[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ჩხრეკის შესახებ ახალ რეგულაციას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩხრეკის შესახებ ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.[1] კანონპროექტზე მუშაობის დროს პარლამენტმა სამოქალაქო სექტორის თითქმის არც ერთი შეთავაზება[2] არ გაითვალისწინა, რათა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი და ამ გზით მოპოვებული მტკიცებულებათა სანდოობის ხარისხი, საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების[3] შესაბამისი ყოფილიყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტს ავალდებულებდა, შეემუშავებინა ჩხრეკის ჩატარების იმგვარი პროცედურა, რომლის ფარგლებშიც მინიმალური იქნებოდა სამართალდამცავთა თვითნებობის რისკები. ამავდროულად, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის პირისადმი კუთვნილება დადასტურებული იქნებოდა სხვა ნეიტრალური მტკიცებულებითაც.[4]

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსს და უგულებელყოფს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტებს. კანონის ახალი შინაარსი ვერ აგვარებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ ისეთ პრობლემებს, რომელიც სამართალდამცავთა თვითნებობას და ჩხრეკის/ამოღების პროცესში მოქალაქეთა უფლებების დარღვევის რისკებს უკავშირდება.

ჩხრეკა/ამოღების ახალი წესი არსებითად არ აუმჯობესებს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცესს და ვერ უზრუნველყოფს მის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სანდოობას. უფრო მეტიც, ახალი რეგულაციებით ჩხრეკა/ამოღების წესი კვლავ შეიცავს თვითნებობის რისკებს და აწესებს განსხვავებულ, ორმაგ სტანდარტს სხვადასხვა სახის ნივთის ამოღებისას. ამავდროულად, სავალდებულო არაა, ჩხრეკის შედეგები გამყარებული იყოს ნეიტრალური მტკიცებულებით.

ჩხრეკის შედეგების ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარებისთვის, მნიშვნელოვანი იყო მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების შემუშავება და, რიგ შემთხვევაში, სამართალდამცავთა ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და მათი კვალიფიკაციის გაძლიერება. სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით განუსაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობაში ცვლილებების განსახორციელებლად ნახევარი წელი, რათა ამ დროში სამართალდამცავი უწყებებიც მომზადებული დახვედროდნენ ახალ საკანონმდებლო რეგულაციებსა და მაღალ სამართლებრივ სტანდარტებს.[5] სამწუხაროდ, ამ მხრივაც ბუნდოვანია, რა ზომები გაატარა ნახევარწლიან პერიოდში საგამოძიებო უწყებამ თანამშრომლების სათანადო აღჭურვილობით და თეორიული/პრაქტიკული ცოდნით უზრუნველსაყოფად.

შეჯამებისთვის, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არაჯეროვანი შესრულება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სტანდარტების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად აკნინებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებების ბაზისურ სტანდარტებს. აგრეთვე, მსგავსი პრაქტიკა აუფერულებს კონსტიტუციური კონტროლის მნიშვნელობას და არაეფექტიანს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ჩხრეკა/ამოღების ახალ წესს კვლავ გაასაჩივრებს საკონსტიტუციო სასამართლოში.

  • ვრცლად, სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასება კანონპროეტთან დაკავშირებით, იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3qFP5xp

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ვრცლად კანონპროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3dkM2Ft

[2] ვრცლად კონკრეტული შეთავაზებების შესახებ იხილეთ ბმული: https://bit.ly/3xZPihn

[3] საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბერის №2/2/1276 გადაწყვეტილება საქმეზე: ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3dmHGxv, ბოლოს ნანახია: 28.06.2021

[4] იხ: სოციალური სამათლიანობის ცენტრის მოსაზრებები ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qwnxdL, ბოლოს ნანახია: 28.06.2021

[5] იხ: სოციალური სამათლიანობის ცენტრის მოსაზრებები ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3qwnxdL, ბოლოს ნანახია: 28.06.2021

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“