[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

აფგან სადიგოვი უკიდურეს ზომას მიმართავს, მან მშრალი შიმშილობა დაიწყო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სურს საზოგადოებას მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია მის მიმართ უფლების დარღვევის ახალი ტენდენციების შესახებ.

აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს სრული შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა ელექტროლიტების და წყლის მიღებაზე, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. აფგანი დღევანდელი მდგომარეობით 56 კილოგრამს იწონის (დაკავების შემდეგ 30 კილოგრამი დაიკლო), და თავად პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი იყოს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აფგან სადიგოვი უკვე 136 დღეა, თბილისში N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა.

მან შიმშილობა ჯერ კიდევ 2024 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა, მის მიმართ ორი ავტორიტარული რეჟიმის უსამართლო მოპყრობისა და გადაწყვეტილებების გამო. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს აფგან სადიგოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

მთელი ამ დროის განმავლობაში მას გამოცხადებული ჰქონდა სრული შიმშილობა, რაც გულისხმობს მხოლოდ წყლის მიღებას და, უკიდურეს შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში მისი თანხმობით სპეციალური დანამატების, ელექტროლიტების მიღებას.

აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ მას შემდეგ, რაც აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში სისხლის სამართლის წესით 2020 წელს გამოძალვის ბრალდებით მეორედ დააკავეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან პატიმრობაში 242 დღე იშიმშილა. მას საკუთარი ჯანმრთელობის ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა.

2 თებერვალს მისი მხრიდან სრული შიმშილობის დაწყების მიზეზი გახდა 2025 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლე ლელა მარიდაშვილი პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობით დაეთანხმა და აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გახანგრძლივა. პროკურატურამ არ წარმოადგინა არცერთი ხელშესახები, რეალური მტკიცებულება, რომელიც აფგან სადიგოვის მიმალვის საფრთხეს დაასაბუთებდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელმაც საქართველოს მთავრობას 2024 წლის 4 მარტამდე აუკრძალა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და დაგვპირდა, რომ 4 მარტს მიიღებს საფუძვლიან გადაწყვეტილებას დროებითი ღონისძიების ხანგრძლივი გამოყენების შესახებ.

აფხან სადიგოვის ბრაზისა და შიმშილობის კიდევ ერთი მიზეზი მისთვის აზერბაიჯანულ ენაზე ლიტერატურის მიწოდების პრობლემაა. აფგან სადიგოვმა მიმდინარე წლის იანვარში სურვილი გამოთქვა, რომ მას შესაძლებლობა მიეცა დაწესებულებაში აზერბაიჯანულ ენაზე წიგნი წაეკითხა. აღნიშნულის მოთხოვნით, აფგან სადიგოვის ადვოკატებმა N18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორს მიმართეს და ითხოვეს, მისთვის ერთ-ერთი ქართული მხატვრული ლიტერატურის აზერბაიჯანული თარგმანის გადაცემა, რაზეც უარი მიიღეს. როგორც დაწესებულების წარმომადგენლებისგან ზეპირსიტყვიერად განგვიმარტა, დაწესებულებაში ქართული ენის გარდა დასაშვებია მხოლოდ რუსულ და ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ლიტერატურის გადაცემა.

მსგავსს რეგულაციებს არ ითვალისწინებს თავად სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ეთნიკური უმცირესობები მთლიანი მოსახლეობის 13.2%-ს შეადგენენ და მათი დიდი ნაწილი ძირითადად მშობლიურ ენაზე საუბრობს, კითხულობს და წერს, შემაშფოთებელია, რომ აზერბაიჯანულენოვანი ლიტერატურას ციხის ადმინისტრაცია არ უშვებს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ საპატიმრო დაწესებულებებში სასჯელს იხდიან არამარტო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ ფლობენ არც ქართულ, არც რუსულ და არც ინგლისურ ენას. სახელმწიფოს მიერ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა თავად ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს და ბლანკეტურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უფლების შეზღუდვას აწესებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვისთვის აზერბაიჯანული ლიტერატურის გადაცემის შაბლონურ უარს ზემდგომ ორგანოში გაასაჩივრებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას საქმეზე განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“