[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს

ხვალ, 28 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება აფგან სადიგოვის საექსტრადიციო საქმის განხილვა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და ითხოვს დასაშვებად იქნეს ცნობილი აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები წარდგენილ შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ისინი ამტკიცებენ, რომ იგი წინა წლებში არაერთხელ იყო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული.

აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედოვნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სწორად შეაფასებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს და არ დაუშვებს სადიგოვის ექსტრადიციას აზერბაიჯანში.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“