საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბლოგების სერია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის, „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“, ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
შესავალი
უკანასკნელ პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი უხეშად ერევა საქართველოს სუვერენიტეტში, როდესაც ის მთავრობას აფრთხილებს, რომ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეაჩერებს.[1] თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ კანონის უკან გაწვევასთან დაკავშირებით ევროკავშირის მოწოდებები საბჭოთა კავშირის „ცეკას“ მითითებებსაც კი შეადარა.[2]
ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიერ გაკეთებული მოწოდებები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის მიერვე ოფიციალურად გაცხადებულ სუვერენულ ნებასთან, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ მისწრაფებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საქართველოს, როგორც წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ღირებულებით სისტემას. შესაბამისად, ევროპელი ლიდერების მხრიდან ამ წინაპირობაზე ხაზგასმა წარმოადგენს არა საქართველოს სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობას, არამედ გაწევრიანების პროცესის თავისთავადი კომპონენტის შეხსენებას.
თუმცა, რადგანაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული პროპაგანდა არა მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, არამედ სამართლისა და პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შინაარსის დამახინჯებასა და მათ „ცარიელ აღმნიშვნელებად“ ქცევასაც ისახავს მიზნად, ამ ბლოგში მკითხველს მოკლედ და გასაგებად შევახსენებთ, რას ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტი, როგორია ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენული სტატუსი და რა პარალელები არსებობს „ქართული ოცნების“ რიტორიკას, პოპულისტურ „სუვერენიტეტიზმის“ კონცეფციასა და რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ იდეას შორის.
სახელმწიფო სუვერენიტეტის ცნების მნიშვნელობა და ისტორია
ტერმინი „სახელმწიფო სუვერენიტეტი“ პირველად მე-16 საუკუნეში ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟან ბოდენმა გამოიყენა სახელმწიფოში ხელისუფალის ძალაუფლების აბსოლუტურობისა და გარე ჩარევისგან დამოუკიდებლობის აღსაწერად.[3] მე-17 საუკუნეში ჯონ ლოკმა ცნების ახლებური ხედვა შემოიტანა იმით, რომ ხაზი გაუსვა „სახალხო სუვერენიტეტის“ იდეას, რომლის თანახმადაც სახელმწიფოში პოლიტიკური ხელისუფლება ხალხის ნების გამოხატულებას წარმოადგენს.[4] შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი პირდაპირ არ მართავს სახელმწიფოს, სუვერენულობის მატარებელი სწორედ ისაა. ამდენად, სახელმწიფო სუვერენიტეტის სამი მთავარი ელემენტია: ხალხი, როგორც სუვერენულობის წყარო; პოლიტიკური ხელისუფლება, როგორც ხალხის სუვერენული ნების განმახორციელებელი სუბიექტი და სახელმწიფოს ტერიტორია, რომლის საზღვრებშიც სუვერენიტეტი დამოუკიდებლად და ჩარევისგან თავისუფლად ხორციელდება.[5]
სახელმწიფოთა სუვერენულობა საერთაშორისო სამართლის წამყვანი პრინციპი გახდა 1648 წელს ვესტფალიის ზავის დადების შემდეგ, როდესაც სახელმწიფოებმა აიღეს ვალდებულება, პატივი სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტს და არ ჩაერიონ ქვეყნების შიდა საქმეებში ექსპანსიისა თუ სხვა ფორმების მეშვეობით.[6]
სუვერენიტეტის თანამედროვე გაგება დაფუძნებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმადაც ორგანიზაცია ეფუძნება წევრი ქვეყნების სუვერენული თანასწორობის პრინციპს და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის დაუშვებლობას.[7] თანამედროვე კონტექსტში, სახელმწიფო სუვერენიტეტი გულისხმობს ერი-სახელმწიფოს ექსკლუზიურ უფლებას, საკუთარ ტერიტორიასა და ხალხზე განახორციელოს უმაღლესი სამართლებრივი, პოლიტიკური და აღმასრულებელი ძალაუფლება.[8]
სახელმწიფო სუვერენიტეტი გლობალურ სამყაროში
ბუნებრივია, რომ ვესტფალიური წესრიგის პირობებში ჩამოყალიბებულმა სუვერენიტეტის იდეამ XX-XXI საუკუნეებში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. გლობალიზაციის შედეგად სახელმწიფოები ეკონომიკურად და პოლიტიკურად უფრო მჭიდროდ დამოკიდებულნი გახდნენ ერთმანეთზე, მომრავლდა გლობალური ხასიათის რისკები (მაგ. ტერორიზმი, გლობალური დათბობა, ეპიდემიები), რომლებიც სახელმწიფოების მხრიდან გაერთიანებული ძალებით მოქმედებას მოითხოვენ და მკვეთრად გაიზარდა სამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებშიც წევრი სახელმწიფოები ეროვნულ დონეზე გარკვეული ტიპის ქცევის ვალდებულებას იღებენ. ამდენად, მომატებული ურთიერთდამოკიდებულებისა და მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნქციური ნაწილი მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა, თუმცა ეს თავისთავად არ გულისხმობს სუვერენიტეტის შეზღუდვას, რადგან სახელმწიფოები, თუნდაც პოლიტიკური „რბილი“ ზეწოლის პირობებში, საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, გარე იძულების გარეშე იღებენ. წევრობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში კი სახელმწიფოთა ვალდებულებები მხოლოდ სადამფუძნებლო ხელშეკრულებებზე მათი ნებაყოფლობითი შეერთების შედეგად წარმოიშობა.[9]
ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენული სტატუსი
სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეის მოქნილობისა და ტრანსფორმაციის საილუსტრაციო შემთხვევაა ევროკავშირი, რომელიც სუპრანაციონალურ ორგანიზაციას წარმოადგენს. ევროკავშირის სუპრანაციონალური ბუნება გულისხმობს, რომ ის ატარებს როგორც სახელმწიფოს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციის ნიშან-თვისებებს.[10] ევროკავშირს წევრი სახელმწიფოები ანიჭებენ მთელ რიგ ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, სახელმწიფოების მიერ ხორციელდება და ახდენენ საკუთარი სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დელეგირებას ევროკავშირზე. ამ ფორმით იქმნება ერთგვარი „გაზიარებული სუვერენიტეტის“ სივრცე, რომელიც ერთი მხრივ, მოიაზრებს წევრ-სახელმწიფოებს როგორც საერთაშორისო სამართლის პირდაპირ სუვერენულ სუბიექტებს და ევროკავშირს, როგორც უნიკალურ და ავტონომიურ სამართლებრივ სივრცეს, რომელსაც პირდაპირი და ეროვნულ კანონდებლობებზე უპირატესი ძალით მოქმედების შესაძლებლობა გააჩნია.[11] ევროკავშირის სამართლის ერთ-ერთ პრეცედენტული გადაწყვეტილებაში Costa v ENEL (1962), რომელიც ჯერ კიდევ ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ფუნქციონირების დროს მიიღო ევროპული მართლმსაჯულების სასამართლომ, აღნიშნულია, რომ
„შეუზღუდავი ხანგრძლივობის თანამეგობრობის შექმნით, რომელსაც აქვს საკუთარი ინსტიტუტები, საკუთარი სამართლებრივი სუბიექტობა, საკუთარი იურიდიული შესაძლებლობები, წარმომადგენლობის უნარი საერთაშორისო დონეზე და, განსაკუთრებით, რეალური უფლებამოსილებები, რომლებიც გამომდინარეობს სუვერენიტეტის შეზღუდვიდან ან სახელმწიფოებისგან უფლებამოსილების გადაცემიდან, წევრმა სახელმწიფოებმა შეზღუდეს თავიანთი სუვერენული უფლებები და ამგვარად შექმნეს კანონმდებლობის ერთობლიობა, რომელიც ავალდებულებს როგორც მათ მოქალაქეებს, ასევე თავად მათ.“[12]
გულისხმობს თუ არა ევროკავშირის საქმიანობა მისი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის შეზღუდვას? მიუხედავად ევროკავშირსა და მის წევრებს შორის ექსკლუზიური და შერეული უფლებამოსილების გადანაწილების საკმაოდ კომპლექსური ბუნებისა, ამ კითხვაზე პასუხი მკაფიოა: წევრი ქვეყნები ევროკავშირს საკუთარი მოხალისეობრივი ნების საფუძველზე უერთდებიან, ნებაყოფლობით აწერენ ხელს სადამფუძნებლო დოკუმენტებს და გადიან ჰარმონიზაციის ხანგრძლივ პროცესს, რომლის შედეგადაც ისინი არა მარტო უერთდებიან ღირებულებითად მათთვის მისაღებ სივრცეს, იღებენ მრავალმხრივ ეკონომიკურ სარგებელს და ზრდიან საკუთარ პოლიტიკურ ზეგავლენასაც, რადგან გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შეუძლიათ, საკუთარი ზეგავლენა კავშირის 27-ვე სახელმწიფოზე გაავრცელონ.[13] და მაინც, თუ სახელმწიფოსთვის სუვერენიტეტის გარკვეული ელემენტების ევროკავშირისთვის დელეგირება მიუღებელია ან ის დროთა განმავლობაში დაშორდება ევროკავშირის ღირებულებებსა და პოლიტიკურ მიზნებს, მას ნებისმიერ დროს შეუძლია კავშირის დატოვება, როგორც ეს 2016 წელს დიდმა ბრიტანეთმა ბრექსიტის გზით გადაწყვიტა.
აღნიშნულზე დაყრდნობით, აშკარაა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებული მოწოდებები ერთადერთ დათქმას ეფუძნება: საქართველოს თავად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს კი თავისთავად გულისხმობს ქვეყნის ვალდებულებას, დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები და პატივი სცეს ევროკავშირის ფუნქიონირების ძირითადი პრინციპებსა და საერთო ღირებულებებს.
სუვერენიტეტიზმი და რუსული „სუვერენული დემოკრატია“
მაშ, საიდან იღებს სათავეს მმართველი პარტიის წუხილები სუვერენიტეტის დაკარგვის შიშთან დაკავშირებით?
დისკურსული მსგავსებები გვაფიქრებინებს, რომ შთაგონების წყარო პოპულისტური სუვერენიტეტიზმის კონცეფცია და 2010-იან წლებში რუსეთში პოპულარული „სუვერენული დემოკრატიის“ დოქტრინა უნდა იყოს.
სუვერენიტეტიზმის იდეა სახელმწიფო სუვერენიტეტს კლასიკური ვესტფალიანური სისტემის კონტექსტში აღიქვამს და მიიჩნევს, რომ გლობალიზაცია და მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგი ზედმეტად ბოჭავს სახელმწიფოთა დამოუკიდებლობას შიდა საქმეებში.[14] სუვერენიტეტიზმი მოითხოვს, რომ სახელმწიფოებმა კონტროლი აღიდგინონ საკუთარ საზღვრებზე და არ დაემორჩილონ საერთაშორისო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ელიტების მიერ თავს მოხვეულ მოთხოვნებს. ეს შეხედულებები თანაბრად გავრცელებულია როგორ მემარცხენე, ისე მემარჯვენე პოპულისტურ ჯგუფებში.[15] მემარცხენე პოპულისტური ჯგუფებისთვის ასეთი საერთაშორისო ელიტა ტრასნაციონალური კორპორაციები და ფინანსური ორგანიზაციებია, ხოლო მემარჯვენე ჯგუფებისთვის - ლიბერალური პოლიტიკური ელიტა, მათ შორის ევროკავშირი, რომელიც ქვეყნებს თავზე ახვევს პროგრესულ ღირებულებებს.[16]
რაც შეეხება „სუვერენული დემოკრატიის“ იდეას, ის რუსეთში დასავლური ლიბერალური დემოკრატიისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიზაციის მხარდაჭერის იდეის საპირისპიროდ განვითარდა. 2006 წელს, „დიდი რვიანის“ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთების პასუხად პუტინის თანაშემწე ვლადიმერ სურკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი „სუვერენული დემოკრატიაა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და ეს მოსაზრება სხვა სახელმწიფოებს კრიტიკის გარეშე უნდა მიეღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადამოწმების მცდელობები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად ჩაითვლებოდა.[17] ამ კონცეფციის განვითარებას წინ უძღოდა კონტრასტი დასავლეთის მიმართ ელცინისა და პუტინის რიტორიკაში. თუ ელცინი, განსაკუთრებით მმართველობის ადრეულ წლებში, მიიჩნევდა, რომ რუსეთს, მსგავსად სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისა, დემოკრატია დასავლური დემოკრატიებისგან მიღებული ნორმების შესაბამისად უნდა ეშენებინა, პუტინი 2000-იან წლებში ხაზს უსვამდა, რომ რუსეთი ისედაც ევროპული იდენტობის მქონე სახელმწიფო იყო და მას სრული უფლება და შესაძლებლობა ჰქონდა, რომ აქტიური წვლილი შეეტანა ევროპული ნორმებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, ევროკავშირი მას უნდა მოპყრობოდა, როგორც თანაბარ მოთამაშეს. სწორედ ამ რიტორიკის ლოგიკური გაგრძელება იყო „სუვერენული დემოკრატიის“ იდეაც, რომელიც რუსეთში დემოკრატიზაციის ევროპული მოდელის ალტერნატივად ჩამოყალიბდა. „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის მიხედვით, სახელმწიფოებმა დემოკრატია საკუთარი ისტორიული გამოცდილების შესაბამისად, დამოუკიდებლად უნდა აშენონ და ამა თუ იმ ქვეყანაში საერთაშორისო ნორმების მიხედვით დემოკრატიის ხარისხის შეფასება ამ ქვეყნების სუვერენულ ნებაში ჩარევის მცდელობად უნდა განიხილოს.[18]
დასკვნა
ევროკავშირის წევრობასა თუ გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება არ არღვევს სახელმწიფოთა სუვერენიტეტს, რადგან ამ ვალდებულებებს ისინი ნებაყოფლობით, გარეგანი იძულების გარეშე, თავად კისრულობენ და ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ უარი თქვან მათ წარმომშობ საფუძველზე - ევროკავშირის წევრობასა თუ გაწევრიანების განაცხადზე. „ქართული ოცნების“ დისკურსი სუვერენიტეტის დაკარგვის თაობაზე მსგავსია პოპულისტური „სუვერენიტეტიზმის“ იდეისა, რომელიც უგულვებელყოფს პოსტ-ვესტფალიურ წესრიგში სახელმწიფოთა მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის საჭიროებას და სუვერენიტეტის დაცვის გზად იზოლაციონიზმსა და მოკავშირეების ინტერესების უგულვებელყოფას მიიჩნევს. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ „ორ ფეხზე მყარად უნდა დავდგეთ და ისინიც, ჩვენი მეგობრები უფრო სწორად დაინახავენ ამ ყველაფერს,“[19] შთაგონებულია რუსული „სუვერენული დემოკრატიის“ იდეით, რომელიც უგულვებელყოფდა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების არსებობას და მოითხოვდა „თავისებური“, რუსული მმართველობის მოდელის ზედმეტი კითხვების გარეშე დემოკრატიად აღიარებას.
საბოლოო ჯამში, სახელმწიფო სუვერენიტეტთან დაკავშირებული ცრუ დილემის შექმნა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული პოპულისტური და მანიპულაციური გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს მმართველი პარტიის ძალაუფლების კონსოლიდაციას, ევროინტეგრაციის გზაზე აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების შესრულებისთვის თავის არიდებას და პროევროპულად განწყობილი საზოგადოების თვალში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების გამართლებას.
[1] რადიო თავისუფლება. “კობახიძის ხუთი აქცენტი “აგენტების კანონზე” - რა ვის ბრალდება”. 19.04.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Nw6X8vZ0. განახლებულია: 26.04.2024.
[2] ინტერპრესნიუსი. „ციტატები - კახა კალაძე“. 15.04.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/nw6X773o. განახლებულია: 26.04.2024.
[3] Tatar, Ramona Gabriela, and Adela Moisi. “The Concept of Sovereignty”. Journal of Public Administration, Finance and Law, no. 24 (2022): 292–303.
[4] Bifulco, Raffaele, and Alessandro Nato. “The Concept of Sovereignty in the EU – Past, Present and the Future.” European Commission, 2020.
[5] Bifulco, Raffaele, and Alessandro Nato. “The Concept of Sovereignty in the EU – Past, Present and the Future.” European Commission, 2020.
[6] იქვე.
[7] United Nations. “Chapter I: Purposes and Principles (Articles 1-2).” 1945.
[8] Fassbender, Bardo. “Are the EU Member States Still Sovereign States under International Law?” European Papers, 2022.
[9] Bickerton, Christopher, Nathalie Brack, Ramona Coman, and Amandine Crespy. “Conflicts of Sovereignty in Contemporary Europe: A Framework of Analysis.” Comparative European Politics 20, no. 3 (March 28, 2022).
[10] იქვე.
[11] European Commission. “The ABC of EU Law.” ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/Tw6CRltR. განახლებულია: 26.04.2024.
[12] იქვე.
[13] Bickerton, Christopher, Nathalie Brack, Ramona Coman, and Amandine Crespy. “Conflicts of Sovereignty in Contemporary Europe: A Framework of Analysis.” Comparative European Politics 20, no. 3 (March 28, 2022).
[14] Allès, Delphine, and Bertrand Badie. “Sovereintism in the International System: From Change to Split” Eris Vol.3 no. 2 (December 12, 2016): 5–19.
[15] Kallis, Aristotle. “Populism, Sovereigntism, and the Unlikely Re-Emergence of the Territorial Nation-State.” Fudan Journal of the Humanities and Social Sciences 11, no. 3 (May 30, 2018).
[16] Kallis, Aristotle. “Populism, Sovereigntism, and the Unlikely Re-Emergence of the Territorial Nation-State.” Fudan Journal of the Humanities and Social Sciences 11, no. 3 (May 30, 2018).
[17] Washington Post. “Putin’s ‘Sovereign Democracy,’” 15.07. 2006. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/mw6C50gc. განახლებულია: 26.04.2024.
[18] Headley, J. (2015). Russia’s Complex Engagement with European Union Norms: Sovereign Democracy versus Post-Westphalianism? In: Björkdahl, A., Chaban, N., Leslie, J., Masselot, A. (eds) Importing EU Norms. United Nations University Series on Regionalism, vol 8. Springer, Cham.
[19] რადიო თავისუფლება. „აგენტების კანონი“ „ოცნებამ კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცა - ხმაურიანი დღის ქრონიკა“. 16.04.2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/rw6VlmDB. განახლებულია: 26.04.2024.
ინსტრუქცია