[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის წესს მეორედ ასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ დავობს ჩხრეკის შედეგად მტკიცებულებათა მოპოვების სტანდარტის კონსტიტუციურობაზე. საქმეზე მოსარჩელე მოქალაქე გიორგი ქებურიაა, რომელიც 2017 წელს „ბირჟა მაფიის“ საქმეზე ბრალდებულად იქნა ცნობილი.

გიორგი ქებურიას სახელით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად 2017 წელს გაასაჩივრა.[1] 2020 წლის 25 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგი ქებურიას სარჩელი ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების უტყუარობასთან დაკავშირებით.[2] სასამართლოს თანახმად, ის ფაქტი, რომ ჩხრეკის შედეგად ნამდვილად მოხდა ბრალდებულის მფლობელობიდან ნივთის ამოღება  პოლიციელთა ჩვენებებთან ერთად, უნდა დასტურდებოდეს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით. ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების მიზანია პოლიციელთა მხრიდან ნივთის  „ჩადებასთან“ დაკავშირებით შესაძლო ეჭვების გამორიცხვა. ამიტომ, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთი ვერ მიიჩნევა სანდო მტკიცებულებად, როდესაც პოლიციელებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები  ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად. საკონსტიტუციო სასამართლო ნეიტრალური მტკიცებულების მაგალითად მოიაზრებს ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებას ან/და მასზე ნეიტრალური მოწმის დასწრებას.[3]

საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 28 ივნისს მიიღო ნორმა,[4] რომელიც ვერ უზრუნველყოფს ჩხრეკის შედეგად მტკიცებულებათა მოპოვების სისტემის დახვეწას და კვლავ შეიცავს პოლიციელთა მხრიდან თვითნებობის რისკებს. ახალი წესის თანახმად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის პირის მფლობელობაში ყოფნა, ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებების გარდა, შესაძლოა დადასტურდეს ნებისმიერი სხვა მტკიცებულებით. ამასთან, სხვა მტკიცებულების მოპოვება საჭირო არ არის, თუ ეს ობიექტურად შეუძლებელია. კანონი არ ითვალისწინებს არანაირ ვალდებულებას პოლიციელთა მიერ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებით.[5]

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაცია საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების დამძლევი ნორმაა, რადგან იგი სრულად უგულებელყოფს სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს. ერთის მხრივ, სადაო ნორმა უშვებს ჩხრეკის სანდოობის დადასტურების შესაძლებლობას ნებისმიერი სხვა მტკიცებულებით და არ აკონკრეტებს ნეიტრალურობის აუცილებელ მოთხოვნას. მეორეს მხრივ, ნორმა უშვებს ფართო და ბუნდოვან გამონაკლისს, რის საფუძველზეც პოლიციელები თავისუფლდებიან სხვა მტკიცებულების მოპოვების ვალდებულებისაგან. ბოლოს, ახალი წესი ეხება მხოლოდ ჩხრეკის შედეგად ამოღებულ უკანონო ნივთს და რეგულირების მიღმა ტოვებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხდება კანონიერი ნივთის (მაგალითად დანაშაულის იარაღის ან/და საგნის) ამოღება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადაო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მტკიცებულებების უტყუარობის პრინციპს და შეიცავს არსებითად იმავე შინაარსს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად. სარჩელის მიზანია პრაქტიკაში აღსრულდეს და დაინერგოს მტკიცებულებათა მოპოვების ის სტანდარტი, რომელსაც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-chkhrekis-maregulirebel-normebs-sakonstitutsio-sasamartloshi-asachivrebs

[2] https://socialjustice.org.ge/ka/products/sakonstitutsio-sasamartlom-emc-is-sarcheli-natsilobriv-daakmaqofila 

[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N 2/2/1276 გადაწტვეტილება საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

[4] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლს ემატება მე-3 ნაწილი

[5] https://socialjustice.org.ge/ka/products/sotsialuri-samartlianobis-tsentri-qofili-emc-kritikulad-afasebs-chkhrekis-chatarebis-standarttan-dakavshirebit-initsirebul-kanonproekts

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“