საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
ჩვენი შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლიელა ფოლადიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის აშკარად დაუსაბუთებელი, სრულად იმეორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შინაარსს და არ შეესაბამება საერთაშორისო დაცვის საკითხების განხილვასთან დაკავშირებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დადგენილ სამართლებრივ სტანდარტებს.
თბილისი საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის აშკარა და განგრძობადი დევნის ფაქტებზე მიუთითებდა. სასამართლომ სიტყვასიტყვით გაიმეორა შსს მიგრაციის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული მსჯელობა და პრაქტიკულად ყოველგვარი შეფასების მიღმა დატოვა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და მნიშვნელოვანი არგუმენტები.
კერძოდ,
1. სასამართლომ მიიჩნია, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არ ექვემდებარება დევნას მისი პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, დევნის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელემ ვერ წარუდგინა შსს მიგრაციის დეპარტამენტს და ვერ დაადასტურა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაკავებების დისკრიმინაციული საფუძვლები.
ჩვენი მტკიცებით, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან ჩვენს მიერ წარდგენილ იქნა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, სადაც მითითებულია, რომ აფგან სადიგოვი სწორედ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დასჯის მიზნით რამდენჯერმე დააპატიმრეს აზერბაიჯანში, როგორც სისხლისსამართლებრივი (2-ჯერ), ისე ადმინისტრაციული წესით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს წარუდგინა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის 2024 წლის 8 ნოემბრით დათარიღებული წერილი, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იდევნებოდა სწორედ ჟურნალისტური საქმიანობის გამო. ამასთან წერილში წარმოდგენილია ინფორმაცია აზერბაიჯანში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნისა და დასჯის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესახებ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 2018 წლის ივლისში ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს აფგან სადიგოვი გახდა ელექტროშოკით წამების მსხვერპლი, რაც საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მეგობრული მორიგების ფარგლებში აზერბაიჯანის მიერ უფლების დარღვევის აღიარებითა და მისთვის კომპენსაციის გადახდის ფაქტით დასტურდება. 2020 წელს სისხლის სამართლებრივი წესით დაკავების დროს კი აფგან სადიგოვი 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა მის მიმართ მიმდინარე დევნის დაუსაბუთებლობისა და პოლიტიკური დევნის გამო.
2. ამასთან სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამტკიცებდა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ამჟამად მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა აშკარად (prima facie) დაუსაბუთებელია, რაც კარგად საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შორის აშკარა წინააღმდეგობის და დაუსაბუთებლობის პრობლემაში. ამ ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ თავშესაფრის საკითხის განხილვის ნაწილში ამ საკითხის განხილვა არარელევანტური იყო.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის გარემოებების შეფასება პირდაპირ კავშირშია თავშესაფრის საკითხის განხილვასთან, რადგან სასამართლოს მიერ უნდა გამოირიცხოს წარმოშობის ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი დევნის თვითნებური და შესაძლო დისკრიმინაციული ხასიათი.
ამ კუთხით ჩვენს მიერ წარდგენილ იქნა ვიდეო, რომელიც ასევე ადასტურებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აფგან სადიგოვის მიმართ დევნის დაუსაბუთებლობას. ჩვენ ვუთითებდით, რომ საქმეზე აზერბაიჯანის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულება - ვიდეო ჩანაწერი, რომლის მეშვეობითაც თითქოს აფგან სადიგოვი დაზარალებულს აშანტაჟებდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მითითებულ ბრალში წარდგენილ თარიღამდე რამდენიმე თვით ადრე იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი და იგი დღემდე იძებნება საჯარო წყაროებით. შესაბამისად, უკვე გასაჯაროებული ვიდეოთი ის კონკრეტულ პირებს ვერ დააშანტაჟებდა, რაც პირდაპირ მიუთითებს აფგან სადიგოვის მიმართ წარდგენილი ბრალის აბსურდულობაზე. სამწუხაროდ თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს გარემოებაც შეფასების მიღმა დატოვა.
3. სასამართლომ ასევე სათანადოდ არ შეაფასა წარმოშობის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული კრიტიკული და უმძიმესი მდგომარეობა, განსაკუთრებით კი ჟურნალისტების, უფლებადამცველების, აქტივისტების, ოპოზიციონერების დევნისა და ციხეში არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკები. სასამართლომ მიიჩნია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და საპატიმროებში ფიქსირდება გარკვეული პრობლემები, თუმცა, არ ფიქსირდება პატიმრების წამების, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რის გამოც, მისი მტკიცებით, თავშესაფრის მაძიებელი არ დადგება ამგვარი რისკების წინაშე.
სასამართლოს აღნიშნული განმარტება სრულად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის (ევროპის საბჭო), სახელმწიფოს (აშშ, ნიდერლანდები), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის (ამნესტი ინტერნეიშენალი, HRW და ა.შ.) ანგარიშები და განცხადებები) მიუთითებდნენ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუდმივად ირღვევა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების, უფლებადამცველების, სამოქალაქო აქტივისტების უფლებები და მათი დასჯის მიზნით აზერბაიჯანის ხელისუფლება ყველაზე ხშირად სწორედ ფაბრიკაციული სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმს იყენებს. ამასთან კრიტიკულია წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშები, რომელიც აზერბაიჯანის ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მძიმე პრაქტიკებზე და ბოლო წლებში მათთვის ციხეებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგის შეუძლებლობაზე უთითებს.
სამწუხაროდ, სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში არა თუ არ გაითვალისწინა ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებები და მტკიცებულებები, არამედ მათი შეფასებაც კი არ მოახდინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. მით უფრო, რომ წინამდებარე საქმეში ჩვენ ვამტკიცებთ აფგან სადიგოვის მიმართ ექსტრადიციის შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის აბსოლუტური უფლების, ასევე სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს, რაც ეროვნული სასამართლოების მხრიდან ფრთხილ და მაღალი სტანდარტით შეფასებას ითხოვს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აფგან სადიგოვი 2 თვეზე მეტია შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი სასიცოცხლო პარამეტრები გაუარესეულია და აღენიშნება წონის დრამატული შემცირება. თბილისში იმყოფებიან აფგან სადიგოვის მეუღლე და ორი შვილი. აფგან სადიგოვის მეუღლე ასევე კორესპონდენტია და მისი საქმიანობისა და საჯარო პოზიციების გამო ის მუდმივად იღებს მუქარის შეტყობინებებს, რომელზეც ჩვენ მივწერეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა 1 თვეზე მეტია შსს-ს ჩვენს მიმართვაზე და არა ერთ ზეპირ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოუხდენია.
იმედს გამოვთქვამთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო სათანადოდ შეაფასებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და წარდგენილ მტკიცებულებებს, რომელიც აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის აშკარა დევნის რისკებზე უთითებს და მას საქართველოში საერთაშორისო დაცვას მიანიჭებს. სასამართლომ უნდა გააცნობიეროს, რომ მის გადაწყვეტილებას პირდაპირ ექნება გავლენა აფგან სადიგოვს სიცოცხლეზე, უსაფრთხოებასა და ღირსებაზე.
აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი პროცესის ფარგლებში ასევე ითხოვს რამდენიმე წლის წინ თბილისიდან სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკანონოდ გატაცებული აფგან მუხთარლის გამოკითხვას, რომელსაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აზერბაიჯანში უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების უკიდურესად მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას მიაწვდის სიახლეებს საქმის მიმდინარეობის შესახებ.
ინსტრუქცია