საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბლოგების სერია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის, „ანგარიშვალდებული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდაჭერა კვლევების, ადვოკატირებისა და ინკლუზიური დიალოგის გზით“, ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
ბლოგების სერია
დემოკრატიული ფასადი და ავტორიტარული რეალობა: ჰიბრიდული რეჟიმების თვითგადარჩენის სტრატეგიები
სერიის მიზანია, მკითხველს მიაწოდოს თეორიული და ფაქტობრივი ცოდნა ჰიბრიდული რეჟიმების ფუნქციონირების თავისებურებების შესახებ და აღჭურვოს ისეთი ანალიტიკური უნარებით, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, ამოიცნოს ჰიბრიდული რეჟიმების ძალაუფლების შენარჩუნების სტრატეგიები და გაიაზროს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის არსებული „ნაცრისფერი ზონის“ მოქმედების შინაგანი ლოგიკა.
ბლოგი I
ბლოგის მიზანია, აღწეროს ჰიბრიდული რეჟიმის, როგორც პოლიტიკური მმართველობის დამოუკიდებელი ფორმის, მთავარი ნიშნები და მოკლედ მიმოიხილოს 2010-იან წლებში მსოფლიოში დაწყებული დემოკრატიის უკუსვლისა და ე.წ. ავტოკრატიზაციის მესამე ტალღის ძირითადი მახასიათებლები.
1. დემოკრატიული ტრანზიციის პარადიგმა
90-იანი წლებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში 30-მდე ქვეყანა, მათ შორის კომუნისტურ ბლოკში შემავალი სახელმწიფოები, თითქმის ერთდროულად გათავისუფლდნენ დიქტატორული მმართველობისგან. დემოკრატიული ტრანზიციის პარადიგმამ, რომელიც იმ დროს პოლიტიკური რეჟიმების დინამიკის ამხსნელი მთავარი თეორიული ჩარჩო იყო, პოლიტიკური თავისუფლების მოპოვების ამ გლობალურ შემთხვევას „დემოკრატიზაციის მესამე ტალღა“ ეწოდა.[1] ტრანზიციის პარადიგმა დაფუძნებული იყო დაშვებაზე, რომ სახელმწიფოში ავტორიტარული ძალაუფლების შესუსტება ავტომატურად დემოკრატიის მიმართულებით სვლას გულისხმობდა, დემოკრატიზაციის პროცესი კი აღიქმებოდა დეტერმინისტულ პროცესად, რომელიც საბოლოოდ ამ ქვეყნებში ლიბერალური დემოკრატიის შექმნით უნდა დასრულებულიყო. სწორედ ლიბერალური დემოკრატიის ამ ნორმატიულ გამარჯვებას და მისკენ სვლის გარდაუვალობას უწოდა ფრენსის ფუკუიამამ „ისტორიის დასასრული“.[2]
2. ჰიბრიდული რეჟიმი, როგორც sui generis
2000-იანი წლების დასაწყისში უკვე ნათელი გახდა, რომ „ტრანზიციულ“ 100-მდე სახელმწიფოში დემოკრატიზაციის მიმართულებით რეალური პროგრესი მხოლოდ 20-მდე ქვეყანამ ( ძირითადად ცენტრალური ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები) განიცადა, ქვეყნების უმრავლესობა კი სტატიკურ „ნაცრისფერ ზონაში“ აღმოჩნდა, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა მე-20 საუკუნის ტრადიციული დიქტატორული რეჟიმებისგან, მაგრამ არც ლიბერალური დემოკრატიისკენ სვლის რეალურ ნიშნებს გამოხატავდა. ეს ქვეყნები ატარებდნენ დემოკრატიის ისეთ საბაზისო მახასიათებლებს, როგორიცაა ლეგიტიმიური კონსტიტუციები, რეგულარული არჩევნები და ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული პლურალიზმი, თუმცა მსგავსად კლასიკური ავტორიტარული რეჟიმებისა, აქ ასევე მორღვეული იყო ხელისუფლების შტოების შეკავება-გაწონასწორების მექანიზმები მმართველი პარტიის/ლიდერის სასარგებლოდ, პოლიტიკური ინსტიტუტები გამოიყენებოდა პირადი და პარტიული მიზნების მისაღწევად, დაბალი იყო არჩევნების ლეგიტიმაცია და მოქალაქეების საჭიროებები სათანადოდ არ იყო წარმოდგენილი.[3]
ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის მომწყვდეულ ამ „ნაცრისფერ ზონას“ იმის მიხედვით, თუ უფრო მეტად საითკენ „იხრებოდა“ ის, მეცნიერები ხშირად მოიხსენიებენ ისეთი მრავალფეროვანი სახელებით, როგორიცაა „ნახევრად დემოკრატია“, „ელექტორალური დემოკრატია“, „დეფექტური დემოკრატია“, „ილიბერალური დემოკრატია“, „ელექტორალური ავტორიტარიზმი“, „ნახევრად ავტორიტარიზმი“, „შეჯიბრებითი ავტორიტარიზმი“[4] და სხვები, თუმცა ყველაზე გავრცელებულ ტიპოლოგიად მაინც „ჰიბრიდული რეჟიმი“ ჩამოყალიბდა, რომელიც არა მარტო ეფექტურად გამოხატავს დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის კლასიკური ელემენტების თვისობრივ შერწყმას, არამედ ასევე საკმარისად ზოგადია იმისთვის, რომ მოიცვას ზემოთ დასახელებული რეჟიმის ქვეტიპებიც.[5]
2010-იანი წლებში პოლიტიკური რეჟიმების განვითარების დინამიკამ არა მხოლოდ ჰიბრიდული რეჟიმების უჩვეულო გამძლეობა და სტაბილურობა წარმოაჩინა, არამედ გამოავლინა, რომ ჰიბრიდული რეჟიმი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის ნიშნების "შერეული" და დროებითი თანაარსებობა. ჰიბრიდული რეჟიმი თვითმყოფადი პოლიტიკური სისტემაა, რომელიც ფუნქციონებისა და თვითგადარჩენის ორიგინალურ სტრატეგიებზეა დაფუძნებული, რომლებიც არ მიანიშნებს ლიბერალური დემოკრატიის დადგომის გარდაუვალობაზე. უფრო მეტიც, ავტოკრატიზაციისა და დემოკრატიული უკუსვლის გლობალური პროცესი არა მხოლოდ ჰიბრიდულ და ავტორიტარულ რეჟიმებს, არამედ ლიბერალურ დემოკრატიებსაც ემუქრებათ, რომლებიც ამ პროცესების ზეგავლენით ხშირად ჰიბრიდიზაციასაც განიცდიან (მაგ. უნგრეთი).
3. ავტოკრატიზაციის მესამე ტალღა
2022 წელს, „დემოკრატიზაციის მესამე ტალღის“ აღნიშვნიდან დაახლოებით 30 წელზე ნაკლებ დროში, რეკორდული რაოდენობის - 42-მა ქვეყანამ განიცადა დემოკრატიის უკუსვლა, დემოკრატიის გლობალური მაჩვენებელი კი 1998 წლის დონეს დაუბრუნდა.[6] დემოკრატიამ განსაკუთრებულად შემცირდა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რომლებიც სწორედ ის რეგიონები იყვნენ, რომლებმაც 90-იან წლებში დემოკრატიზაციის პროცესი აქტიურად დაიწყეს. სწორედ ამიტომ, დემოკრატიის ამ გლობალურ კრიზისს მკვლევრები „ავტოკრატიზაციის მესამე ტალღად“ მოიხსენიებენ, სადაც ავტოკრატიზაციაში პოლიტიკური ინსტიტუტების დემოკრატიულობის ხარისხის გაუარება იგულისხმება.[7]
აღსანიშნავია, რომ 2010-იანი წლებისთვის დამახასიათებელი ავტოკრატიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდება მე-20 საუკუნის არადემოკრატიული რეჟიმების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ფორმებისგან. ისტორიული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მე-20 საუკუნეში ავტორიტარული ლიდერებისთვის ძალაუფლების მოპოვების მთავარი ფორმები იყო: სამხედრო ელიტის მიერ ხელისუფლების გადატრიალება, არჩეული ლიდერის მიერ კონსტიტუციის გაუქმების გზით ძალაუფლების უზურპაცია და არჩევნების მასობრივი გაყალბება.[8]
აღნიშნულისგან განსხვავებით, თანამედროვე რეჟიმებში ავტოკრატიზაციის პროცესი გაცილებით უფრო ნელი, თანდათანობითი და დროის მოკლე მონაკვეთში შეუმჩნეველია. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალურად ავტოკრატიზაციის თანამედროვე ეპიზოდების 68%-ის ინიციატორია მმართველი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში კანონიერად, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების გზით მოვიდა.[9]
4. ავტოკრატიზაციის თანამედროვე მექანიზმები
ავტოკრატიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა „აღსრულებითი თვითგაძლიერებაა“ (executive aggrandizement).[10] ამ დროს დემოკრატიული წესით არჩეული პოლიტიკური ლიდერები მიზანმიმართულად ასუსტებენ შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმებს, რათა სამართლებრივი ფორმების გამოყენებით შეავიწროვონ ოპოზიცია და საკუთარი ძალაუფლება ინსტიტუციური მექანიზმებით განამტკიცონ. ეს პროცესი დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტების გაუქმებით, უკვე არსებული ინსტიტუტების რეფორმირებით, ახალი და ფორმალურად დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნით, ან რეფერენდუმების ჩატარებით შეიძლება განხორციელდეს, თუმცა მიზანი ყოველთვის ცვლილებების ფორმალურ-დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ემსახურება. „აღსრულებითი თვითგაძლიერების“ კლასიკური შემთხვევაა ერდოღანის მმართველობა თურქეთში. სხვა ცვლილებებთან ერთად, მაგალითად 2010 წელს, ერდოღანმა კონსტიტუციური რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც ფორმალურად თურქეთის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ისახავდა მიზნად, თუმცა სინამდვილეში მან საკონსტიტუციო სასამართლოზე სრული კონტროლი დაამყარა, რადგან მან 17-დან 14 მოსამართლის დანიშვნის უფლება მოიპოვა.[11] “აღსრულებითი თვითგაძლიერების“ ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოში 2022 წელს დამოუკიდებელი და ეფექტური ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის - დაჩქარებული და გაუმჭვირვალე წესით გაუქმება. სამსახურის გაუქმების ფორმალურ მიზეზად „ქართულა ოცნებამ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება დაასახელა,[12] თუმცა გადაწყვეტილება რეალურად პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული, რადგან ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელი საქმიანობა რამდენჯერმე მმართველი პარტიისთვის პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებსაც შეეხო: გაუქმებამდე რამდენიმე თვით ადრე სამსახურმა გამოძიება დაიწყო მიხელ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანისას შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.[13] მანამდე სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ვალდებულებები დაარღვიეს.[14] ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) შეფასებით, ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს და, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტების საქმიანობაზე.[15]
ავტოკრატიზაციის კიდევ ერთ-ერთი ფორმაა არჩევნების სტრატეგიული მანიპულაცია.[16] სტრატეგიული მანიპულაცია გულისხმობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას, ოპოზიციის შევიწროებას, მედიასთან წვდომის შეზღუდვას, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ხელშეშლას, საარჩევნო კომისიების პარტიული პირებით შევსებას, სახელმწიფო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის მოხმარებას და სხვა მანიპულაციურ ტაქტიკების იმ დოზით გამოყენებას, რომ მმართველმა ლიდერმა არჩევნებში უპირატესობის შეინარჩუნოს, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩეს. საქართველოში არჩევნების სტრატეგიული მანიპულაცია ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის, საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირების ხელოვნური მობილიზაციის, სახელმწიფო რესურსების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებისა და სხვა არაკანონიერი მეთოდების საშუალებით დამკვიდრებული პრაქტიკაა. საილუსტრაციოდ შეიძლება გავიხსენოთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის მიხედვით, კონკურენტულ და შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა და ხმის მიცემის პროცესი ეფექტურად იყო ადმინისტრირებული, თუმცა პოლიტიკური კონკურენციის გარემო უსამართლო იყო, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების გამო წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის.[17] გარდა ამისა, ამ პერიოდში „მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტის მიერ 600,000 ადამიანისთვის კრედიტების ჩამოწერის ინიციატივამ“ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა და ხაზი გაუსვა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ფინანსური და პოლიტიკური უთანასწორობის არსებობას.[18]
2022 წლიდან ჩატარებული კვლევები ხაზს უსვამენ, რომ ავტოკრატიზაციის განუყოფელი ნაწილია ასევე პოლიტიკური პოლარიზაცია, დეზინფორმაცია და პოპულიზმი, რომელსაც არადემოკრატიული ლიდერები საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად მიმართავენ. პოლარიზაციის გაღვივება ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, რომ მის სასარგებლოდ მოაბილიზოს ამომრჩეველთა ფართო მასები, რომლებიც ლიდერისა თუ პარტიის მიმართ ერთგულებისა და ოპოზიციის მიუღებლობის გამო მზად არიან, მხარი დაუჭირონ ლიდერი არადემოკრატიულ ქცევებს. გარდა ამისა, მწვავე პოლარიზაციის დროს ამომრჩევლები ეჭვის ქვეშ აყენებენ ოპოზიციის არსებობის ლეგიტიმურობასაც, რაც არადემოკრატიული ლიდერისთვის კიდევ უფრო ამარტივებს მათ შევიწროებას.[19] ლიდერის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება დეზინფორმაციის აქტიური გამოყენებაც, რომელიც არა მარტო პოლარიზაციას კვებავს და ოპოზიციის დელიგიტიმაციას უწყობს ხელს, არამედ მანიპულირებს საკუთარ მიღწევებს და ცდილობს პოლიტიკური რეჟიმის რეპუტაციის გაზრდას.[20] აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი და გაუმართლებელი აგრესიის შემდეგ, მმართველი პარტია სწრაფი ტემპით და სისტემურად ყალიბდება ულტრა-მემარჯვენე კონსერვატიული ღირებულებების მატარებელ ძალად, რომელიც იდეოლოგიურ პოსტულატებს, მათ შორის აფილირებული მედია საშუალებებით პროპაგანდისა და სოციალურ მედიაში არაავთენტური საინფორმაციო კამპანიების წარმოების გზით[21] ინსტრუმენტულად იყენებს საზოგადოებაში პოპულისტური განწყობების მობილიზებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავების მიზნით. 2023 წლის მაისში საქართველოს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ულტრა-მემარჯვენე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში გარკვეული ძალები „ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით – ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის – მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით“ ებრძოდნენ თავისუფლებას, რის პასუხადაც „რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია“.[22] ამ რიტორიკის კულმინაციური გამოხატულება 2023 „აგენტების შესახებ კანონის“ მიღების მცდელობა იყო, რომელიც თანხმლები ინფორმაციული კამპანიით, 2024 წელს მმართველმა პარტიამ ხელახლა დააინიცირა. ინიცირებული კანონპროექტი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ უკანასკნელი წლების რიტორიკა არა მხოლოდ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას ემსახურება, არამედ მოსახლეობის „ჩვენ მათ წინააღმდეგ“ სულისკვეთებით ორად გაყოფას ცდილობს, სადაც ის ოპოზიციის დემონიზებისა და პოპულისტური სენტიმენტების გზით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სახალხო მხარდაჭერის მობილიზებას შეძლებს.
5. საქართველო დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის
საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესი ცხადად აირეკლავს 90-იანი წლებიდან დღემდე პოლიტიკური რეჟიმების ტრანსფორმაციის გლობალურ დინამიკას. 90-იან წლებში, საქართველო, მსგავსად სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისა, დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში მყოფ ქვეყანად მიიჩნეოდა, სადაც ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაცია სახელმწიფოს ორგანიზაციული სისუსტის შედეგად ვერ ხერხდებოდა.[23] 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგაც საქართველო შეჯიბრებით ავტორიტარიზმად (ჰიბრიდული რეჟიმის ისეთი ფორმა, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების არსებითი ფუნქციონირების და მათი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის თანაარსებობა იძლევა რეალური, თუმცა უსამართლო პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობას[24]) დარჩა, სადაც სახელმწიფოს რეპრესიული უნარები მოდერნიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების შედეგად უფრო მძლავრი გახდა.[25] ამავდროულად, ბევრი ტრანზიტოლოგი ხაზს უსვამდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ავტორიტარული ტენდენციებისგან გათავისუფლების რეალური შესაძლებლობა მიეცა,[26] 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა კი დემოკრატიზაციის გზაზე რეალური წინსვლის გამოხატულება იყო.[27] 2012-2024 წლებში საქართველო Freedom House-ის კლასიფიკაციის მიხედვით „ნახევრად თავისუფალი“ ანუ ჰიბრიდული რეჟიმის სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა 2019-2024 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმია.[28]
6. დასკვნა
“დემოკრატიზაციის მესამე ტალღიდან” 30 წლის თავზე “ავტოკრატიზაციის მესამე ტალღის” მოვლინება ხაზს უსვამს, რომ ლიბერალური დემოკრატიზაციისკენ სვლის წრფივი და დეტერმინისტული მოდელი სიღრმისეულად ვერ აღიქვამდა იმ განსაკუთრებულ პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკური განვითარების ტრაექტორიას, რომლებსაც ავტორიტარული და დემოკრატიული ტენდენციების თანაარსებობა ქმნის. ნაცვლად ლიბერალური დემოკრატიებისა, ჰიბრიდული რეჟიმები არა მხოლოდ “მესამე ტალღის” ქვეყნების დიდ ნაწილში თვითმყოფად და სტაბილურ ფორმად ჩამოყალიბდა, არამედ ავტოკრატიზაციის თანამედროვე მექანიზმების წყალობით მისმა ნიშნებმა ტრადიციულ ლიბერალურ დემოკრატიებშიც შეაღწია.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჰიბრიდული რეჟიმი ის ფინალია, რომელიც “მესამე ტალღის” ქვეყნებს ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად ერგო. რეალური დემოკრატიული პროგრესის მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია ჰიბრიდული რეჟიმის, როგორც თვითმყოფადი და დამოუკიდებელი მმართველობის ფორმის კონცეპტუალური აღიარება. სწორედ ამის შემდეგ, დემოკრატიული აქტორებისთვის შესაძლებელი გახდება, ჰიბრიდული რეჟიმების მიზანმიმართულ ბუნდოვანებაში ამოიცნონ ძალაუფლების შენარჩუნების განზრახვები და შესაბამისად განსაზღვრონ დემოკრატიისთვის ბრძოლის სტრატეგიები.
[1] Schmitter, Philippe C. Review of Democracy’s Third Wave, by Samuel P. Huntington. The Review of Politics 55, no. 2 (1993): 348–51.
[2] Fukuyama, Francis. “The End of History?” The National Interest, no. 16 (1989): 3–18.
[3] Carothers, Thomas. “The End of the Transition Paradigm”. Journal of Democracy 13, no. 1 (January 2002): 5-21.
[4] Magyar, Bálint, and Bálint Madlovics. The Anatomy of Post-Communist Regimes: A Conceptual Framework. Central European University Press, 2020.
[5] Morlino, Leonardo. “Are There Hybrid Regimes? Or Are They Just an Optical Illusion?” European Political Science Review 1, no. 2 (2009): 273–96.
[6] Alizada, Nazifa et al. “Autocratization Changing Nature?” Varieties of Democracy. SSRN Electronic Journal, 2022.
[7] Lührmann, A., & Lindberg, S. I. (2019). A third wave of autocratization is here: what is new about it? Democratization, 26(7), 1095–1113.
[8] Svolik, Milan W. “Which Democracies Will Last? Coups, Incumbent Takeovers, and the Dynamic of Democratic Consolidation.” British Journal of Political Science 45, no. 4 (2015): 715–38.
[9] Lührmann, A., & Lindberg, S. I. (2019). A third wave of autocratization is here: what is new about it? Democratization, 26(7), 1095–1113.
[10] Bermeo, Nancy. “On Democratic Backsliding.” Journal of Democracy 27, no. 1 (January 2016): 5–19.
[11] The New York Times. “Turkish Reforms Pass by Wide Margin.” 2010, ხელმისაწვდომია: https://www.nytimes.com/2010/09/13/world/europe/13turkey.html. განახლებულია: 19.04.2024.
[12] OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights. “Opinion on the Legislative Amendments on the State Inspector’s Service of Georgia.” 2022, გვ. 12.
[13] Civil Georgia. “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.” 29.12.2021. ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/465038. განახლებულია: 22.04.2024.
[14] OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights. “Opinion on the Legislative Amendments on the State Inspector’s Service of Georgia.” 2022, გვ. 11.
[15] იქვე.
[16] Bermeo, Nancy. “On Democratic Backsliding.” Journal of Democracy 27, no. 1 (January 2016): 5–19.
[17] OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights. “Georgia, Presidential Election, 28 October and 28 November 2018: Final Report”, 2019, გვ. 4.
[18] იქვე, გვ. 2.
[19] Avramovska, Elena et al. “How Democratically Elected Politicians Get Away with Autocratizing Their Country,” 2022. Fridrich Ebert Stifrung.
[20] Alizada, Nazifa et al. “Autocratization Changing Nature?” Varieties of Democracy. SSRN Electronic Journal, 2022.
[21] Meta. “Removing Coordinated Inauthentic Behavior From Georgia, Vietnam and the US,” 04.05.2023. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/tw9FtUxa. განახლებულია: 22.04.2024.
[22] Civil Georgia. „პრემიერმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა“. 04.05.2023. ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/540749. განახლებულია: 22.04.2024.
[23] Levitsky, Steven, and Lucan A. Way. Competitive Authoritarianism: Hybrid Regimes after the Cold War. Cambridge University Press. 2010.
[24] Levitsky, Steven, and Lucan Way. “The New Competitive Authoritarianism”. Journal of Democracy 31, no. 1. 2020: 51-65.
[25] Levitsky, Steven, and Lucan A. Way. Competitive Authoritarianism: Hybrid Regimes after the Cold War. Cambridge University Press. 2010.
[26] McFaul, Michael. “Transitions from Postcommunism.” Journal of Democracy 16 (3): 5– 19. 2005.
[27] Cecire, Michael. “Georgia’s 2012 Elections and Lessons for Democracy Promotion.” Orbis 57 (2): 232–50. 2013
[28] Freedom House. “A Region Reordered by Autocracy and Democracy.” Freedom House, 2024. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/gw5ToZJa. განახლებულია: 19.04.2024.
ინსტრუქცია