა აქტორისგან (მათ შორის, სახელმწიფო უწყებებისგან) ზეწოლას, მან მიუკერძოებლობა უნდა შეინარჩუნოს და იყოს ნეიტრალური შუამავალი მოშიმშილესა და სახელმწიფოს შორის. აღნიშნული, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ მოშიმშილესთან კონსულტაციები ჩატარდეს კონფიდენციალურობის სრული დაცვით, ხოლო სხვადასხვა აქტორებთან (მაგ., ხელისუფლებასთან, მედიასთან თუ ოჯახთან) კომუნიკაცია მხოლოდ პაციენტის წინასწარი თანხმობით განხორციელდეს.[47] არის შემთხვევები, როდესაც მოშიმშილე სისტემის ექიმს არ უცხადებს ნდობას. ამ დროს, პროცესში მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექიმის ჩართვა[48]

დამოუკიდებელი აქტორების როლი მხოლოდ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში არ არის რელევანტური. უმნიშვნელოვანესია მონიტორინგის საკითხიც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის თავისუფლება შეზღუდულია და სახელმწიფოს მომეტებული კონტროლის ქვეშ იმყოფება. სწორედ მონიტორინგმა უნდა მოახდინოს იმის შემოწმება, რომ მოშიმშილის უფლებები დაცულია და მის მიმართ მოპყრობა - ჰუმანური. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი.[49]  პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის სავალდებულოობაზე საუბრობს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტიც, როგორიცაა, ევროპული ციხის წესები (პრინციპი 9), რომლის მიხედვითაც, ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე დამოუკიდებელი მონიტორების მიერ.

III. რას ამბობს ქართული კანონმდებლობა პატიმრის მიერ შიმშილობის პროცესზე?

საქართველოს რეალობაში, შიმშილობის დროს სხვადასხვა სუბიექტის უფლება-მოვალეობები სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით რეგულირდება, მათ შორისაა, საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“. უშუალოდ პროცესის მართვის საკითხები, პენიტენციური კოდექსის მიხედვით, უფლებამოსილი მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.[50] ამგვარ აქტებს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოშიმშილე პირთა მოთავსების პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“,  და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირთა შიმშილობის მართვის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ.“

ძირითადი საკითხები, რასაც სამართლებრივი აქტები ეხება, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • დაუშვებელია მოშიმშილის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა;
  • ადამიანს დაუყოვნებლივ უნდა განემარტოს მოშიმშილის მიმართ მოპყრობის წესები და მისი უფლება-მოვალეობები;
  • პასუხისმგებელმა სუბიექტი ვალდებულია, გამოარკვიოს შიმშილობის მიზეზები და დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
  • თუ პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მოშიმშილის კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება შედის დაწესებულების კომპეტენციაში, დაწესებულებამ დაუყოვნებლივი რეაგირების ფარგლებში, შეძლებისდაგვარად უნდა დააკმაყოფილოს იგი, ხოლო თუ მისი შესრულება სცდება მის კომპეტენციას, მაშინ გატარებული ღონისძიებების შესახებ დაწესებულებამ უნდა აცნობოს მოშიმშილეს, პენიტენციურ დეპარტამენტსა და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უფლებამოსილ ორგანოს. ამგვარი სტანდარტი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არ მოქმედებს;
  • შიმშილობის შესახებ, მოშიმშილის თანხმობის შემთხვევაში, ინფორმაცია მიეწოდება მის ოჯახს ან/და კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სავალდებულოა ამ სუბიექტებისთვის დაუყოვნებლივი შეტყობინება;
  • შიმშილობის დაწყებისას და შემდგომ რეგულარულად, ექიმი ვალდებულია, ადამიანს აცნობოს საკვების მიღებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
  • შიმშილობის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 საათისა, მოშიმშილეს უნდა ჩაუტარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. მოშიმშილის თანხმობის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია, მინიმუმ დღეში ორჯერ განახორციელოს სამედიცინო შემოწმება;
  • იძულებითი მკურნალობა აკრძალულია. ექიმს უფლება აქვს, გაუწიოს სამედიცინო მომსახურება პირს, თუ იგი ამის წინააღმდეგი არ არის, ხოლო უარის შემთხვევაში, შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე ექიმი პასუხს არ აგებს. იძულებითი სამედიცინო ჩარევა, მათ შორის, ხელოვნური კვება, მაშინ უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც ამგვარი დახმარების გარეშე გარდაუვალია ადამიანის სიკვდილი, რაც დასტურდება მინიმუმ ერთი სხვა ექიმის მიერაც;
  • ექიმს ეკრძალება მოშიმშილე ადამიანის ხელოვნური კვება, თუ ის უარს აცხადებს საკვების ბუნებრივი გზით მიღებაზე და ექიმის აზრით, მას შესწევს შიმშილობის შედეგების დამოუკიდებლად და გონივრულად შეფასების უნარი;
  • ექიმი ვალდებულია, ყოველდღიურად დაელაპარაკოს მოშიმშილეს და დაადგინოს, რამდენად სურს შიმშილობის გაგრძელება და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, როდესაც მას არ ექნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • თუ მოშიმშილის ადგილზე დატოვება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა;
  • თუ ადამიანი შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ექიმს უფლება აქვს, იმოქმედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად პირის მიერ მანამდე გაცხადებული ნებისა.

კანონმდებლობით ასევე გათვალისწინებულია მოშიმშილეების უფლებებზე ზედამხედველობის ზოგადი გარანტიები. მაგალითისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული პირის მიმართ ამ დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და უფლებების დარღვევის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა ან/და საქართველოს სახალხო დამცველის (მათ შორის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის) ინფორმირების ვალდებულება ექიმს ეკისრება.[51] მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული მოშიმშილის უფლებების დარღვევის შეტყობინების ვალდებულება აქვს იზოლატორის მოსამსახურეს, ხოლო მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოშიმშილეთა შემთხვევაში, ამგვარი ვალდებულება უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების მოსამსახურეს ეკისრება.[52]

მოშიმშილეთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს სახალხო დამცველს, რომელსაც უფლება აქვს, მათ შორის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მეშვეობით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის შესამოწმებლად, დაუბრკოლებლად შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, ასევე, ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები და მოიწვიოს სპეციალისტები ამ მიზნით.[53] ფუნქციებიდან გამომდინარე, მას შეუძლია როგორც არასათანადო მოპყრობისა და წამების, ისევე, როგორც სხვა უფლებების შელახვის ფაქტების იდენტიფიცირება და რეაგირება, ასევე, მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად მულტიდისციპლინურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა და მათი მეშვეობით, მონიტორინგის განხორციელება. სწორედ ამგვარი ჯგუფი შექმნა სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისათვის სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.[54] თუმცა, იგივე მექანიზმი არ შექმნილა სხვა მოშიმშილეებთან - აფგან სადიგოვთან და თემურ ქათამაძესთან - მიმართებით.

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისათვის სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.[55] თუმცა, იგივე მექანიზმი არ შექმნილა სხვა მოშიმშილეებთან - აფგან სადიგოვთან და თემურ ქათამაძესთან - მიმართებით.  მოშიმშილეთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს სახალხო დამცველს, რომელსაც უფლება აქვს, მათ შორის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მეშვეობით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის შესამოწმებლად, დაუბრკოლებლად შევიდეს პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, ასევე, ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები და მოიწვიოს სპეციალისტები ამ მიზნით.[56] ფუნქციებიდან გამომდინარე, მას შეუძლია როგორც არასათანადო მოპყრობისა და წამების, ისევე, როგორც სხვა უფლებების შელახვის ფაქტების იდენტიფიცირება და რეაგირება, ასევე, მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად მულტიდისციპლინურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა და მათი მეშვეობით, მონიტორინგის განხორციელება. სწორედ ამგვარი ჯგუფი შექმნა

შეჯამება

შიმშილობა საქართველოს რეალობაში „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობის ერთ-ერთ გზად იქცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში უფლებების სისტემური დარღვევების ფონზე, ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ და მმართველ პარტიას მათი ხმა არ ესმის. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა პოლიტიკურ აქტად აღიქმება და პროცესის ცენტრში ადამიანის ინფორმირებული გადაწყვეტილება და ავტონომია დგას, მის შედეგებზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. პასუხისმგებლობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ახლა, რადგან შიმშილობის ხანგრძლივობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და, შესაძლოა, უმძიმესი შედეგები მოჰყვეს. თუმცა, მიუხედავად კრიტიკული პერიოდისა, „ქართული ოცნება“ განაგრძობს პროტესტის მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას, გაურბის პოლიტიკურ, სამართლებრივ და მორალურ პასუხისმგებლობას, არ ცდილობს დიალოგს/მედიაციას მოშიმშილეებთან და, პირიქით, ცინიკურად მოიხსენიებს მათ, რითაც, ერთი მხრივ, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ისედაც მძიმე პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო მეტად გამწვავებას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]ამ ეტაპზე ექსტრადიცია აკრძალულია 4 მარტამდე, რომლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებასაც სახელმწიფოს პოზიციის შესწავლის შემდეგ მიიღებს.

[2]სოციალური სამართლიანობის ცენტრი, „აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და უკიდურესად კრიტიკულია“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Jrwkspc4.

[3]„აქტივისტმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/vrwkdL96.

[4]ხელმისაწვდომია:[https://cutt.ly/Lrwkf1gk];[https://cutt.ly/zrwkgQUG];[https://cutt.ly/MrwkgMra];[https://cutt.ly/1rwkhKpP];[https://cutt.ly/6rwkjcEu]; [https://cutt.ly/grwkkq83].

[5]„ლაშა  ჩხვიმიანმა შიმშილობა შეწყვიტა“, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/2rwkzzNX.

[6] ხელმისაწვდომია:  [https://cutt.ly/ZrwkR0Cw]; [https://cutt.ly/grwkTRfc]; [https://cutt.ly/4rwkT1up].

[7]საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №169,  პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მე-2 მუხლი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/FrwkUiOJ

[8]World medical Journal, “WMA Declaration of Malta-A background paper on the ethical management of hunger strikes” გვ,36, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/KrwkIXd1

[9] Bufkin S., The Hunger Strike as a Biopolitical Technology: Re-reading the 1981 Irish Republican Prison Protest, “Cultural Studies”, 2024, გვ. 3-4.

[10]World medical Journal, “WMA Declaration of Malta-A background paper on the ethical management of hunger strikes” გვ, 36.

[11] Anderson, P., So much wasted: hunger, performance, and the morbidity of resistance, 2010, გვ. 123; Shah, N., Refusal to Eat: A century of prison hunger strikes, 2022, გვ. 23-24.

[12] Bufkin S., The Hunger Strike as a Biopolitical Technology: Re-reading the 1981 Irish Republican Prison Protest, “Cultural Studies”, 2024, გვ. 4-5; Machin, A., Hunger power: The embodied protest of the political hunger strike, “A journal for and about social movements”, 2016, Vol. 8, No. 2, გვ. 169 - 170.

[13]Hunger strike among detainees: guidance for good medical practice, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/lrwkPIZ0

[14]Bahrain Independent Commission of Inquiry, Fact Sheet: Hunger Strikes, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/ZrwkApQC

[15]Møller L., Stöver H., Jürgens R., Gatherer A. & Nikogosian H., Health in prisons: a WHO guide to the essentials in prison health, 2007, გვ. 39; იხ, ასევე:https://cutt.ly/ArwkSXsT

[16]Voluntary Protest Fasts- Information for Detainees, გვ. 5 – 6, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/XrwkDP0x

[17]Møller L., Stöver H., Jürgens R., Gatherer A. & Nikogosian H., Health in prisons: a WHO guide to the essentials in prison health, 2007, გვ. 39.

[18] Voluntary Protest Fasts- Information for Detainees, გვ. 6;  იხ, ასევე: Reyes H., Management of Hunger Strikes in Detention, გვ. 168.

[19] Voluntary Protest Fasts- Information for Detainees, გვ. 6; იხ, ასევე: WMA Declaration of Malta, A Background Paper on the Ethical Management of Hunger Strikes, “World Medical Journal”, Vol. 52, No.2, გვ. 38.

[20]Møller L., Stöver H., Jürgens R., Gatherer A. & Nikogosian H., Health in prisons: a WHO guide to the essentials in prison health, 2007, გვ. 40.

[21]Voluntary Protest Fasts- Information for Detainees, გვ. 6.

[22]იქვე, გვ. 6-7.

[23]European Court of Human Rights, Factsheet-Hunger strikes in detention, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/xe63hzHd.

[24]საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მე-10 მუხლი, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ze64A9XY.

[25]World medical Journal, “WMA Declaration of Malta-A background paper on the ethical management of hunger strikes”, გვ. 36.

[26]Hunger strike among detainees: guidance for good medical practice.

[27]იქვე.

[28]Case of Makharadze and Sikharulidze v. Georgia, §83.

[29]OSCE-ODIHHR,”სახელმძღვანელო ნელსონ მანდელას წესების შესახებ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ გაეროს განახლებული მინიმალური სტანდარტული წესების განხორციელება”- იმ შემთხვევებში, როდესაც პატიმარი შეწყვეტს ჭამას პროტესტის მიზნით, რომ მიაღწიოს ცვლილებას რეჟიმში ან მოიპოვოს წარმოდგენილი ან ფაქტიური უფლებები, სხვადასხვა ადამიანის უფლებების დარღვევის საფრთხე წარმოიშობა, როგორიცაა ჯანმრთელობის უფლება, სიცოცხლის უფლება და წამებისა და არასათანადო მოპყრობის აბსოლუტური აკრძალვა.“

[30]CAT/C/ISR/CO/5: „The State party should guarantee that persons deprived of liberty who engage in hunger strikes are never subjected to ill-treatment or punished for engaging in a hunger strike and are provided with necessary medical care in accordance with their wishes. It should also take the legislative and other measures necessary to ensure that persons deprived of liberty, competent to take informed decisions, who engage in hunger strikes are never subjected to feeding or other medical treatment against their will, as these are practices that may amount to torture or ill-treatment.“

[31]CPT/Inf (2007)10:„The CPT has refected upon this issue in one of its visit reports. State authorities have a duty of care with respect to persons in their custody. This duty of care includes the protection of a detained person’s life, including the prevention of suicide and of any other act by the person concerned likely to cause death or irreversible physical damage. Therefore, a decision to feed against his will a prisoner on hunger strike can in principle be justifed in order to prevent the prisoner from sufering irreversible physical damage or death. On the other hand, the majority of national legislations in Europe, as well as relevant inter‑ national medical ethical codes, today consider that a competent adult may choose to refuse medical treatment even if it could save his life.“

[32]WMA Declaration of Malta on Hunger Strikers, Principle 4, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/HrqiRq5i.

[33]იქვე, Principle 13.

[34]იქვე.

[35]იქვე. Principle 4.

[36]Pont J, Stöver H, Wolff H., Dual Loyalty in Prison Health Care, “American Journal of Public Health”, Vol. 102(3), 2012, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/MrwkCnuY.

[37]Case of Nevmerzhitsky, v. Ukraine, §93.

[38]Hunger strike among detainees: guidance for good medical practice.

[39]შენიშვნა: ინფორმაცია აღებულია სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალიდან, ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/qrwk3Uyj.

[40]იქვე.

[41]იქვე.

[42]Case of Makharadze and Sikharulidze v. Georgia, §83.

[43]International Committee of The Red Cross, “The ICRC’s role in hunger strikes and key working principles”, ხელმისაწვდომია:https://cutt.ly/Zrwk7gey.

[44]Hunger strike among detainees: guidance for good medical practice.

[45]World medical Journal, “WMA Declaration of Malta-A background paper on the ethical management of hunger strikes, გვ. 39-40.

[46]იქვე, გვ. 39.

[47]Hunger strike among detainees: guidance for good medical practice.

[48]World medical Journal, “WMA Declaration of Malta-A background paper on the ethical management of hunger strikes, გვ. 38.

[49] Alempijevic D., Pavlekic S., Jecmenica D., Nedeljkov A., Jankovic M., Ethical and Legal Consideration of Prisoner’s Hunger Strike in Serbia, “Journal of Forensic Sciences”, 2011, Vol. 56 (2).

[50]პენიტენციური კოდექსი, მ. 111 (8).

[51] საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის N 169 ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, დანართი N 1, მ. 5 (10).

[52] საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 მარტის N MIA 2 18 0001/134  ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ პირთა შიმშილობის მართვის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ”, დანართი N 1, მ. 4 (5) – (6); საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N 693 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოშიმშილე პირთა მოთავსების პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, დანართი N 1, მ. 4 (7).

[53]საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, მ. 18 (ბ), 18 (დ), 19 – 20.

[54]ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/frwlgnOC

[55]იქვე.

[56]საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, მ. 18 (ბ), 18 (დ), 19 – 20.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“