საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელება კიდევ 3 თვით მოითხოვა. პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღესვე დააკმაყოფილა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაგრძელდა. სასამართლო პროცესზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასაბუთებდა, რომ არ არსებობდა აფგან სადიგოვის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლები და სასამართლოს შეეძლო მის მიმართ გამოეყენებინა გირაო 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს პროკურატურა პატიმრობის გამოყენების საფუძვლად ექსტრადიციის პროცესის დაუსრულებლობას, მიმალვის საფრთხესა და საქართველოში ოჯახური კავშირების არარსებობას უთითებდა, თუმცა არცერთი ხელშესახები, რეალური მტკიცებულება, რომელიც ამ საფრთხეების არსებობას დაადასტურებდა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არ ყოფილა.
როგორც ცნობილია, აფგან სადიგოვი თბილისში 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 4 აგვისტოს წინასწარი 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რაც 1 ნოემბერს კვლავ სამი თვით გაგრძელდა. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი 4 თვეზე მეტია პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. აფგან სადიგოვის ექსტრადირებას ითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკა იქ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლით, თუმცა საქმის გარემოებებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის ბრალდება ჟურნალისტის მიმართ სრულიად უსაფუძვლოა და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში მისი დასჯის მიზნით არის მოთხოვნილი. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნიეს 2024 წლის ნოემბერში და დეკემბერში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს (მანამდე კი 2024 წლის 9 დეკემბერს) მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim Measure) გამოყენება და აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერება. ეს მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და საჭირო ხდება სახელმწიფოების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების შეჩერება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს და 2025 წლის 28 იანვარს მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანისთვის აკრძალულია 2025 წლის 4 მარტამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებებია და 2025 წლის 4 მარტისთვის სასამართლო კვლავ მიიღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის უფრო ხანგრძლივი ვადით შეჩერებასთან დაკავშირებით.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს წინაშე სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან ერთად წარდგენილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილებაც ექსტრადიციის პროცესის შეჩერებაზე, თუმცა, სასამართლომ აღნიშნულიც სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა და ფორმალურად მიუთითა, რომ არსებობდა საექსტრადიციო პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლები. სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
აფგან სადიგოვი azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და სოციალურ საკითხებზე. მისი პუბლიკაციები ხშირად ეძღვნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკასა და ადგილობრივი ოფიციალური პირების უკანონო საქმიანობას. აფგან სადიგოვი მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მკურნალობის მიზნით.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2020 წლის გაზაფხულზე ის სახლიდან სასურსათო მაღაზიაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე საათის შემდეგ, მის სახლში პოლიციელები მივიდნენ და მეუღლეს შეატყობინეს, რომ აფგან სადიგოვი დაკავებული იყო. 2 წლისა და 15 დღის შემდეგ, ჟურნალისტი ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში 242 დღე იშიმშილა. პატიმრობის შემდეგ დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე მან საზღვარგარეთ იმკურნალა და შემდეგ ისევ დაბრუნდა აზერბაიჯანში. თუმცა, მალევე მისთვის საფრთხისშემცველი გარემოებების გამო ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოვიდა და თბილისიდან დისტანციურად აგრძელებდა საქმიანობას, მაგრამ აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე იგი 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს.
არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს აფგან სადიგოვის ექსტრადიციას აზერბაიჯანში და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ექსტრადიციაზე უარის თქმისკენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას საქმეზე განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.
ინსტრუქცია