[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თვალსაზრისი

ტყუილის ხელოვნება, როგორც მართვის ხელოვნება: ინფორმაციული ავტორიტარიზმის თეორია - ბლოგი III

ლიკა ჩხეტიანი 

ბლოგების სერია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის, „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“, ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

1. შესავალი

მე-20 საუკუნის ავტორიტარული რეჟიმების სტაბილურობის მთავარი დასაყრდენი მასობრივი რეპრესიები და დემონსტრაციულად ძალადობრივი ბუნება იყო. ამ პერიოდის კლასიკური დიქტატორები, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, იოსებ სტალინი, ადოლფ ჰიტლერი და მაო ძედუნი, ასობით ათასი ადამიანის ფიზიკურ განადგურებასა თუ დაპატიმრებაზე არიან პასუხისმგებელნი. მასშტაბურ ტერორთან ერთად, მე-20 საუკუნის რეჟიმების ლეგიტიმურობა დიდწილად დამყარებული იყო ცენტრალიზებულ იდეოლოგიურ დოქტრინაზე, რომელიც საჯარო და კერძო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს განსაზღვრავდა.[1]

21-ე საუკუნეში ავტორიტარიზმი პოლიტიკური რეჟიმის ყველაზე გავრცელებულ და სტაბილურ ფორმად რჩება: 2022 წლის მონაცემების მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის 72% (5.7 მილიარდი ადამიანი) რაიმე ფორმის ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრობდა.[2] 2023 წელს ავტოკრატიზაციის პროცესი 42 ქვეყანაში მიმდინარეობდა, რაც დედამიწის მოსახლეობის 35%-ს შეადგენდა (2.8 მილიარდი ადამიანი).[3] ამის საპირისპიროდ, დემოკრატიზაციას მხოლოდ 18 ქვეყანაში ჰქონდა ადგილი, რაც მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 5%-ს მოიცავს (400 მილიონი ადამიანი).[4]

ამ ტენდენციის მიღმა, თანამედროვე ავტორიტარულ რეჟიმებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილის მოქმედების ბუნება მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა საუკუნის დიქტატორული რეჟიმებისგან: მათი სტაბილურობა ნაკლებად ეყრდნობა ტოტალურ პოლიტიკურ იდეოლოგიას, მასობრივი ძალადობა კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენება. 21-ე საუკუნის ავტორიტარული ლიდერების თვითგადარჩენის არსენალი, რომელიც ბევრად უფრო მრავალფეროვანი, მოქნილი და კომპლექსურია, მიზნად ისახავს არა შიშისა და ტერორის დათესვას, არამედ საზოგადოებრივი აზრის პროაქტიულად შეცვლასა და მართვას. სწორედ ამიტომ, მათი მთავარი იარაღი არა ძალადობა, არამედ ინფორმაციით მანიპულირებაა. ისეთი ავტორიტარული რეჟიმების აღსაწერად, რომლებშიც ინფორმაციული მანიპულაციებისა და საჯარო დისკურსების ხელოვნურად წარმოების როლი გამორჩეულად დიდია, მკვლევრებმა სპეციალური ტერმინი - ინფორმაციული ავტოკრატიაც შემოიღეს, რომლის კლასიკური მაგალითებია ვიქტორ ორბანის მმართველობა უნგრეთში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრეზიდენტობა თურქეთში, რაფაელ კორეა ეკვადორში და სხვ.[5]

წინამდებარე ბლოგი მიმოიხილავს ავტორიტარული რეჟიმების სიცოცხლისუნარიანობის ძირითად წყაროებს, ინფორმაციული ავტოკრატიის კონცეფციას და მის რელევანტურობას საქართველოსთვის.

2. ავტორიტარული სტაბილურობის სამი სვეტი

ავტორიტარული რეჟიმების სიცოცხლისუნარიანობის მიზეზების ახსნას მრავალი თეორია ცდილობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია იოჰანეს გერშევსკის სამი სვეტის თეორია, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ტიპის არადემოკრატიული მმართველობის სტაბილურობა სამი ძირითადი ინსტრუმენტის ერთობლიობაზეა დამოკიდებული. ეს ინსტრუმენტებია: ლეგიტიმაცია, რეპრესია და კოოპტაცია.[6]

ბევრი მკვლევრის აზრით, ავტორიტარული რეჟიმის ლეგიტიმურობაზე მსჯელობა თავისთავად ოქსიმორონია, რადგან ის არ არის ხალხის ნებაზე დამოკიდებული მმართველობის ფორმა, თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ როგორც დემოკრატიაში, ასევე ავტოკრატიაშიც ლიდერებს ძალაუფლების ხანგრძლივად შესანარჩუნებლად ფართო მასებში ლეგიტიმაციის მოპოვება სჭირდებათ.[7] ამ შემთხვევაში ლეგიტიმაცია გულისხმობს არა მხოლოდ მმართველის აქტიურ მხარდაჭერას, არამედ გარკვეული ფორმის ნაგულისხმევი „შეთანხმების“ არსებობას მმართველსა და ხალხს შორის, რომლის საფუძველზეც ფართო მასებს სჯერათ ან პასიურად თანახმა არიან, რომ ლიდერს უფლება აქვს ან/და უნარი შესწევს, რომ მართოს სახელმწიფო. თუ მე-20 საუკუნეში ამგვარი ლეგიტიმაციის მთავარი წყარო უტოპისტური იდეოლოგიური დოქტრინები იყო, თანამედროვე ავტოკრატიებში სახალხო ლეგიტიმაციის ძირითადი წყარო მმართველის ქცევა (performance) და პრაქტიკული მიღწევებია.[8]

რეპრესია ავტორიტარული რეჟიმის განმსაზღვრელი მთავარი თვისებაა. ის შეიძლება იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ინტენსივობის. მაღალი ინტენსივობის ძალადობა დემონსტრაციული და ხილულია. ის ძირითადად გამოიხატება ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა, მაგალითად, მასობრივი დემონსტრაციების უხეში დარბევა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების მკვლელობები და დაპატიმრებები. დაბალი ინტენსივობის ძალადობა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების შედარებით ნაკლებად ცნობად ნაწილს მიემართება და უფრო შეფარულ ფორმებში გამოიხატება, როგორიცაა, მაგალითად, ფიზიკური შევიწროება, თვალთვალი, პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და სხვ.[9]

ავტოკრატიის მესამე ძირითადი საყრდენია კოოპტაცია, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულად რელევანტური ჯგუფების მიმხრობას. ასეთი ჯგუფები, როგორც წესი, არიან ეკონომიკური და სამხედრო ელიტები. ხშირად კოოპტაცია ოპოზიციური პარტიების წევრების მიმხრობასაც მოიაზრებს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მათ მიმართ რეპრესიული მექანიზმების გამოყენება პოლიტიკურად სარისკოა. მიმხრობის ფორმები შეიძლება იყოს როგორც ფორმალური (მაგ. პოლიტიკური თანამდებობების შეთავაზება), ასევე არაფორმალური (კორუფციული და პატრონალისტური კავშირების დამყარება).[10]

ავტორიტარული რეჟიმების სიცოცხლისუნარიანობის ამ სამი მთავარი დასაყრდენისა და მათ შორის არსებული ბალანსის გააზრება აუცილებელი წინაპირობაა ინფორმაციული ავტორიტარიზმის კონცეფციის უკეთ გასააზრებლად, რომელიც შედარებით ნაკლები ინტენსივობით იყენებს რეპრესიებსა და კოოპტაციას და კონცენტრირებულია ლეგიტიმაციის ინფორმაციული მანიპულაციებით შენარჩუნებაზე.

3. ტყუილი, მანიპულაცია და პროპაგანდა

ინფორმაციული ავტოკრატიები, როგორც წესი, თავს დემოკრატიულ სახელმწიფოებად ასაღებენ, შესაბამისად, მათი სტაბილურობა სახალხო ლეგიტიმურობისა და დემოკრატიული ფასადის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.  უმეტეს შემთხვევებში დემოკრატიის ცნებას ისინი პოპულისტური მიზნებისთვის იყენებენ და მასში უბრალოდ უმრავლესობის ნებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების იმიტაციას  გულისხმობენ.  სწორედ ამიტომ, ისინი თავს არიდებენ ძალადობის დემონსტრაციულ გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევებში კი მას ირიბად და ფარულად იყენებენ, რადგან მასობრივი რეპრესიები მათ რეალურად ავტორიტარულ ბუნებას გამოავლენს და შეამცირებს მათ ლეგიტიმაციას როგორც ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში.[11]

ძალადობის ნაცვლად, ინფორმაციული ავტოკრატიები ცდილობენ, პროაქტიულად შეცვალონ საზოგადოებრივი აზრი და განსაზღვრონ ძირითადი პოლიტიკური დისკურსები. თუმცა, ამის მისაღწევად ისინი არ მიმართავენ უტოპისტური იდეოლოგიებით მოსახლეობის ინდოქტრინაციას, ან მედიის აშკარა ცენზურას მარტივი მიზეზის გამო: გლობალიზაციის, ინტერნეტისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეპოქაში, თითქმის შეუძლებელია ხანგრძლივად საზოგადოების დიდი ნაწილის ტოტალური კონტროლი და მათთვის რეალურ ფაქტებთან წვდომის შეზღუდვა.[12] ამიტომ, მმართველის მიზანი არა მედია-გარემოზე მონოპოლიის დამყარება, არამედ მასში დომინანტური როლის მოპოვებაა. შესაბამისად, დამოუკიდებელი მედია მეტ-ნაკლებად თავისუფლად ფუნქციონირებს, თუმცა მმართველი შეფარული ფორმებით ცდილობს მასზე კონტროლის მოპოვებას კერძო ტელევიზიებისა და მედია ორგანიზაციების შესყიდვით ან მედიის მარეგულირებელი ინსტიტუტების მიტაცების გზით. ამგვარად, ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია პლატფორმები საზოგადოებრივი აზრის შექმნაში მთავარი მოთამაშეები ხდებიან. ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედია კვლავ არსებობს, რაც, ერთი შეხედვით, რეჟიმის დემოკრატიულ ბუნებას უსვამს ხაზს, თუმცა მათი წვდომა საზოგადოების დიდ ნაწილამდე შეზღუდულია.[13]

ქცევის ეს მოდელი  ნაცნობია ქართული რეალობისთვისაც, სადაც ოპოზიციური ტელევიზიები და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი მრავალი ირიბი თუ პირდაპირი დაბრკოლების (მაგ. „რუსთავი 2“-ის საქმე, „მთავარი არხის“ ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრება,   მტრული მოპყრობა ჟურნალისტების მიმართ და სხვა) მიუხედავად აგრძელებენ ფუნქციონირებას. მეორე მხრივ კი, „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელი ინფორმაციული ნარატივების შექმნაში კოორდინირებულად არიან ჩართულნი მსხვილი ტელევიზიები: „იმედი“, „რუსთავი 2“, „POSTV“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ინფორმაციის მთავარი წყაროებია.[14]

ინფორმაციულ ავტორიტარიზმში საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მრავალი სხვა სტრატეგია გამოიყენება. ხელისუფლების ლეგიტიმაცია მის წარმატებულობასა და კომპეტენტურობაზე ხაზგასმას ემყარება. შესაბამისად, რეალური ფაქტების მიმართ მოპყრობაც სწორედ ამ ლოგიკას ეფუძნება. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტები მმართველის სასარგებლო შინაარსს ატარებენ, ისინი პროაქტიულად და ხაზგასმულად ცირკულირდება ხელისუფლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო არხების მეშვეობით, ხოლო თუ ისინი მმართველის საწინააღმდეგოდ მეტყველებენ, მთავარი სტრატეგია მათი დამახინჯებულად ინტერპრეტაცია, ბრალეულობის სხვაზე გადატანა, ან უბრალოდ იგნორირებაა. მაგალითად,   2020 წელს უნგრული ფორინტის გაუფასურებაში ვიქტორ ორბანი  უნგრელ-ამერიკელ ფილანტროპსა და მილიარდერს - ჯორჯ სოროსს ადანაშაულებდა, ხოლო 2022 წელს - „ბრიუსელს“. ამასთან, ფაქტების საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ვალუტის გაუფასურების ხარისხი ევროკავშირში კიდევ უფრო მაღალი იყო.[15]

ამგვარი მიდგომა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კომუნიკაციის სტრატეგიისთვისაც დამახასიათებელია. მაგალითად, 2023 წელს, როდესაც აშშ-მა „მნიშვნელოვანი კორუფციის“ ბრალდებით სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, საქართველოს ხელისუფლებამ, ნაცვლად სასამართლო სისტემაში კორუფციისა და გავლენის ინტერესების არსებობის აღიარებისა და შესაბამისი რეფორმების გატარებისა, შემდგომ გზას მიმართა: (1) დაამცირა გადაწყვეტილების რეალური მნიშვნელობა („ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა“ - შალვა პაპუაშვილი[16]); (2) სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას გადააკისრა  („მსურს შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს“ - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის მიმართ გაგზავნილი წერილი, სადაც ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში 2004-2012 წლებში არსებული მძიმე რეალობის „...ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები - მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ“[17]); და (3) უგულებელყო სანქცირების გადაწყვეტილების  ფაქტობრივი საფუძვლები („რაც შეეხება მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულება, გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი, ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ ან საზოგადოებას მაინც უთხრა. საზოგადოებას რატომ უმალავენ?“ –ირაკლი კობახიძე[18]).

ამდენად, ინფორმაციულ ავტოკრატიაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების სხვადასხვა სტრატეგია გამოიყენება, რომელთა საბოლოო მიზანი მმართველის მასობრივი მხარდაჭერის მობილიზება და  სახალხო ლეგიტიმაციის გაზრდაა, რომელიც მას ძალაუფლების ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

4. პოლარიზაცია, პოპულიზმი და კონსპირაციზმი

საჯარო დისკურსების კონტროლის, ინფორმაციული მანიპულაციებისა და საკომუნიკაციო სივრცეებში ჰეგემონური როლის შენარჩუნებისთვის ნოყიერ გარემოს ქმნის საზოგადოებაში პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონე. პოლარიზებული ამომრჩეველი მიდრეკილია, შეიწყნაროს მის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ჯგუფის არადემოკრატიული ქცევა, მომეტებულად დაეყრდნოს პარტიულ მედია საშუალებებს და უგულებელყოს მისთვის არასასურველი ფაქტები.[19] შესაბამისად, პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივება საიმედო საშუალებაა იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავად თქვას უარი ალტერნატიული ინფორმაციის მიღებაზე და საკუთარი ნებით დარჩეს მმართველისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ შექმნილ ინფორმაციულ „ბუშტში.“ პოლარიზაციის გასაღრმავებლად პოლიტიკური აქტორები ცდილობენ, პოლიტიკური ველი ეგზისტენციალურ კონფლიქტში მყოფი ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალის ბრძოლის ველად წარმოაჩინონ, სადაც „კეთილი“ მხარე თავად არიან, ყველა მათი მოწინააღმდეგე კი „ბოროტ“ ძალას წარმოადგენს.[20]

პოლარიზაციის მიზანმიმართულად გამწვავებას „ქართული ოცნების“ არსენალში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ განსხვავების ხაზგასმა მათი ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამ განსხვავების გამოკვეთამ განსაკუთრებულად სისტემური ფორმა ბოლო წლებში მიიღო, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“  თავისი საინფორმაციო კამპანია სრულად დააფუძნა ისეთ სიმბოლოებსა და ნარატივებზე, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის „სისხლიანი ცხრა წელი“, მშვიდობით მანიპულაცია („აბა, ომი გინდათ?“), „რევოლუციური სცენარის“ განვითარების მუდმივი დაანონსება და ოპოზიციურად განწყობილი ძალების მონიშვნა „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად.“[21]

ინფორმაციული ავტოკრატიების ლიდერები ხშირად გამორჩეული პოპულისტებიც არიან (მაგ. ვიქტორ ორბანი). ეს მტკიცება განსაკუთრებით რელევანტურია ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ „ხალხის“, მათი ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული იდენტობის დამცველებად წარმოაჩინონ თავი.[22]  თუმცა, პოპულისტებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიების სახალხო განწყობებთან შესაბამისობაში მოყვანას ცდილობენ, ინფორმაციული ავტოკრატები უფრო შორს მიდიან: ისინი ცდილობენ არა მხოლოდ მოერგონ, არამედ საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეცვალონ სახალხო განწყობები და შემდეგ თავი მათ დამცველებად გამოაცხადონ.[23] ქცევის ამ მოდელს მოგვაგონებს „ქართული ოცნების“ საინფორმაციო კამპანია დასავლეთთან დაკავშირებით, რომელშიც ის საქართველოს დასავლეთიდან მომდინარე “LGBT პროპაგანდისა“ და ეროვნული იდენტობის დაკარგვის არარსებული საფრთხეებისგან დაცვას ცდილობს (მაგ. „ვხედავთ მძიმე ტენდენციებს მსოფლიო მასშტაბით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების კუთხით. ეს პროპაგანდა სულ უფრო უხეშ ფორმებს იძენს. რაც მთავარია, პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, 18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს.“  - მამუკა მდინარაძე[24]).

პოლიტიკური აქტორების მიერ შეთქმულების თეორიების გავრცელება და მათი ოფიციალურ არგუმენტებად გამოყენება პოსტ-სიმართლის ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რომელსაც ინფორმაციულ ავტოკრატიებში განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ.[25] პირველ რიგში, შეთქმულების თეორიების გავრცელება მხარდამჭერთა მობილიზაციის ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, ისინი ძალაუფლებისა და მორალის შესახებ ლიდერის მიერ უკვე შექმნილი წარმოდგენების პირდაპირი „მტკიცებულება“ და ცხადი სიმბოლოა. და ბოლოს, რაც მთავარია, „ამერიკელები“, „ებრაელები“, „მასონები“ თუ „ილუმინატები“ კოლექტიური მტრის ხატის ან განტევების ვაცის როლს ასრულებენ, რომლებსაც რეალურ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მმართველის ნაცვლად დაეკისრებათ. ამასთან, მათთან კავშირში მხილება დამატებით ლეგიტიმაციას ანიჭებს ოპოზიციური ძალების დევნასა და დისკრედიტაციას.[26]

თანამედროვე საქართველოს ისტორიაში კონსპირაციზმით მართვის აშკარა მაგალითია „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში განვითარებული შეთქმულების თეორია „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ. „ქართული ოცნების“ ლიდერების მიხედვით, „გლობალური ომის პარტია“ „გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს“ ნატოსა და ევროკავშირზე და მისი პასუხისმგებლობაა როგორც 2008 წელს რუსეთისა და საქართველოს ომი, ასევე 2014 და 2022 წლებში რუსეთის შეჭრა უკრაინაში[27] (მაგ. „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“ -  ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის 29 აპრილის საჯარო გამოსვლაში[28]).

კონსპირატიზმზე მსჯელობისას ხშირად ისმის კითხვა, რამდენად სჯერათ თავად პოლიტიკურ აქტორებს იმ შეთქმულების თეორიებისა, რომლებსაც ავრცელებენ, თუმცა, ამ კითხვაზე პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე პასუხის გაცემა შეუძლებელია. გარდა ამისა, პოლიტიკური რეჟიმის მანევრირების ლოგიკის შესასწავლად უფრო რელევანტურია, პასუხი ვეძიოთ იმაზე, თუ როგორია საზოგადოების კოლექტიური განსჯის უნარი, რადგან კონსპირაციზმის გამოყენების ბუნებრივ ლიმიტებს საბოლოო ჯამში არა უშუალოდ მმართველის რწმენა, არამედ საზოგადოების ინფორმარებულობის ხარისხი განსაზღვრავს.

5. დასკვნა

ინფორმაციულ საუკუნეში ავტორიტარული რეჟიმების სტაბილურობაც ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებაზეა დამოკიდებული. საზოგადოებრივი აზრის ხელოვნურად ცვლილებისა და მანიპულირების მრავალფეროვანი სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება არადემოკრატიულ ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს, ხანგრძლივად შეინარჩუნონ ძალაუფლება და საზოგადოების ფართო მასებში აქტიურ მხარდაჭერას (ან წინააღმდეგობის სურვილის გაქრობას მაინც) მიაღწიონ. თუმცა, მანევრირების ამგვარ მოდუსში ხანგრძლივად ყოფნა მმართველი ძალის მხრიდან მნიშვნელოვან სიფრთხილესა და გონიერებას მოითხოვს: მან, ერთი მხრივ, დემოკრატიული ფასადის დამაჯერებლად შენარჩუნება უნდა შეძლოს, მეორე მხრივ კი, თავიდან აირიდოს მასობრივი უკმაყოფილება, რომელთან გამკლავებაც, შესაძლოა, რეპრესიების გარეშე შეუძლებელი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველის ინფორმაციული მანიპულაციები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დამაჯერებლობას დაკარგავს, მის წინაშე მხოლოდ ორი ალტერნატივა რჩება: მან დემოკრატიის სასარგებლოდ უნდა დათმოს ძალაუფლება, ან ავტორიტარული რეჟიმების კლასიკურ დასაყრდენს - მასობრივ რეპრესიებს უნდა მიმართოს. ამდენად, ინფორმაციული ავტოკრატიის სტაბილურობა და მოჩვენებითი დემოკრატიულობა მხოლოდ იქამდე გაგრძელდება, სანამ მმართველ ძალას პოლიტიკური ნარატივის კონტროლის უნარი შესწევს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Guriev, Sergei, and Daniel Treisman. Spin Dictators: The Changing Face of Tyranny in the 21st Century. Princeton: Princeton University Press. 2022. გვ. 10.

[2] V-Dem Institute. “Democracy Report 2023: Defiance in the Face of Autocratization.” 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ZetB8NRv. განახლებულია: 23.05.2024. გვ. 6.

[3] V-Dem Institute. “Democracy Winning and Losing at the Ballot.” 2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/xetB7Bg8. განახლებულია: 23.05.2024. გვ. 6.

[4] იქვე.

[5] Guriev, Sergei, and Daniel Treisman. “Informational Autocrats.” The Journal of Economic Perspectives 33, no. 4 (2019): 100–127.

[6] Gerschewski, Johannes. “The Three Pillars of Stability: Legitimation, Repression, and Co-Optation in Autocratic Regimes.” Democratization 20, no. 1 (January 2013). გვ. 14.

[7] იქვე, გვ. 18.

[8] იქვე, გვ. 21.

[9] Gerschewski, Johannes. “The Three Pillars of Stability: Legitimation, Repression, and Co-Optation in Autocratic Regimes.” Democratization 20, no. 1 (January 2013). გვ. 22.

[10] იქვე.

[11] George W. Bush Presidential Center. “Challenging Information Autocracies. Interview with Peter Kreko.” 2022. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/2etNkpRb. განახლებულია: 23.05.2024.

[12] Guriev, Sergei, and Daniel Treisman. Spin Dictators: The Changing Face of Tyranny in the 21st Century. Princeton: Princeton University Press. 2022. გვ. 15.

[13] Krekó, Péter. “The Birth of an Illiberal Informational Autocracy in Europe: A Case Study on Hungary.” Journal of Illiberalism Studies 2, no. 1 (2022). გვ. 63.

[14] Netgazeti. “ტელევიზიების რეიტინგები IRI-ის კვლევის მიხედვით.” 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/netNINAH. განახლებულია: 23.05.2024.

[15] Krekó, Péter. “The Birth of an Illiberal Informational Autocracy in Europe: A Case Study on Hungary.” Journal of Illiberalism Studies 2, no. 1 (2022). გვ. 66.

[16] რადიო თავისუფლება. “„პარტნიორები ასე არ იქცევიან" - შალვა პაპუაშვილი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებზე.” 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/9etNJmHN. განახლებულია: 23.05.2024.

[17] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. “ილია დარჩიაშვილის წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს.” 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/setNK2JO. განახლებულია: 23.05.2024.

[18] რადიო თავისუფლება. “„ენტონი ბლინკენს მოაწერინეს ხელი, ის გასვარეს ამ საქმეში" - კობახიძე მოსამართლეებისთვის სანქციების დაკისრებაზე.” 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/8etNZbq4. განახლებულია: 23.05.2024.

[19] Svolik, Milan. “Polarization versus Democracy.” Journal of Democracy. 2019. გვ. 31.

[20] Somer, Murat, Jennifer L. McCoy, and Russell E. Luke. “Pernicious Polarization, Autocratization and Opposition Strategies.” Democratization 28, no. 5. 2021. გვ. 931.

[21] შამანაური, ხატია. "ქართული ოცნების ლიდერების რიტორიკის ანალიზი". პუბლიკა. 2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ney1rIHi. განახლებულია: 23.05.2024.

[22] European Center for Populism Studies. “Right-Wing Populism.” 2019. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/ketMpxww. განახლებულია: 23.05.2024.

[23] Krekó, Péter. “The Birth of an Illiberal Informational Autocracy in Europe: A Case Study on Hungary.” Journal of Illiberalism Studies 2, no. 1. 2022. გვ. 69.

[24] Georgian Dream Facebook.  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადება.“ 2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/eetMfhtu. განახლებულია: 23.05.2024.

[25] Giry, Julien and Gürpinar Doğan. Functions and Uses of Conspiracy Theories in Authoritarian Regimes. Routledge Handbook of Conspiracy Theories. 2020. გვ. 323.

[26] იქვე, გვ. 326.

[27] რადიო თავისუფლება. “გლობალური ომის პარტია, სუვერენიტეტი, მეორე ფრონტი, აგენტურა - ივანიშვილის გამოსვლა კონტრაქციაზე და შეფასებები.” 2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/RetMHTZN. განახლებულია: 23.05.2024.

[28] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“