[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

საერთო სასამართლოებმა აფგან სადიგოვის ექსტრადიცია დაუშვეს, თუმცა კიდევ რჩება ამ პროცესის შეჩერების ბერკეტები

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო მაღალი პოლიტიკური და უფლებრივი მნიშვნელობის მქონე საქმეზე დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის დემონსტრირება. სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს აბსოლუტური ხასიათის უფლებების დაცვის უმაღლესი პრინციპი და ჟურნალისტი გაწირეს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასტიკი დევნისთვის.

2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 დეკემბრის განჩინებებით დასაშვებად იქნა მიჩნეული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და რედაქტორის აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში. სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით მიმდინარე წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. აფგან სადიგოვს ამ დრომდე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს საექსტრადიციო პატიმრობა და ის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში 2 თვეზე მეტია შიმშილობს. ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები პროკურატურის აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტის ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავდა მიზნად, რაც არსებითად მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებებისა და კორუფციის კრიტიკას უკავშირდება და ამიტომ ის დაუშვებელი იყო.

დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა არა ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა როგორც აფგან სადიგოვის აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას აზერბაიჯანში, ისე წინა წლებში მის თვითნებურ და განგრძობად სამართლებრივ დევნას ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან. ამ კუთხით სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, განცხადება და წერილი, რომელშიც ისინი უთითებდნენ რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნიდა და დევნის მექანიზმად მის წინააღმდეგ სწორედ დაუსაბუთებელი სისხლისსამართლებრივი ბრალდებების წარდგენასა და ადმინისტრაციულ დაკავებებს იყენებდა.

აფგან სადიგოვის დამცველები აგრეთვე უთითებდნენ, რომ ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ წარდგენილი ბრალდებების აშკარა დაუსაბუთებლობა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს შორის არსებული აშკარა წინააღმდეგობა, აჩვენებს, რომ დევნას მის წინააღმდეგ თვითნებურია და დისკრიმინაციული და სინამდვილეში მისი პროფესიული საქმიანობის გამო დასჯას ისახავს მიზნად.

აღნიშნული ინდივიდუალური გარემოებების გარდა, აფგან სადიგოვის დამცველები სასამართლოების წინაშე ასაბუთებდნენ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ფიქსირდება აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მასობრივი დევნის, ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე სამართლიან სასამართლოზე უფლების დარღვევის უმძიმესი პრაქტიკა, რის გამოც, აშკარაა, რომ აფგან სადიგოვი სხვა არა ერთი ჟურნალისტის მსგავსად საბაზისო უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად შეაფასეს საქმის გარემოებები და მიიჩნიეს, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს აფგან სადიგოვის მიმართ წამებისა, არასათანადო მოპყრობის რისკები, რადგან საქმეში წარმოდგენილია აზერბაიჯანის კომპეტენტური უწყებების მიერ გაცემული დიპლომატიური გარანტიები. ამასთან, სასამართლოების შეფასებით საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ იგი ჟურნალისტურ საქმიანობის გამო იდევნება. სამწუხაროდ, სასამართლოებმა სათანადო სამართლებრივი შეფასებები არ მისცეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის Amnesty International-ის და ეუთოს შეფასებებს, სადაც ისინი ღიად და პირდაპირ უთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს, ვინაიდან აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში დადგება არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე.

საერთო სასამართლოების მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და ის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საქმეებზე ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების შეკავებასა და კონტროლს. სასამართლოებმა ეს ვერ შეძლეს ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა სამართლით აბსოლუტურად დაცული უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სასამართლოებმა დასაშვებად ცნეს აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, ექსტრადიციის პროცედურა პრაქტიკულად ვერ განხორციელდება მანამ სანამ არ დასრულდება საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული სასამართლო დავა, რომელიც ამ ეტაპზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

ამასთან ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს აქვს შესაძლებლობა ექსტრადიციის თაობაზე მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება და ჟურნალისტი არ გადასცეს აზერბაიჯანს. ამ შემთხვევაში მინისტრი ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და იგი უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს

ანრი ოხანაშვილს

არ დაუშვას აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და გაითვალისწინოს ჟურნალისტის მიმართ აბსოლუტური უფლებების დარღვევის სერიოზული რისკები, ჟურნალისტების ოჯახის უსაფრთხოების და მომავლის დაცვის მაღალ ინტერესი და არ დაუშვებს მისი ექსტრადიცია;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

მიანიჭოს აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვა და ამ გზით დაიცვას ჟურნალისტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, ასევე თვითნებური დევნისკენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და სათანადო დროს ასევე გამოიყენებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“