[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

აფგან სადიგოვი სრულ შიმშილობას აგრძელებს

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აფგან სადიგოვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და რედაქტორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც 142 დღეა შიმშილობს და ექსტრადიციის რისკის წინაშე იმყოფება.

3 თებერვალს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე.  ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ზომა, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას.

5 თებერვალს აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს და  ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ის კვლავ აგრძელებს სრულ შიმშილობას. [1]

აფგან სადიგოვი უკვე 142 დღეა შიმშილობს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამს შეადგენს, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.

აფგან სადიგოვმა შიმშილობა ჯერ კიდევ 2024 წლის 21 სექტემბერს დაიწყო, ორი ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობისა და გადაწყვეტილებების საპასუხოდ. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე იმყოფება.

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მის მდგომარეობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის მიმდინარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მოქმედი კანონმდებლობა შიმშილობის 4 ფორმას გამოყოფს: ა) შიმშილობა − მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, მაშინ როდესაც ორგანიზმი არ ღებულობს მისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ან ღებულობს, მაგრამ არასაკმარისი რაოდენობით; ბ) არასრული შიმშილობა − მდგომარეობა, როდესაც მიღებული საკვები არ არის საკმარისი ენერგიის საერთო დანახარჯებთან შედარებით; გ) სრული შიმშილობა − მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ღებულობს მხოლოდ წყალს; დ) აბსოლუტური შიმშილობა − მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი არ ღებულობს არც საკვებს და არც წყალს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“